ოქმი N77

                               საქართველოს პარლამენტის  ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა

                                                      კომიტეტის სხდომის  ოქმი N77

                                                                                                                                     15 ოქტომბერი 2010 წელი

 

სხდომის თავმჯდომარე:

საქართველოს პარლამენტის

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა

კომიტეტის თავმჯდომარე:

                             ოთარ თოიძე

    ესწრებოდნენ:

საქართველოს პარლამენტის

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა

კომიტეტის წევრები: გ. მისაბიშვილი

                 გ. გოდაბრელიძე

                 მ. ანიკაშვილი

                 ჯ. ბაღათურია

                 ზ. გამცემლიძე

                 კ. გეწაძე

                 გ. გოგუაძე

                 კ. კურდღელაშვილი

                 ა. ლეკაშვილი

                 კ. ოქრიაშვილი

                 მ. სანებლიძე

                 ს. ქიტიაშვილი             

                         დღის წესრიგი

1. ძუძუს კიბოთასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე. ”ძუძუსა და საშვილოსნოს ყელის სკრინინგის პროგრამა”მომხსენებელირემა ღვამიჩავა

ეროვნული სკრინინგ ცენტრის დირექტორი

”ინფორმაცია გამარჯვებულ ქალთა კლუბის შესახებ”

მომხსენებელინარგიზა ლებანიძე

 

2. საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს პარლამენტში რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი ”საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო ხელშეკრულება” (ჩვეულებრივი ოპერაციები) (სოციალური უზრუნველყოფის განვითარების პროგრამა)

მომხსენებელინათია მიქელაძე

საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე

3. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი ”საქართველოს 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ ”საქართველოს კანონის პროექტი, საქართველოს მთავრობის მოხსენება ”2010 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ” და დოკუმენტი ”ქვეყნის ძირითადი მონაცემები და მიმართულებები 2011-2014 წლებისათვის”

 

მომხსენებელიპაპუნა პეტრიაშვილი

საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე

სხდომა გახსნა კომიტეტის თავმჯდომარემ და დღის წესრიგით გათვალისწინებული პირველი საკითხის განსახილველად სიტყვა გადასცა ეროვნული სკრინინგ ცენტრის დირექტორს რემა ღვამიჩავას.

რემა ღვამიჩავა - 15 ოქტომბერი ძუძუს კიბოსთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. ძუძუსა და საშვილოსნოს ყელის კიბო წარმოადგენს საქართველოში საზოგადოებრივი ჯანდაცვის მზარდ პრობლემას. გამომსვლელმა წარმოადგინა სტატისტიკის დეპარტამენტის მონაცემები ძუძუსა და საშვილოსნოს ყელის კიბოს თაობაზე. აღნიშნა, რომ ეროვნული სკრინინგ ცენტრი ძუძუსა და საშვილოსნოს ყელის კიბოს მიმართულებით ფუნქციონირებს 2008 წლიდან. აღნიშნული პროგრამა ფინანსდება მერიისა და გაეროს მოსახლეობის ფონდის მიერ. პროგრამით გათვალისწინებული სამედიცინო მომსახურება უფასოა. ისაუბრა პროგრამაში ჩართვის კრიტერიუმებზე და მეთოდებზე, გამოკვლევის მეთოდებზე, გამოკვლეული ქალბატონების რაოდენობაზე და რეგიონებში პროგრამის მიმდინარეობაზე.

ქალბატონმა ნარგიზა ლებანიძემ წარმოადგინა პრეზენტაცია ”ინფორმაცია გამარჯვებულ ქალთა კლუბის შესახებ”

ათია მიქელაძე – წარმოადგინა საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს პარლამენტში რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი ”საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო ხელშეკრულება” (ჩვეულებრივი ოპერაციები) (სოციალური უზრუნველყოფის განვითარების პროგრამა)

2010 წლის 29 სექტემბერს აზიის განვითარების ბანკსა და საქართველოს შორის ხელი მოეწერა სოციალური უზრუნველყოფის განვითარების პროგრამის სასესხო ხელშეკრულებას, რომელიც ითვალისწინებს საქართველოსათვის ბიუჯეტის მხარდამჭერი სესხის გამოყოფას 100 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით. სესხის ხანგრძლივობა 15 წელია, შეღავათიანი პერიოდია 3 წელი, ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი, ვალდებულების გადასახდელი 0,15%. ფინანსური თვალსაზრისით, ხელშეკრულებით გათვალისწინებული საბიუჯეტო დახმარების მიღება დადებით შედეგს მოიტანს.

პროგრამის ძირითადი მიზანია გააუმჯობესოს მსესხებლის სოციალური უზრუნველყოფის მიწოდების და სოციალური დაცვის პროგრამების ეფექტურობა. პროგრამა მხარს დაუჭერს:

1. ეფექტური და თანასწორი გენდერული სოციალური მომსახურების მიწოდებას;

2. საპენსიო ხარჯების მხარდაჭერას;

3. განათლებასა და ჯანდაცვაში რესურსების გადანაწილებას;

4. სოციალური მომსახურების მიწოდებისათვის და სოციალური დაცვისათვის გამოყოფილი სახელმწიფო რესურსების ჯანსაღ მართვას.

ფინანსთა სამინისტრო იქნება პროგრამის განმახორციელებელი სააგენტო. პროგრამა განხორციელდება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ფინანსთა სამინისტროს, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და ეროვნული ბანკის მიერ.

წარმოდგენილი ხელშეკრულების თაობაზე სხდომაზე შენიშვნები არ გამოთქმულა.

 

გადაწყვიტეს (ერთხმად): კომიტეტს წარმოდგენილ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით შენიშვნები არ გააჩნია და მიზანშეწონილად მიაჩნია მისი რატიფიცირება საქართველოს პარლამენტის მიერ.

 

”საქართველოს 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ ”საქართველოს კანონის პროექტი, საქართველოს მთავრობის მოხსენება ”2010 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ” და დოკუმენტის ”ქვეყნის ძირითადი მონაცემები და მიმართულებები 2011-2014 წლებისათვის” განსახილველად, კომიტეტის თავმჯდომარემ სიტყვა გადასცა საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველ მოადგილეს პაპუნა პეტრიაშვილს.

 

პაპუნა პეტრიაშვილი – 2009 წელი საქართველოს ეკონომიკისათვის რთული გამოდგა. ეს განპირობებული იყო საქართველოზე რუსეთის მიერ განხორციელებული აგრესიით და მსოფლიო ეკონომიკური კრიზისით. აქედან გამომდინარე, 2010 წლის ბიუჯეტი მეტად რთულ პერიოდში იგეგმებოდა. საქართველოს მთავრობამ დაიწყო მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება, რამაც კერძო ინვესტიციების შემცირების პირობებში ეკონომიკის სტიმულირება გამოიწვია. 2009 წლის 1 იანვრიდან საშემოსავლო გადასახადი 25%-იდან შემცირდა 20%-მდე, რითაც სახელმწიფომ ეკონომიკაში 250 მლნ. ლარის დამატებითი ინვესტირება განახორციელა. წლის მეორე ნახევარში დაიწყო ეკონომიკის ეტაპობრივი ზრდა. 2010 წლის 8 თვის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების ფაქტიურმა შერულებამ შეადგინა 4 375.5 მლნ. ლარი, რაც წლიური საპროგნოზო მაჩვენებლის 62.6%-ს შეადგენს. წლის ბოლომდე ბიუჯეტი შესრულდება ყველა იმ პარამეტრებით, რაც გაწერილია კანონით.

2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაიგეგმა ეკონომიკური ზრდის პირობებში, რომელიც 5,5 %-ს შეადგენს, ინფლაციის მაჩვენებელი გათვალისწინებულია 7%-ის ფარგლებში. იზრდება საგადასახადო შემოსავლები 771 მილიონით. 12%-იანი ზრდა უკავშირდება ეკონომიკურ ზრდას და ბოლო პერიოდში საგადასახადო სფეროში განხორციელებულ ცვლილებებს, რაც უმეტესწილად ადმინისტრაციული ღონისძიებების გაუმჯობესებით გამოიხატა. ყოველივე ეს, თავის მხრივ იწვევს დეფიციტის ეტაპობრივ შემცირებას, რომელიც 2009 წლისთვის შეადგენდა 9,3%-ს. ეს ყველაფერი პირდაპირ უკავშირდება ხარჯების ოპტიმიზაციას, ხარჯების კორექტირებას იმ მიმართულებით, რომ სახელმწიფომ შეზღუდოს რაც შეიძლება მეტად ისეთი ხარჯები, რაც არაა დაკავშირებული განათლებასთან, სოციალურ ვალდებულებებთან და ინფრასტრუქტურულ პროექტებთან, რომელიც ეკონომიკის კვლავწარმოებას შეუწყობს ხელს. ბიუჯეტის დეფიციტი შემცირდება 6%-მდე. მომავალი წლის ბიუჯეტის დეფიციტი შეადგენს 4,3%-ს. ეს არის სწორედ იმ თანმიმდევრული პოლიტიკის გაგრძელება, რომელიც 2009 წლის ბოლოს დაიგეგმა და შესაბამისად 2013 წლისთვის ბიუჯეტის დეფიციტი არ გადააჭარბებს 3%-ს. აღსანიშნავია, რომ დეფიციტის შემცირება მოხდება არა ხარჯების შემცირებით, არამედ საგადასახადო შემოსავლების ზრდით. საგადასახადო შემოსავლებს ვანაცვლებთ უცხოურ დახმარებებს. დაახლოებით 650 მლნ-ით მცირდება საბიუჯეტო კრედიტები წლევანდელთან შედარებით. ამ პოლიტიკით სამომავლოდ ქვეყანა თავად შეძლებს საკუთარი ხარჯები დააფინანსოს საკუთარი შემოსავლებით. ბიუჯეტის პროექტის შემუშავებისას ძირითადი მონაცემები შეთანხმებული იქნა საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებთან. კანონის პროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებელის ან სხვა სახის გადასახადის ოდენობის განსაზღვრის წესს. 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებულია შემდეგი ძირითადი ღონისძიებების დაფინანსება:

·        საჯარო სკოლების ვაუჩერული დაფინანსება – 329.2 მლნ ლარი, აღნიშნული თანხა ითვალისწინებს ინგლისურისა და კომპიუტერის ცოდნის დანამატს საშუალო სკოლის მასწავლებლებზე;

·        პირველკლასელთათვის კომპიუტერების შესყიდვა – 32.0 მლნ ლარი;

·        1000 ინგლისურენოვანი მასწავლებლის დაფინანსება – 10.0 მლნ ლარი;

·        სტუდენტური გრანტების და ცოდნის კარის დაფინანსება – 43.3 მლნ ლარი;

·        სამეცნიერო გრანტების დაფინანსება – 23.7 მლნ ლარი;

·        პოლიციის დაბალი რანგის თანამშრომელთა ხელფასების 50 ლარიანი ზრდა;

·        სოფლის მხარდაჭერის პროგრამა – 40.0 მლნ ლარი;

·        სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამა – 40.0 მლნ. ლარი

·        დევნილთა სახლების მშენებლობა-რეაბილიტაცია – 68.3 მლნ ლარი;

·        აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალის მშენებლობის გაგრძელება – 201.6 მლნ ლარი;

·        ბათუმისა და ქობულეთის შემოვლითი გზების მშენებლობა-რეაბილიტაცია – 30.0 მლნ ლარი;

·        რუსთავი-თბილისის ავტობანის მშენებლობა – 18. 0 მლნ ლარი

·        ადგილობრივი თვითმართველობის დაფინანსებისა და ადგილობრივი ინფრასტრუქტურული პროექტებისათვის ჯამში გამოიყოფა – 1 260.0 მლნ ლარი;

თავდაცვის სამინისტროს დაფინანსება შემცირდა 745მლნ-იდან 660 მლნ ლარამდე. ეს ხელს არ შეუშლის ამ სისტემაში მიმდინარე რეფორმებს და ნატოს სტანდარტებზე გადასვლის გეგმას.

წარმოდგენილი პროექტით გათვალისწინებულია მნიშვნელოვანი რესურსების გამოყოფა სხვადასხვა სფეროებზე, რაც გამოიწვევს მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას.

 

აზრი გამოთქვეს:

ანიკაშვილი – 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის განხილვისას სამწუხაროა რომ სხდომას არ ესწრებიან შრომის, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა და საქართველოს ფინანსთა მინისტრები. პლენარულ სხდომაზე ქრისტიან-დემოკრატებმა დავაყენენეთ საკითხი, რომ ბევრი რამეა ბიუჯეტის პროექტში გასარკვევი, განსაკუთრებით მის პროგრამულ ნაწილში და აუცილებელია, რომ კითხვებზე პასუხი გაეცათ ამ უწყებათა ხელმძღვანელებს, რაც სამწუხაროდ არ მოხდა. გამომსვლელმა აღნიშნა, რომ საჭიროა მეტი კონსტრუქციულობა ჯანდაცვის პროგრამებთან დაკავშირებით.

მოქმედი კანონმდებლობით პროგრამები უნდა დაიბეგროს დამატებული ღირებულების გადასახადით, რაც გაზრდის ხარჯებს რამდენიმე ათეული მილიონი ლარით. საინტერესოა ხელისუფლება აპირებს თუ არა თანხის დამატებას ამ დამატებითი ხარჯის დასაფარავად, თუ აპირებს ჯანდაცვის პროგრამების გათავისუფლებას დღგ-საგან.

 

გიორგი წერეთელი – ბიუჯეტის პროექტზე დისკუსიების დროს უმრავლესობამ და ოპოზიციამ ბევრი ვიმუშავეთ იმისათვის, რომ საგადასახადო კოდექსში მაქსიმალურად ყოფოლიყო გათვალისწინებული ჯანდაცვის სექტორის მხარდაჭერა. არ ყოფილიყო მიღებული ისეთი გადაწყვეტილებები, რომლებიც დაამძიმებდა მოსახლეობის დღევანდელ ყოფას. საქართველოს პარლამენტში განხილვების დროს, როცა ვსაუბრობდით ჯანდაცვის პროგრამებზე, პროგრამების უზრუნველყოფაზე, დღგ-ს შემოტანაზე ამ ნაწილში, მთავრობამ ჩათვალა, რომ ეს საჭიროა სხვადასხვა საკითხების გამო და მთავრობის მხრიდან იყო აღებული ვალდებულება, რომ ყველა ის პროგრამა, რომელიც სახელმწიფოს მხრიდან დაფინანსდება და იქნება ვალდებულება დღგ-ს გადახდისა, აღნიშნული დამატებით იქნება გათვალისწინებული, ანუ არა პროგრამის შემცირების ხარჯზე, არამედ დამატებით.

 

ჯონდი ბაღათურია – ბიუჯეტით დაფინანსებული პროგრამები შეწყდა. მთავრობამ გააუქმა ჯანდაცვის კომისიები, რომელთაც უნდა მიეღოთ გადაწყვეტილებები პროგრამის დაფინანსებაზე.

 

დავით ლომიძე – არცერთი პროგრამა არ შეჩერებულა და არც მომავალში გაჩერდება. 2011 წელს შეიძლება ეს პროგრამები გარდაიქმნან სხვადასხვა სახით და სწორედ ამის გამო ფინანსთა სამინისტროსთან მიდის კონსულტაციები, რითაც ვცდილობთ გავაუმჯობესოთ პაციენტის ჯანმრთელობისა და სოციალური მდგომარეობა.

 

კობა ამირხანაშვილი – სასურველია სახელმწიფო ბიუჯეტის კანონპროექტის განსახილველ საბოლოო ვარიანტში კონკრეტულად იყოს გაწერილი პროგრამები. გარკვეული წინააღმდეგობა წარმოშვა ახალმა საგადასახადო კოდექსმაც. საქმე იმაშია, რომ პროგრამებში დღგ-ს თანხის დამატება არ ხსნის პრობლემას. ფინანსისტებმა ძალიან კარგად იციან, რომ როცა დღგ-ს ჩათვლის ნაწილი დაუგროვდება შემსრულებელს, ამას ის ვერ აითვისებს და პრაქტიკულად ადგილი ექნება კრიმინალს. არცერთი დაწესებულება ამ პროგრამას არ შეასრულებს. არსებობს ამ მდგომარეობის შეცვლის ორი ვარიანტი: 1) ბიუჯეტის კანონში უნდა ჩაიწეროს, რომ პროგრამები განთავისუფლდეს დღგ-საგან ან 2) საგადასახადო კოდექსში შეტანილ უნდა იქნეს ცვლილება - დღგ-ს ნაწილში მოხდეს პროგრამის ნულოვანი დაბეგვრა.

 

თოიძე – დღესდღეობით წარმოდგენილი ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, დასახვეწია ცალკეული პარამეტრებისა და პროგრამების ბედი, თუმცა მასში ასახული ძირითადი პარამეტრებიდან გამომდინარე, ნათელია რომ ჯანდაცვის სისტემა ვითარდება და არ დგას ადგილზე. ის პრინციპები, რომელიც დეკლარირებული იყო რამოდენიმე წლის წინ: ფინანსური და გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა, სადაზღვეო პრიორიტეტების ჩამოყალიბება, სახელმწიფოდან ჯანდაცვის სისტემის განსახელმწიფოებრიობა და პროფესიული ორგანიზაციებისა და სამედიცინო დაწესებულებებისათვის მეტი ავტონომიის მიწოდება – ხორციელდება. იყო გარკვეული შეფერხებები ჰოსპიტალურ სექტორსა და საკადრო პოლიტიკასთან დაკავშირებით, მაგრამ ეს გაანალიზებულია და მიმდინარეობს ამ ნაკლოვანებების ნელ-ნელა აღმოფხვრა. ჩვენ დიდი იმედი გვაქვს იმისა, რომ ამ წელს დაწყებული ჰოსპიტალური სექტორის ახალი რეფორმა სადაზღვეო სისტემაში შეტანილ ცვლილებებთან ერთად, მომავალი წლის ბოლოსათვის გამოიტანს შედეგს. დაწყებულია რამოდენიმე საავადმყოფოს მშენებლობა. სადაზღვევო სისტემასთან მიმართებაში არის გარკვეული ცვლილებები, კერძოდ, სამედიცინო პროგრამების ნაწილი კიდევ ერთხელ წანაცვლდება სადაზღვევო სისტემაში და შემოდის მაკონტროლებელი ფუნქცია მედიაციის სამსახურის სახით, რომელსაც საკმაოდ მნიშვნელოვანი როლი ექნება აღნიშნული პროგრამების მართვაში.

კომიტეტი სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის ძირითად პრინციპებს ეთანხმება, ხოლო რაც შეეხება ჯანდაცვის ბიუჯეტს, მასთან დაკავშირებით საჭიროა დამატებითი კონსულტაციები.

გადაწყვიტეს (ერთხმად): კომიტეტი მხარს უჭერს სახელმწიფო ბიუჯეტში დამატებით მიღებული საფინანსო რესურსით სახელმწიფოს მიერ აღიარებული პრიორიტეტების დაფინანსებას. მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებისა და მათი სოციალური დაცვისათვის, აუცილებლად უნდა გაგრძელდეს 2011 წლის ბიუჯეტის განხილვა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, ფინანსთა სამინისტროსა და საქართველოს მთავრობას შორის, რათა მიზანშეწონილად უზრუნველყოფილი იყოს 2011 წლის ბიუჯეტის ასიგნებები.

ოთარ თოიძე

კომიტეტის თავმჯდომარე

 

 

 

მანანა კრავეიშვილი

სხდომის მდივანი

 

მიმაგრებული დოკუმენტები
ინფორმაცია გამარჯვებულ ქალთა კლუბის შესახებ    0 KB
ძუძუსა და საშვილოსნოს ყელის სკრინინგის პროგრამა    0 KB