ოქმი # 68

 

                                       საქართველოს პარლამენტის   ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა 

                                                                             კომიტეტის სხდომის   ოქმი # 68        
                                                                                                                                                   1  ივლისი 2010 წ.

სხდომის თავმჯდომარე  

საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე:      ოთარ თოიძე   

ესწრებოდნენ:

საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა

კომიტეტის წევრები:                

                                          გიორგი გოდაბრელიძე;

                                          გურამ მისაბიშვილი;       

                                          მაგდალინა ანიკაშვილი;

                                          გიორგი გოდაბრელიძე;

                                           ზაალ გამცემლიძე;

                                          კახაბერ ოქრიაშვილი;

                                          მამუკა სანებლიძე;

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა

და სოციალური დაცვის სამინისტრო             ალექსანდრე კვიტაშვილი;

                                          კოკა ფრუიძე

                                          მანანა ჯებაშვილი;

                                          სოფო ლებანიძე;

საქართველოს პარლამენტის წევრი              ზვიად კუკავა

საქართველოს განათლებისა და                 გიორგი ჩახნაშვილი

მეცნიერების მინისტრის მოადგილე

კოალიცია შინმოვლა საქართველოში

ორგანიზაციის წევრები     1. მიხეილ ჩაჩხუნაშვილი  
                                         2. რემა ღვამიჩავა

                                         3. გივი ჯავაშვილი

                                         4. თამარ ვაშაკიძე

                                         5. ხათუნა ფაღავა

                                         6. ლევან აბაშიძე

                                         7. დავით ხუბუა

                                         8. იან ვორისეკი

                                         9. ირინა ხანთაძე  

                                         10. გრიგოლ ფანცულაია

                                         11. მანანა შარაშიძე

                                         12. თამარ კურტანიძე

                                         13. უჩა ვახანია

სადაზღვევო კომპანიების წარმომადგენლები     
                                              1.დევი ხეჩინაშვილი;

                                      2. არჩილ მორჩილაძე;

                                      3.ალექსანდრე ლორთქიფანიძე;

                                      4. გიორგი ლოლაძე;

                                      5. ირაკლი კილასონია;

                                      6. ბესიკ ფესტვენიძე;

ექიმთა ასოციაციის წევრები     1. გიორგი ლობჟანიძე;

                                         2. თამარ ლობჟანიძე;

                                         3. გიორგი წილოსანი;

                                         4. რევაზ თათარაძე;

                                         5. ზაზა სინაურიძე;

                                         6. მიხეილ დოლიძე;

სხდომის დღის წესრიგი

 1. საქართველოს პარლამენტის წევრების ს. ქუთათელაძის, ლ. თორდიას და        ზ. კუკავას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტების (¹1533; 24.06.2010): "სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ”, საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე”, "სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”, "საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე”, "არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე” (¹07-3/299; 24.06.2010) განხილვა.

              მომხსენებელი: საქართველოს პარლამენტის წევრი

                          ზვიად კუკავა

2. ინფორმაცია საქართველოში ჰოსპიტალური სექტორის განვითარების გენერალური გეგმის მიმდინარეობის შესახებ.

            მომხსენებლი: საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა

                       და სოციალური დაცვის მინისტრი             

                       ალექსანდრე კვიტაშვილი

 3. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტის "ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე” (¹07-2/195; 21.06.2010) განხილვა.

              მომხსენებელი: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების 

                          მინისტრის მოადგილე გიორგი ჩახნაშვილი  

4. პრეზენტაცია თემისა "შინმოვლის პერსპექტივები საქართველოში".

                მომხსენებელი: კოალიცია "შინმოვლა საქართველოში”

                             აღმასრულებელი დირექტორი

                             უჩა ვახანია

5 .საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა    კომიტეტის საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტის "წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ" საქართველოს კანონში  დამატების შეტანის თაობაზე" ინიციატივის წარდგენა.

                              მომხსენებლი: ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ

                              საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე

                              ოთარ თოიძე

სხდომა გახსნა კომიტეტის თავმჯდომარემ და სხდომის მონაწილეებს გააცნო დღის წესრიგით გათვალისიწინებული საკითხები. სიტყვა მოხსენებისათვის გადასცა საქართველოს პარლამენტის წევრს ბატონ ზვიად კუკავას.

ზვიად კუკავა – მან წარმოადგინა საქართველოს კანონის პროექტები: "სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ”, საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე”, "სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”, "საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე”, "არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე”.

"სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ”, საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე” კანონპროექტის მიღების მიზეზი, როგორც მომხსენებლმა აღნიშნა არის ის, რომ სარეზერვო სამსახურის დღეისათვის არსებული სისტემა მოითხოვდა რეფორმირებას. დადგინდება სამართლებრივი ჩარჩოები, რომელიც უზრუნველყოფს: ა) ეფექტური სარეზერვო სისტემის შექმნას, ბ) სათანადოდ მომზადებული და გაწვრთნილი სარეზერვო ქვედანაყოფების ფორმირებას; და გ) შესაბამისი გარემოებების წარმოქმნისას რეზერვისტების ოპერატიულად გაწვევას. "სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” კანონპროექტის მიღების მიზანს წარმოადგენს სარეზერვო სამსახურის გავლისას პირისათვის სამხედრო მოსამსახურის სტატუსის მინიჭება. პროექტის მიხედვით სამხედრო სამსახურში მყოფ პირს სამხედრო სარეზერვო სამსახურის გასავლელად სამხედრო ნაწილში ჩარიცხვიდან სამხედრო ნაწილიდან ამორიცხვამდე მიენიჭება სამხედრო მოსამსახურის სტატუსი. "სამხედრო ვალდებულებებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე” კანონპროექტის მიღების მიზანია აღმოიფხვრას რეზერვში აღრიცხვის მარეგულირებელ კანონმდებლობაში არსებული ხარვეზები და "სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონპროექტთან "სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისობაში მოყვანა. მომხსენებლემა ასევე გამოიტანა კანონპროექტი "არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე. აღნიშნული კანონპროექტის მიღების მიზანი, როგორც მომხსენებელმა მიუთითა არის არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლის ვადის განსაზღვრა. ძირითადი არსი კი არის სავალდებულო სამხედრო სარეზერვო სამსახურის გავლას დაქვემდებარებული პირისათვის არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლის ვადა, რომელიც  განისაზღვრება არაუმეტეს 60 კალენდარული დღით წელიწადში, გაწვევის დღიდან 4 წლის განმავლობაში. ბოლოს მომხსენებლმა წამრმოადგინა "სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ”, საქართველოს კანონის პროექტის თანმხლები ბოლო კანონპროქტი "საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე”. აღნიშნული კანონპროექტის მიზანია, ის რომ უპირატესობა მიენიჭოს საჯარო სამსახურში მიღებისას, დაწინაურებისას, თანამდებობაზე დანიშვნისას, დაწესებულების რეორგანიზაციისას და შტატების შემიცირებისას თანამდებობაზე დარჩენისას. პირს, რომელმაც სამხედრო სარეზერვო სამსახური გაიარა ან გადის კონტრაქტის საფუძველზე სხვა პირთან თანაბარი კვალიფიკაციის (შეფასები) შემთხვევაში, უპირატესი უფლება ეძლევა, საჯარო სამსახურში მიღების, დაწინაურების, თანამდებობაზე დანიშვნის, დაწესებულების რეორგანიზაციის და შტატების შემცირებისას თანამდებობაზე დარჩენისას.

აღნიშნულ კანონპროექტთან დაკავშირებით აზრი გამოთქვა სხდომის თავმჯდომარემ,  ბატონმა ოთარ თოიძემ. როგორც მან აღნიშნა "სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ",   კანონპროექტის განმარტებით ბარათში მითითებულია, რომ აღნიშნული კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის გაზრდას. კანონპროექტის მე-13 მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით კი, თუ პირის  გაწვევისას რეზერვისტის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ საჭიროებს გადამოწმებას, ან გამწვევის ორგანო საჭიროდ მიიჩნევს რეზერვისტის სამედიცინო შემოწმებას, აღნიშნული შემოწმება შესაძლებელია განხორციელდეს გამწვევი ორგანოს მიერ განსაზღვრული სამედიცინო დაწესებულების მიერ.

     40 წლამდე ასაკის პირთა  შემოწმებისას  საჭირო გახდება მათი საფუძვლიანი სამედიცინო გამოკვლევა, რაც გამოიწვევს  ხარჯების მნიშვნელოვან ზრდას. მოსალოდნელი ხარჯი სათანადოდ უნდა იქნას ასახული სახელმწიფო ბიუჯეტის კანონში.

    ამასთან, კომიტეტი თვლის, რომ რეზერვის სამსახურისაგან უნდა გათავისუფლდენენ სასულირო პირები და გარკვეული  შეღავათები გაეწიოთ ექიმებს, რაგდან მათი პროფესიული საქმიანობისათვის ხანგრძლივი ჩამოშორება   მნიშვნელოვან გავლენას იქონიებს  კვალიფიკაციაზე.

მიიღეს გადაწყვეტილება:

   კომიტეტი მხარს უჭერს აღნიშნული ცვლილებების გათვალისწინებით წარმოდგენილი საკანონმდებლო პაკეტის  პარლამენტის პლენარულ სხდომაზე I მოსმენით განხილვას. 

კანონპროექტის განხილვის შემდგომ სიტყვა მოხსენებისათვის გადაეცა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს  ბატონ ალექსანდრე კვიტაშვილს, რომელმაც წარმოადგინა ინფორმაცია საქართველოში ჰოსპიტალური სექტორის განვითარების გენერალური გეგმის მიმდინარეობის შესახებ.

 ალექსანდრე კვიტაშვილი -  ბატონი სანდრო მიესალმა სხდომაზე დამსწრე პირებს, მადლობა გადაუხადა მოწვევისათვის და მოხსენება დაიწყო საქართველოში ჰოსპიტალური სექტორის განვითარების იმ ეტაპის მიმოხილვითა და მდგომარეობის განხილვით რა ეტაპზეც ამჟამად იმყოფება ქვეყნა. სხდომის მონაწილეებს შეახსენა, რომ  მიმდინარე პროექტი მკვეთრად განსხვავდება და  ძირეულად არის სახეშეცვლილი "100 საავადმყოფოს” პროექტისგან. ძირითად მოთამაშედ ზემოაღნიშნულში შემოდის სადაზღვევო კომპანიები. მათი მონაწილეობა, როგორც მინისტრმა აღნიშნა გამართლებულია ერთის მხრივ იმით, რომ აქვთ გარანტირებული სახელმწიფო დაფინანსება და მეორე მხრივ არის ინტერესი თავად სადაზღვევო ინდუსტრიის კომპანიისა, ქსელის გაფართოებისთვის. ამ ეტაპზე დაგეგმილია 46 ახალი საავადმყოფოს აშენება.  მან ჩამოთვალა სამედიცინო რაიონების მიხედვით ვაუჩერის ფასი და გამარჯვებულად გამოვლენილი სადაზღვევო კომპანიები, კერძოდ:     

1. თბილისი შპს "ალფა’’ 116,40 ლარი;

2. ქუთაისი, წყალტუბო, ტყიბული, თერჯოლა შპს "ალდაგი ბისიაი” 132 ლარი;

3. მესტია, ზუგდიდი, წალენჯიხა, ჩხოროწყუ შპს "აი სი ჯგუფი” 132 ლარი;

4. გორი, კასპი, შპს "ალფა” 116,40 ლარი;

5. ხარაგაული, ზესტაფონი, ჭიათურა შპს "ირაო” 132 ლარი;

6. თელავი, ახმეტა, ყვარელი შპს "იმედი ელ ინტერნეიშენალი” 132 ლარი;

7. ყაზბეგი, მცხეთა, ახალგორი, დუშეთი, თიანეთი შპს "ჯი პი აი ჰოლდინგი” -132 ლარი;

8. ლანჩხუთი, ოზურგეთი, ჩოხატაური შპს "ალფა’’ 132 ლარი;

9. სენაკი, აბაშა, მარტვილი შპს "ვესტი’’ 132 ლარი;

10. შუახევი, ქედა, ხულო შპს "იმედი ელ ინტერნეიშენალი’’ 132 ლარი;

11. საგარეჯო, გურჯაანი სს "ჯი პი აი ჰოლდინგი’’ 132 ლარი;

12. ლაგოდეხი, წნორი, დედოფლისწყარო შპს "არქიმედეს გლობალ ჯორჯია’’ 132 ლარი;

13. თეთრიწყარო, წალკა, მარნეული შპს "ირაო’’ 132 ლარი;

14. ხაშური, ქარელი: შპს "აი სი ჯგუფი’’ 132 ლარი;

15. ბათუმი, ხელვაჩაური შპს "იმედი ელ ინტერნეიშენალი’’ 132 ლარი;

16. ქობულეთი, ჩაქვი შპს "იმედი ელ ინტერნეიშენალი’’ 132 ლარი;

17. გარდაბანი, რუსთავი შპს "ირაო” 132 ლარი;

18. ბოლნისი, დმანისი შპს "აი სი ჯგუფი’’ 132 ლარი;

19. სამტრედია, ხონი შპს «"ჯი პი აი ჰოლდინგი’’ 132 ლარი;

20. ბაღდათი, ვანი შპს «"ჯი პი აი ჰოლდინგი’’ 132 ლარი;

21. ახალციხე, ასპინძა, ადიგენი, ბორჯომი, "ამხანაგობა სამცხე 2010” 132 ლარი;

22. საჩხერე "ქართუ’’ 116,40

23. ფოთი, ხობი შპს "ალდაგი ბისიაი’’ 132 ლარი;

24. ცაგერი, ლენტეხი შპს «აი სი ჯგუფი 132 ლარი;

25. ამბროლაური, ონი შპს "აი სი ჯგუფი’’ 132 ლარი;

26. ახალქალაქი, ნინოწმინდა შპს "იმედი ელ ინტერნეიშენალი’’ 132 ლარი;

მან ასევე აღნიშნა, რომ დამტკიცებულია და დაგზავნილია რაიონებში პროექტის ფუნქციური ნაწილი. ინჟინრული ნაწილი კი დამტკიცების პროცესშია და მალე იქნება მზად. პერიოდულად იკრიბებიან პრემიერ-მინისტრთან, რომელიც აქტიურად არის ჩართული ამ პროცესში და თავად იღებს სერიოზულ მონაწილეობას პროექტის დადებითად წარმართვისათვის. პროცესში ასევე ჩართულები არიან ეკონომიკისა და რეგიონალური განვითარების სამინისტროები. ბოლო მონაცემებით არც ერთ კომპანიას ამ ეტაპზე პრობლემები არ აქვთ და მუშაობას სავარაუდოდ შეუდგებიან თვის ბოლოს, ვინაიდან ვადები შეზღუდულია. ამ ვადებით დაგეგმილია 50 საწოლიანი და ქვემოთ 25-20-15 საავადმყოფოების დასრულება 2011 წლის ბოლოს. 70 საწოლიანი, რომელიც სულ სამია უნდა დასრულდეს 2012 წლის მარტის ბოლოს. ეს არის წაყენებული პირობები მათ მიმართ.

გარდა ამისა, აღნიშნა მინისტრმა, რომ UშAID-ის მხარდაჭერით ხორციელდება 3 საავადმყოფოს რეაბილიტაცია სამცხე-ჯავახეთში, ხოლო ამბროლაურში მსოფლიო ბანკის დაფინანსებით მიმდინარეობს ახალი 25 საწოლიანი საავადმყოფოს მშენებლობა, რომელიც 1 წელიწადში იქნება დასრულებული.

ამავე დროს მან ინფორმაცია მიაწოდა სხდომზე დამსწრე საზოგადოებას, იმ ვითარების შესახებ, რასაც ადგილი აქვს თბილისში. მან განაცხადა ინფექციური საავადმყოფოს ტერიტორიის გაყიდვის თაობაზე და გაყიდვის პირობებზე, რომ 2 წლის განმავლობაში არ შეეძლება მეპატრონეს ამ ტერიტორიაზე არსებული დაწესებულებებისთვის მუშაობაში ხელის შეშლა. "სწორედ ეს 2 წელი არის ის დრო, რომელიც საჭიროა დიღომში ახალი ინფექციური საავადმყოფოსა და შიდსის ცენტრის ასაშენებლად. იქნება მაღალტექნოლოგიური ცენტრი, გაერთიანდება ბავშვთა ინფექციური საავადამყოფო, ინფექციური საავადმყოფო, შიდსის ცენტრი, სეფსისის ცენტრი და იფუნქციონირებს ერთიანი დიაგნოსტიკა”. გარდა ამისა, მინისტრი მოხსენებაში შეეხო დიღმის კლასტერში მიმდინარე ჟვანიას სახ. ბავშვთა კლინიკის რეკონსტრუქციას, რომელიც მიმდინარეობს მთელ შენობაში და აქვე განთავსებულ "ჯოენის’’ ცენტრს. წლის ბოლოს ვარაუდობენ გარკვეული ნაწილის დასრულებას. "ქალაქში არსებული რამდენიმე საავადმყოფო წლის ბოლომდე გადავა დიღმის კლასტერში. რაც შეეხება შესყიდვის ფასებს ამაზე ჯერ გადაწყვეტილება არ არის მიღებული’’ – განაცხადა მინისტრმა.

მომხსენებლმა ყურადღება დაუთმო ასევე რკინიგზის საავადმყოფოს, სადაც მიმდინარეობს სრული რემონტი და განაცხადა, რომ მოხდება სხვადასხვა სამედიცინო ცენტრების განლაგება, რომლებიც თბილისის ცენტრში არსებობდა. "დროში ზუსტად გაწერილად და დაგვიანების გარეშე მიმდინარეობს ორთაჭალაში ერთ-ერთი ულტრათანამედროვე ცენტრის მშენებლობა, რომლის მსგავსიც ამიერკავკასიაში არ იქნება. სამინისტროს აქვს სურვილი შემოიტანოს ინოვაციური მომენტი, როდესაც არის სახელმწიფო დაქვემდებარებაში საავადმყოფო ან სამედიცინო დაწესებულება,  და ამავდროულად შესულია კლინიკაში  სამენეჯმენტო კომპანიები, რომლებიც ახორციელებნ მსოფლიო მასშტაბით ჰოსპიტალური ქსელის მართვას. მათი მიზანია მოიწვიონ და გადასცენ მართვისათვის რამდენიმე მსგავსი ცნეტრი, რომელიც არის სახლემწიფო მფლობელობაში და დარჩება კვლავ მის ხელში. მან ისაუბრა ასევე იმ მოლაპარკების თაობაზე, რომელიც  მიმდინარეობს და დასრულების პროცესშია რესპუბლიკურ საავადმყოფოში, სადაც ჩართულები არიან კანადელები. მინისტრის აზრით, პრაქტიკულად სულ სხვა სიტუაცია იყო წინა წელს. ყოველივე ეს კი მისთვის იმედის მიმცემია. ასევე ხელვაჩაურში დასრულდა ახალი სამედიცინო ცენტრის მშენებლობა.

ოთარ თოიძე – მან მადლობა გადაუხადა ბატონ მინისტრს მოხსენებისათვის და დაეთანხმა, რომ 2008 წელთან შედარებით მართლაც არის წინსვლა.

მოხსენების შემდეგ კითხვები დასვეს და კამათში მიღეს მონაწილეობა მაგდა ანიკაშვილმა, ჯონდი ბაღათურიამ და კახა ოქრიაშვილმა. მათ მიერ დასმულ კითხვებზე ამომწურავი პასუხი გასცა ბატონმა მინისტრმა.

ალექსანდრე კვიტაშვილი – ბატონი ჯონდი ბაღათურიას კითხვა ეხებოდა 100 საავადმყოფოს პროექტს, რომელიც მისი აზრით  იყო  დანაშაულებრივი პროექტი. ხოლო მინისტრმა ამ კითხვაზე შემდეგანირად უპასუხა: "ჩემი აზრით დანაშაული იყო თავად დანგრეული 246 საავადმყოფო, რომელიც ქვეყანაში არსებობდა, დანაშაული იყო ასევე მისი შენარჩუნება სახელწმიფო ფულის ხარჯზე და მასში ინვესტიციების ჩადება. რაც შეეხება ფასების ზრდას აღნიშნა მინისტრმა, ახალი ტექონოლგიებით აშენებულ საავადმყოფოს სჭირდება შენახვისათვის გაცილებით ნაკლები ფული, რაც ბუნებრივად შეამცირებს ფასებს. რაც შეეხება ხელმისწავდომობას, აქ მან საკითხი წარმოადგინა 2 კუთხით: ფინანსური და გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის მიხედვით. საქართველოს ყველა მოქალაქეს აქვს თანაბარი უფლება მიიღოს სამედიცინო მომსახურეობა მიუხედავად იმისა თუ სად იმყოფება, საქართველოს ნებისმიერ რაიონში. რაც შეეხება ფინანსურ ხელმისაწვდომობას, ამ მხრივაც არის პოზიტივი -  მატულობს დაზღვეულთა რაოდენობა, დღეისათვის ქვეყანაში უკვე არსებობს მილიონ ნახევარზე მეტი დაზღვეული პიროვნება. მინისტრი შეეხო ასევე "ბლოკ ჯორჯიას” საკითხს და აღნიშნა, რომ მათ მფლობელობაში დარჩება არსებული ქონება. რაც შეეხება თბილისს, თემქაზე არსებული არც ერთი საავადმყოფო უკვე არ არის მათ მფლობელობაში. "ბლოკ ჯორჯიას” ეკუთვნის ზუგდიდის საავადმყოფო, სადაც ყველა პირობა შეასრულა და ამიტომ მფლობელობაში დარჩა, რაც შეეხება ქუთაისს, იქ არის თანამფლობელობა. თბილისში ამ კომპანიის არის მხოლოდ ჰემატოლოგია და პარაზიტოლოგია. მინისტრი შეეხო ასევე მისი აზრით ერთ-ერთი მძლავრ რესურს - მედიაციის სამსახურს. "სწორედ მათი საშუალებით მოხდა გარკვეული შეთანხმება პროვაიდერებსა და სადაზღვევო კომპანიებს შორის. შედის ძალაში დებულება მედიაციის შესახებ, რომელიც განიხილავს დავებს და გაიზრდება მათი მოცვა, როგორც გეოგრაფიულობის, ასევე დავების განხილვის მიხედვით. რაც შეეხება არჩევანის უფლებას ამ მხრივ სადაზღვეოების გამოცვლის პრაქტიკა ძალიან მცირეა. ბეჭვდით ინფორმაცია რომელიც აქამდე იყო არ მუშაობდა კარგად, ეხლა შეიცვლება ინფორმაციის გავრცელება მედიისა და სხვა საშუალებებით. რაც შეეხება ფასს, აქამდე კრიტიკა ისმოდა იმის თაობაზე, რომ სახელმწიფო იხდიდა მეტს და სადაზღვეობი ნაკლებს, ეხლა როცა სახელმწიფომ ფასი ჩამოიწია, კითხვა უკვე პირიქითაა. ეს არის ნებაყოფილობითი პროგრამა. რაც შეეხება მომსახურეობას, ის ჩამონათვალი რაც არის მკაფიოდ გაწერილი არაფერი არ იცვლება და მომსახურეობა და პაკეტი არის სრულად შენარჩუნებული”. მინისტრის აზრით სადაზღვევო კომპანია უნდა იყოს მომგებიანი,  ასევე საავადმყოფოც უნდა გახდეს მომგებიანი. მინისტრი დაეთანხმა მაგდა ანიკაშვილს, პასუხისმგებლობის დაყენების თაობაზე, როგორც კომანიის მიმართ, ასევე იმის მიმართ ვინც არასწორად იმუშავა და პროცესი ბოლომდე ვერ მიიყვანა. ამ პროექტზე ბუნებრივია, პასუხსიმგებელი თავად, სამინისტრო და ის ხალხია ვინც მუშაობდა და ამდენად წარმოდგენილი პროექტის ჩავარდნის შემთხვევაში პასუხისმგებლობა მას ეკისრება და ამ პასუხიმგებლობას იგი სრულად იღებს თავისთავზე. მინისტრმა ასევე ისაუბრა ხარისხზე, რომელიც იწყება განათლებით დამთავრებული კონტროლით.

ოთარ თოიძე – მან მადლობა გადაუხადა ბატონ მინსტრს საინტერესო მოხსენებისათვის და სიტყვა ინფორმაციისთვის გადასცა ბატონ ზაზა სინაურიძეს.

ზაზა სინაურიძე – მან განაცხადა, რომ საქართველოს ჰოსპიტალთა ასოციაციას, მიზანად აქვს რეგულაციების დადება, რასაც ქვია ხარისხის კონტროლი, იმიტომ რომ არის ის მომენტები, სადაც მისი აზრით, ძალიან ხშირად, ხარისხი ხან ახსნედებათ ხან არა. ამიტომ მათ უნდა შეიმუშაონ ერთიანი სტანდარტები და  სადაზღვევო კომპანიებთან  ერთად იმუშაონ. საკითხის დასმა თანხის შემცირების თაობაზე, რომ 15 ლარი რატომ შემცირდა 11 ლარამდე, მისი აზრით, აქ ერთ-ერთი პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯი უნდა გადაიდგეს და ამ ერთიანი სისტემით გაიწეროს ყველა ნოზოლგია. ძალიან მნიშვნელოვანია ასევე მენეჯმენტის ერთიანი პრინციპების შემოღება საავადმყოფოებში, რაც მიცემთ საშუალებას ამ კუთხით იმუშაონ და არანაირად არ ჩაერიონ მათ მართვაში. ასევე ძალიან საინტერესო პროექტია მისი აზრით ბრიტანელი მენეჯმენტის შემოსვლა ღუდუშაურში, სადაც საავადმყოფო დარჩება სახელმწიფოს, შემოვა ბრიტანული მენეჯმენტი და ჩაიდება ინვესტიციასაც. "ამდენად ღუდუშაურის კლინიკა შეუდგება მუშაობას უკვე ახალი ფორმატით – ბრიტანული მენეჯმენტით’’.

გიორგი წერეთელი – მან განუცხადა ქალბატონ მაგდას და ასევე მის სხვა კოლეგებს, რომ ლაპარაკი  "ბლოკ ჯორჯიაზე” უნდა დასრულდეს, მტრის ხატის შექმნის პერიოდი მისი აზრით უკვე დასრულდა. მართალია "ბლოკ ჯორჯიამ”  ვერ გაართვა თავი დათქმულ პირობებს, მაგრამ ოდესღაც მასზე საუბარი უნდა დამთავრდეს და უნდა დაიგეგმოს სამომავლო მიზნები. გათვალისწინებული უნდა იქნეს კომპანიის მიერ დაშვებული შეცდომები. როგორც ბატონმა გიორგიმ განაცხადა საქართველოში ნამდვილად იყო ფორს მაჟორული ვითარება, რამაც შეაფერხა  აღნიშნულის ქმედება. ყველა ახალი საკითხი გარკვეულწილად შეიცავს ექსპერიმენტის ნაწილს და მის შედეგებს ვერავინ დაითვლის. რა თქმა უნდა რთულია, როცა ქვეყანა ასეთ რადიკალურ რეფორმას ახორციელებს, როცა ძირითადი სიმძლავრე გადადის სადაზღვევო კომპანიებზე, მთავარია არსებულმა სისტემამ დაიწყოს წინსვლა. განსახორციელებელი ახალი პროექტი კი, მისი აზრით არის ალბათ ყველაზე რთული, საჭიროა ყოველი ნაბიჯის გადევნება და ზედამხედველობა, 100 საავადმყოფოს პროგრამის შემთხვევაში აბსოლიტურად იყო სხვა გარემო, გამართული იყო ეგ.წ. დოღი, ლოტების მოსაგებად. ამ სფეროში ეს არის ძალიან საფრთხილო საქმე. მაშინ მთავრობა წავიდა ძალიან დიდ დათმობაზე. ნაწილი მაშინდელი მთავრობისა დღეს რადიკალურ ოპოზიციას წარმოადგენს. მისი აზრით მიუხედავია ასევე სამედიცინო განათლების დონე.

ოთარ თოიძე – სხდომის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ მიღებული  ინფორმაცია, რომელიც მინისტრმა წარმოადგინა არის საკმარისი და იმაზე მეტი, ინფორმაციულობის თვალსაზრისით, რომელიც მოსალოდნელი იყო გაზაფხულისთვის დაგეგმილ სხდომაზე. ძირითადი საკითხი, როგორც ბატონმა ოთარ თოიძემ აღნიშნა, მაინც არის სამედიცინო ხარისხი "ეს არის ჰოსპიტალი, ხარისხიანი ჰოსპიტალი, თავისი მშენებლობით, მართვითა და შიგთავსით. კომიტეტი ამ მხრივ გარკვეულწილად მუშაობს, რომ სამედიცინო ხარისხის მიღწევის სისტემა იყოს ადექვატური იმ შესაძლებლობისათვის, რომელიც ქვეყანას გააჩნია. ჩვენა ამას მართალია ვერ მიავაღწევთ უახლოეს 6 თვეში, შეიძლება 1 წელიწადშიც კი, მაგრამ ამისათვის ნამდვილად ყველაფერი კეთდება” .

   მიიღეს გადაწყვეტილება: კომიტეტმა ცნობად მიიღო და დადებითად შეაფასა ინფორმაცია საქართველოში ჰოსპიტალური სექტორის განვითარების გენერალური გეგმის მიმდინარეობის შესახებ და ამავე დროს მიიჩნია, რომ განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს სამედიცინო ხარისხის კონტროლის მექანიზმს.

შემდეგი საკითხი, რითაც სხდომამ გააგრძელა მუშაობა იყო საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი "ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე” და სიტყვა მოხსენებისათვის გადაეცა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების                            მინისტრის მოადგილეს ბატონ გიორგი ჩახნაშვილს.

გიორგი ჩახნაშვილი – კანონპროექტის მიღების მიზეზი, როგორც მომხსენებელმა აღნიშნა ბოლო წლების განმავლობაში სკოლებში ძალადობის ფაქტების მომატებაა, რაც უარყოფით გავლენას ახდენს ბავშვის როგორც ემოციურ, ისე სოციალურ განვითარებაზე. სამწუხაროდ, მოსწავლე-ახალგაზრდობა თავისთავად ხდება მონაწილე ან მოწმე სხვადასხვა ფორმით ჩადენილი დანაშაულისა, რაც დაკავშირებულია იარაღთან, ნარკოტიკთან, ძალადობასთან და სხვა. მოზარდებში დანაშაულის ზრდის მიზეზი სავარაუდოდ ის ყალბი ფასეულობებია, რომლებიც    დამკვიდრდა მათ ცნობიერაბაში. ძირითადი არსი ზოგადსაგანმათლებლო დაწესებულებებში მოსწავლეთა ჯანმრთელობისა და სიცოცხლისათვის უსაფრთხო გარემოს შექმნა და ამ მიმართუელობით შესაბამისი ღონსძიებების გატარება სახელმწიფო მიერ ზოგადსაგანმანათლებლო პოლიტიკის პრიორიტეტულ მიმართულებად განისაზღვრა. უკანასკნელი პერიოდის სტატისტიკის თანახმად მოზარდთა მიერ ერთმანეთის ჯანმრთელობის დაზიანების და მკვლელობის ფაქტების მნიშვნელოვანი ნაწილი საჯარო სკოლისთვის განკუთვნილ ადგილებში ხდება, ან იწყება სკოლაში და გაგრძელებას ჰპოვებს სკოლის გარეთ. ასევე ხშირია მოსწავლეთა მიერ ცივი იარაღის ტარების, თამბაქოს, ალკოჰოლის, ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების ფაქტები. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მოსწავლეთათვის უსაფრთხო, სტაბილური გრემოს შექნა არის წარმოდგენილი კანონპროექტის არსი და ითვალისწინებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სისტემაში საჯარო სამართლის იურიდიული პირის სკოლის მანდატურის სამსხურის შქმნას.

აღნიშნულ კანონპროექტთან დაკავშირებით აზრი გამოთქვეს სხდომაზე დამსწრე დეპუტატებმა.

   მიიღეს გადაწყვეტილება:

კომიტეტს პრინციპული ხასიათის შენიშვნები არ გამოუთქვამს და მხარს უჭერს კანონპროექტის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე I მოსმენით  განხილვას შემდეგი შენიშვნების გათვალისწინებით:

1.    კანონპროექტის 481 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სკოლის მანდატურად შეიძლება დაინიშნოს ნასამართლობის არმქონე საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე 20 წლის ასაკიდან.  ვფიქრობთ, შესაცვლელია ქვედა ასაკობრივი ზღვარი 25 წლამდე აწევით, რადგან 20 წლის ასაკის ადამიანს არა აქვს თითქმის თანატოლ სკოლის მოსწავლესთან ამგვარი ურთიერთობის გამოცდილება. 

2.    კანონპროექტში არ არის განსაზღვრული  ბავშვთა რაოდენობის პროპორციულად შესაბამისი მანდატურის რაოდენობა. ვფიქრობთ ეს მნიშვნელოვანია მანდატურის  ფუნქციის ხარისხიანად შესრულებისათვის.

3.    საჭიროა დაკონკრეტდეს რა შეიძლება იყოს კანონპროექტის 484-ე მუხლის მე-3 ნაწილში აღნიშნული მანდატურის სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მისი პატივისა და ღირსების შემლახავი ქმედება, რადგან აღნიშნული თემა მეტად ფაქიზია და ადამიანები ამ საკითხს სახვადასხვაგვარად უდგებიან.

4.    კანონპროექტის 486-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა” ქვეპუნქტით სკოლის    მანდატურს ფიზიკური ძალისა და სპეციალური საშუალებების გამოყენების უფლება აქვს სამართალდარღვევის აღკვეთისას და სამართალდამრღვევის დაკავებისას. ვფიქრობთ საჭიროა კანონპროექტში მიეთითოს რა სახის სამართალდარღვევებზეა საუბარი.

აღნიშნული კანონპროექტის განხილვის შემდგომ კოალიცია "შინმოვლა საქართველოში” აღმასრულებელმა დირექტორმა ბატონმა უჩა ვახანიამ წარმოადგინა პრეზენტაცია თემისა "შინმოვლის პერსპექტივები საქართველოში". (იხ.დანართი 1)

უჩა ვახანია – მან ისაუბრა შიმოვლის განვითარების უპირატესობაზე საქართველოში. საქართველოში ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებების ქსელი განვითარებული არ არის _ ყველა არსებული ერთეულის დატვირთვის შესაძლებლობა დაახლოებით 320 მომხმარებლის ფარგლებში მერყეობს; შინმოვლისგან განსხვავებით, დაწესებულებების მოწყობა მნიშვნელოვან ინვესტიციებს საჭიროებს, ხოლო მიმდინარე ხარჯი 1 პაციენტზე შინმოვლასთან შედარებით 2,5-ჯერ მეტია; დაწესებულებაში ზრუნვა მნიშვნელოვან სტიგმასთან არის დაკავშირებული; საქართველოში მოსახლეობის უმრავლესობას აქვს საკუთარი საცხოვრებელი; ტრადიციული ოჯახების და ღირებულებების რღვევის მიუხედავად, კვლავ დიდია არაფორმალური მოვლის რესურსი, განსაკუთრებით, სოფლის მოსახლეობაში. შინმოვლა არის სამედიცინო და სოციალური მომსახურების მიწოდება საცხოვრებელ ადგილზე იმ პირთათვის (შემდგომში "პაციენტი’’), რომელთაც ფიზიოლოგიური მდგომარეობის ან ფიზიკური თუ ფსიქიკური პათოლოგიების გამო შეზღუდული აქვთ საკუთარი თავის მოვლის უნარი და საჭიროებენ ზრუნვას.

  შინმოვლის მიზანია გააუმჯობესოს პაციენტთა ცხოვრების ხარისხი, კერძოდ, გახადოს ეს ადამიანები მათ ყოველდღიურ ქმედებებში შეძლებისდაგვარად დამოუკიდებელნი შინ, მათთვის ჩვეულ საცხოვრებელ პირობებში, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უზრუნველყოფითა და სრულფასოვანი ცხოვრების ეთიკური ნორმების დაცვით. სამიზნე ჯგუფია:

 უძლური ხანდაზმულები;

ფიზიკური თუ ფსიქიკური დაავადებების გამო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები;

დროებით უნარშეზღუდულები (მაგალითად, მწვავე მდგომარეობების, მძიმე დაავადებების, ოპერაციების, მოტეხილობების, ინსულტების შემდეგ);

ტერმინალურ მდგომარეობაში მყოფი პაციენტები;

ფიზიოლოგიური მდგომარეობებით უნარშეზღუდულები (მელოგინე ქალები, ჩვილი და მცირეწლოვანი ბავშვები).

მოსარგებლენი არიან პაციენტები _ ადამიანები დამოკიდებულების სხვადასხვა ტიპით და ხარისხით, რომელთა ცხოვრების ხარისხი უმჯობესდება;

არაფორმალური მომვლელები, რომელთა ჯაფა შემსუბუქებულია, ხოლო საქმიანობის ეფექტურობა გაზრდილი, ერთის მხრივ, ჩანაცვლებით, მეორე მხრივ, საჭირო უნარ-ჩვევების შეძენით;

სახელმწიფო, რომელიც დაინტერესებულია ხარისხიანი და ხარჯთეფექტიანი პროგრამის განხორციელებით;

საზოგადოება, რომელშიც ვითარდება თანადგომის კულტურა.                             

მომსახურების მიმწოდებლები არიან არაფორმალური მომვლელები: ოჯახის წევრები, ნათესავები, მეზობლები, მეგობრები, ეკლესიის მრევლი;

ფორმალური ქსელი – სახელმწიფო, კერძო თუ არასამთავრობო სექტორში მომუშავე პროფესიონალები, მათ შორის:

სამედიცინო მომსახურების მიმწოდებლები _ ექთნები, ოჯახის ექიმები, ექიმი-სპეციალისტები, სხვადასხვა თერაპევტები, ფსიქოლოგები;

სოციალური მომსახურების მიმწოდებლები _ სოციალური მუშაკები, სახლის მოწესრიგებაში დამხმარენი, ხელოსნები და სხვა.

     შინმოვლის მოცულობის უდიდესი ნაწილი (>80%) მოდის არაფორმალურ ქსელზე.

მან ასევე წარმოადგინა შინმოვლის მოდელი, საერთო და განმასხვავებელი ნიშნებით:

საერთო ნიშნებია:

რესურსების მობილიზაცია და განკარგვა სახელმწიფოს მიერ

ლიცენზირება და კონტროლი სახელმწიფოს მიერ

ინტეგრაცია პირველად ჯანდაცვასთან

საყოველთაო ხელმისაწვდომობა

მიმწოდებლის არჩევის თავისუფლება (სერვისის მართვა მომხმარებლის მიერ)

განმასხვავებელი ნიშნებია:

გადახდის სხვადასხვა პროპორციები (სახელმწიფო-დამქირავებელი-დაქირავებული)

რესურსების მობილიზაციის სხვადასხვა სქემები (ზოგადი ან მიზნობრივი გადასახადები)

ალტერნატიული სარგებელი (ე. წ. «პერსონალური ბიუჯეტი»)

მომხსენებელი შეეხო ასევე შიმოვლის პერსპექტივებსაც

შინმოვლის პროფესიული სტანდარტების განსაზღვრა და ხარისხის უზრუნველყოფა;

შინმოვლის აღიარება სოციალური დახმარებისა და ჯანდაცვის სისტემის ერთ-ერთ პრიორიტეტად;

არაფორმალური მომვლელების ტვირთის აღიარება და მხარდაჭერა;

შინმოვლის სფეროში მომუშავე ორგანიზაციების გაძლიერება.

ბატონი უჩა შეეხო პილოტური პროექტის საბოლოო და სპეციფიკურ მიზნებს:

საბოლოო მიზანი: შეზღუდული შესაძლებ-ლობების მქონე პაციენტების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება შინმოვლის მომსახურების მიწოდებით

სპეციფიკური მიზნებია:

ხარჯთეფექტური და გავრცელებადი შინმოვლის მოდელის შემუშავება; შინმოვლის მომსახურების ხარისხის უზრუნველყოფა; შინმოვლის პოპულარიზაცია; შინმოვლის მომსახურების მიმწოდებელი ორგანიზაციების ინსტიტუციური შესაძლებლობების გაზრდა.

არსებობს ყველა წინაპირობა იმისათვის, რომ შინმოვლის მოძრაობის მასშტაბები გაიზარდოს და დაიწყოს შინმოვლის ინსტიტუციონალიზაცია სახელმწიფოს მზარდი მონაწილეობით. მოხსნების დასასრულს მან კომიტეტის წინაშე წარმოადგინა კოლაიციის მიერ რეკომენდირებული წინადადებები.

შინმოვლის არსებული მოდელის შემდგომი განვითარება ყველა კომპონენტის მიხედვით (სერვისები, პერსონალი, ორგანიზაცია, დაფინანსება) და მისი ჩამოყალიბება ქვეყნის მასშტაბით დასანერგად ვარგისი ოპტიმალური მოდელის სახით;

შინმოვლის სერვისების დაფინანსების დაწყება სახელმწიფოს მიერ და სამიზნე კონტინგენტის და მომსახურების მოცულობის ეტაპობრივი ზრდა;

სადაზღვევო სექტორის დაინტერესება და მოზიდვა.

შინმოვლის სერვისების დაფინანსების დაწყება სახელმწიფოს მიერ:

ქვეყნის მასშტაბით;

რეგიონის დონეზე;

ქალაქის/რაიონის დონეზე;

შინმოვლის სერვისების დაფინანსების დაწყება სახელმწიფოს მიერ კანონი "შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვის შესახებ’’: "ინვალიდებს, რომლებსაც მომვლელი ან დამხმარე სჭირდებათ, სოციალური მომსახურების ორგანოები უნიშნავენ სამედიცინო და საყოფაცხოვრებო მომსახურებას ბინაზე...” (მუხლი 26. შინ მომსახურება, ინვალიდთა სოციალური დახმარების სტაციონარული დაწესებულებანი).

არის ყველა წინაპირობა იმისა, რომ დაიწყოს აღნიშნული კონტინგენტისათვის შინმოვლის შეთავაზება იმავე პროგრამის ფარგლებში;

შეუცვლელი დაფინანსების პირობებში: ექიმის კონსულტაცია, ძირეული მოვლა, საექთნო მანიპულაციები, სოციალური და საყოფაცხოვრებო დახმარება, არაფორმალური მომვლელები სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობისათვის შინმოვლის შეთავაზება სახელმწიფო პილოტური პროგრამის ფარგლებში 2011 წლიდან.

შინმოვლის ბაზისური პაკეტის შემუშავება, მომსახურების მიწოდების ორგანიზაციული საფუძვლების შექმნა.

შინმოვლის სერვისების განვითარება რეგიონის დონეზე:

აჭარის ხელისუფლება დაინტერესებულია შინმოვლის პერსონალის მზადებით აჭარის რეგიონში. არსებობს ყველა წინაპირობა იმისა, რომ დაიწყოს შინმოვლის მედდების მზადება აჭარაში სახელმწიფოს (აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს) დაფინანსებით.

არსებობს სურვილი და შესაძლებლობა, რომ დაიწყოს შინმოვლის პილოტური მოდელის დაფინანსება თბილისში გარკვეული სამიზნე ჯგუფებისთვის.

არსებობს სურვილი და შესაძლებლობა, რომ დაიწყოს შინმოვლის პილოტური მოდელის თანადაფინანსება: ხელვაჩაურის რაიონის 10 სოფელში.

სხვა შესაძლო ადგილობრივი ინიციატივები ...

არსებობს სურვილი და შესაძლებლობა, რომ დაიწყოს შინმოვლის პილოტური მოდელის თანადაფინანსება: ხელვაჩაურის რაიონის 10 სოფელში.

სხვა შესაძლო ადგილობრივი ინიციატივები ...

   მიიღეს გადაწყვეტილება:

კომიტეტმა მოისმინა და დადებითად შეაფსა პრეზენტაცია "შინმოვლის პერსპექტივები საქართველოში".

ბოლო საკითხი, რომლითაც სხდომამ დაასრულა მოქმედება იყო საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა    კომიტეტის საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტის "წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ" საქართველოს კანონში  დამატების შეტანის თაობაზე" ინიციატივის წარდგენა. აღნიშნული საკითხი სხდომაზე თავად სხდომის თავმჯდომარემ, ბატონმა ოთარ თოიძემ წარადგინა.

ოთარ თოიძე - "წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ" საქართველოს კანონში  დამატების შეტანის თაობაზე" კანონპროექტის მომზადება განაპირობა "წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ" საქართველოს კანონში ბოლო დროს განხორციელებული ცვლილებებით, რომლის მიხედვით "საქართველოს ადმინისტრაციულ სამართლადღვევათა კოდექსის 44მუხლით გათვალისწინებული ფარმაციის სფეროში არსებული სამართალდარღვევების ნაწილი გდატანილ იქნა "წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ” საქართველოს კანონში, ხოლო ნაწილი დარჩა "საქართველოს ადმინისტრაციულ სამართლადღვევათა კოდექსში”. სწორედ აღნიშნული ხარვეზის აღმოფხვრაა წარმოდგენილი კანონპროექტის მიზანი.

კომიტეტს პრინციპული ხასიათის შენიშვნები არ გამოუთქვამს და მხარს უჭერს კანონპროექტის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე I მოსმენით  განხილვას.

კომიტეტის თავმჯდომარე

ოთარ თოიძე

შემსრულებელი მაია ესებუა