ოქმი N 63

საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომის 

ოქმი N 63

 5  მაისი  2010წ.

სხდომის თავმჯდომარე:

ჯანმრთელობის დაცვისა და

სოციალურ საკითხთა

კომიტეტის თავმჯდომარე                          ოთარ თოიძე

ესწრებოდნენ:                                                  

ჯანმრთელობის დაცვისა და                            მ. სანებლიძე

სოციალურ საკითხთა                                       გ. გოდაბრელიძე

კომიტეტის წევრები                                         ჯ. ბაღათურია

                                                                           ა. ლეკაშვილი

                                                                           მ. ანიკაშვილი

                                                                           ზ. გამცემლიძე

                                                                           კ. კურდღელაშვილი

                                                                           კ. ოქრიაშვილი

პრესრელიზი

1. 12სთ. ვანის სოციალური მომსახურების სააგენტოს ფილიალის გახსნა.

2. 13სთ. ვანის რაიონის მოსახლეობასთან შეხვედრა.

3. 14სთ. ხონის სოციალური მომსახურების სააგენტოს ფილიალის გახსნა.

4. 15სთ. წყალტუბოს სოციალური მომსახურების სააგენტოს ფილიალის გახსნა.

5. 16სთ. წყალტუბოს სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებთან შეხვედრა.

6. 17სთ. კომიტეტის სხდომა.

სხდომის დღის წესრიგი

 

1.  საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტის" ჯანმრთელობის დაცვის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" (#07-3/256; 12.04.2010) –  მეორე მოსმენით განხილვა.

                                     მომხსენებელი: ოთარ თოიძე

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ

საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე

2. საქართველოს კანონის პროექტის "ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე"  მეორე მოსმენით განხილვა.

მომხსენებელი: მიხეილ მჟავანაძე

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს

ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე

3.  სოციალურად დაუცველი მოსახლეობის შეფასების კრიტერიუმების მეთოდიკის ცვლილების შესახებ ინფორმაციის მოსმენა.

მომხსენებელი: ანდრია ურუშაძე

სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორი

2010 წლის 5 მაისს საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა  გასვლითი სხდომა მოაწყო წყალტუბოში.

სხდომამდე, კომიტეტის თავმჯდომარემ ოთარ თოიძემ და სოციალური მომსახურების სააგენტოს უფროსმა ანდრია ურუშაძემ ვანში, ხონსა და წყალტუბოში სოციალური მომსახურების სააგენტოს განახლებული ოფისები გახსნეს. სააგენტოს განახლებულ ცენტრებში მოქალაქეები ადგილზე შეძლებენ ყველა იმ მომსახურების მიღებას, რასაც სოციალური მომსახურების სააგენტო უზრუნველყოფს.

კომიტეტის თავმჯდომარე და კომიტეტის წევრები  შეხვდნენ ვანის რაიონის მოსახლეობას.  შეხვედრისას კომიტეტის თავმჯდომარემ ვრცლად ისაუბრა ქვეყანაში მიმდინარე სამედიცინო და სოციალური სფეროს რეფორმებზე. მისი განმარტებით, კომიტეტი კარგად იცნობს იმ პრობლემებს, რომელიც აწუხებს მოსახლეობას და მათ აღმოსაფხვრელად ყველაფერი კეთდება. კომიტეტის თავმჯდომარემ მოსახლეობას გააცნო  ინფორმაცია სოციალურად დაუცველი მოსახლეობის შეფასების კრიტერიუმების მეთოდიკის ცვლილების შესახებ.

კომიტეტმა მუშაობა წყალტუბოში გააგრძელა, სადაც კომიტეტის თავმჯდომარემ დაათვალიერა წყალტუბოს ალერგიული ასთმისა და კლინიკური იმუნოლოგიის  მაღალი ტექნოლოგიებით აღჭურვილი სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი. შემდგომ კომიტეტის თავმჯდომარე სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორთან და წყალტუბოს მაჟორიტარ დეპუტატ მამუკა სანებლიძესთან  ერთად შეხვდა წყალტუბოს რაიონის სამედიცინო  სფეროს წარმომადგენლებს.

კომიტეტის თავმჯდომარემ ექიმებს გააცნო წყალტუბოში ჩასვლის მიზეზი. მისი განმარტებით: "კომიტეტს დაგეგმილი აქვს, რომ ურთიერთობა პროფესიონალებთან და მათ პაციენტეთან უფრო ინტენსიური გახდეს. გარწმუნებთ, რომ ჩვენ ვიცით ყველა ის პრობლემა, რომელიც ექიმებს აწუხებთ და კომიტეტში არც ერთი წუთით არ შეწყვეტილა მუშაობა იმისთვის, რომ თქვენი და პაციენტის უფლებები დაცული იყოს. ამ მიზნით კომიტეტში შექმნილია ექიმთა პროფესიული ასოციაციების წარმომადგენლებით დაკომპლექტებული სამეცნიერო–საკონსულტაციო საბჭო, რომელთანაც კომიტეტი აქტიურად განიხილავს სამედიცინო სფეროში ექიმების მიერ დასმულ პრობლემურ საკითხებს და დასახავს მათი გადაჭრის გზებს. "

კომიტეტის თავმჯდომარემ,  მჭიდრო ურთიერთთანამშრომლობის მიზნით, ექიმებს მოუწოდა, რომ მათ,  უშუალოდ კომიტეტს მიმართონ სფეროში არსებული პრობლემებთან დაკავშირებული საკითხების მოგვარების წინადადებებით, პრეტენზიებით, თუნდაც კრიტიკული შენიშვნებით. 

მოსახლეობასთან და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ გაიმართა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომა, სადაც კომიტეტმა განიხილა სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები. კერძოდ: კომიტეტმა მეორე მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ საქართველოს კანონის პროექტს "ჯანმრთელობის დაცვის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" და აჭარის უმაღლესი საბჭოს მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ საქართველოს კანონის პროექტს "ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე".

სხდომაზე კომიტეტმა ასევე მოისმინა და ცნობად მიიღო სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის ინფორმაცია სოციალურად დაუცველი მოსახლეობის შეფასების კრიტერიუმების მეთოდიკის ცვლილების შესახებ. 

კომიტეტმა განიხილა რა სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები, აზრთა გაზიარების, გამოთქმული შენიშვნებისა და წინადადებების გათვალისწინებით მიიღო

გ  ა  დ  ა  წ  ყ  ვ  ე  ტ  ი  ლ  ე  ბ  ა

1.   კომიტეტმა მეორე მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ საქართველოს კანონის პროექტს "ჯანმრთელობის დაცვის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე"  და მიზანშეწონილად მიიჩნევს მისი მეორე მოსმენით განხილვას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

2.  კომიტეტმა მეორე მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა  აჭარის უმაღლესი საბჭოს მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ საქართველოს კანონის პროექტს "ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე" და მიზანშეწონილად მიიჩნევს მისი მეორე მოსმენით განხილვას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

3. კომიტეტმა მოისმინა და ცნობად მიიღო  სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის ინფორმაცია სოციალურად დაუცველი მოსახლეობის შეფასების კრიტერიუმების მეთოდიკის ცვლილების შესახებ.

ოთარ თოიძე

კომიტეტის თავმჯდომარე

სხდომის მდივანი: ქ. მჭედლიშვილი.