| დებულება |
|
დ ა მ ტ კ ი ც ე ბ უ ლ ი ა საქართველოს პარლამენტის ბიუროს 2012 წლის 10 დეკემბრის N13/10 გადაწყვეტილებით
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დ ე ბ უ ლ ე ბ ა
I. ზოგადი დებულებები 1. საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი (შემდგომში - კომიტეტი) იქმნება საქართველოს პარლამენტის უფლებამოსილების ვადით. 2. კომიტეტი თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის, სხვა საკანონმდებლო აქტებისა და ამ დებულების შესაბამისად. 3. წინამდებარე დებულება განსაზღვრავს კომიტეტის უფლებამოსილებას, მისი შექმნის, საქმიანობისა და გადაწყვეტილებების მიღების წესებს, აგრეთვე კომიტეტის თავმჯდომარის, მოადგილეების, წევრების უფლებამოსილებასა და კომიტეტის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს. 4. კომიტეტი თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს საკონტროლო და კანონშემოქმედებით საქმიანობას, აქვს საკანონმდებლო ინიციატივის უფლება. 5. კომიტეტი ახორციელებს საკანონმდებლო საკითხების წინასწარ შემუშავებას, განხილვას და საქართველოს პარლამენტის პლენარული სხდომისათვის მომზადებას, ხელს უწყობს საქართველოს კანონების, საქართველოს პარლამენტის დადგენილებებისა და სხვა გადაწყვეტილებების შესრულებას, თავისი კომპეტენციის ფარგლებში კონტროლს უწევს მთავრობისა და პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული სხვა ორგანოების საქმიანობას. II. კომიტეტის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები კომიტეტი საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით დადგენილი კომპეტენციის ფარგლებში: ა) შეიმუშავებს, განიხილავს და პარლამენტის პლენარული სხდომისათვის ამზადებს კანონების, პარლამენტის დადგენილებებისა და სხვა გადაწყვეტილებების პროექტებს; ბ) შეიმუშავებს, განიხილავს და პარლამენტის პლენარული სხდომისათვის ამზადებს კანონების, პარლამენტის დადგენილებებისა და სხვა გადაწყვეტილებების პროექტებს კომიტეტის საქმიანობის სფეროს მიკუთვნებულ საკითხებზე კონსტიტუციური სამართლის, სისხლის სამართლის, სამოქალაქო სამართლის, ადმინისტრაციული სამართლის, სასჯელის აღსრულებისა და საპროცესო კანონმდებლობის, ასევე საერთაშორისო სამართლის სფეროში; უზრუნველყოფს საკონსტიტუციო სასამართლოს, საერთო სასამართლოების, პროკურატურის, ადვოკატურის, სამართალდამცავი ორგანოების ორგანიზაციისა და საქმიანობის საკანონმდებლო რეგულირებას; გ) მონაწილეობს პარლამენტისთვის წარდგენილი კანონპროექტების განხილვასა და დამუშავებაში, ამზადებს დასკვნებს და სხვა აქტების პროექტებს და კანონპროექტების თაობაზე წარმოდგენილი შენიშვნების გათვალისწინების მდგომარეობის ამსახველ ფურცელს გადასცემს პარლამენტის შესაბამის ორგანოს და შენიშვნის ავტორს; დ) განიხილავს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს და ამზადებს დასკვნას; ე) საქართველოს მთავრობისათვის ნდობის გამოცხადების საკითხის დასმისას განიხილავს მთავრობის წევრთა კანდიდატურებს, ასევე იმ თანამდებობის პირთა კანდიდატურებს, რომლებსაც ირჩევს და რომელთა დანიშვნაზედაც თანხმობას იძლევა პარლამენტი და შესაბამის დასკვნებს წარუდგენს პარლამენტის ბიუროს; ვ) აკონტროლებს კანონების, პარლამენტის დადგენილებებისა და სხვა გადაწყვეტილებების შესრულებას და საჭიროების შემთხვევაში შესაბამის დასკვნას წარუდგენს პარლამენტს; ზ) ახორციელებს კონტროლს პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული ორგანოებისა და მთავრობის საქმიანობაზე და საჭიროების შემთხვევაში შესაბამის დასკვნას წარუდგენს პარლამენტს; თ) წყვეტს თავისი საქმიანობის ორგანიზაციულ საკითხებს; ი) სარგებლობს საკანონმდებლო ინციატივის უფლებით; კ) პარლამენტში წარადგენს წინადადებებს საერთაშორისო ხელშეკრულებათა და შეთანხმებათა რატიფიცირების, დენონსირებისა და გაუქმების შესახებ, უზრუნველყოფს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის ჰარმონიზაციას საერთაშორისო სამართლის ნორმებთან; ლ) საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით თავისი კომპეტენციის ფარგლებში ამყარებს კავშირს და თანამშრომლობს უცხო ქვეყნების სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლეს ორგანოთა შესაბამის ორგანიზაციებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან; მ) კომიტეტის მიერ დამტკიცებული გეგმის ან პეტიციის საფუძველზე შეისწავლის ადმინისტრაციული ორგანოების საქმიანობას, გამოითხოვს შესაბამის მასალებს და საჭიროების შემთხვევაში დასკვნას განსახილველად წარუდგენს პარლამენტს; ნ) საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით პარლამენტის თავმჯდომარეს წარუდგენს წინადადებას პარლამენტის წევრისათვის საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში სპეციალური ნებართვის გარეშე შესვლის უფლების მინიჭების შესახებ; ო)იღებს მოქალაქეებს და განიხილავს კომიტეტში შემოსულ განცხადებებსა და საჩივრებს; პ) ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს. III. კომიტეტის შემადგენლობა 1. კომიტეტის შემადგენლობა განისაზღვრება ფრაქციათა წარმომადგენლობისა და იმ პარლამენტის წევრთა რაოდენობის პროპორციულად, რომლებიც არ არიან გაერთიანებული არცერთ ფრაქციაში. 2. კომიტეტში წევრთა რაოდენობასა და პროპორციული წარმომადგენლობის კვოტებს განსაზღვრავს საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი და ამტკიცებს პარლამენტის ბიურო, ხოლო ახალარჩეული პარლამენტის პირველ პლენარულ სხდომაზე განსაზღვრავს დროებითი სამანდატო კომისია და დადგენილებით ამტკიცებს პარლამენტი. 3. პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით კომიტეტში ფრაქციისათვის კომიტეტის წევრთა პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების დამტკიცებიდან 3 დღის ვადაში ფრაქცია თავისი გადაწყვეტილებით ნიშნავს კომიტეტის წევრებს, რის შესახებაც აცნობებს პარლამენტის ბიუროს (დროებით სამანდატო კომისიას). დაუშვებელია კვოტების ფრაქციათა მიერ გადანაწილება ან სხვა ფრაქციისათვის გაცვლა. 4. თუ ფრაქციებში განხორციელებული ცვლილებები გავლენას ახდენს კომიტეტში ფრაქციათა პროპორციულ წარმომადგენლობაზე, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი 1 კვირის ვადაში განსაზღვრავს და პარლამენტის ბიუროს უახლოეს სხდომას წარუდგენს ფრაქციათა პროპორციული წარმომადგენლობის ახალ კვოტებს. 5. კომიტეტის შემადგენლობაში არ შეიძლება იყვნენ პარლამენტის თავმჯდომარე და მისი პირველი მოადგილე. 6. კომიტეტი, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით, თავის წევრთაგან, საკუთარი უფლებამოსილების ვადით, ღია კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს კომიტეტის თავმჯდომარის 3 მოადგილეს (მათ შორის, პირველ მოადგილეს) და აცნობებს პარლამენტის ბიუროს. 7. კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადაყენების, გადადგომის, ახალი თავმჯდომარის არჩევის წესი განისაზღვრება საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით. 8. კომიტეტის წევრის უფლებამოსილება წყდება: ა) მის მიერ კომიტეტის შემადგენლობიდან გასვლის შესახებ განცხადების წარდგენის მომენტიდან; ბ) ფრაქციის მიერ მისი კომიტეტიდან გამოწვევის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მომენტიდან; გ) იმ ფრაქციიდან გასვლის მომენტიდან, რომლის კვოტითაც იქნა იგი წარდგენილი კომიტეტში; დ) მისი, როგორც პარლამენტის წევრის, უფლებამოსილების შეწყვეტის მომენტიდან; ე) კომიტეტის წევრისათვის შეუთავსებელ თანამდებობაზე არჩევის მომენტიდან.
9. კომიტეტს პარლამენტში, მის ფარგლებს გარეთ და შესაბამის საპარლამენტთაშორისო ურთიერთობებში წარმოადგენს კომიტეტის თავმჯდომარე. კომიტეტის თავმჯდომარე აგრეთვე: ა) ხელმძღვანელობს კომიტეტის საქმიანობას, იწვევს და წარმართავს კომიტეტის სხდომებს; ბ) წარმოადგენს კომიტეტს პარლამენტში, მის გარეთ და შესაბამის საპარლამენტთაშორისო ურთიერთობებში; გ) ხელს აწერს კომიტეტის გადაწყვეტილებებს, დასკვნებს და მისი სხდომების ოქმებს; დ) კომიტეტს ასარჩევად წარუდგენს კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის კანდიდატურას; ე) საერთო ხელმძღვანელობას უწევს კომიტეტის აპარატს; ვ) იწვევს სპეციალისტებს და წარუდგენს აპარატის უფროსს; ზ) ყოველი წლის შედეგების მიხედვით, საშემოდგომო სესიის დაწყებისას წარუდგენს პარლამენტს საქმიანობის წერილობით ანგარიშს; თ) ახორციელებს პარლამენტის რეგლამენტით და სხვა საკანონმდებლო აქტებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
10. კომიტეტის თავმჯდომარის გადადგომის, გადაყენების, მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის ან მისი, როგორც პარლამენტის წევრის, უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებს მისი პირველი მოადგილე. კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის არყოფნის შემთხვევაში კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობის შესრულებას კომიტეტი ავალებს მის მოადგილეს კომიტეტის სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. 11. კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე: ა) თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში ასრულებს მის მოვალეობას; ბ) ასრულებს თავმჯდომარის ცალკეულ დავალებებს.
12. კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე: ა) თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში პარლამენტის რეგლამენტის 41-ე მუხლით დადგენილი წესითა და პირობებით ასრულებს მის მოვალეობას; ბ) ასრულებს თავმჯდომარის ცალკეულ დავალებებს.
IV. კომიტეტის მუშაობის ორგანიზაცია 1. კომიტეტის მუშაობას ორგანიზაციას უწევს კომიტეტის თავმჯდომარე. კომიტეტი პარლამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების, შემოსული წინადადებების, საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტების საფუძველზე უფლებამოსილია შეიმუშაოს სამუშაო გეგმები. 2. კომიტეტის სხდომას იწვევს და წარმართავს კომიტეტის თავმჯდომარე, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში – მისი მოადგილე. კომიტეტის სხდომების გამართვის პერიოდულობას განსაზღვრავს კომიტეტი, მაგრამ სასესიო პერიოდში უნდა გაიმართოს თვეში არანაკლებ 2 სხდომისა. კომიტეტის მორიგი სხდომა მოიწვევა წინასწარ განსაზღვრულ დროს. კომიტეტების მორიგი სხდომების გამართვის დრო განისაზღვრება კომიტეტების თავმჯდომარეებს შორის კონსულტაციების შედეგად. კომიტეტი ვალდებულია, პარლამენტის ან პარლამენტის ბიუროს დავალებით, . პარლამენტის რეგლამენტით განსაზღვრულ ვადაში გამართოს სხდომა და განიხილოს საკითხი.
3. კომიტეტის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომიტეტის სიითი შემადგენლობის უმრავლესობა. 4. კომიტეტის სხდომები, როგორც წესი, იმართება პლენარული სხდომების კვირის სამშაბათსა და ხუთშაბათს, აგრეთვე ამომრჩევლებთან შეხვედრის კვირაში. კომიტეტის სხდომის გამართვის თარიღი (გარდა ამომრჩევლებთან შეხვედრების კვირისა) კომიტეტის წევრებს ეცნობება სხდომამდე არა უგვიანეს 1 დღისა. კომიტეტის სხდომისა და მისი დღის წესრიგის შესახებ ინფორმაცია სხდომამდე 1 დღით ადრე განთავსდება პარლამენტის ვებგვერდზე. ამომრჩევლებთან შეხვედრების კვირაში კომიტეტის წევრებს კომიტეტის სხდომის მასალები ეგზავნება და მისი დღის წესრიგი და თარიღი ეცნობება სხდომამდე არა უგვიანეს 2 დღისა. კომიტეტის სხდომისა და მისი დღის წესრიგის შესახებ ინფორმაცია სხდომამდე 2 დღით ადრე განთავსდება პარლამენტის ვებგვერდზე. 5. კომიტეტის წევრი სხდომაზე დასწრებას ადასტურებს რეგისტრაციის ფურცელზე ხელმოწერით. თუ 2 კომიტეტში გაწევრებული პარლამენტის წევრი კალენდარული თვის განმავლობაში არასაპატიო მიზეზით სამჯერ არ დაესწრება კომიტეტების სხდომებს, ხოლო 1 კომიტეტში გაწევრებული პარლამენტის წევრი კალენდარული თვის განმავლობაში არასაპატიო მიზეზით ორჯერ არ დაესწრება კომიტეტის სხდომას, მას დაუკავდება ხელფასის 10%. პარლამენტის წევრს სხდომა არასაპატიო მიზეზით გაცდენილად არ ეთვლება, თუ მან წინასწარ შეატყობინა კომიტეტის თავმჯდომარეს სხდომის შესაძლო გაცდენის საპატიო მიზეზის შესახებ ან კომიტეტის სხდომა მოწვეულ იქნა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მოთხოვნათა დარღვევით. პარლამენტის წევრის კომიტეტის სხდომაზე დაუსწრებლობის ფაქტი ფორმდება საოქმო ჩანაწერით და აღირიცხება კომიტეტის თავმჯდომარის მიერ, რის შემდეგაც საოქმო ჩანაწერი ეგზავნება პარლამენტის აპარატის საფინანსო დეპარტამენტს შესაბამისი თვის ხელფასის დასაკავებლად. 6. თუ კომიტეტის თავმჯდომარე თავისი მიზეზით კალენდარული თვის განმავლობაში ზედიზედ ორჯერ არ მოიწვევს კომიტეტის სხდომას, მას დაუკავდება ხელფასის 50%. პარლამენტის ბიურო განიხილავს კომიტეტის სხდომის ჩაუტარებლობის მიზეზს და უფლებამოსილია დადგენილი წესით პლენარულ სხდომაზე დასვას კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადაყენების საკითხი. 7. კომიტეტი ყოველთვიურად ადგენს კომიტეტის სხდომების გამცდენი პარლამენტის წევრების სიას, თითოეული მათგანის მიერ გაცდენილი სხდომების რაოდენობისა და თარიღის მითითებით. კომიტეტის სხდომების გამცდენი პარლამენტის წევრების სია გადაეცემა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს, რომელიც მონაცემების სისწორის შესწავლის შემდეგ უზრუნველყოფს მის განთავსებას პარლამენტის ინტერნეტ-გვერდზე. 8. თუ ფრაქციის მიერ დანიშნულ წევრს დროებით არ შეუძლია მონაწილეობის მიღება კომიტეტის საქმიანობაში, მის დამნიშვნელ ფრაქციას უფლება აქვს, აღნიშნული წევრი დროებით შეცვალოს ფრაქციის სხვა წევრით, რის შესახებაც ფრაქცია წერილობით აცნობებს შესაბამის კომიტეტს. ეს უფლება ფრაქციის თითოეული წევრის მიმართ კომიტეტის სხდომაზე არასაპატიო მიზეზით დაუსწრებლობის შემთხვევაში შეიძლება გამოყენებულ იქნეს ერთი სესიის განმავლობაში არა უმეტეს ხუთჯერ. კომიტეტის წევრს, რომლის უფლებამონაცვლეც ესწრება კომიტეტის სხდომას, შესაბამისი კომიტეტის სხდომა გაცდენილად არ ეთვლება. 9. გადაწყვეტილება მიიღება ღია კენჭისყრით, სხდომაზე დამსწრე კომიტეტის წევრთა ხმების უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ სხდომის გახსნისათვის (უფლებამოსილების დადგენისათვის) საჭირო ხმების ნახევრისა, გარდა პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ღია კენჭისყრის დროს ხმების თანაბრად გაყოფისას გადამწყვეტია სხდომის თავმჯდომარის ხმა. 10. კომიტეტის რიგგარეშე სხდომას იწვევს კომიტეტის თავმჯდომარე თავისი ინიციატივით ან პარლამენტის თავმჯდომარის, პარლამენტის ბიუროს, კომიტეტის სიითი შემადგენლობის ერთი მესამედის მოთხოვნით. კომიტეტის რიგგარეშე სხდომის თარიღი კომიტეტის წევრებს ეცნობება სხდომამდე არა უგვიანეს 1 დღისა. 11. კომიტეტის სხდომის დღის წესრიგს განსაზღვრავს კომიტეტის თავმჯდომარე თავისი ინიციატივით ან კომიტეტის წევრის (წევრების) მოთხოვნით. დღის წესრიგიდან საკითხის მოხსნა ან დღის წესრიგში ახალი საკითხის შეტანის თაობაზე გადაწყვეტილება მიიღება კომიტეტის სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. 12. კომიტეტის სხდომა საჯაროა. განსაკუთრებულ შემთხვევაში კომიტეტი მართავს დახურულ სხდომას. დახურული სხდომის გამართვის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება კომიტეტის სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. 13. კომიტეტის სხდომას სათათბირო ხმის უფლებით შეიძლება დაესწრონ პარლამენტის წევრები, საქართველოს მთავრობის წევრები და მოწვეული პირები. 14. კომიტეტის სხდომაზე დასასწრებად შეიძლება მოწვეულ იქნენ საზოგადოებრიობის დაინტერესებული წარმომადგენლები, რომელთაც სხდომის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით მიეცემა სიტყვით გამოსვლის უფლება. 15. კომიტეტის სხდომაზე დასასწრებად შეიძლება მოწვეულ იქნენ დადგენილი წესით აკრედიტირებული მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლები. შესაძლებელია მოეწყოს კომიტეტის სხდომის ტელერადიო რეპორტაჟი და სხდომის შედეგების შესახებ ინფორმაციის მედიაში გამოქვეყნება. 16. პარლამენტის თავმჯდომარის მოთხოვნით, ბიუროს გადაწყვეტილებით, ან შესაბამისი კომიტეტების გადაწყვეტილებით შეიძლება ჩატარდეს კომიტეტების ერთობლივი სხდომა. ერთობლივ სხდომაზე განხილულ საკითხებთან დაკავშირებით კომიტეტები ცალ-ცალკე კენჭისყრით იღებენ გადაწყვეტილებას. 17. კომიტეტის სხდომის შესახებ დგება ოქმი, რომელსაც ხელს აწერს სხდომის თავმჯდომარე. 18. კომიტეტის გადაწყვეტილებით, საკანონმდებლო ბაზის განვითარების მიზნით კომიტეტთან შეიძლება შეიქმნას მრჩეველთა დროებითი საბჭოები, რომლებიც შედგება შესაბამისი დარგის კომპეტენტური, სათანადო გამოცდილების მქონე მოწვეული ექსპერტებისა და მეცნიერებისაგან. საბჭოს წევრთა საქმიანობა არ ანაზღაურდება.
V. კომიტეტში საკანონმდებლო და სხვა საკითხების განხილვა და პარლამენტისათვის წარდგენის წესი
1. კომიტეტის სხდომაზე განიხილება კომიტეტში შემუშავებული და შემოსული კანონპროექტები, ინფორმაცია კომიტეტის საქმიანობის ძირითად მიმართულებათა აქტუალურ საკითხებზე, პეტიციები, მოქალაქეთა საჩივრები და განცხადებები, საქართველოს მთავრობის წევრთა და სახელმწიფო თანამდებობის პირთა ახსნა-განმარტებები, ინფორმაცია, შემოწმებათა შედეგები და სხვ. 2. კომიტეტი იღებს რეკომენდაციას, დასკვნას, წინადადებას. კომიტეტის თავმჯდომარე გამოსცემს განკარგულებას შიდასაკომიტეტო ორგანიზაციულ საკითხებზე. 3. კომიტეტის დასკვნები, როგორც წესი, წარედგინება პარლამენტის ბიუროს, პარლამენტის პლენარულ სხდომას ან იგზავნება დანიშნულებისამებრ. 4. კომიტეტი განიხილავს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განსახილველად გასატან მისი უფლებამოსილების სფეროს მიკუთვნებულ ყველა საკითხს. 5. კომიტეტი შეისწავლის და აანალიზებს მისი უფლებამოსილების სფეროს მიკუთვნებული დარგის მიხედვით კანონმდებლობის შესრულების მდგომარეობას, იღებს ზომებს მისი შესრულების უზრუნველსაყოფად, საკანონმდებლო ხარვეზის აღმოსაფხვრელად, ამზადებს წინადადებებს კანონმდებლობაში აუცილებელი ცვლილებების ან/და დამატებების შეტანის შესახებ. 6. საქართველოს მთავრობის წევრები და პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული სხვა ორგანოები, თანამდებობის პირები კომიტეტის მოთხოვნით ვალდებულნი არიან,კომიტეტის მიერ დადგენილ ვადაში მას წარუდგინონ შესაბამისი დოკუმენტები, დასკვნები და სხვა საჭირო მასალები. სახელმწიფო ან სამხედრო საიდუმლოების შემცველი ცნობების წარდგენის წესი განისაზღვრება კანონმდებლობით. 7. საქართველოს მთავრობის წევრი, პარლამენტის მიერ არჩეული, აგრეთვე თანამდებობის პირი, რომლის დანიშვნაზედაც პარლამენტმა თანხმობა მისცა, უფლებამოსილია, ხოლო მოთხოვნის შემთხვევაში ვალდებულია, დაესწროს კომიტეტის სხდომებს, პასუხი გასცეს სხდომაზე დასმულ შეკითხვებს და წარუდგინოს მას გაწეული საქმიანობის ანგარიში. ასეთ თანამდებობის პირს მოთხოვნისთანავე უნდა მოუსმინოს კომიტეტმა. 8. კომიტეტი განიხილავს თავისი უფლებამოსილების სფეროში საქართველოს მთავრობისათვის ნდობის გამოცხადების, აგრეთვე საქართველოს კონსტიტუციითა და კანონით განსაზღვრულ პირთა თანამდებობაზე არჩევის ან მათ დანიშვნაზე თანხმობის მიცემის საკითხებს. აღნიშნულ კანდიდატურებთან დაკავშირებულ ინფორმაციას, მათ შორის, ბიოგრაფიულ ცნობებს, ინფორმაციას შრომითი გამოცდილებისა და პროფესიული ცოდნის შესახებ, კომიტეტს აწვდის უფლებამოსილი პირი.
9. მიღებული ინფორმაციის საფუძველზე კომიტეტი ამზადებს დასკვნას საქართველოს მთავრობისათვის ნდობის გამოცხადების, საქართველოს კონსტიტუციითა და კანონით განსაზღვრულ პირთა თანამდებობაზე არჩევის ან მათ დანიშვნაზე თანხმობის მიცემის შესახებ. დასკვნა მიიღება ფარული კენჭისყრით, სხდომაზე დამსწრე კომიტეტის წევრთა ხმების უმრავლესობით. 10. კომიტეტის დასკვნა სავალდებულოა იმ პირთა კანდიდატურების თაობაზე, რომელთაც ირჩევს ან რომელთა დანიშვნაზედაც თანხმობას იძლევა პარლამენტი. კომიტეტის დასკვნა წარედგინება პარლამენტის ბიუროს, რომელიც გადასცემს მას საქართველოს პრეზიდენტსა და პარლამენტს. 11. კომიტეტი მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე ინფორმაციის მოსმენის, კონტროლისა და შემოწმების შედეგად შეიმუშავებს დასკვნას. კომიტეტის დასკვნა უნდა შეიცავდეს შეფასებას და რეაგირების კონკრეტულ ზომებს, კომიტეტი ვალდებულია თავისი დასკვნა უახლოეს სხდომაზე წარუდგინოს პარლამენტის ბიუროს, რომელსაც ეს საკითხი განსახილველად შეაქვს პარლამენტის უახლოესი პლენარული სხომის დღის წესრიგში. პარლამენტი პლენარულ სხდომაზე განიხილავს შესაბამის დასკვნას, აფასებს მას და იღებს სათანადო გადაწყვეტილებას. VI. კომიტეტის საქმიანობის ორგანიზაციული უზრუნველყოფა 1. კომიტეტის საქმიანობის უზრუნველსაყოფად იქმნება პარლამენტის კომიტეტის აპარატი, რომელიც წარმოადგენს კომიტეტისადმი დაქვემდებარებულ პარლამენტის აპარატის მუდმივმოქმედ სტრუქტურულ ერთეულს. 2. კომიტეტის აპარატი: ა) მონაწილეობს კანონპროექტების, პარლამენტის დადგენილებებისა და სხვა გადაწყვეტილებათა პროექტების, კომიტეტის გადაწყვეტილებათა პროექტების შემუშავებაში, კანონპროექტებსა და სხვა აქტების პროექტებზე დასკვნების, შენიშვნებისა და წინადადებების მომზადებაში, კომიტეტის საკონტროლო, ორგანიზაციულ და სხვა საქმიანობაში; ბ) ახორციელებს საკონსულტაციო და ანალიტიკურ ფუნქციებს, ორგანიზაციულ-ტექნიკურ მომსახურებასა და საქმისწარმოებას; გ) ასრულებს საქართველოს კანონმდებლობით, აღნიშნული დებულებით, აგრეთვე პარლამენტის აპარატის, კომიტეტის აპარატის დებულებით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს. 3. კომიტეტის აპარატის სტრუქტურასა და საშტატო ერთეულთა რაოდენობას პარლამენტის აპარატის უფროსის წარდგინებით ამტკიცებს პარლამენტის თავმჯდომარე. 4. კომიტეტის აპარატის შემადგენლობაში შედიან კომიტეტის აპარატის უფროსი და სპეციალისტები (საშტატო განრიგით გათვალისწინებული მოხელეები და მოწვეული სპეციალისტები), რომელთა უფლება-მოვალეობები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით, აღნიშნული დებულებით, აგრეთვე პარლამენტის აპარატისა და კომიტეტის აპარატის დებულებებით.
|






