ოქმი N 61

საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომის

ოქმი N 61

 26 აპრილი 2010წ.

სხდომის თავმჯდომარე:

ჯანმრთელობის დაცვისა და

სოციალურ საკითხთა

კომიტეტის თავმჯდომარე                                                 ოთარ თოიძე

ესწრებოდნენ:                                                  

ჯანმრთელობის დაცვისა და                         ს. ქიტიაშვილი

სოციალურ საკითხთა                                     გ. გოდაბრელიძე

კომიტეტის წევრები                                        გ. მისაბიშვილი

                                                                             ა. ლეკაშვილი

                                                                             კ. გეწაძე

                                                                             ზ. გამცემლიძე

პრესრელიზი

1. 11სთ.30წთ. კასპის სოციალური მომსახურების სააგენტოს ფილიალის გახსნა.

2. 13სთ. ქარელის სოციალური მომსახურების სააგენტოს ფილიალის გახსნა.

3. 15სთ. ხაშურის რკინიგზის საავადმყოფოს მედპერსონალთან შეხვედრა.

4. 16–17სთ. კომიტეტის სხდომა.

სხდომის დღის წესრიგი

 

1. სოციალურად დაუცველი მოსახლეობის შეფასების კრიტერიუმების მეთოდიკის ცვლილების შესახებ ინფორმაციის მოსმენა.

მომხსენებელი: ანდრია ურუშაძე

სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორი

2. მალარიის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, მალარიის კონტროლისა და პროფილაქტიკის შესახებ ინფორმაციის მოსმენა.

მომხსენებელი: მერაბ იოსავა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის წარმომადგენელი

 

 

მოწვეულ პირთა სია:

 

 

 

ალექსანდრე კვიტაშვილი               საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და

                                                              სოციალური დაცვის მინისტრი

ანდრია ურუშაძე                              სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორი

მერაბ იოსავა                                     დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი

 

26 აპრილს საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი შიდა ქართლს ეწვია. კომიტეტის თავმჯდომარემ, ოთარ თოიძემ, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ალექსანდრე კვიტაშვილმა და შიდა ქართლის გუბერნატორმა, ლადო ვარძელაშვილმა კასპსა და ქარელში სოციალური მომსახურების სააგენტოს განახლებული ოფისები გახსნეს. სააგენტოს განახლებულ ცენტრებში მოქალაქეები ადგილზე შეძლებენ ყველა იმ მომსახურების მიღებას, რასაც სოციალური მომსახურების სააგენტო უზრუნველყოფს.

კომიტეტმა მუშაობა ხაშურში გააგრძელა, სადაც კომიტეტის თავმჯდომარე მინისტრთან, სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორთან და ხაშურის მაჟორიტარ დეპუტატ სერგო ქიტიაშვილთან ერთად ხაშურის რკინიგზის საავადმყოფოს ექიმებს შეხვდა. თავმჯდომარემ განმარტა ხაშურში ჩასვლის მიზეზი: "კომიტეტს დაგეგმილი აქვს, რომ ურთიერთობა პროფესიონალებთან და მათ პაციენტეთან უფრო ინტენსიური გახდეს. გარწმუნებთ, რომ ჩვენ ვიცით ყველა ის პრობლემა, რომელიც ექიმებს აწუხებთ და კომიტეტში არც ერთი წუთით არ შეწყვეტილა მუშაობა იმისთვის, რომ თქვენი და პაციენტის უფლებები დაცული იყოს".

ექიმებს მიმართა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ალექსანდრე კვიტაშვილმაც. მისი თქმით, მთავრობის ერთ–ერთი  მთავარი მიზანია ყველა რაიონში იყოს მინიმუმ ერთი მაღალი ტექნოლოგიებით აღჭურვილი და პროფესიონალი კადრებით დაკომპლექტებული საავადმყოფო. კვიტაშვილილს განცხადებით 2011 წლის დეკემბრიდან ხაშურის მოსახლეობას ახალი საავადმყოფო მოემსახურება. ამის შემდეგ შეხვედრა კითხვა–პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. ექიმები დაინტერესდნენ იგეგმება თუ არა მედიცინის მუშაკთა შეღავათიან პირობებში დაზღვევა. კომიტეტის თავმჯდომარემ განმარტა, რომ სახელმწიფო აზღვევს საჯარო მიხელეებს, ხოლო იმ ექიმებზე, ვისაც სოციალური მდგომარეობა არ აძლევს საშუალებას, საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი მკურნალობა ჩაიტაროს, სახელმწიფომ უნდა იზრუნოს.

საუბარი შეეხო მასმედიის მუშაობასაც, ექიმებმა უკმაყოფილება გამოთქვეს, რომ ხშირად, მედიის მხრიდან ფაქტები მახინჯდება და მთელი პასუხისმგებლობა ექიმს ეკისრება. კომიტეტის თავმჯდომარემ ხაშურის რკინიგზის საავადმყოფოს მედპერსონალს მოუწოდა, საჭიროების შემთხვევაში პრეტენზიებით და კითხვებით მიმართონ კომიტეტს.

კომიტეტის თავმჯდომარე, მინისტრი და ხაშურის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი შეხვდნენ ადგილობრივ მოსახლეობასაც. მოსახლეობის პრეტენზიებისა და თხოვნების მოსმენის შემდეგ, კომიტეტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ კომიტეტი კარგად იცნობს იმ პრობლემებს, რომელიც აწუხებს მოსახლეობას და მათ აღმოსაფხვრელად ყველაფერი კეთდება იმ ტემპებით, რაც შესაძლებელია.

მოსახლეობასთან შეხვედრის შემდეგ ხაშურის რაიონის მუნიციპალიტეტის შენობაში ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართა.

სხდომა გახსნა სხდომის თავმჯდომარემ ო. თოიძემ და წარმოადგინა სხდომის დღის წესრიგი. შემდგომ მან სიტყვა გადასცა სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორს ანდრია ურუშაძეს, რომელმაც კომიტეტს წარმოუდგინა სოციალურად დაუცველი მოსახლეობის შეფასების კრიტერიუმების მეთოდიკის ცვლილების შესახებ ინფორმაცია.

ანდრია ურუშაძე: დღეისათვის სოციალური მომსახურების სააგენტოს კომპეტენციის ფარგლებში თავი მოიყარა ცენტრალური ბიჯეტიდან დაფინასებული სოციალური მომსახურებებისა და გასაცემლების უდიდესი ნაწილის ადმინისტრირებამ, რომელთა მართვაც გასული წლების განმავლობაში სხვადასხვა ადგილობრივი თუ ცენტრალური ორგანოების მიერ ხორციელდებოდა.

სახელმწიფო სოციალური მომსახურებების ერთ სისტემაში გაერთიანება ერთი ეტაპია მოსახლეობის სოციალური მოსახურების ადმინისტრირების გაუმჯობესების გზაზე. შემდეგი ეტაპის ამოცანაა ცალკეული სოციალური მომსახურების ადმინისტრირების სქემის - ე.წ. ბიზნეს-პროცესების ინტეგრირება და მართვის ერთიანი საინფორმაციო სისტემის ჩამოყალიბება. უნდა აღინიშნოს, რომ, მიუხედავად გაერთიანებისა, დღემდე, სახელმწიფო გასაცემლების და მომსახურების სხვადასხვა სახეების ადმინისტრირდება ერთმანეთისგან იზოლირებულად ხორციელდება, რაც სამი ტიპის პრობლემას წარმოშობს:

·      ადმინისტრაციული ორგანოსთვის მომსახურების პროცესი გართულებულია, ადგილი აქვს რესურსების არაოპტიმალურ გამოყენებას და რაც მთვარია, პროცედურები მომსახურების მიმღებისთვის არაკომფორტულია;

·      არ არსებობს ბენეფიციარის ერთი უნიკალური იდენტიფიკატორი, რაც სირთულეს უქმნის ადმინისტრირების ორგანოებს ბენეფიციარის შესახებ სრულფასოვანი ინფორმაციის მიღებაში. უნიკალური იდენტიფიკატორების არარსებობა ხშირად მონაცემთა ბაზებში ბენეფიციართა დუბლირების მიზეზი ხდება. ეს კი ადმინისტრირების ეფექტურობაზე უარყოფითად მოქმედებს. თითოეული პიროვნების სრულყოფილი იდენტიფიცირებისთვის რამოდენიმე მონაცემთა ბაზის რთული ინტეგრირებული ანალიზია საჭირო.

·      ერთიანი საინფორმაციო სისტემის არსებობის გარეშე რთულია სახელმწიფო სოციალური დანახარჯების ეფექტურობის განსაზღვრა და მოკლევადიანი და გრძელვადიანი დაგეგმარების განხორციელება.

არსებული პრობლემები ნათლად აჩვენებს სოციალური ბიუჯეტის მართვის საინფორმაციო სისიტემის შექმნის აუცილებლობას, რაც ამავდროულად სოციალური დაცვის სისტემის რეფორმის ერთერთ პრიორიტეტულ მიმართულებად შეიძლება ჩაითვალოს. ამასთანავე, სოციალური ბიუჯეტის მართვის საინფორმაციო სისტემის შექმნა მნიშვნელოვანი ეტაპი იქნება ქვეყანაში ე.წ. "ელექტორნული მთავრობის" განვითარებისკენ მიმავალ გზაზე.

შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) სახელმწიფო ადმინისტრირაციი რეფორმის პროგრამის (PAR)  ფარგლებში შეიქმნა სისტემის განვითარების კონცეფცია.

USAID-ის  ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდება პირველი ეტაპი, რაც სოციალური დახმარებისა და სხვა მომსახურებების არსებულ ბიზნეს-პროცესების ოპტიმიზაციასა და მოდელირებას გულისხმობს. სამუშაოს ასრულებს კონკურსის წესით შერჩეული კომპანია - "ბიზნეს ინტელექტუალური ტექნოლოგიები" (BIT).

პროექტის მეორე ეტაპი ითვალისწინებს მონაცემთა ბაზების არქიტექტურის შექმნას, რომელიც  მსოფლიო ბანკის  ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდება.

პროექტის პირველი ეტაპის გეგმა-გრაფიკი .

სხდომის თავმჯდომარემ შემდგომ სიტყვა გადასცა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის წარმომადგენელს მერაბ იოსავას, რომელმაც კომიტეტს  მალარიის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, წარმოუდგინა მალარიის კონტროლისა და პროფილაქტიკის შესახებ ინფორმაცია.

მერაბ იოსავა: მალარია მსოფლიოში გავრცელებულ დაავადებათაგან ერთ–ერთი უძველესია და  ცნობები მის შესახებ პირველად ძველბერძნულ წყაროებში გვხვდება (ქრისტეს შობამდე 400 წ.), თუმცა მალარიის მსგავსი დაავადების ნიშნების აღწერილობა შემონახულია ბერძნულ მითოლოგიაში, უძველეს ჩინურ  წერილებსა და ეგვიპტურ იეროგლიფებშიც.

 მალარიას პარაზიტი პლაზმოდიუმი იწვევს, რომელიც დაინფიცირებული კოღოს კბენით გადადის. ადამიანის ორგანიზმში შეჭრილი პარაზიტი ჯერ ღვიძლში, ხოლო შემდეგ სისხლის უჯრედებში იწყებს გამრავლებას. ჩვეულებრივ ადამიანები მალარიით დედალი კოღო ანოფელესის კბენის შედეგად ავადდებიან.  დაავადების გამავრცელებლები მხოლოდ კოღო ანოფელესია, რომელიც დაინფიცირებული ადამიანის სისხლით იკვებება. მალარიის გადაცემა ხდება სისხლის გადასხმით, ორგანოთა ტრანსპლანტაციით  და საერთო ნემსის გამოყენებითაც, რადგან დაავადების გამომწვევი პარაზიტები სისხლის წითელ უჯრედებში ბინადრობენ. მალარიის გადაცემა ხდება ვერტიკალურადაც – დედიდან ნაყოფზე.

 

სიმპტომები  

იქიდან გამომდინარე, რომ განასხვავებენ მალარიის გამომწვევის ოთხ სახესხვაობას, შესაბამისად არსებობს მალარიის  ოთხი ფორმა : Plasmodium vivax სამდღიან მალარიას იწვევს, Pl.malarie – ოთხდღიანს, Pl.falciparum – ტროპიკულ მალარიას, ხოლო მეოთხე ფორმა – Pl.ovale იწვევს დაავადებას, რომელიც კლინიკური ნიშნებით სამდღიან მალარიას ჰგავს.

სამდღიანი მალარიის ინკუბაციური პერიოდი 10–20 დღეს შეადგენს, ოთხდღიანი მალარიისა – 15–30, ხოლო ტროპიკული მალარიისა 8–16 დღე. 

დაავადების პირველი 6–8 დღის განმავლობაში შეიძლება აღინიშნებოდეს ცხელება, შემდგომ გარკვეული პერიოდულობით ვითარდება მალარიის შემოტევები. შეტევებს შორის შუალედი 48 საათია. შეტევის დროს ავადმყოფი უჩვის მაღალ სიცხეს, შემაწუხებელ შემცივნებას, წყურვილის გრძნობას, შესაძლოა განვითარდეს ღებინება,  დიარეაც. შეტევის ბოლოს, ტემპერატურის დაქვეითების ფონზე   აღინიშნება ძლიერი ოფლიანობა და ავადმყოფი შვებას გრძნობს. სისხლში აღინიშნება ცვლილებები: ლეიკოპენია, ანეოზინოფილია, ნეიტროპენია, შეფარდებითი ლიმფოციტოზი. ავადმყოფის კანი და სკლერები იღებს მოყვითალო შეფერილობას.

მალარიის დროს არსებულ სხვადასხვა გართულებათა შორის ყველაზე საშიშია მალარიული კომა. დაავადების ნებისმიერი კლინიკური სახესხვაობა შეიძლება მიმდინარეობდეს რეციდივებით. არასაკმარისი ხანგრძლივობის მკურნალობამ შესაძლოა მიგვიყვანოს ადრეული რეციდივების განვითარებამდე, რომლებიც ვითარდება ცხელების შეტევებისი დამთავრებიდან 6–8 თვის შემდეგ.

დიაგნოსტიკა  

 

დაავადების ამოცნობის მიზნით გათვალისწინებულ უნდა იქნეს ეპიდემიოლოგიური სურათი და კლინიკური ნიშნები.  ხოლო დიაგნოზის დადასტურება ხდება გიმზა–რომანოვსკის მეთოდით შეღებილი სისხლის სქელი წვეთის ნაცხში მალარიის გამომწვევი პლაზმოდიუმების აღმოჩენის საფუძველზე. დაავადების პირველ 6–8 საათში დიფერენციალური დიაგნოზი ტარდება მუცლის ტიფთან, ბრუცელოზთან, მოგვიანებით ყურადღება მახვილდება ისეთ დაავადებებზე როგორიცაა სეფსისი და ლიმფოგრანულომატოზი.

რა შემთხვევაში ხდება სისხლის გამოკვლევა?  

მალარიაზე სისხლის გამოკვლევა ხდება: 1) მოქალაქეებში, რომლებიც ტროპიკული ქვეყნებიდან უკანასკნელი 2 წლის განმავლობაში ჩამოვიდნენ.

2) გაურკვეველი ცხელებით მიმდინარე პათოლოგიების დროს, როდესაც აღინიშნება ღვიძლისა და ელენთის გადიდება და გაურკვეველი წარმოშობის ანემია.

3) სისხლის გადასხმის შემდეგ სამი თვის განმავლობაში ტემპერატურის მომატებისას.

 პროგნოზი დროული და სწორი მკურნალობის შემთხვევაში კეთილსაიმედოა. ელენთის გასკდომისა და მალარიული კომის დროს არაიშვიათია ლეტალური გამოსავალი.

როგორ დავიცვათ თავი მალარიისგან

 

  • იმ გეოგრაფიულ არეალში, სადაც შესაძლოა კოღო ანოფელესი იყოს გავრცელებული, საღამოს მოახლოებისთანავე ჩაიცვით სხეულის მაქსიმალურად დამფარავი ტანსაცმელი.
  • გამოიყენეთ კოღოს დამაფრთხობელი საშუალებები–რეპელენტები.
  • შენობაში კოღოების შემოფრენის აღსაკვეთად ფანჯრებზე გააკარით დამცავი ბადეები.

 

მალარიის გავრცელების ზონა

 

მალარიას გასავრცელებლად ბევრი წინაპირობა სჭირდება : ჰაერის ტემპერატურა, ჩანჩქერებისა და ჭაობების სიმრავლე, სხვადასხვა კლიმატური ფაქტორები. დაავადება გავრცელებულია ტროპიკულ და სუბტროპიკულ ქვეყნებში სადაც კოღო ანოფელესს გამრავლებისა და გავრცელებისთვის შესაბამისი პირობები აქვს შექმნილი.

საქართველოში მალარია ძირითადად ქვემო ქართლსა და კახეთშია გავრცელებული. რაც შეეხება ფოთს, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მალარიის გავრცელების რისკი ნაკლებია, რადგან ფოთის დაჭაობებულ ადგილებში კოღო ანოფელესის ბუნებრივი მტერი – თევზი გამბუზია მრავლად ბინადრობს. საქართველოში  უმეტესად მალარიის სამდღიანი ფორმა გვხვდება.

2000 წლიდან ქვეყანაში მოქმედებს მალარიის კონტროლისა და პროფილაქტიკის სახელმწიფო პროგრამა, რომლის ფარგლებშიც ამ დაავადების მკურნალობა მოსახლეობისთვის უფასოა.

კომიტეტმა განიხილა რა სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები, აზრთა გაზიარების, გამოთქმული შენიშვნებისა და წინადადებების გათვალისწინებით მიიღო

 

გ  ა  დ  ა  წ  ყ  ვ  ე  ტ  ი  ლ  ე  ბ  ა

1.              კომიტეტმა მოისმინა და ცნობად მიიღო  სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის ინფორმაცია სოციალურად დაუცველი მოსახლეობის შეფასების კრიტერიუმების მეთოდიკის ცვლილების შესახებ.

2.              მალარიის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, კომიტეტმა მოისმინა და ცნობად მიიღო დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაცია    მალარიის კონტროლისა და პროფილაქტიკის შესახებ.

ოთარ თოიძე

კომიტეტის თავმჯდომარე

სხდომის მდივანი: ქ. მჭედლიშვილი.