ოქმი #84

                                               საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომის

  ოქმი #84 

                                                                                                                         8 დეკემბერი  2010 წ.

 

სხდომის თავმჯდომარე:

ჯანმრთელობის დაცვისა და

სოციალურ საკითხთა

კომიტეტის თავმჯდომარე     ოთარ თოიძე

 

 

ესწრებოდნენ:

ჯანმრთელობის დაცვისა და

სოციალურ საკითხთა კომიტეტის წევრები:

                                     გურამ მისაბიშვილი

                                    გიორგი გოდაბრელიძე                                           

                           ზაალ გამცემლიძე

                           ავთანდილ ლეკაშვილი

                           მამუკა სანებლიძე

                           ჯონდო ბაღათურია

                           გიორგი გოგუაძე

                          მოწვეული სტუმრები:

 

 

გია ხუროშვილი– საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი

 

 

დავით ლომიძე–საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე

 

 

თამარ ლობჟანიძე –საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და ჯანდაცვის ადმინისტრირების სამეცნიერო–საკონსულტაციო საბჭო.

 

 

ლაშა თორდია – პარლამენტის წევრი

 

 

ზვიად კუკავა – პარლამენტის წევრი

 

 

გია ლობჟანიძე –მედიკოსთა პროფესული ასოციაციების სამეცნიერო–საკონსულტაციო საბჭო.

 

სხდომის დღის წესრიგი  

1.     საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი (1/324; 03.12.2010): "საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შეტანის თაობაზე" (07–2/258; 03.12.10).  I მოსმენა

                 მომხსენებელი: საქართველოს მთავრობის საპარლამენტო

მდივანი გია ხუროშვილი

2.           საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი (1/322; 03.12.2010); "წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე" (07–2/256;03.12.10). I მოსმენა

  მომხსენებელი: საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე      დავით ლომიძე

           

3.     საქართველოს პარლამენტის წევრების ლ. თორდიასა და ა. ალავიძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი: "ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ" საქართველოს კანონში ცლილების შეტანის თაობაზე", საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი "უკანონო მფლობელობიდან ან ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერბების მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნუსხის დამტკიცების შესახებ" საქართველოს პარლამენტის დადგენილებაში დამატების შეტანის თაობაზე" (07–3/359; 05.11.10).

II მოსმენა

   მომხსენებელი: საქართველოს პარლამენტის

 წევრი ლაშა თორდია

4.     საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი (1/325; 03.12.2010) "საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე" (07–2/259; 03.12.10). I მოსმენა

 

    მომხსენებელი: საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე      დავით ლომიძე

5.საქართველოს პარლამენტის წევრების კ. ანჯაფარიძის, ზ. კუკავასა და ჩ.          თაქთაქიშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი; "საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესიბულთა სოციალური დაცვის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე" (07–3/385; 03.12.10).

   მომხსენებელი: საქართველოს პარლამენტის წევრი  ზვიად კუკავა

       6. საქართველოს კანონის პროექტი "თამბაქოს კონტროლის შესახებ". II მოსმენა

                 მომხსენებელი: საქართველოს მთავრობის საპარლამენტო

მდივანი გია ხუროშვილი

       სხდომა გახსნა ბატონმა ოთარ თოიძემ. იგი მიესალმა სხდომის მონაწილეებს, სიტყვა მოხსენებისთვის გადასცა ბატონ გია ხუროშვილს.

         მოისმინეს: გია ხუროშვილის მოხსენება, რომლის თანხამდაც საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შეტანის მიზეზია "თამბაქოს კონტროლის შესახებ" საქართველოს კანონის პროექტთან შესაბამისობაში მოყვანა.

         როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ კოდექსში ცვლილებების შეტანის მიზანი ასევე არის "თამბაქოს კონტროლის შესახებ" საქართველოს კანონის პროექტთან შესაბამისობაში მოყვანა.

            პროექტის თანახმად ცვლილებები შედის იმ მუხლებში სადაც მოხსენიებულია "თამბაქოს ნაწარმით ვაჭრობის შესახებ" და "საქართველოში თამბაქოს კონტროლის შესახებ" საქართველოს კანონები, რომლებიც ძალადაკარგულად ცხადდება "თამბაქოს კონტროლის შესახებ" საქართველოს კანონით.

         გადაწყვიტეს (ერთხმად):წარმოდგენილი საკანონმდებლო ინიციატივის თაობაზე კომიტეტს შენიშვნები არ გააჩნია და მიზანშეწონილად თვლის კანონპროექტის საქართველოს პარლამენტის სესიაზე I მოსმენით წარდგენას.

სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ სხვა საკითხთან  დაკავშირებით საქართველოს კანონის პროექტი "თამბაქოს კონტროლის შესახებ".

მოისმინეს: გია ხუროშვილის მოხსენება, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით  მეორე მოსმენით განხილვისათვის დადგენილი პროცედურების შესაბამისად,  კანონპროექტი განიხილეს მუხლობრივად.

პროექტის თანახმად კანონპროექტი ითვალისწინებს "საქართველოში თამბაქოს კონტროლის შესახებ", "სურსათისა და თამბაქოს შესახებ" და "თამბაქოს ნაწარმით ვაჭრობის შესახებ" საქართველოს კანონების ძალადაკარგულად გამოცხადებას და მათ მაგივრად ერთგვაროვანი სამართალურთიერთობების მარეგულირებელი ნორმების ერთ საკანონმდებლო აქტში თავმოყრას.

ვინაიდან მოხდა კანონების შერწყმა ადგილი ქონდა ტექსტუალურ ცვლილებებს. გამომდინარე აქედან, კომიტეტი თვლის, რომ კანონპროექტის იმ ნაწილში, რომლითაც ხდება თამბაქოს კონტროლის რეგულირების საკითხები, უნდა მოხდეს იმ რედაქციით აღდგენა, როგორიც იყო კანონში "საქართველოში თამბაქოს კონტროლის შესახებ". ყოველივე ამის გამო კომიტეტმა მუხლობრივი განხილვისას გამოთქვა შემდეგი შენიშვნები:

     I.კანონპროექტის პირველი მუხლი, რომლითაც წარმოდგენილია კანონპროექტის მიზანი უნდა ჩამოყალიბდეს "საქართველოში თამბაქოს კონტროლის შესახებ" კანონის პირველი მუხლის რედაქციით:

"მუხლი 1. კანონის მიზანი

საქართველოს მოსახლეობაში თამბაქოს მოხმარებით გამოწვეული დაავადებიანობისა და სიკვდილიანობის შემცირების მიზნით ეს კანონი განსაზღვრავს და აწესრიგებს სამართლებრივ ურთიერთობებს თამბაქოს კონტროლის სფეროში."

     II.კანონპროექტის მე–5 მუხლის მე–2 პუნქტის "ა" ქვეპუნქტთან დაკავშირებით, კომიტეტი ასევე თვლის, რომ აღნიშნული ქვეპუნქტი უნდა ჩამოყალიბდეს "საქართველოში თამბაქოს კონტროლის შესახებ" კანონის მე–5 მუხლის მე–2 პუნქტის "ა" ქვეპუნქტის მოქმედი რედქციით. ამ რედაქციით მიღების შემთხვევაში შენარჩუნდება თამბაქოს ნაწარმის რეალიზაციის აკრძალვა სააღმზრდელო, საგანმანათლებლო–სააღმზრდელო დაწესებულებების მიმდებარე ტერიტორიებზე 50 მეტრიან რადიუსში.

”ა) სააღმზრდელო, საგანმანათლებლო და საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებებში და მათ მიმდებარე ტერიტორიებზე 50 მეტრის რადიუსში;"

    III. 1. კანონპროექტის მე–10 მუხლის მე–6 პუნქტთან დაკავშირებით, კომიტეტი თვლის, რომ მასობრივი თავშეყრის ადგილებიდან რესტორნებში, კაფე–ბარებსა და საზოგადოებრივი კვების ობიექტებში, არ არის მითითებული თუ რამდენი შეიძლება იყოს თამბაქოს მომხმარებლისათვის განკუთვნილი საერთო ფართობი და მიზანშეწონილად მიაჩნია მისი განსაზღვრა. ყოველივე ამის გამო, კომიტეტი თვლის, რომ წარმოდგენილი კანონპროექტის მე–10 მუხლის მე–6 პუნქტი უნდა ჩამოყალიბდეს "საქართველოში თამბაქოს კონტროლის შესახებ" მოქმედი კანონის მე–4 მუხლის მე–6 პუნქტის რედაქციით და იგი უნდა ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად:

            "6. მასობრივი თავშეყრის ადგილებიდან რესტორნებში, კაფე-ბარებსა და საზოგადოებრივი კვების ობიექტებში დასაშვებია როგორც ამ მუხლის  მე-3 პუნქტით დადგენილი სპეციალური მოსაწევი ადგილის (ადგილების) გამოყოფა, აგრეთვე მომხმარებელთათვის ისეთი ზონების გამოყოფა, სადაც დასაშვებია მოწევა. ასეთი ზონების საერთო ფართობი არ უნდა აღემატებოდეს მომხმარებელთათვის განკუთვნილი საერთო ფართობის 50 პროცენტს.”

2. უნდა შეიცვალოს ამავე მუხლის მე–8 პუნქტი. იგი უნდა ჩამოყალიბდეს "საქართველოში თამბაქოს კონტროლის შესახებ" მოქმედი კანონის მე–4 მუხლის მე–6 პუნქტის რედაქციით, რომლის თანახმადაც დაწესებულების ხელმძღვენელები ვალდებულნი იქნებიან შეიმუშაონ და დაამტკიცონ თამბაქოს მოწევასთან დაკავშირებით შესაბამის დაწესებულებაში მოქმედი წესები ამ კანონის მოთხოვნათა შესაბამისად და საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყონ პასუხისმგებლობის სათანადო ზომები. ამდენად კანონპროექტის მე–10 მუხლის მე–8 პუნქტი უნდა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

8. დაწესებულებათა ხელმძღვანელები ვალდებულნი არიან:

            ა) შეიმუშაონ და დაამტკიცონ თამბაქოს მოწევასთან დაკავშირებით შესაბამის დაწესებულებაში მოქმედი წესები ამ კანონის მოთხოვნათა შესაბამისად და საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყონ პასუხისმგებლობის სათანადო ზომები.

            ბ) თამბაქოს მოწევასთან დაკავშირებით შესაბამის დაწესებულებაში მოქმედი წესების შესახებ ინფორმაცია და/ან მასალები განათავსონ დაწესებულებაში, თვალსაჩინო ადგილებში

   IV. კანონპროექტით არ არის ასევე ცალკე გამოყოფილი მუხლი, რომლითაც განისაზღვრება სახელმწიფო კონტროლი კანონის შესრულების სფეროში. ამდენად "თამბაქოს კონტროლის შესახებ" კანონპროექტს უნდა დაემატოს შემდეგი შინაარსის მე–12 მუხლი

            "მუხლი 12. სახელმწიფო კონტროლი კანონის შესრულების სფეროში

            ამ კანონის შესრულებაზე სახელმწიფო კონტროლი ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად."

გადაწყვიტეს (ერთხმად):აღნიშნული შენიშვნების გათვალისწინებით კომიტეტს მიზანშეწონილად მიაჩნია კანონპროექტის II მოსმენით განხილვა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ მეორე საკითხთან  დაკავშირებით "წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე"

მოისმინეს:დავით ლომიძის მოხსენება

კანონპროექტის მომზადება განპირობებულია განსაკუთრებული შემთხვევების არსებობით, როდესაც მაღალი სახელმწიფოებრივი ინტერესის არსებობისას საჭიროა ქვეყანაში არარეგისტირებული მედიკამენტების შემოტანა, რადგან, როგორც წესი, ასეთი მედიკამენტები გამოიყენება სპეციფიკური ინფექციების სამკურნალოდ, რომლის მკურნალობასაც ფარავს სახელმწიფო, შესაბამისად, ბაზრის მხრიდან არ არსებობს აღნიშნული მედიკამენტების რეგისტრაციის მოთხოვნა, თუმცა კი არსებობს მაღალი სახელმწიფოებრივი დაინტერესება, რათა ქვეყანაში ხდებოდეს აღნიშნული მედიკამენტების შემოტანა და მკურნალობა.

კანონოპროექტის მიზანია მაღალი სახელმწიფოებრივი ინტერესის არსებობისას, კანონით არარეგისტრირებული მედიკამენტების შემოტანის შესაძლებლობის განსაზღვრა, რის თაობაზეც გადაწყვეტილებას მიიღებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო საერთო წესით.

კანონპროექტის თანახმად , ახალი რედაქციით ყალიბდება კანონის 11მუხლის "თ" ქვეპუნქტი და არარეგისტრირებული მედიკამენტის ქვეყანაში შემოტანის შემთხვევებს ემატება "სხვა მაღალი სახელმწიფოებრივი ინტერესის არსებობა."

         გადაწყვიტეს (ერთხმად):კომიტეტი მხარს უჭერს ზემოთ აღნიშნული პროექტის პირველი მოსმენით განხილვას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ მესამე საკითხთან  დაკავშირებით "ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ" საქართველოს კანონში ცლილების შეტანის თაობაზე", საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი "უკანონო მფლობელობიდან ან ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერბების მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნუსხის დამტკიცების შესახებ" საქართველოს პარლამენტის დადგენილებაში დამატების შეტანის თაობაზე"

მოისმინეს: ლაშა თორდიას მოხსენება

 როგორც მომხსენებელმა აღნიშნა კანონპროექტის შემუშავება განპირობებულია იმ გარემოებით, რომ მოქმედი კანონმდებლობით ღიად არის დარჩენილი "თიანეპტინის"–ს, როგორც ფსიქოტროპული ნივთიერების არალეგალური გამოყენების შემთხვევებთან ბრძოლის საკითხი.

მიზანშეწონილია "თიანეპტინი" და და მისი შემცველი ყველა პრეპარატი (კოაქსილი, სტაბლონი და სხვა) შეტანილ იქნას "საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებებისა და პრეკურსორების სიები"–ს მე–4 სიაში.

კანონპროექტის თანახმად ხდება თიანეპტინის გამოცხადება ფსიქოტროპულ ნივთიერებად, შესაბამისი სამართლებრივი შედეგებით.

შენიშვნა: ოთარ თოიძე ვინაიდან ზემოთ აღნიშნული კანონის დანართ სიებში ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალებები წარმოდგენილია როგორც სავაჭრო დასახელებით, ასევე ქიმიური ფორმულით, სასურველია,  სიაში თიანეპტინი  წარმოდგენილი იყოს როგორც სავაჭრო დასახელებით – "თიანეპტინი (თIANEPთIN)”, ასევე თავისი ქიმიური ფორმულით.

გადაწყვიტეს (ერთხმად): სხდომაზე გამოთქმული შენიშვნის გათვალისწინებით კომიტეტი მხარს უჭერს ზემოთ აღნიშნული კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ მეოთხე საკითხთან  დაკავშირებით "საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე"

მოისმინეს: დავით ლომიძის მოხსენება, წარმოდგენილი კანონპროექტის მომზადება განპირობებულია საჯარო სამსახურში მიღების მსურველის, დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლების დამადასტურებელი სახელმწიფო სერტიფიკატების მაძიებლისა და საერთაშორისო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის განმახორციელებელი პირის გათავისუფლებით ზედმეტი დანახარჯებისა და ბიუროკრატიული ბარიერებისაგან.

კანონოპროექტის მიზანია საჯარო სამსახურში მიღების მსურველის, დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლების დამადასტურებელი სახელმწიფო სერტიფიკატების მაძიებლისა და საერთაშორისო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის განმახორციელებელი პირის გათავისუფლება შესაბამის დაწესებულებებში ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის სავალდებულო წარდგენისაგან.

კანონპროექტის ძირითადი არსი: "საჯარო სამსახურის შესახებ", "საექიმო საქმიანობის შესახებ" და "საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ" საქართველოს კანონებიდან ხორციელდება იმ მუხლების (პუნქტების) ამოღება, რომლებიც შესაბამის პირებს ავალდებულებენ ჯანმრთელობის შემოწმებასა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის წარდგენას.

შენიშვნები:

1        მუხლი 1 პუნქტი 1. უნდა დაკონკრეტდეს ვინ გადაიხდის დაწესებულების ხელმძღვანელის მოთხოვნის შემთხვევაში ნარკოლოგიური შემოწმების ხარჯებს და რას ნიშნავს ნებისმიერ დროს მოსთხოვოს მოსამსახურეს ნარკოლოგიური შემოწმების გავლა, რა სიხშირით შეიძლება ამ მოთხოვნის წაყენება?

მუხლი 1 მუნქტი 2. რამდენადაც არ არსებობს "საჯარო მოსმსახურის თანამდედობის შესაბამისი ჯანმრთელობის ნუსხა", მიაზანშეწონილია ჯერ აღნიშნული ნუსხის შემუშავება, ან ეს მოთხოვნა საერთოდ ამოღებულ იქნას.

რაც შეეხება საჯარო სამსახურის განხორციელების პროცესში სამედიცინო შემოწმებას, ასევე დასაზუსტებელია რის საფუძველზე და ვისი ხარჯით უნდა განხორციელდეს ეს პროცესი და რა მოცულობის ინფორმაცია უნდა იყოს მოყვანილი სამედიცინო შემოწმების შემაჯამებელ დოკუმენტში.     

2.   მუხლი 2. ამ მუხლით უქმდება "საექიმო საქმიანობის შესახებ" კანონის მე–18 მუხლის მე–2 პუნქტი, რაც არ შეესაბამება კანონპროექტის მიღების მიზანს. ამ მუხლის ნაწილის ამოღებით ქვეყანაში უქმდება ექიმთა სერტიფიცირების სისტემა.  

ასევე, გაურკვეველია როგორი რეგულაცია იქნება უცხო ქვეყნის სპეციალისტებთან მიმართებაში. (მე–11 მუხლის მე–5 პუნქტი: უცხო ქვეყნის სპეციალისტს საქართველოში დროებითი დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის ან ერთჯერადი სამედიცინო სამედიცინო მომსახურების უფლებას აძლევს პროფესიული განვითარების საბჭო ( შემდგომში – საბჭო ) ექიმთა შესაბამისი პროფესიული ასოციაციის რეკომენდაციით. ( ამდენად მუხლის ეს ნაწილი უნდა დარჩეს.)  

3.  მუხლი 2. პუნქტი 3.

ა) განისაზღვროს ტერმინი – "დასაბუთებული ვარაუდი", დასაბუთების, მტკიცებულების წესი და ფორმა.

ბ)70–ე მუხლის 1–ელ პუნქტში ტერმინი "არ შეუძლია, შეიცვალოს ტერმინით "არ/აღარ  შეუძლია".  

ამ მუხლის პიველ და მეორე პუნქტში არის შეუსაბამობა. პირველ ნაწილში გამოყენებული ტერმინი "დაავალოს" შესაბამისობაშია მოსაყვანი მეორე ნაწილში გამოყენებულ "გადაწყვეტილებასთან". საბჭოს შემთხვევაში გასაგებია, რომ გადაწყვეტილებას იღებს საბჭო, რაც შეეხება დამსაქმებელს აქ გაუგებარია რა გადაწყვეტილება უნდა გამოიტანოს მან.

მიზანშეწონილია, დაიწეროს "დავალების/გადაწყვეტილების."

ასევე, გასარკვევია დაფინანსების საკითხი საბჭოსთან მიმართებაში.

გ) ასევე მიეთითოს, რომ დამოუკიდებელი სამედიცინო საქმიანობის სუბიექტმა "გაიაროს შესაბამისი სამედიცინო შემოწმება არადაინტერესებულ სამედიცინო დაწესებულებაში".

4. მიზანშეწონილია "საექიმო საქმიანობის შესახებ" კანონპროექტში პროფესიასთან ჯანმრთელობის შესაბამისობის ნუსხის შემუშავება დაევალოს პროფესიულ ასოციაციებს.

            ზემოთაღნიშნული შენიშვნების გათვალისწინებით კომიტეტი მხარს უჭერს აღნიშნული კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე განხილვას.

სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ მეხუთე საკითხთან  დაკავშირებით "საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე"

მოისმინეს: ზვიად კუკავას მოხსენება, კანონპროექტის მიღების მიზეზია:

"საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოქმედი რედაქციის მე–9 მუხლში აღნიშნულია, რომ პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლს და მის პირველი რიგის მემკვიდრეს შეიძლება მიეცეს ფულადი კომპენსაცია, რომლის ოდენობას და გაცემის წესს ადგენს კანონი. ხოლო კანონი, რომელმაც უნდა დაადგინოს ფულადი კომპენსაციის ოდენობა და გაცემის წესი, დღეისათვის არ არის მიღებული.

კანონოპროექტის მიზანია "საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესიბულთა სოციალური დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ნორმათა იმპლემენტაციისათვის ეფექტური მექანიზმის შექმნა.

კანონპროექტის თანახმად, ახალი რედაქციით ყალიბდება კანონის მე–9 მუხლი, რომლის თანახმად, პირი რომელმაც რეპრესია განიცადა თავისუფლების აღკვეთის, გადასახლების, გასახლების, სპეციალური დასახლების ადგილას გამწესების, ფსიქიატრიულ დაწესებულიბაში იძულებით მოთავსების სახით, ან გარდაიცვალა პოლიტიკური რეპრესიის შედეგად და აღიარებულია პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად, აგრეთვე მისი პირველი რიგის მემკვიდრეს შეიძლება მიეცეს ფულადი კომპენსაცია, რომლის ოდენობას ადგენს სასამართლო.

კომიტეტი მიზანშეწონილად მიიჩნევს რეპრესირებულთათვის ფულადი კომპენსაციის ოდენობის დადგენას სასამართლოს მეშვეობით და შესაბამისი თანხის გამოყოფას ბიუჯეტის კანონში.

გადაწყვიტეს (ერთხმად): კომიტეტს მომზადებულად მიაჩნია წარმოდგენილი კანონპროექტი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე I მოსმენით განხილვისათვის.

 

ოთარ თოიძე

სხდომის თავმჯდომარე

 ნიკოლოზ ვარნაზიშვილი

სხდომის მდივანი