ოქმი # 59

საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომის

ოქმი # 59

 16 აპრილი 2010წ.

სხდომის თავმჯდომარე:

ჯანმრთელობის დაცვისა და

სოციალურ საკითხთა

კომიტეტის თავმჯდომარე                                                   ოთარ თოიძე

ესწრებოდნენ:                                                                  მ. ანიკაშვილი

ჯანმრთელობის დაცვისა და                                               ს. ქიტიაშვილი

სოციალურ საკითხთა                                                          გ. გოდაბრელიძე

კომიტეტის წევრები                                                            ჯ. ბაღათურია

                                                                                           ა. ლეკაშვილი

                                                                                            კ. გეწაძე

სხდომის დღის წესრიგი

1.       საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტის (#1/67; 01.04.2010) "სახელმწიფო პენსიის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" (#07-2/167; 01.04.2010) – პირველი მოსმენით განხილვა.

                                     მომხსენებელი: დავით ლომიძე

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და

სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე

2.       საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტის" ჯანმრთელობის დაცვის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" (#07-3/256; 12.04.2010) – პირველი მოსმენით განხილვა.

                                     მომხსენებელი: ოთარ თოიძე

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ

საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე

3.       საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით  წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტის (#07-1/67; 31.03.2010) "ადმინისტრაციული სახდელისაგან გათავისუფლების შესახებ" – პირველი მოსმენით განხილვა.

                                     მომხსენებელი:  დიმიტრი ძაგნიძე

საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე

 

  • საქართველოს პრეზიდენტის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი შეთანხმების " საქართველოსა და ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციას (ეროვნულ უმცირესობათა საკითხებში უმაღლეს კომისარს) შორის ეუთოს ეროვნულ უმცირესობათა საკითხებში უმაღლესი კომისრის ოფისის პერსონალის სტატუსის, პრივილეგიებისა და იმუნიტეტების შესახებ" – განხილვა.

 

                                     მომხსენებელი:  ირაკლი გივიაშვილი

საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო

სამართლებრივი დეპარტამენტის დირექტორი

 

  • საქართველოს პრეზიდენტის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი შეთანხმების "საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ავსტრიის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა ფედერალურ მინისტრს შორის პოლიციის სფეროში თანამშრომლობის შესახებ" – განხილვა.

 

                                     მომხსენებელი:  შალვა კვინიხიძე

შს სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობათა

მთავარი სამმართველოს უფროსი

 

  • ინფორმაცია " საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე".

 

მომხსენებელი: გიორგი წერეთელი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე

 

 

მოწვეულ პირთა სია:

 

 

გიორგი წერეთელი                          საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის

                                                             მოადგილე

 

დავით ლომიძე                                 საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და

                                                              სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე

დიმიტრი ძაგნიძე                              საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე

ირაკლი გივიაშვილი                        საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო

                                                              სამართლებრივი დეპარტამენტის დირექტორი

შალვა კვინიხიძე                               შს სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობათა

                                                              მთავარი სამმართველოს უფროსი

სხდომა გახსნა სხდომის თავმჯდომარემ ო. თოიძემ და წარმოადგინა სხდომის დღის წესრიგი. შემდგომ მან კომიტეტს პირველი მოსმენით განსახილველად წარმოუდგინა საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი "ჯანმრთელობის დაცვის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე".

აღნიშნული კანონპროექტის მიხედვით დონორთა შესაძლო არეალს ემატება მეუღლის გენეტიკური ნათესავები, როდესაც ქორწინების ვადა შეადგენს არანაკლებ 1 წელს.

კომიტეტმა მხარი დაუჭირა წარმოდგენილ კანონპროექტს.

                სხდომის თავმჯდომარემ შემდგომ სიტყვა გადასცა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილეს დ. ლომიძეს, რომელმაც კომიტეტს პირველი მოსმენით განსახილველად წარმოუდგინა საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი "სახელმწიფო პენსიის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე".

                აღნიშნული კანონპროექტის მიზანია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა პანსიონატში, ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულებაში და მინდობით აღზრდაში მყოფი პირების სოციალური დაცვის უფლების ხელშეწყობა და სახელმწიფო პენსიის მიღების უფლებით სარგებლობის უზრუნველყოფა. აღნიშნული ღონისძიებების დაფინანსება მოხდება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსათვის 2010 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით დამტკიცებულ ასიგნებათა ფარგლებში.

                კომიტეტმა მხარი დაუჭირა აღნიშნულ კანონპროექტს.

სხდომის თავმჯდომარემ შემდგომ სიტყვა გადასცა საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილეს დ. ძაგნიძეს, რომელმაც სხდომას პირველი მოსმენით განსახილველად  წარმოუდგინა      საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით  წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი "ადმინისტრაციული სახდელისაგან გათავისუფლების შესახებ".

წარმოდგენილი პროექტი ითვალისწინებს იმ პირთა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისა და სახდელისაგან გათავისუფლებას, რომლებმაც შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევა ჩაიდინეს 2009 წლის 15 ივნისამდე. ამასთან, ადმინისტრაციული სახდელისაგან პირი გათავისუფლდება იმ შემთხვევაში, თუ მის მიმართ არ აღსრულებულა უფლებამოსილი ორგანოს/თანამდებობის პირის მიერ გამოტანილი დადგენილება ადმინისტრაციული სახდელის დადების თაობაზე. პროექტის მიხედვით, ადმინისტრაციული სახდელისაგან გათავისუფლება ვრცელდება როგორც ძირითადი სახდელის, ისე დამატებითი სახდელისა და საურავის აღუსრულებელ ნაწილზე.

პროექტში მოცემულია სამართალდარღვევათა ჩამონათვალი, რომელთა ჩადენის შემთხვევაზეც არ გავრცელდება კანონის მოქმედება. აღნიშნული სამართალდარღვევები თავისი ბუნებით წარმოადგენს მეტ–ნაკლებად მძიმე ხასიათის დარღვევებს (მაგ: ნარკოტიკული საშუალების მცირე ოდენობით უკანონოდ შეძენა, ან შენახვა გასაღების მიზნის გარეშე, ანდა ნარკოტიკული საშუალების მოხმარება ექიმის დანიშნულების გარეშე (მუხლი 45); ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მავნებელი ალკოჰოლიანი სასმელის რეალიზაცია (მუხლი 1793); კულტურული მემკვიდრეობის წინააღმდეგ მიმართული მთელი რიგი ადმინისტრაციული სამართალდარღვევები და სხვა, რომელთა ჩადენისათვის პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლებაც მიზანშეუწონელია.

კომიტეტმა მხარი დაუჭირა წარმოდგენილ კანონპროექტს.

სხდომის თავმჯდომარემ შემდგომ სიტყვა გადასცა  საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო სამართლებრივი დეპარტამენტის დირექტორს ირაკლი გივიაშვილს, რომელმაც კომიტეტს განსახილველად წარმოუდგინა საქართველოს პრეზიდენტის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი შეთანხმების პროექტი   "საქართველოსა და ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციას (ეროვნულ უმცირესობათა საკითხებში უმაღლეს კომისარს) შორის ეუთოს ეროვნულ უმცირესობათა საკითხებში უმაღლესი კომისრის ოფისის პერსონალის სტატუსის, პრივილეგიებისა და იმუნიტეტების შესახებ".

ირაკლი გივიაშვილი: ეროვნულ უმცირესობათა საკითხებში ეუთო–ს უმაღლესი კომისრის ოფისთან ქართული მხარე ეუთო–ს მისიის ფარგლებში 1992 წლიდან თანამშრომლობს.

უმაღლესი კომისრის ოფისი 2003 წლის აპრილიდან სამცხე ჯავახეთში,ხოლო 2006 წლის მაისიდან ქვემო ქართლში აქტიურად ახორციელებს რიგ პროექტებს, რომელიც ემსახურება ადგილობრივი არაქართული  მოსახლეობის ქვეყნის საზოგადოებრივ ცხოვრებაში ინტეგრირებას.  

უმაღლესი კომისარი აქტიურ საქმიანობას ახორციელებს  ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ეთნიკური ქართველების  მდგომარეობასა და მათი ადამიანის უფლებებათა დაცვასთან   დაკავშირებულ საკითხებზე. მან არაერთი  მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით. განსაკუთრებით აღსანიშნავია ეუთოს   ეროვნულ უმცირესობათა უმაღლესი კომოსრის ოფისისა და ეუთოს ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიული ინსტიტუტების ოფისის მიერ ერთობლივად  2008 წლის დეკემბერში გამოცემული ანგარიში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებში    ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით არსებული მდგომარეობის თაობაზე.  

ზემოაღნიშნულიდან  გამომდინარე, ქართული მხარისათვის მეტად მნიშვნელოვანია ეუთო–ს უმაღლესი კომისრის ოფისთან თანამშრომლობის გაგრძელება საქართველოში ეუთო–ს  მისიის არ არსებობის პირობებშიც,ერთობლივი შეთანხმების    საფუძველზე. ამ მიზნით საქართველოს საგრეო საქმეთა  სამინისტრომ და შესაბამისმა უწყებებმა განიხილეს ეუთოს ეროვნულ უმცირესობათა უმაღლესი კომისრის ოფისის პერსონალის სტატუსის,პრივილეგიებისა და იმუნიტეტის შესახებ წერილების გაცვლის გზით დასადები შეთანხმებების    პროექტი და ქვეყნის საგარეო პოლიტიკურიდა ეკონომოკურ პრიორიტეტების გათვალისწინებით,ზემოაღნიშნული შეთანხმების დადება მიზანშეწონილად   მიაჩნია.

ხელშეკრულების ძალაში შესვლა არ გამოიწვევს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი ასიგნინების გამოყოფას.                                    

კომიტეტმა მხარი დაუჭირა აღნიშნული შეთანხმების პროექტს.

        სხდომის თავმჯდომარემ შემდგომ სიტყვა გადასცა  შს სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობათა მთავარი სამმართველოს უფროსს  შალვა კვინიხიძეს, რომელმაც კომიტეტს განსახილველად წარმოუდგინა საქართველოს პრეზიდენტის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი შეთანხმების პროექტი "საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ავსტრიის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა ფედერალურ მინისტრს შორის პოლიციის სფეროში თანამშრომლობის შესახებ".

                აღნიშნული შეთანხმების მიხედვით მხარეები იღებენ ვალდებულებას შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის ფარგლებში საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და წესრიგის დაცვის, ასევე, სისხლის სამართლის კანონმდებლობით დასჯადი ქმედებების თავიდან აცილების და გამოვლენის მიზნით ითანამშრომლონ და გაუწიონ ერთმანეთს სამართლებრივი დახმარება სხვადასხვა სფეროების მიხედვით (ნარკოტიკული, ფსიქოტროპული და მათი დამზადებისათვის საჭირო ნივთიერებების უკანონო წარმოება, იმპორტი, ექსპორტი, უკანონო ტრანსპორტირება და ვაჭრობა).

კომიტეტმა მხარი დაუჭირა აღნიშნული შეთანხმების პროექტს.

სხდომის თავმჯდომარემ შემდგომ სიტყვა გადასცა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეს გიორგი წერეთელს, რომელმაც კომიტეტს წარმოუდგინა ინფორმაცია "საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე".

გ. წერეთლის განმარტებით, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ კანონის პროექტის "საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე"  მე–18 მუხლის მე–4 პუნქტიდან  და 25–ე მუხლის პირველი პუნქტის "ე" ქვეპუნქტიდან ამოღებულ უნდა იქნას საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების  III სიაში შეტანილი ნივთიერებები. ასევე, 98–ე მუხლს დამატებულ "ზ" ქვეპუნქტის მიხედვით, მოხელე შეიძლება გაათავისუფლონ სამსახურიდან საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერეებების მოხმარების ფაქტზე პერიოდული, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით შემოწმების შედეგად I და II  სიაში შეტანილ ნივთიერებების მოხმარების დადასტურების შემთხვევაში. ასევე, პროექტის მიხედვით, 2010 წლის 1 ივნისამდე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა უნდა გამოსცეს ბრძანება საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული  I და II  სიაში  შეტანილი ნივთიერებების მოხმარების ფაქტზე პერიოდული, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით შემოწმების წესის შესახებ.

აღნიშნულ ცვლილებებთან დაკავშირებით კომიტეტი დარგის ექსპერტებთან ერთად კვლავ განაგრძობს მუშაობას.

კომიტეტმა განიხილა რა სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები, აზრთა გაზიარების, გამოთქმული შენიშვნებისა და წინადადებების გათვალისწინებით მიიღო

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

1.               კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა  საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი "ჯანმრთელობის დაცვის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" და მიზანშეწონილად თვლის მისი პირველი მოსმენით განხილვას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

2.               კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი "სახელმწიფო პენსიის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" და მიზანშეწონილად თვლის მისი პირველი მოსმენით განხილვას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

3.               კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა      საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით  წარმოდგენილ საქართველოს კანონის პროექტს "ადმინისტრაციული სახდელისაგან გათავისუფლების შესახებ".

4.               კომიტეტმა განიხილა საქართველოს პრეზიდენტის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი შეთანხმების პროექტი  "საქართველოსა და ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციას (ეროვნულ უმცირესობათა საკითხებში უმაღლეს კომისარს) შორის ეუთოს ეროვნულ უმცირესობათა საკითხებში უმაღლესი კომისრის ოფისის პერსონალის სტატუსის, პრივილეგიებისა და იმუნიტეტების შესახებ". კომიტეტს თავისი კომპეტენციის ფარგლებში შეთანხმების მიმართ შენიშვნა არ გააჩნია და მხარს უჭერს აღნიშნული შეთანხმების პროექტის რატიფიცირებას.

5.               კომიტეტმა განიხილა და მხარი დაუჭირა საქართველოს პრეზიდენტის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილ შეთანხმების პროექტს "საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ავსტრიის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა ფედერალურ მინისტრს შორის პოლიციის სფეროში თანამშრომლობის შესახებ".

6.               კომიტეტმა მოისმინა ინფორმაცია ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ "საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე".

ოთარ თოიძე

კომიტეტის თავმჯდომარე

სხდომის მდივანი: რ. ჩარკვიანი