| ოქმი #70 |
|
საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომის
ოქმი #70
12 ივლისი 2010 წელი სხდომის თავმჯდომარე: საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე: ოთარ თოიძე ესწრებოდნენ: საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის წევრები: გ. მისაბიშვილი გ. გოდაბრელიძე ჯ. ბაღათურია ზ. გამცემლიძე ა. ლეკაშვილი მ. სანებლიძე
დღის წესრიგი 1. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონოს პროექტები: "ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე"; "ფსიქიატრიული დახმარების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე"; "სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე"; "ჯანმრთელობის დაცვის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე"; "საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ"; "სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ" საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე" (1/104 08.06 2010) – მეორე მოსმენით განხილვა. მომხსენებელი: ირაკლი გიორგობიანი საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე 2. საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონოს პროექტი: "წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ" საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე" – (07-3/302 29.06.2010) – მეორე მოსმენით განხილვა მომხსენებელი: ოთარ თოიძე ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე 3. საქართველოს პარლამენტის წევრების ზვიად კუკავასა და ლაშა თორდიას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი: ”საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ” (07-3/305 01.07.2010) პირველი მოსმენით განხილვა მომხსენებელი: ზვიად კუკავა საქართველოს პარლამენტის წევრი 4. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტები: "ზოგადი განათლების შესახებ" საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე"; "სოციალური დახმარების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე (1/187 05.07.2010) – მეორე მოსმენით განხილვა მომხსენებელი: პეტრე წურწუმია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსი 5. საქართველოს პრეზიდენტის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი შეთანხმება და შეთანხმების ოქმი "საქართველოს და შვეიცარიის კონფედერაციას შორის შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ" მომხსენებელი: ნათია მიქელაძე საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე . საქართველოს პრეზიდენტის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი შეთანხმება და შეთანხმების ოქმი "საქართველოსა და ესპანეთის სამეფოს შორის შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ" მომხსენებელი: ნათია მიქელაძე საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე სხდომა გახსნა კომიტეტის თავმჯდომარემ და დღის წესრიგით გათვალისწინებული პირველი საკითხის განსახილველად სიტყვა გადასცა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის პირველ მოადგილეს ბ-ნ ირაკლი გიორგობიანს. ზემოაღნიშნული კანონპროექტები მუხლობრივად იქნა განხილული კომიტეტის სხდომაზე. განხილვისას გამოითქვა შემდეგი შენიშვნები: ”ჯანმრთელობის დაცვის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” კანონპროექტთან დაკავშირებით: 1. კანონპროექტის პირველი მუხლის პირველ პუნქტთან დაკავშირებით კომიტეტი თვლის, რომ ვინაიდან სამედიცინო ექსპერტიზა, როგორც დარგი, მოიცავს როგორც სასამართლო-სამედიცინო, ასევე სასამართლო-ფსიქიატრიულ და სასამართლო-სოციალურ ექსპერტიზებს, შესაბამისად სამედიცინო საქმიანობის განმარტებაში უნდა მიეთითოს ან სამივე ექსპერტიზის სახე, ან სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ნაცვლად, ზოგადად ჩაიწეროს სამედიცინო ექსპერტიზა. 2. ”საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ” საქართველოს კანონი (მუხლი 3, პუნქტი ”ქ”) აღიარებს სავალდებულო ტექნიკური რეგლამენტის ცნებას და მას ანიჭებს დაწესებულების სანიტარული ნორმების მნიშვნელობას, რომელთა მიზანია საზოგადოებრივი ჯანმრთელობის უზრუნველყოფა. კანონპროექტის პირველი მუხლის მე-7 პუნქტის, მე-3 ქვეპუნქტის მიხედვით შემოთავაზებულია სამედიცინო საქმიანობის ტექნიკური რეგლამენტის ცნება, რომელიც განსხვავდება ზემოაღნისნული ტექნიკური რეგლამენტისაგან და მოიცავს მოთხოვნებს სამედიცინო აპარატურის, ხელსაწყოების, ჰიგიენური პირობებისა და სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოებასთან დაკავშირებით. კომიტეტს მიზანშეწონილად მიაჩნია, რომ ვინაიდან მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობა სახელმწიფოს ჯანმრთელობის დაცვისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სისტემის ზრუნვის უმნიშვნელოვანესი მიმართულებებია, ამ სექტორიდან მიღებული ინფორმაცია აუცილებელია სახელმწიფო პოლიტიკის განსაზღვრისა და ბიუჯეტის დაგეგმარებისათვის. ამდენად, მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის ტექნიკური რეგლამენტის აუცილებელ პირობას უნდა შეადგენდეს ასევე სამედიცინო სტატისტიკური ანგარიშგება და შესაბამისად, აღნიშნული ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ”3. მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის ტექნიკური რეგლამენტი გამოიცემა მთავრობის დადგენილებით, რომელიც მოიცავს მოთხოვნებს სამედიცინო აპარატურის, ხელსაწყოების, ჰიგიენური პირობების, სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოებასა და სამედიცინო სტატისტიკურ ანგარიშგებასთან დაკავშირებით.” 3. აღნიშნული კანონპროექტის მე-7 პუნქტს დაემატა ახალი 631 მუხლი, რომლის მე-7, მე-8, მე-9 და მე-10 ქვეპუნქტებში გვხვდება ტერმინი ”სამედიცინო საქმიანობის მიმწოდებელი”. აღნიშნულთან დაკავშირებით კომიტეტს მიაჩნია, რომ ტერმინი ”სამედიცინო საქმიანობის მიმწოდებელი” არ გვხვდება საქართველოს კანონმდებლობში, ხოლო ტერმინი ”სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელი” განმარტებულია საქართველოს კანონით ”საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ”, კერძოდ: მუხლი 3. ”დ) სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელი - სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელი ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელსაც აქვს დამოუკიდებელი საექიმო სამიანობის განხორციელების სახელმწიფო სერტიფიკატი ან შესაბამისი სამედიცინო საქმიანობის განხორციელების ლიცენზია;” ამდენად, კომიტეტი მიზანშეწონილად მიიჩნევს აღნიშნული ტერმინების შესაბამისობაში მოყვანას და მის ფორმირებას შემდეგნაირად: სამედიცინო საქმიანობის/ მომსახურების მომწოდებელი. 4. ვინაიდან ამბულატორიული სტომატოლოგიური საქმიანობა მიეკუთვნება მაღალი რისკის შემცველ, საქართველოში ყველაზე გავრცელებულ სამედიცინო საქმიანობას, კომიტეტს მიზანშეწონილად მიაჩნია რომ იგი დაექვემდებაროს სამედიცინო საქმიანობის ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებს და წარმოადგენდეს სახელმწიფო რეგულირების განსაკუთრებულ სფეროს. კერძოდ, მიზანშეწონილია ამბულატორიული სტომატოლოგიური საქმიანობის განმახორციელებელმა პირებმა, დაადასტურონ სამედიცინო საქმიანობის ტექნიკური რეგლამენტის აუცილებლობა. ამავე დროს უნდა დარჩეს არსებული კონტროლის მექამნიზმი. ამასთანავე პროფესიული საქმიანობის შესრულების ალტერნატიულ ფორმად შეიძლება მოვიაზროთ პროფესიული ასოციაციების ჩართულობა, რაც ერთის მხრივ გააძლიერებს მათ როლს და მეორეს მხრივ, გაზრდის და დახვეწავს პროფესიული ქცევის ნორმებს. სასურველია აღნიშნული მოსაზრება აისახოს კანონპროექტში. 5. კომიტეტს მიზანშეწონილად მიაჩნია, რომ ჯანმრთელობის დაცვის სექტორის მართვისა და ზედამხედველობის ოპტიმიზაციისათვის საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ, უნდა შეიმუშაოს მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის განმახორციელებელ პირთა, ასევე სტაციონარული ნებართვის მქონე პირთა ერთიანი რეესტრი. "საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე" კანონპროექტთან დაკავშირებით კომიტეტზე გამოითქვა მოსაზრება გარკვეული საჯარიმო სანქციების შემცირების თაობაზე. შევიდა ცვლილებები აღნიშნულ კანონპროექტში, კერძოდ: 1. ცვლილება შევიდა კანონპროექტის პირველი მუხლის მე-3 პუნქტში და იგი ჩამოყალიბდა შემდეგნაირად: "3. მუხლი 447. მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის ტექნიკური რეგლამენტის შეუსრულებლობა. 1. მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის ტექნიკური რეგლამენტის შეუსრულებლობა – გამოიწვევს დაჯარიმებას 200-დან 500 ლარამდე. 2. იგივე ქმედება ჩადენილი განმეორებით – გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით. 2. ვინაიდან "ჯანმრთელობის დაცვის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე" კანონპროექტთან დაკავშირებით წარმოდგენილ შენიშვნებში კომიტეტმა დააფიქსირა, რომ მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის ტექნიკური რეგლამენტის აუცილებელ პირობას უნდა შეადგენდეს ასევე სამედიცინო სტატისტიკური ანგარიშგება, აქედან გამომდინარე კომიტეტი მიზანშეწონილად თვლის, რომ "საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე" კანონპროექტით წარმოდგენილი პირველი მუხლის მე-3 პუნქტს, რომლითაც განისაზღვრება სამედიცინო/საექიმო მიმწოდებლის მიერ სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოების წესის დარღვევა (თუ ეს არ წარმოადგენს ლიცენზიის/ნებართვის/ტექნიკური რეგლამენტის პირობას) უნდა დაემატოს ასევე სამედიცინო სტატისტიკური ანგარიშგებასთან დაკავშირებული წესის დარღვევაც. "სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ" საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე" კანონპროექტთან დაკავშირებით: 1. შევიდა ცვლილება კანონპროექტის პირველ მუხლში და იგი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: მუხლი 1. "ი) მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის ტექნიკური რეგლამენტის დაცვის მდგომარეობის შემოწმებისას, თუ ის ხორციელდება შერჩევითი კონტროლის საფუძველზე, კალენდარული წლის განმავლობაში ერთხელ". გადაწყვიტეს (ერთხმად): აღნიშნული შენიშვნების გათვალისწინებით, კომიტეტი მხარს უჭერს ზემოაღნიშნული კანონპროექტების მეორე მოსმენით განხილვას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ბ-მა ოთარ თოიძემ აღნიშნა, რომ "წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ" საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე" კანონპროექტის მიხედვით, ახლებურად ყალიბდება მოქმედი კანონის 374 მუხლი, რომელსაც ემატება ”ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 442 მუხლში დარჩენილი მე-2 ქვეპუნქტი და შესაბამისად ფარმაციის სფეროში სამართალდარღვევები და პასუხისმგებლობა გათვალისწინებული იქნება მხოლოდ ”წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ” კანონით. გადაწყვიტეს (ერთხმად): კომიტეტი მომზადებულად მიიჩნევს წარმოდგენილ კანონპროექტს საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით განხილვისათვის. ზ. კუკავა – ”საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ” კანონპროექტის შემუშავება გამოიწვია ”პატიმრობის შესახებ” საქართველოს კანონის პროექტის მომზადებამ, რომელიც ითვალისწინებს ფსიქიატრიული აშლილობის მქონე მსჯავრდებულთა ფსიქიატრიულ დაწესებულებაში გადაყვანის საკითხის სრულყოფილ დარეგულირებას. კანონპროექტის თანახმად, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ადმინისტრაცია ხდება სასამართლოსთვის არანებაყოფლობითი სტაციონარული ფსიქიატრიული დახმარების გაწევის მოთხოვნით მიმართვის სუბიექტი. კერძოდ, არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით პირის სტაციონარში მოთავსების შესახებ ბრძანების გამოცემის თხოვნით მაგისტრატ მოსამართლეს ან რაიონულ (საქალაქო) სასამართლოს მიმართავს იმ ფსიქიატრიული დაწესებულების ადმინისტრაცია ან შესაბამისად სასჯელაღსრულების დაწესებულების ადმინისტრაცია, რომელშიც მოთავსებულია პაციენტი/მსჯავრდებული. შესაბამისად, მაგისტრატი მოსამართლეები პირველი ინსტანციით განიხილავენ საქმეს – არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით პირის სტაციონარში მოთავსების შესახებ შესაბამისი ფსიქიატრიული დაწესებულების ან სასჯელაღსრულების დაწესებულების ადმინისტრაციის მიმართვის საფუძველზე. ავტორთა მიერ წარმოდგენილ ინიციატივაში ჩასწორდა რამოდენიმე პუნქტის რედაქცია, რაც გაზიარებულ იქნა კომიტეტის მიერ. კერძოდ: კანონპროექტის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით წარმოდგენილ 2116 მუხლს დაემატა სიტყვები "ან შესაბამისი სასჯელაღსრულების ადმინისტრაციის";
2. კანონპროექტის პირველი მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრულ მოქმედი კანონის 2021-ე მუხლის ნაცვლად ჩაიწერა 2120-ე მუხლი ვინაიდან ტექსტუალურად და არსობრივად მითითებული ცვლილება შეეხება არა მოქმედი კანონის 2021-ე მუხლს, არამედ 2120-ე მუხლს.
აზრი გამოთქვეს: ო. თოიძე – აღნიშნა, რომ კანონპროექტი ხელს შეუწყობს არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით პირის სტაციონარში მოთავსებასთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ სამართალწარმოებას. კომიტეტი სხდომაზე კანონპროექტის პრინციპებთან დაკავშირებით შენიშვნები არ გამოთქმულა. გადაწყვიტეს (ერთხმად): კომიტეტი მომზადებულად მიიჩნევს წარმოდგენილ კანონპროექტებს საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განხილვისათვის. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტები: ”ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე”; ”სოციალური დახმარების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე” მეორე მოსმენით წარმოადგინა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა პეტრე წურწუმიამ. ზემოაღნიშნული კანონპროექტები კომიტეტის სხდომაზე მუხლობრივად იქნა განხილული. წარმოდგენილი საკანონმდებლო ინიციატივის თაობაზე სხდომაზე შენიშვნები არ გამოთქმულა გადაწყვიტეს (ერთხმად): კომიტეტი მომზადებულად მიიჩნევს წარმოდგენილ კანონპროექტებს საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით განხილვისათვის. ნ. მიქელაძე – წარმოადგინა საქართველოს პრეზიდენტის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი შეთანხმებები და შეთანხმების ოქმები "საქართველოს და შვეიცარიის კონფედერაციის შორის შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ" და "საქართველოსა და ესპანეთის სამეფოს შორის შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ”. აღნიშნა, რომ ქვეყანაში ინვესტიციების მოზიდვისა და ეკონომიკური კავშირების გაფართოების აუცილებელი პირობაა შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის თაობაზე შეთანხმებების დადება იმ ქვეყნებთან, რომელთანაც საქართველოს გააჩნია ეკონომიკური ინტერესები. აღნიშნული შეთანხმების გაფორმების რიგითობის განსაზღვრისას საქართველოს ამჟამინდელ პრიორიტეტს წარმოადგენს შვეიცარიის კონფედერაცია და ესპანეთის სამეფო. შეთანხმების პროექტი ეფუძნება ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (ოეცდ) მოდელს, რომლის მიხედვით, შეტანხმებით გათვალისწინებულია შემოსავლების და კაპიტალის დაბეგვრა შემოსავლის წყაროს ქვეყანაში გარკვეული შეზღუდვებით, შეზღუდვების გარეშე ან მხოლოდ ან მხოლოდ რეზიდენტობის ქვეყანაში შემოსავლის წყაროს ქვეყანაში დაბეგვრის შემთხვევაში ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების მიზნით რეზიდენტის ქვეყანა იღებს ვალდებულებას, რომგადასახადის გადამხდელის საგადასახადო ბაზის გაანგარიშების დროს გაითვალისწინოს წყაროს ქვეყანაში გადახდილი გადასახადი. შეთანხმებით გათვალისწინებულია საქართველოს კანონმდებლობისაგანგანსხვავებული ნორმების დაწესება. საქართველოს პარლამენტის მიერ შეთანხმების რატიფიცირების შემთხვევაში, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების შესახებ კანონის საფუძველზე, აღნიშნულ შეთანხმებას მიენიჭება უპირატესი იურიდიული ძალა შიდასახელმწიფოებრივ საკანონმდებლო აქტებთან მიმართებაში. საქართველოს საგადასახადო კოდექსიც აღიარებს საერთაშორისო ხელშეკრულების უპირატეს იურიდიულ ძალას. ოქმის პროექტი წარმოადგენს შეთანხმების განუყოფელ ნაწილს, რომელიც აზუსტებს და განმარტავს შეთანხმების ზოგიერთი მუხლის დებულებას. შეანხმებების გაფორმება საქართველოსთვის არ გამოიწვევს დამატებით ფინანსურ ვალდებულებებს და საბიუჯეტო ხარჯების ზრდას. გადაწყვიტეს (ერთხმად): კომიტეტს წარმოდგენილ შეთანხმებებთან დაკავშირებით შენიშვნები არ გააჩნია და მიზანშეწონილად მიაჩნია მათი რატიფიცირება საქართველოს პარლამენტის მიერ.
ოთარ თოიძე კომიტეტის თავმჯდომარე
მანანა კრავეიშვილი სხდომის მდივანი |






