ოქმი # 81

საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომის

ოქმი # 81

 18  ნოემბერი 2010წ.

სხდომის თავმჯდომარე:

ჯანმრთელობის დაცვისა და

სოციალურ საკითხთა

კომიტეტის თავმჯდომარე                                                 ოთარ თოიძე

ესწრებოდნენ:                                                  

ჯანმრთელობის დაცვისა და                        

სოციალურ საკითხთა                                     გ. გოდაბრელიძე

კომიტეტის წევრები                                        გ. მისაბიშვილი

                                                                             ა. ლეკაშვილი

                                                                             ჯ. ბაღათურია

                                                                             ზ. გამცემლიძე

                                                                              ს. ქიტიაშვილი

სხდომის დღის წესრიგი

 

 

1. "საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ" საქართველოს კანონის პროექტის პირველი მოსმენით განხილვა.

მომხსენებელი: მიხეილ დოლიძე

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და

სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე

2.   ინფორმაცია ჰოსპიტალურ სექტორში რეფორმის მიმდინარეობის შესახებ.

მომხსენებელი: მიხეილ დოლიძე

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და

სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე

 

 

მოწვეულ პირთა სია:

 

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური

დაცვის სამინისტროდან:                                            მიხეილ დოლიძე

                                                                                          ნათია ხმალაძე

                                                                                          ეკა პაატაშვილი

                                                                                          შორენა ოქროპირიძე

                                                                                          კირა სამყურაშვილი

                                                                                          ანდრო ღლონტი

                                                                                          თემურ პირველაშვილი

                                                                                          თეა გიორგაძე

კომპანია "ავერსი ფარმა"– დან:                                  პაატა კურტანიძე

კომპანია "PSP"– დან:                                                   გოჩა გოგილაშვილი

კომპანია  "GPC"– დან:                                                  დავით კილაძე

                                                                                          ნინო ბარათაშვილი

ფარმაცევტული საწარმო  "GMP" - დან:                   გიორგი ანთაძე

ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენელთა

ასოციაციებიდან საქართველოში:                             ირაკლი მარგველაშვილი

                                                                                          მარინა გიორგობიანი

                                                                                           გიორგი რამიშვილი

კომიტეტთან არსებული

სამეცნიერო–საკონსულტაციო საბჭოებიდან:          თამარ ლობჟანიძე

                                                                                           გია ლობჟანიძე

                                                                                           მაკა მაღლაკელიძე

სამედიცინო დაწესებულებებიდან:                           მედიკო ზარნაძე

                                                                                           მარინა შიხაშვილი

                                                                                           ნანა ასათიანი

                                                                                           ნათო ბერიშვილი

მოწვეული ექსპერტები:                                               გურამ კიკნაძე

                                                                                           გივი ჯავაშვილი                                                   

სხდომა გახსნა სხდომის თავმჯდომარემ ო. თოიძემ და წარმოადგინა სხდომის დღის წესრიგი. შემდგომ მან სიტყვა გადასცა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილეს მიხეილ დოლიძეს, რომელმაც კომიტეტს პირველი მოსმენით განსახილველად წარმოუდგინა საქართველოს მთავრობის მიერ  საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი "საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ".

მ. დოლიძე:  წარმოდგენილი კანონპროექტის მომზადება განპირობებულია არსებული რეალობით, როდესაც ექიმს შესაძლებლობა აქვს, საკუთარი მატერიალური დაინტერესების სანაცვლოდ პაციენტს შესთავაზოს კონკრეტული ფარმაცევტული კომპანიის ფარმაცევტული პროდუქტი. აგრეთვე, კანონპროექტის მიზანია ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ტექნიკურიური ხასიათის ხარვეზების გასწორება. 

               კანონპროექტის მიზანია მომხმარებლის/პაციენტის უფლებების დაცვა, რათა მისთვის დანიშნულების გამოწერის მომენტში მოხდეს ფარმაცევტული პროდუქციის შეძლებისდაგვარად ფართო არჩევანის შეთავაზების უზრუნველყოფა შესაბამისი ხარისხის, ფასისა და ხელმისაწვდომობის გათვალისწინებითა და სათანადო განმარტებებით. ამ მიზნით, ცვლილებები აისახა "ჯანმრთელობის დაცვის შესახებ’’ და "საექიმო საქმიანობის შესახებ’’ კანონებში, ხოლო აღნიშნული ნორმების დარღვევისათვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა განისაზღვრება "საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით”.

            კანონპროექტის მიზანს წარმოადგენს ასევე "ჯანმრთელობის დაცვის შესახებ’’ კანონის დებულებების ტექნიკურად მისადაგება სხვა საკანონმდებლო აქტებთან.

            კანონპროექტის ძირითადი არსის მიხედვით, ცვლილებები და დამატებები შედის შემდეგ საკანონმდებლო აქტებში: "ჯანმრთელობის დაცვის შესახებ,’’ "საექიმო საქმიანობის შესახებ’’ კანონებში და "საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში”.

კანონპროექტით "ჯანმრთელობის დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის 30-ე მუხლი ყალიბდება ახალი რედაქციით, რომლის მიხედვითაც, სამედიცინო დაწესებულება და ჯანმრთელობის დაცვის პერსონალი ვალდებულია დაიცვას ინტერესთა შეუთავსებლობის შემდეგი ნორმები:

ა) არ შევიდეს გარიგებაში რომელიმე ფარმაცევტულ კომპანიასთან იმ მიზნით, რომ პირადი კომერციული დაინტერესების სანაცვლოდ გამოიყენებს პაციენტებს ფარმაცევტული პროდუქტის გასავრცელებლად და ამით ნახოს რაიმე მატერიალური სარგებელი.

ბ) პროფესიული სამედიცინო საქმიანობის განხორციელების პროცესში პაციენტებთან ურთიერთობისას არ იმოქმედოს ანგარებით, მათ შორის რომელიმე ფარმაცევტული კომპანიის სასარგებლოდ.

გ) ფარმაცევტული პროდუქტის შერჩევისას პაციენტს შეძლებისდაგვარად შესთავაზოს ფარმაცევტული პროდუქტების  ფართო არჩევანი  სათანადო განმარტებებით;

დ) პროფესიული სამედიცინო საქმიანობის განხორციელების პროცესში პაციენტებთან ურთიერთობისას არ გამოიყენოს ფარმაცევტული კომპანიების/ფარმაცევტული პროდუქტის ან სადაზღვევო კომპანიის განმასხვავებელი ნიშნის მქონე ექიმის დანიშნულება ან ნებისმიერი სხვა დოკუმენტი, რომელიც გადაეცემა პაციენტს ფარმაცევტული პროდუქტის მომზადების, გაცემისა ან/და მოხმარების წესებთან დაკავშირებით;

შესაბამისად, სამედიცინო დაწესებულებაში დასაქმებული პერსონალის ეთიკური პასუხისმგებლობების ნაწილს ემატება ფარმაცევტული კომპანიებისა და შესაბამისი პროდუქტების რეკლამასთან დაკავშირებული აკრძალვები. აღნიშნული პასუხისმგებლობა ვრცელდება სამედიცინო დაწესებულებებზეც.

ასევე, ხდება კანონში არსებული გარკვეული ტექნიკური ხარვეზების გასწორება და მისი შესაბამისობის უზრუნველყოფა სხვა კანონებთან, კერძოდ, "საექიმო საქმიანობის შესახებ" საქართველოს კანონის მიხედვით, დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტი - ექიმი ექვემდებარება სერტიფიცირებას და არა ლიცენზირებას, შესაბამისად, კანონის მთელ ტექსტში "ექიმის ლიცენზია" იცვლება ტერმინით "ექიმის სერტიფიკატი."

         ტერმინი "განსაკუთრებითი საშიში ინფექციების გამომწვევი’’ იცვლება ტერმინით "განსაკუთრებით საშიში პათოგენი," რომელიც უფრო ოპტიმალურად ახასიათებს იმ განსაკუთრებით საშიში ინფექციების გამომწვევების არსს, რომლებსაც შეუძლიათ მძიმე ზიანი მიაყენონ საზოგადოებრივ ჯანმრთელობას და უსაფრთხოებას. აღნიშნულიდან გამომდინარე, იცვლება დებულებები, სადაც "განსაკუთრებითი საშიში ინფექციების გამომწვევის" ნაცვლად გამოყენებულია ტერმინი "განსაკუთრებით საშიში პათოგენი."

             ამავე დროს, "სამედიცინო პერსონალის" ნაცვლად შემოდის დეფინიცია "ჯანმრთელობის დაცვის პერსონალი’’

 ასევე, სწორდება ზოგირთი საკანონმდებლო ხარვეზი, კერძოდ, ახალი რედაქციით ყალიბდება 92-ე მუხლი, რომლის მოქმედი რედაქცია არ შეესაბამება "ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ" საქართველოს კანონის ძირითად პრინციპებს.

"საექიმო საქმიანობის შესახებ’’ კანონში ახალი რედაქციით ყალიბდება 38-ე მუხლი, რომელშიც ექიმის ეთიკურ პრინციპებში აისახება "ჯანმრთელობის დაცვის შესახებ’’ კანონით განსაზღვრული ინტერესთა შეუთავსებლობის ნორმების დაცვის ვალდებულება.

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს ემატება 447  მუხლი, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობის ზომებს სამედიცინო დაწესებულების ან/და ჯანმრთელობის დაცვის პერსონალის მიერ ინტერესთა შეუთავსებლობის ნორმების დარღვევისათვის.

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული ჯარიმები ეკვივალენტურია სამედიცინო სფეროში დღეს დადგენილი სხვა ადმინისტრაციული ჯარიმებისა.

              

სხდომაზე მოწვეული იყვნენ წამყვანი ფარმაცევტული კომპანიების, ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენელთა ასოციაციის, სამედიცინო დაწესებულებების ხელმძღვანელი პირები, ასევე სხდომას ესწრებოდნენ კომიტეტთან არსებული სამეცნიერო–საკონსულტაციო საბჭოების წარმომადგენლები და დარგის მოწვეული  ექსპერტები. მათი განმარტებით, აღნიშნული კანონპროექტის მომზადება დროულია და პრინციპების დონეზე ეთანხმებიან, თუმცა არის შენიშვნებიც, რომლებიც წარმოდგენილი იქნება კანონპროექტის მეორე მოსმენით  მუხლობრივი განხილვის დროს.

კანონპროექტის მიმართ თავისი შენიშვნები წარმოადგინა კომიტეტის თავმჯდომარემ ო. თოიძემ. კერძოდ:

1. "ჯანმრთელობის დაცვის შესახებ" საქართველოს მოქმედ კანონში სხვადასხვა სამართლებრივი ნორმების რეგულირება ხდება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მიერ და არ არის დაკონკრეტებული ნორმატიული აქტის ფორმა. წარმოდგენილ კანონპროექტის  მიხედვით, კლინიკური მდგომარეობის მართვის სახელმწიფო სტანდარტს (პროტოკოლს) და კლინიკური პრაქტიკის ეროვნულ რეკომენდაციას (გაიდლაინს) ამტკიცებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ინდივიდუალურ–ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტით. შენიშვნა: გაურკვეველია, რატომ მოხდა ასეთი კონკრეტიზაცია, წარმოდგენილი კანონპროექტის მხოლოდ ერთ მუხლში. შესაბამისად, კანონი საჭიროებს გადახედვას და შესაბამისობაში მოყვანას აღნიშნული კუთხით.

იმის გათვალისწინებით, რომ "ჯანმრთელობის დაცვის შესახებ" და "საექიმო საქმიანობის შესახებ" საქართველოს მოქმედ კანონებში ჯანმრთელობის დაცვის სისტემის სახელმწიფო მართვაში მნიშვნელოვანი როლი ენიჭებათ ექიმთა პროფესიულ ასოციაციებს, სასურველია, აღნიშნული პროტოკოლებისა და გაიდლაინების შემუშავება მოხდეს აღნიშნულ ექიმთა პროფესიულ ასოციაციებთან ერთად.

2. დასაზუსტებელია ტერმინი "ჯანმრთელობის დაცვის პერსონალი".

3. წარმოდგენილი კანონპროექტები ტექნიკური და რედაქციული  შესაბამისობის თვალსაზრისით საჭიროებს გადახედვას და შესაბამისობაში მოყვანას  "ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ" საქართველოს კანონთან.

4. პროექტის მიხედვით, (მუხლი 30, პუნქტი 1, "გ" ქვეპუნქტი) ჯანმრთელობის დაცვის პერსონალი ვალდებულია დაიცვას ინტერესთა შეუთავსებლობის შემდეგი ნორმები: "ფარმაცევტული პროდუქტის შერჩევისას, პაციენტს შეძლებისდაგვარად უნდა შესთავაზოს ფარმაცევტული პროდუქტების ფართო არჩევანი სათანადო განმარტებებით".

 

შენიშვნა: პროექტის ტერმინთა განმარტებების მიხედვით, ჯანმრთელობის დაცვის პერსონალში იგულისხმება ექიმი, ექთანი,  ფარმაცევტი და სხვა პირები. შესაბამისად,  დასაზუსტებელია, თუ ვინ უნდა შესთავაზოს  ფარმაცევტული პროდუქტი სათანადო განმარტებებით პაციენტს, ასევე, როგორი დასახელებით (გენერიული, თუ სხვადასხვა სავაჭრო)  უნდა მოხდეს მედიკამენტის გამოწერა.

5. პროექტის მიხედვით, საქართველოს ადმინისტრაციულ სამრთალდარღვევათა კოდექსს ემატება 447 მუხლი, რომლის მიხედვით, სამედიცინო დაწესებულების ან/და ჯანმრთელობის დაცვის პერსონალის მიერ, პროფესიული მოვალეობის აღსრულებისას, "ჯანმრთელობის დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილი ინტერესთა შეუთავსებლობის ნორმების დარღვევა,– გამოიწვევს სამედიცინო დაწესებულების/სამედიცინო მომსახურების მიმწოდებლის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით. იგივე ჩვენება ჩადენილი განმეორებით, – გამოიწვევს სამედიცინო დაწესებულების/ჯანმრთელობის დაცვის პერსონალის დაჯარიმებას 2000 ლარის ოდენობით.

 

შენიშვნა:  შესაბამისობაშია მოსაყვანი პირველად და განმეორებით ჩადენილ დარღვევაზე საჯარიმო სანქციის რედაქცია.

ასევე დასაკონკრეტებელია თუ ვის ეკისრება ჯარიმის გადასახადი, სამედიცინო დაწესებულებას, თუ კონკრეტულ ექიმს.

კომიტეტი პრინციპების დონეზე დაეთანხმა წარმოდგენილ კანონპროექტს, თუმცა ზემოთ აღნიშნული შენიშვნების შესახებ კომიტეტი იმსჯელებს პროექტის მეორე მოსმენით განხილვისას.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ მიხეილ დოლიძემ შემდგომ სხდომას წარმოუდგინა სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებული მეორე საკითხი –  ინფორმაცია ჰოსპიტალურ სექტორში რეფორმის მიმდინარეობის შესახებ. კერძოდ:

•         ჰოსპიტალური სექტორის განვითარების გენერალური გეგმა ითვალისწინებს ქვეყნის მასშტაბით მოდერნიზებული ჰოსპიტალური ქსელის შექმნას 7800 საწოლით (მთავრობის დადგენილება №11, 2007 წ. 26 იანვრი)

დღესდღეობით მიმდინარეობს 99 საავადმყოფოს მშენებლობა/რეკონსტრუქცია 

სახელმწიფო ბიუჯეტით - 23

კერძო ინვესტიციებით - 73

დონორი ორგანიზაციების დახმარებით - 3 საავადმყოფო

სახელმწიფო ბიუჯეტი

 

            23 სამედიცინო დაწესებულების მშენებლობა/რეაბილიტაცია, რომელთა ძირითადი ნაწილი დასრულდება 2011წლის აპრილში

•         "კონსოლიდაციის” პროექტი თბილისში

            "გ. ჟვანიას სახელობის პედიატრიული კლინიკის” ტერიტორიასა და "საქართველოს რკინიგზის ცენტრალური კლინიკური საავადმყოფოს” შენობაში

•         ფსიქიატრიული სამსახურის რეფორმა

•         სს "ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრი"

•         სს "ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო - პრაქტიკული ცენტრი"

•         გორის პირველადი ჯანდაცვის ცენტრი და რეგიონალური ონკოლოგიური დისპანსერი

კერძო სადაზღვევო კომპანიები 

        

          45 თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ჰოსპიტალი.

            ნაწილი დასრულდება 2011წლის დეკემბერში, ნაწილი –2012წლის აპრილში

•         სადაზღვევო კომპანია სს "ჯი პი აი ჰოლდინგი”-8 კლინიკა

•         სს საერთაშორისო სადაზღვევო კომპანია "იმედი ელ ინტერნეიშენალი”-10 კლინიკა

•         შპს "ირაო მედი”-6 კლინიკა

•         სამედიცინო დაზღვევის ჯგუფი სს "არქიმედეს გლობალ ჯორჯია”-2 კლინიკა

•         შპს "სადაზღვევო კომპანია  ვესტი”-1 კლინიკა

•         შპს "სადაზღვევო კომპანია ალფა”-2 კლინიკა

•         შპს სადაზღვევო კომპანია "აი სი ჯგუფი”-7 კლინიკა

•         სს "სადაზღვევო კომპანია ალდაგი ბი სი აი”-8 კლინიკა

•         შპს "სადაზღვევო კომპანია ქართუ”- 1 კლინიკა

კერძო  სამედიცინო  დაწესებულებები

 

•         მრავალპროფილური კლინიკა "ნიუ ჰოსპიტალსი"

•         №4 სამშობიარო სახლი

•         დამწვრობის ცენტრი

•         მაღალტექნოლოგიების სამედიცინო ცენტრი, საუნივერსიტეტო კლინიკა

•         "ჯანმრთელი ცხოვრება", ენდოკრინოლოგიური რეაბილიტაციის ცენტრი

•         რესპუბლიკური საავადმყოფო

•         უროლოგიის ეროვნული ცენტრი

•         კლინიკური მედიცინის ინსტიტუტი

•         ჯავრიშვილის კლინიკა

•         უჯრედული ტექნოლოგიებისა და თერაპიის ცენტრი

უცხოური ინვესტიციები

•         "Block Georgia” (ჩეხეთი)- 7 საავადმყოფოს მშენებლობა/რეაბილიტაცია

            ზუგდიდი, ხობი, წალენჯიხა, აბაშა, მარტვილი, ჩხოროწყუ, ქუთაისი

•         IHOPE (ისრაელი)- 9 საავადმყოფოს მშენებლობა/რეაბილიტაცია

            ხარაგაული, გუდაური, ლანჩხუთი, ჩოხატაური, დედოფლისწყარო,  ქარელი, ვანი,  ასპინძა, ლენტეხი

•         "Westring Medical Services (Georgia)" (ინგლისი) - სს "აკადემიკოს ო. ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრის" ინვესტორი

•         "Pegasus Pharmaceuticals Group” (კანადა) - სს "ა. ღვამიჩავას სახელობის ონკოლოგიის ნაციონალური ცენტრის" ინვესტორი

•         "The One” (პოლონეთი) - რეფერალური საავადმყოფო

 დონორი ორგანიზაციები

USAID რეაბილიტაციას უტარებს 3 საავადმყოფოს

•         ახალციხე

•         ახალქალაქი

•         ნინოწმინდა

მონიტორინგი

2010 წლის ოქტომბრიდან საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში შეიქმნა მონიტორინგის ჯგუფი, რომელიც შედგება:

         - ჯანდაცვის სპეციალისტებისა და

         - არქიტექტორ/ინჟინრებისაგან

მინისტრის მოადგილემ სხდომაზე ასევე წარმოადგინა ქვეყნის მასშტაბით (თბილისი, ცაგერი, ონი, ხაშური და სხვა) დაწყებული სამედიცინო დაწესებულებების მშენებლობის ამსახველი ფოტომასალა.

კომიტეტმა განიხილა რა სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები, აზრთა გაზიარების, გამოთქმული შენიშვნებისა და წინადადებების გათვალისწინებით მიიღო

 

 

გ  ა  დ  ა  წ  ყ  ვ  ე  ტ  ი  ლ  ე  ბ  ა

1.             კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით საქართველოს პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტი (N1/268; 22.10.10) "საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ". პრინციპების დონეზე კომიტეტი მხარს უჭერს ზემოთ აღნიშნული ცვლილებათა პაკეტის პირველი მოსმენით განხილვას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

2.      კომიტეტმა მოისმინა და ცნობად მიიღო საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია ჰოსპიტალურ სექტორში რეფორმის მიმდინარეობის შესახებ

ოთარ თოიძე

კომიტეტის თავმჯდომარე

სხდომის მდივანი: ქ. მჭედლიშვილი

 
modules