ოქმი N 64

საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომის

ოქმი N 64

 13  მაისი  2010წ.

სხდომის თავმჯდომარე:

ჯანმრთელობის დაცვისა და

სოციალურ საკითხთა

კომიტეტის თავმჯდომარე                          ოთარ თოიძე

ესწრებოდნენ:                                                  

ჯანმრთელობის დაცვისა და 

 სოციალურ საკითხთა     

კომიტეტის წევრები                                      გ. მისაბიშვილი

                                                                           გ. გოდაბრელიძე

                                                                            ჯ. ბაღათურია

                                                                            ზ. გამცემლიძე

                                                                            კ. გეწაძე

                                                                            კ. ოქრიაშვილი

 

პრესრელიზი

1. 12.00 სთ. ზესტაფონის სოციალური მომსახურების სააგენტოს ფილიალის გახსნა

სოციალურად დაუცველი მოსახლეობის შეფასების კრიტერიუმების მეთოდიკის ცვლილების შესახებ ინფორმაციის მოსმენა.

2. 13.00 სთ. ზესტაფონის რაიონის სამედიცინო საზოგადოებასთან შეხვედრა.

3. 15.00 სთ. აბაშის სოციალური მომსახურების სააგენტოს ფილიალის გახსნა.

4. 16.00 სთ. მარტვილის სოციალური მომსახურების სააგენტოს ფილიალის გახსნა.

5. 16.30 სთ სენაკის ბავშვთა სახლის მონახულება.

5. 17.30 სთ. კომიტეტის სხდომა.

სენაკის სამედიცინო  საზოგადოებასთან შეხვედრა.

7. 19.00 სენაკის სამშობიარო სახლის მონახულება

 

სხდომის დღის წესრიგი

 

 

  • სოციალურად დაუცველი მოსახლეობის შეფასების კრიტერიუმების მეთოდიკის ცვლილების შესახებ ინფორმაციის მოსმენა.

 

                                                                                  მომხსენებელი მორის წამალაშვილი

სოციალური მომსახურების სააგენტოს

დირექტორის მოადგილე

 

  • ინფორმაცია ბავშვზე ზრუნვის სფეროში მიმდინარე რეფორმის განხორციელების შესახებ

 

                                                            მომხსენებელი ანდრია ურუშაძე

სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორი

 

  • ინფორმაცია სამედიცინო სფეროს ახალ სადაზღვევო სისტემაზე გადასვლისას არსებული მდგომარეობის შესახებ

 

                                                                         მომხსენებელი ნიკოლოზ ფრუიძე

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და

სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე

 

  • საქართველოში დემოგრაფიული განვითარების სოციალურ–დემოგრაფიული და საოჯახო პოლიტიკა – პრინციპების წარდგენა

 

                                                                        მომხსენებელი გიორგი წულაძე

საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა

და სოციალურ საკითხთა კომიტეტთან არსებული

დემოგრაფიის სამეცნიერო–საკონსულტაციო საბჭოს თავმჯდომარე

2010 წლის 13 მაისს საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა  გასვლითი სხდომა მოაწყო სენაკში.

სხდომამდე, კომიტეტის თავმჯდომარემ ოთარ თოიძემ, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ ნიკოლოზ ფრუიძემ და სოციალური მომსახურების სააგენტოს უფროსმა ანდრია ურუშაძემ ზესტაფონში, აბაშასა და მარტვილში სოციალური მომსახურების სააგენტოს განახლებული ოფისები გახსნეს. სააგენტოს განახლებულ ცენტრებში მოქალაქეები ადგილზე შეძლებენ ყველა იმ მომსახურების მიღებას, რასაც სოციალური მომსახურების სააგენტო უზრუნველყოფს.

            კომიტეტის თავმჯდომარე და კომიტეტის წევრები  შეხვდნენ ზესტაფონის რაიონის სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს. კომიტეტის თავმჯდომარემ ვრცლად ისაუბრა ქვეყანაში მიმდინარე სამედიცინო და სოციალური სფეროს რეფორმებზე. მისი განმარტებით, კომიტეტი კარგად იცნობს იმ პრობლემებს, რომელიც აწუხებს მოსახლეობას და მათ აღმოსაფხვრელად ყველაფერი კეთდება. კომიტეტის თავმჯდომარემ მოსახლეობას გააცნო  ინფორმაცია სოციალურად დაუცველი მოსახლეობის შეფასების კრიტერიუმების მეთოდიკის ცვლილების შესახებ. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ ნიკოლოზ ფრუიძემ პასუხი გასცა მედიკოსთა კითხვებს, მანვე გააკეთა ინფორმაცია სამედიცინო სფეროს ახალ სადაზღვევო სისტემაზე გადასვლისას არსებული მდგომარეობის შესახებ.

            კომიტეტმა აბაშისა და მარტვილის სოციალური მომსახურების სააგენტოს განახლებული ფილიალების გახსნის შემდეგ კომიტეტის წევრებმა მოინახულეს სენაკის ბავშვთა სახლი. გაეცნენ პრობლემებს, დაათვალიერეს დონორი ორგანიზაციების მიერ განახლებული ფლიგელი და დაესწრნენ სახელდახელოდ, ბავშვთა სახლის აღსაზრდელთა მიერ გამართულ კონცერტს. კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ბავშვთა ზრუნვის სფეროზე 2009 წლიდან უფლებამოსილებას ახორციელებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო. ამგვარი უწყებრივი დაქვემდებარება საშუალებას აძლევს კომიტეტს, რომ    მაქსიმალურად იყოს ჩართული რეფორმის პროცესში.

საპარლამენტო კომიტეტმა მუშაობა სენაკში გააგრძელა, სადაც კომიტეტის თავმჯდომარე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილესთან ნიკოლოზ ფრუიძესთან, სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორთან და სენაკის მაჟორიტარ დეპუტატ გურამ მისაბიშვილთან  ერთად შეხვდა სენაკის რაიონის სამედიცინო  სფეროს წარმომადგენლებს.

კომიტეტის თავმჯდომარემ ექიმებს გააცნო სენაკში ჩასვლის მიზეზი. მისი განმარტებით: "კომიტეტმა დაგაწყვიტა, რომ ურთიერთობა პროფესიონალებთან და მათ პაციენტეთან ინტენსიური გახდეს. გარწმუნებთ, რომ ჩვენთვის ცნობილია  ყველა პრობლემა, რომელიც თქვენ, ექიმებს გაწუხებთ. ამ მიზნით კომიტეტში შექმნილია ექიმთა პროფესიული ასოციაციების წარმომადგენლებით დაკომპლექტებული სამეცნიერო–საკონსულტაციო საბჭო, სადაც გაერთიანებულია ათობით პროფესიული ასოციაცია, რომელთანაც კომიტეტი აქტიურად განიხილავს ექიმების მიერ დასმულ პრობლემურ საკითხებს და დასახავს მათი გადაჭრის გზებს."

კომიტეტის თავმჯდომარემ,  მჭიდრო ურთიერთთანამშრომლობის მიზნით, ექიმებს მოუწოდა, რომ მათ, სფეროში არსებული პრობლემებთან დაკავშირებული პრეტენზიებით, თუნდაც კრიტიკული შენიშვნებით, საკითხების მოგვარების წინადადებებით,  უშუალოდ კომიტეტს მიმართონ.

მოსახლეობასთან და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ გაიმართა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომა, სადაც კომიტეტმა განიხილა სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები.

            სხდომაზე კომიტეტმა ასევე მოისმინა და ცნობად მიიღო სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოადგილის ინფორმაცია სოციალურად დაუცველი მოსახლეობის შეფასების კრიტერიუმების მეთოდიკის ცვლილების შესახებ. მოისმინა სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის ანდრია ურუშაძის ინფორმაცია ბავშვზე ზრუნვის სფეროში მიმდინარე რეფორმის განხორციელების შესახებ. ასევე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილის ნიკოლოზ ფრუიძის ინფორმაცია სამედიცინო სფეროს ახალ სადაზღვევო სისტემაზე გადასვლისას არსებული მდგომარეობის შესახებ.

            კომიტეტის თავმჯდომარემ საზოგადოებას წარუდგინა საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტთან არსებული დემოგრაფიის სამეცნიერო–საკონსულტაციო საბჭოს თავმჯდომარე   გიორგი წულაძე, რომელმაც კომიტეტის წინაშე წარაგდინა დოკუმენტი – საქართველოში დემოგრაფიული განვითარების სოციალურ–დემოგრაფიული და საოჯახო პოლიტიკა.

            სხდომაზე აღინიშნა, რომ კომიტეტი გეგმავს პარლამენტის დადგენილების სახით სახელმწიფო პოლიტიკის რანგში აიყვანოს წინამდებარე დოკუმენტი, რისთვისაც მუშაობა გაგრძელდება.

 კომიტეტმა განიხილა რა სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები, აზრთა გაზიარების, გამოთქმული შენიშვნებისა და წინადადებების გათვალისწინებით მიიღო

გ  ა  დ  ა  წ  ყ  ვ  ე  ტ  ი  ლ  ე  ბ  

1.        კომიტეტმა მოისმინა და ცნობად მიიღო  სოციალური მომსახურების სააგენტოს  ინფორმაცია სოციალურად დაუცველი მოსახლეობის შეფასების კრიტერიუმების მეთოდიკის ცვლილების შესახებ და ინფორმაცია ბავშვზე ზრუნვის სფეროში მიმდინარე რეფორმის განხორციელების შესახებ.

2.       კომიტეტმა მოისმინა და ცნობად მიიღო საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილის ნიკოლოზ ფრუიძის ინფორმაცია სამედიცინო სფეროს ახალ სადაზღვევო სისტემაზე გადასვლისას არსებული მდგომარეობის შესახებ.

3.       გაგრძელდეს მუშაობა დოკუმენტზე "საქართველოში დემოგრაფიული განვითარების სოციალურ–დემოგრაფიული და საოჯახო პოლიტიკა"; კომიტეტმა უზრუნველყოს საშემოდგომო სესიის მიმდინარეობის პერიოდსათვის საქართველოს პარლამენტის შესაბამისი დადგენილების პროექტის შემუშავება.

ოთარ თოიძე

კომიტეტის თავმჯდომარე

სხდომის მდივანი: ელენე ჟორჟოლაძე