| ოქმი # 74 |
|
საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომის ოქმი # 74 16 სექტემბერი 2010წ. სხდომის თავმჯდომარე: ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ თოიძე ესწრებოდნენ: ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა გ. გოდაბრელიძე კომიტეტის წევრები გ. მისაბიშვილი მ. ანიკაშვილი ა. ლეკაშვილი კ. გეწაძე ზ. გამცემლიძე მ. სანებლიძე სხდომის დღის წესრიგი
1. საქართველოს პარლამენტის წევრის ხ. გოგორიშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი: "საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე" – მეორე მოსმენით განხილვა. მომხსენებელი: ხათუნა გოგორიშვილი 2. ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით შემუშავებული საქართველოს კანონის პროექტის "საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე" და მისგან გამომდინარე კანონპროექტების: "საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში" ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ", "სოციალური დახმარების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე", "წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ" საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე" და "საქართველოს შრომის კოდექსში დამატების შეტანის შესახებ" საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენა. მომხსენებელი: გიორგი წერეთელი 3. ინფორმაცია ახალი ფსიქოაქტიური სუბსტანციების ადრეული გამოვლენის სისტემის ჩამოყალიბების თაობაზე. მომხსენებელი: გელა ლეჟავა
მოწვეულ პირთა სია:
ნარკოლოგიის კვლევითი ინსტიტუტიდან: გელა ლეჟავა მამუკა ლეჟავა ხათუნა თოდაძე დავით ვადაჭკორია შინაგან საქმეთა სამინისტროდან: თამაზ ზაქარეიშვილი შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან: თამაზ კვირკველია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე: გიორგი წერეთელი საქართველოს პარლამენტის წევრი: ხათუნა გოგორიშვილი სხდომა გახსნა სხდომის თავმჯდომარემ ო. თოიძემ და წარმოადგინა სხდომის დღის წესრიგი. შემდგომ მან სიტყვა გადასცა პარლამენტის წევრს ხ. გოგორიშვილს, რომელმაც კომიტეტს მეორე მოსმენით განსახილველად წარმოუდგინა მისივე საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი: "საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე". ხ. გოგორიშვილი: "საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 411 მუხლი არეგულირებს მოსამსახურისათვის ორსულობისა და მშობიარობის გამო შვებულების, დახმარებისა და კომპენსაციის გამოანგარიშებისა და გაცემის წესს. აღნიშნული მუხლის მოქმედება არ ვრცელდება ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს წევრებსა და სახელმწიფო–პოლიტიკურ თანამდებობის პირებზე, რის გამოც წარმოდგენილი საკითხი ზემოხსენებულ პირებთან მიმართებაში რეგულაციის მიღმაა დარჩენილი. პროექტის შემუშავების მიზანია "საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 411 მუხლის შესაბამისად ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს წევრებსა და სახელმწიფო–პოლიტიკურ თანამდებობის პირებზე ორსულობისა და მშობიარობის გამო შვებულების, დახმარებისა და კომპენსაციის გამოანგარიშებისა და გაცემის წესის გავრცელება. აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით, კომიტეტზე შენიშვნები არ გამოთქმულა. სხდომის თავმჯდომარემ შემდგომ სიტყვა გადასცა გ. ლეჟავას, რომელმაც სხდომას წარმოუდგინა ინფორმაცია ახალი ფსიქოაქტიური სუბსტანციების ადრეული გამოვლენის სისტემის ჩამოყალიბების თაობაზე. გ. ლეჟავა: 2000-2004 წლებში, ევროკავშირის ქვეყნებში სულ უფრო ინტენსიურად დაიწყო გავრცელება ე.წ. "ახალმა ფსიქოაქტიურმა სუბსტანციებმა”. ეს საშუალებები ადამიანის ფსიქიკაზე მოქმედებენ ისე, როგორც ცნობილი, გაეროს 1961 -1971 წლების კონვენციებით კონტროლირებადი ფსიქოაქტიური საშუალებები, თუმცა ქიმიური ფორმულებით განსხვავდებიან მათგან. სწორედ ამიტომ, "ახალი ფსიქოაქტიური სუბსტანციები”კონტროლს არ ექვემდებარებიან – მათი შეძენა შეიძლება ლეგალურად, სუფთა ან ნარევების–ნაზავების სახით. დღეისთვის ცნობილია მარიხუანას ნარკოტიკული ეფექტის განმაპირობებელი ქიმიური ნივთიერების 9 – ტეტრაგიდროკანაბიოლისის, ათამდე ხელოვნურად შექმნილი ანალოგი. განსაკუთრებით ხმაურიან რეკლამას უწევენ მოსაწევ ან საყნოსავ საშუალებებს ე.წ. "სპაისებს”, როგორც თვითგრძნობის გაუმჯობესების და განცხრომის მიღების, მცენარეულ უებარ ნაერთებს, რომლებიც შეკაზმულია სპეციალურად ამ მიზნით შექმნილი ნარკოტიკული საშუალებებით (დესიგნერ დრუგს). "სპაისებისა” და სხვა "ახალი ფსიქოაქტიური სუბსტანციების” რეკლამა, ფართოდ ხელმისაწვდომი გახდა საქართველოშიც. სპეციალურად ასეთი ტიპის ფსიქოაქტიური სუბსტანციების ადრეული გამოვლენის, კლასიფიცირების და მათზე კონტროლის დროულად გავრცელების მიზნით 2005 წელს ევროსაბჭოს გადაწყვეტილებით /2005/387/ჟჰჳ, ევროკავშირის ქვეყნებს გაეწიათ რეკომენდაცია შეექმნათ ინსტიტუციური ე.წ. ადრეული გამოვლენის სისტემა(ჶჭშ). ამ სისტემაში თანამშრომლობენ როგორც პოლიცია და კანონმდებლები, ასევე ფარმაცევტული კვლევითი დაწესებულებები, ნარკოლოგები, ექიმები და სხვ. 2005 წლიდან დღემდე გამოვლენილ და გაეროს კონვენციებით გათვალისწინებულ სიებში შეტანილია 50-მდე ახალი ნარკოტიკული და ფსიქოტროპული სუბსტანცია. აღსანიშნავია, რომ ყველაზე მეტი სუბსტანცია გამოვლინდა 2009 წელს, რაც იმას ნიშნავს, რომ "ახალი ფსიქოაქტიური სუბსტანციების” განსხვავებული ფორმების შექმნის პროცესი გრძელდება. დღემდე, საქართველოში "ახალი ფსიქოაქტიური სუბსტანციების” გამოვლენისა და კონტროლზე აყვანის სისტემა არ არსებობს და ეს სუბსტანციები იურიდიული სტატუსით არ განსხვავდებიან არარეგისტრირებული გაყიდვაში მყოფი, არანარკოტიკული, ფარმაკოლოგიური საშუალებებისგან. ნაწილობრივ ეს აიხსნება იმით, რომ ამ სუბსტანციებმა საქართველოში მხოლოდ ბოლო ხანებში დაიწყეს შემოღწევა, ნაწილობრივ კი იმით, რომ საქართველოს ისევე, როგორც ევროკავშირს 2005 წლამდე, არ გაააჩნია არავითარი მექანიზმი, რომელიც ასეთ სუბსტანციებს გამოავლენს და გაატარებს შესაბამის ღონისძიებებს. ამჟამად საქართველომ შეიძლება ისარგებლოს, ევროკავშირის მიერ კონტროლირებად სუბსტანციებად აღიარებულ პრეპარატების სიით და მოახდინოს მათი საქართველოს კონტროლირებად სიებში შეტანა. კონტროლის ზომების გატარება კი მოითხოვს გარკვეული მუშაობის ჩატარებას, ამასთან აუცილებელი იქნება ამ სუბსტანციების სამედიცინო, ფარმაკოლოგიური და ქიმიო-ტოქსიკოლოგიური მახასიათებლების მოპოვება. ნარკოპრობლემებთან დაკავშირებული სიტუაციის გაუმჯობესებისა და ევროკავშირის ქვეყნების შესაბამის სტრუქტურებთან მჭიდრო ურთიერთობის დამყარების მიზნით, პარლამენტის ჯანდაცვის და სოციალურ საკითხთა კომიტეტთან იქმნება საკონსულტაციო სამეცნიერო საბჭო. ევროკავშირის ქვეყნების გამოცდილების და საქართველოს კონკრეტული სოციო-ეკონომიკური, ეპიდემიოლოგიური და კრიმინალური სიტუაციის გათვალისწინებით, საბჭო მოამზადებს წინადადებებს საქართველოს ნარკოპოლიტიკის დებულებების გადასინჯვისა და დახვეწისათვის. კომიტეტმა ცნობად მიიღო აღნიშნული ინფორმაცია. სხდომის თავმჯდომარემ შემდგომ კომიტეტს თავად წარუდგინა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით შემუშავებული საქართველოს კანონის პროექტის "საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე" და მისგან გამომდინარე კანონპროექტების: "საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში" ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ", "სოციალური დახმარების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე", "წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ" საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე" და "საქართველოს შრომის კოდექსში დამატების შეტანის შესახებ". აღნიშნულ ცვლილებათა პაკეტი მიზნად ისახავს ქვეყანაში ტუბერკულოზის კონტროლის ღონისძიებათა ერთიანი სისტემის – "ტუბერკულოზის ეროვნული პროგრამის" შექმნას, ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის პენიტენციალური სისტემის დაწესებულებებში, ტუბერკულოზის კონტროლის ერთიანი, უნივერსალური სისტემის უზრუნველყოფას, ტუბერკულოზის კონტროლის ღონისძიებებში მონაწილე ინსტიტუციებს შორის უფლება–მოვალეობათა გამიჯვნას, ტუბერკულოზის, მათ შორის წამალგამძლე ფორმების გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, ეპიდემიოლოგიურად საშიში პირის იზოლაციის პროცედურის, სპეციფიური პრეპარატების მიმოქცევის შეზღუდვის სათანადო მექანიზმების განსაზღვრისათვის საკანონმდებლო საფუძვლების შექმნას, მარჩენალის ტუბერკულოზით ეპიდემიოლოგიურად საშიში ფორმით დაავადებისას, უმწეო ოჯახებისთვის სოციალური მხარდაჭერის საკანონმდებლო საფუძვლების შექმნას. აღნიშნულ კანონპროექტებთან მიმართებაში შენიშვნები არ გამოთქმულა. კომიტეტი მიზანშეწონილად თვლის აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივის განხორციელებას. კომიტეტმა განიხილა რა სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები, აზრთა გაზიარების, გამოთქმული შენიშვნებისა და წინადადებების გათვალისწინებით მიიღო
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა 1. კომიტეტმა მეორე მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა საქართველოს პარლამენტის წევრის ხ. გოგორიშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ საქართველოს კანონის პროექტს: "საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე". 2. კომიტეტმა მოისმინა და ცნობად მიიღო ინფორმაცია ახალი ფსიქოაქტიური სუბსტანციების ადრეული გამოვლენის სისტემის ჩამოყალიბების თაობაზე. 3. ნარკოპრობლემებთან დაკავშირებული სიტუაციის მონიტორინგისა და გაუმჯობესების მიზნით, პარლამენტის ჯანდაცვის და სოციალურ საკითხთა კომიტეტთან შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომელიც მოამზადებს წინადადებებს საქართველოს ნარკოპოლიტიკის დებულებების გადასინჯვისა და დახვეწისათვის ევროკავშირის ქვეყნების გამოცდილების და საქართველოს კონკრეტული სოციალურ-ეკონომიკური, ეპიდემიოლოგიური და კრიმინალური სიტუაციის გათვალისწინებით. 4. კომიტეტი მიზანშეწონილად თვლის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით შემუშავებული საქართველოს კანონის პროექტის "საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე" და მისგან გამომდინარე კანონპროექტების: "საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში" ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ", "სოციალური დახმარების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე", "წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ" საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე" და "საქართველოს შრომის კოდექსში დამატების შეტანის შესახებ" საკანონმდებლო ინიციატივის განხორციელებას. ოთარ თოიძე კომიტეტის თავმჯდომარე სხდომის მდივანი: ქ. მჭედლიშვილი |






