ოქმი #1

აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომის

 

ოქმი #1

2011 წლის 11 თებერვალი

სხდომის თავმჯდომარე:   არჩილ გეგენავა (კომიტეტის თავმჯდომარე)

  

სხდომას ესწრებოდნენ:

კომიტეტის წევრები: არჩილ გეგენავა – კომიტეტის თავმჯდომარე, პ. ლეჟავა – კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გ. გოგუაძე – კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ნ. აბულაშვილი, თ. დიასამიძე, რ. თედორაძე, გ. კაკალაშვილი, რ. კემულარია, კ. კუკულავა, ნ. ლალიაშვილი, ა. ლეკაშვილი, ზ. მადურაშვილი, რ. მარსაგიშვილი, ა. სტურუა, რ. ფიფია, ი. შამილოვი, ე. ჯალაღონია.

 

სხდომას საპატიო მიზეზით არ ესწრებოდნენ:, ზ. გულიკაშვილი, ნ. ჯანაშია.

 

აპარატის თანამშრომლები: ი. ახალბედაშვილი - აპარატის უფროსი, რ. ქუთათელაძე, ნ. ნოზაძე, ი. ლომთაძე, ს. უროტაძე, ი. ქველაძე, ი. ქიტიაშვილი.

მოწვეული სტუმრები: ბ. კვეზერელი - საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი, გ. ხუროშვილი – საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი, ჯ. ბაღათურია – საქართველოს პარლამენტის წევრი.  

 

 

დღის წესრიგი:

 

1.       აგრარულ საკითხთა კომიტეტის 2011 წლის საგაზაფხულო სესიის საზედამხედველო საქმიანობის გეგმის დამტკიცება.

(მომხსენებელი: არჩილ გეგენავა – საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე).

 

2.      ინფორმაცია – ქვეყანაში სასურსათო პროდუქტების ფასებთან დაკავშირებით შექმნილი მდგომარეობის შესახებ.

(მომხსენებელი: ბაკურ კვეზერელი – საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი).

  

I.       მოისმინეს:

 

გეგენავას ინფორმაცია აგრარულ საკითხთა კომიტეტის 2011 წლის საგაზაფხულო სესიის საზედამხედველო საქმიანობის გეგმის თაობაზე.

       აზრი გამოთქვეს:

 

1.       სტურუა: მინდა გითხრათ, რომ წარმოდგენილი გეგმა კარგად არის გაწერილი, თუმცა მაქვს ერთი შენიშვნა. იმის გამო, რომ  ფაქტიურად, აპრილი და მაისის პირველი ნახევარი არის ის პერიოდი, როდესაც სიმინდთან დაკავშირებით დავიწყებთ საკმაოდ საინტერესო პროგრამას და ამ ვადებში უნდა მოხდეს ხვნა-თესვისთვის აუცილებელი სამუშაოების ჩატარება, სასურველი იქნება და თუ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ექნება საშუალება, მე-6 მუხლში მოცემული საკითხი (ინფორმაცია - «სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის განახლების» შესახებ),  მაისის ნაცვლად აპრილის თვეში მოვისმინოთ.

2.      გეგენავა: სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხრიდან არა მგონია რამე სირთულე იყოს ამ საკითხთან მიმართებაში. 2011 წლის საზედამხედველო საქმიანობის გეგმაში შევიტანოთ ცვლილება და მაისიდან აპრილის თვეში გადმოვიტანოთ მე-6 მუხლი. 

 

        გადაწყვიტეს: (ერთხმად)

 

კომიტეტმა დაამტკიცა აგრარულ საკითხთა კომიტეტის 2011 წლის საგაზაფხულო სესიის საზედამხედველო საქმიანობის გეგმა.

           (ამასთან კომიტეტი გაითვალისწინებს კომიტეტის წევრის ა. სტურუას მოსაზრებას, რათა ინფორმაციის - «სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის განახლების» შესახებ – მოსმენის თარიღი გადმოიწიოს მაისიდან აპრილის თვეში).

  /აგრარულ საკითხთა კომიტეტის 2011 წლის საგაზაფხულო სესიის საზედამხედველო საქმიანობის გეგმა ოქმს თან ერთვის/. 

   II.    მოისმინეს:

 

კვეზერელის ინფორმაცია  ქვეყანაში სასურსათო პროდუქტების ფასებთან დაკავშირებით შექმნილი მდგომარეობის შესახებ. მან აღნიშნა, რომ მსოფლიო ბირჟებზე პირველადი დასახელების პროდუქტებზე ფასების ზრდამ გავლენა მოახდინა ქართულ ბაზარზეც. მოხდა ადგილობრივი და იმპორტირებული პროდუქციის ფასების გარკვეული ცვლილებები პირველ რიგში მარცვლეულ კულტურებზე და შემდგომ უკვე იმ პროდუქციაზე, რომლებშიც გამოიყენება მარცვლეული, როგორც ერთ-ერთი ძირითადი შემადგენელი. შეიცვალა ფასები მსოფლიოში, მათ შორის საქართველოშიც, რძის პროდუქტებზე, მეფრინველეობის პროდუქტებზე, ხორცზე და სხვ. გასული წლის სექტემბრის თვიდან, ჩვენ დავიწყეთ რამოდენიმე მიმართულებით სპეციალური პროგრამების განხორციელება, იმისათვის, რომ მინიმუმამდე დაგვეყვანა მსოფლიოში მიმდინარე პროცესებისა და მზარდი ფასების ზეგავლენა ჩვენს ბაზარზე. როგორც იცით, როდესაც წლის იმ პერიოდში ხდება ფასების ცვლილება, როდესაც მოსავალი უკვე აღებულია, პრაქტიკულად ამ ფასებზე ზეგავლენის მოხდენა და რაიმე შეზღუდვების დაწესება რთულია. სახელმწიფოს მთავარი ამოცანა (ჩვენ ეს ამოცანა ღირსეულად შევასრულეთ და კვლავაც მიმდინარეობს ეს პროცესი) არის საკმარისი მარაგების არსებობა იმისათვის, რომ დეფიციტით გამოწვეული მაღალი ფასები არ მივიღოთ ბაზარზე. ძალიან ბევრ ქვეყანაში ფასები ბევრად უფრო მაღალია ვიდრე საქართველოში, იქიდან გამომდინარე, რომ მათ დროულად ვერ შეძლეს თავიანთი ქვეყნების სასურსათო უზრუნველყოფა. ეს საქართველოში არ მომხდარა. იყო გარკვეული დეფიციტის ტენდენციები რეგიონების მიხედვით, მაგრამ სწრაფად აღმოიფხვრა. დღეს ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ სასურსათო უსაფრთხოების კუთხით შევასრულეთ ამოცანა და ვაგრძელებთ მის შესრულებას. ჩვენ გვაქვს საკმარისი მარაგები და შესაბამისად, გვაქვს შედარებით სტაბილური ფასები სხვა ქვეყნებთან შედარებით. დავიწყეთ 2 ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამის განხორციელება, რომელიც უშუალოდ მარცვლეული კულტურების საჰექტარო მოსავლიანობის ზრდის მაჩვენებლების გასაზრდელადაა მიმართული. ასევე ჩვენი მიზანია, რომ ერთი მხრივ ჩავანაცვლოთ იმპორტი, ადგილობრივად ვაწარმოოთ მეტი პროდუქცია, ხოლო მეორე მხრივ, ეს პროდუქტები გავიტანოთ ექსპორტზე. მინდა მოგახსენოთ, რომ პროგრამების განხორციელება დაიწყო 2010 წელს, მაგრამ არცერთი მათგანი არ დასრულებულა, იქიდან გამომდინარე, რომ შემოდგომაზე დათესილი ხორბლის მოსავალს ავიღებთ ზაფხულში. წინასწარი პროგნოზი არის დამაკმაყოფილებელი. ჩვენ ველოდებით ხორბლის საკმაოდ კარგ მოსავალს. მინდა გითხრათ, რომ დღეს გვაქვს 119 000 ტონა ხორბლის მარაგი ქვეყანაში, რომელიც საკმარისი იქნება მომავალი მოსავლის აღებამდე. ამიტომ ამ კუთხით ფასების ცვლილება აღარ არის მოსალოდნელი. თუმცა ბოლო პერიოდში მაინც მოხდა გარკვეული ცვლილებები, იქიდან გამომდინარე, რომ ერთ ტონაზე დაახლოებით 30 დოლარით გაძვირდა ხორბალი ჩვენი რეგიონის ქვეყნებში, რაც ძალიან დიდი პროცენტია და გარკვეული ასახვა ჰპოვა ჩვენს ბაზარზეც. გარდა ამისა, ხორციელდება სიმინდის პროგრამა, რომელზეც აქტიურად მიმდინარეობს ფერმერთა რეგისტრაცია. ჩვენ გვექნება საშუალება უფრო ხელმისაწვდომი გავხადოთ სიმინდის კონკრეტული კულტურა მეცხოველეობის და მეფრინველეობის სექტორებისთვის. როგორც იცით, სიმინდი არის შეუცვლელი კომპონენტი ცხოველის და ფრინველის კვების რაციონში. შესაბამისად, მასზე მოთხოვნა მსოფლიოს ქვეყნებში მზარდია. ჩვენ გვაქვს შანსი, რომ წარმატებულად გავიტანოთ ექსპორტზე შედარებით მაღალ ფასად, ვიდრე ის გაიყიდება შიდა ბაზარზე. გვაქვს დაახლოებით 260 000 ჰა ფართობი, სადაც შესაძლებელია სიმინდის დათესვა და მოყვანა. შესაბამისად, ეს მოგვცემს საშუალებას, რომ 2012 წლიდან და შემდეგ, ამ პროდუქტის მინიმუმ მილიონ ტონამდე ექსპორტი განხორციელდეს. დღეს საქართველოს გავლით ჩვენს მეზობელ ქვეყნებში ტრანზიტად მიდის უკრაინიდან მომავალი სიმინდი, რომელსაც ამ პროგრამის განხორციელების შემდეგ ღირსეულ კონკურენციას გავუწევთ. რაც შეეხება 2010 წელს, ჩვენ გვქონდა გარკვეული წარმატებები სოფლის მეურნეობის პროდუქტების ექსპორტში, რამაც ასახვა ჰპოვა მაკროეკონომიკურ პარამეტრებზე. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ იმის პარალელურად, რომ იმპორტჩანაცვლების პოლიტიკას სულ უფრო მეტ ყურადღებას მიაქცევს სახელმწიფო, ასევე ყურადღება მიექცევა იმას, რომ საექსპორტო ბაზრებზე უფრო სოლიდურად ვიყოთ წარმოდგენილი, როგორც სტაბილური მიმწოდებლები.

     აზრი გამოთქვეს:

 

1.       ლეჟავა: მე ორი შეკითხვა მაქვს: თუ შეიძლება უფრო დეტალურად რომ ისაუბროთ. თქვენ აღნიშნეთ, რომ ხორბლის მარაგი არსებობს. სხვა რომელი პროდუქტის მარაგი არსებობს და რა რაოდენობით? ჩემი ინფორმაციით, საკმაოდ მძიმე მდგომარეობა გვაქვს კარტოფილთან დაკავშირებით, რომლის მარაგი საკმაოდ მწირია და შესაბამისად ფასი ყოველდღიურად იზრდება. რა მდგომარეობაა ამასთან დაკავშირებით? ეს ერთი საკითხი. მეორე,  იქნებ გვითხრათ სიმინდთან მიმართებაში, (რომელსაც ვაპირებთ, რომ მომავალ წელს მთელი საქართველოს მასშტაბით დავთესოთ), რა პროცედურა უნდა გავატაროთ და სახელმწიფო რაში ეხმარება ფერმერს? მარცვლეულის შეძენაში თუ მთელი პროცესის განხორციელებაში? მხოლოდ მარცვლეულის ქონა არ არის საკმარისი. თუ ეს პროცესი თავიდან ბოლომდე სწორად არ იქნა წარმართული, შესაძლებელია ჰიბრიდულმა ჯიშმა უფრო ცუდი შედეგი მოიტანოს, ვიდრე იმ ადაპტირებულმა ჯიშმა, რომელიც საქართველოში უკვე არსებობს და წლების განმავლობაში ქართველი გლეხი მას მოიხმარს.

2.      სტურუა: სიმინდის და სხვა მარცვლეულ კულტურებთან დაკავშირებით არ განვმეორდები. ჩემი მოსაზრებაა, რომ ეს პროგრამები არის წინგადადგმული ნაბიჯი, რომლის შედეგად ამ კულტურების წარმოების პოლიტიკა ჩვენს ქვეყანაში ძირფესვიანად შეიცვლება. Mსაკითხი, რომელიც მაინტერესებს: ჩვენ არ ვართ შაქრის მწარმოებელი ქვეყანა, მაგრამ ვიცით, რომ მსოფლიო ბაზარზე და ჩვენთანაც მოხდა შაქარზე ფასების ძალიან სწრაფი მატება. ამ კუთხით რამე ახალი ხომ არ იგეგმება?

3.      ბაღათურია: ძალიან საინტერესო ვითარებაა შექმნილი. თქვენ ბრძანეთ, რომ ფასები კატასტროფულად გაიზარდა იმის გამო, რომ მსოფლიოში გაიზარდა. მე გეთანხმებით, რომ ეს ის შემთხვევაა, რომელსაც თქვენ ვერაფერს უზამთ, სწრაფ ზომებს ვერ მიიღებთ. მეორე ფაქტორი არის მონოპოლისტები, რომელზეც ასევე, ვერაფერს გააკეთებთ. მაგრამ ის, რაც აქამდე უნდა გაგეკეთებინათ, არის სასურსათო უსაფრთხოება. სოფლის მეურნეობის სამინისტროს უნდა ეზრუნა ქვეყნის სასურსათო უსაფრთოხებაზე, სურსათის ხარისხის უსაფრთხოებაზე. ქვეყანაში არ არსებობს სოფლის მეურნეობის პროდუქცია. ჩვენი ბაზარი დაიპყრო უცხოურმა პროდუქტმა. რამდენად ხარისხიანია - ცალკე საკითხია. ამიტომ მყისიერად აისახა ჩვენს ბაზარზე ქვეყნის გარეთ გაზრდილი ფასები. რა შეიძლებოდა რომ გაგვეკეთებინა? შეიძლებოდა ის, რაც თქვენმა სამინისტრომ, სამწუხაროდ, არ გააკეთა. რაც, ჩვენ რამდენიმე დღის წინ ვნახეთ, სამარცხვინო ფაქტია, როდესაც სამელიორაციო ობიექტების მშენებლობისთვის ფულის გამოძალვაზე დააპატიმრეს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მაღალჩინოსნები. პრეზიდენტმაც დაგავალათ იგივე, რასაც მე გეუბნებოდით ცოტა ხნის წინ. დღემდე არ არის დაწყებული კონფლიქტისპირა ზონებში წყლით მომარაგების საკითხი. თუ დღეს და ხვალ არ დაიწყეთ, ეს ხალხი ისევ მშიერი დარჩება. ერთი, რაც უნდა გაკეთდეს, ჩვენ გლეხებს უნდა მივცეთ სარწყავი წყალი. გორში, კასპში, კონფლიქტისპირა სოფლებში ზოგან არის გასარწყავება, მაგრამ იქაც წყალს უკეტავენ და ფულს სთხოვენ. ვფიქრობ თქვენ უნდა არეგულირებდეთ ამ საკითხს.

მინდა გითხრათ, რომ ჩვენ მოვამზადეთ სოფლის მეურნეობის განვითარების ძალიან საინტერესო სტრატეგიული, გრძელვადიანი გეგმა. მე შემიძლია პრეზენტაცია მოვაწყო ნებისმიერ ადგილას, ან თქვენთან ერთად გავიარო, თუ ხართ მზად ამ საკითხებზე სამუშაოდ. გარდა ამისა, მთავარია დაფინანსების წყაროები. მე მესმის სიმინდზე თქვენი აქცენტის გაკეთება, მაგრამ მხოლოდ სიმინდი სოფლის მეურნეობას ვერ გამოასწორებს. უნდა ვაწარმოებდეთ სხვა პროდუქტებსაც: ყველი, ხორცი, ბოსტნეული, ყურძენი. ყურძენი შემოდის სასომხეთიდან, რაც არ უნდა ხდებოდეს. საჯაროდ გთავაზობთ წინადადებას, დაფინანსების გეგმა ერთად გავიაროთ სამუშაო ვითარებაში.

4.      ლეჟავამე აუცილებლად კომენტარი უნდა გავაკეთო. ძალიან ცუდია, რომ თქვენ სიმინდს არ თვლით მნიშვნელოვნად. სიმინდს ჭამს ქათამი, ღორი. სიმინდი თუ არ იქნება, შესაბამისად, პროდუქციაც გაძვირდება.

5.      ლალიაშვილი: როდესაც ფასდება ის ვითარება, რაც დღეს არის შექმნილი სოფლის მეურნეობაში, ძირითადად სამ კრიტერიუმს ვიყენებთ. 1. ეს არის ის მდგომარეობა, რაც ქვეყანაში არსებობს; 2. ის, როგორ მუშაობს სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ვინც უშუალოდ პასუხისმგებელია დარგში სიტუაციის გამოსწორებაზე და 3. ის, რასაც შეიძლება ველოდოთ უახლოეს მომავალში. პირველ შემთხვევაზე უკვე ითქვა. თუ როგორ მუშაობს სამინისტრო, სამწუხაროდ, ვნახეთ. ეს იყო შოკისმომგვრელი ჩემთვისაც და საზოგადოებისთვისაც. რასაც შეიძლება მომავალში ველოდოთ, არის, რომ ჩვენ ვცვლით სტრატეგიას, ანუ პოლიტიკა იცვლება მთლიანად. მაინტერესებს რამდენიმე საკითხი: კერძოდ: ეს პროგრამა იყო სუბსიდია, თუ სახელმწიფო აკეთებს ამით ბიზნესს? ჩვენ თუ 30 მლნ. ლარი დავხარჯეთ ამ საქმეში, რატომ ვყიდით პროდუქციას გლეხზე 17 ლარად კილოგრამზე? მაინტერესებს, თუ 1 ჰა-ზე სიმინდის მოყვანა 2000 ლარამდე ჯდება, რა სარგებელი შეიძლება გლეხმა ამით ნახოს? რატომ არ ვამბობთ, რომ ეს ის სიმინდია, რომელიც მხოლოდ ერთჯერადი დათესვისთვის არის განკუთვნილი და მომდევნო წელს ამ თესლს ვეღარ გამოვიყენებთ?

6.      კვეზერელი: მე პირველ რიგში ვუპასუხებ ბატონი პაატას შეკიხვას: კარტოფილთან და სხვა პირველადი მოხმარების პროდუქტების მარაგთან მიმართებაში. სეზონურ პროდუქციაზე სხვა ვითარებაა. აპრილის, მაისის და ივნისის თვეებში შემოდის ახალი კარტოფილი და შესაბამისად, ფასი იცვლება. ეს ბუნებრივი პროცესია ბაზრის მოთხოვნებიდან გამომდინარე. სიმინდთან დაკავშირებით, მოგახსენებთ, რომ ჩვენ 2010 წელს დაწყებული პროგრამით 2011 წელს სათესლე მასალით უზრუნველვყობთ დარეგისტრირებულ და დაინტერესებულ ფერმერებს. ამ სიმინდს აქვს ვეგეტაციური პერიოდი 90-110 დღე და ამ სათესლე მასალის ფასს ვახდევინებთ 7 თვის თავზე. შესაბამისად, შევუმსუბუქებთ პროგრამაში მონაწილეებს პირველსაწყის ხარჯებს. გარდა ამისა, პაკეტში კერძო სექტორის შემოთავაზებები წელსვე გათვალსწინებულია. ეს არის კერძო სექტორიდან განვადებით გამოტანილი სასუქი სხვადასხვა პიროვნებებზე. ასევე სადაზღვევო კომპანიები, რომლებიც თამამად აზღვევენ გვალვას ამ კულტურებთან მიმართებაში, რადგან იციან რამდენად გვალვაგამძლეა ეს თესლი. 2012 წლისთვის შეიძლება აბსოლუტურად სხვა სახით გვქონდეს იგივე პაკეტი, შეიძლება ახალი სერვისებიც შევთავაზოთ ფერმერებს. რაც შეეხება შაქარს, ეს არის ის პროდუქტი, რომელიც გაძვირდა ძალიან სწრაფად. იანვარში 90%-ით გაძვირებულია მსოფლიო ბირჟებზე და ეს აისახა ჩვენს ბაზარზეც. დღეს ფასმა მიაღწია გარკვეულ პიკს, 2,50 ლარს აცდა ღირებულება, რაც ძალიან მაღალია შაქრისთვის. დამამშვიდებელი პროგნოზი ამ კუთხით ჯერ ვერ კეთდება. ასევე, ვუპასუხებ ბატონ ჯონდის სასურსათო უსაფრთხოებასთან მიმართებაში. ჩვენთვის, როგორც მთავრობისთვის, სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის, მხოლოდ ადგილობრივი პროდუქციის წარმოება არ არის. ეს არის ზრუნვა პროდუქციის არსებობაზე და პირველადი მოხმარების პროდუქტების მიწოდებაზე ჩვენი მომხმარებლისთვის. სასურსათო უსაფრთხოება ბევრად უფრო გლობალურ ჭრილში დგას ნებისმიერი ქვეყნის მთავრობის წინაშე. რაც შეეხება ყურძენს, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ბოლო 2 წლის განმავლობაში არც ერთი მეზობელი, თუ სხვა ქვეყნიდან ყურძენი არ შემოსულა საქართველოში, რადგან ჩვენი შესანახი მეურნეობები ვითარდება. ამიტომ პროდუქცია საკმარისი რაოდენობით გვაქვს და თან დაბალ ფასში.  

7.      ;. ლეჟავა: ერთი კითხვა მაქვს: წერილობით მოგმართეთ სოფლის მეურნეობის სამინისტროს და ვითხოვე 2010 წელს დახნული მიწის ფართობების შესახებ ინფორმაციის მოწოდება კონკრეტული რაიონების ან გუბერნიების მიხედვით. სოფლის მეურნეობის სამინისტროდან მოვიდა შუალედური წერილი, საიდანაც ჩანს, რომ ინფორმაციის მოსაპოვებლად სამინისტრომ გადააგზავნა წერილი სტატისტიკის დეპარტამენტში, ხოლო მეორე წერილი გააგზავნა ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებულ შპს «მექანიზატორში». სოფლის მეურნეობის სამინისტროს აღნიშნული ინფორმაცია არ აქვს?

8.      კვეზერელი: ოფიციალურ სახელმწიფო სტატისტიკაზე პასუხისმგებელი ორგანო არის სახელმწიფო სტატისტიკის დეპარტამენტი. შესაბამისად, ყველა ოფიციალურ მონაცემებს, მათ შორის დამუშავებული ფართობების, მოსავლიანობის და ა.შ - ის ფლობს. ჩვენ ვეყრდნობით აღნიშნული დეპარტამენტის ინფორმაციას. თქვენს მიერ ხსენებული 2010 წლის მონაცემები ჯერ არც ჩვენი სამინისტროსთვის მოუწოდებიათ. როდესაც გვექნება, ამის თაობაზე გაცნობებთ. 

          გადაწყვიტეს:

კომიტეტმა ცნობად მიიღო ინფორმაცია - ქვეყანაში სასურსათო პროდუქტების ფასებთან დაკავშირებით შექმნილი მდგომარეობის შესახებ. 

       სხდომის თავმჯდომარე:                        გეგენავა

      სხდომის მდივანი:                              ქიტიაშვილი

 
modules