| ოქმი #6 |
|
აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომის
ოქმი #6 2011 წლის 31 მარტი
სხდომის თავმჯდომარე: არჩილ გეგენავა (კომიტეტის თავმჯდომარე) სხდომას ესწრებოდნენ: კომიტეტის წევრები: არჩილ გეგენავა – კომიტეტის თავმჯდომარე, ნ. აბულაშვილი, გ. კაკალაშვილი, რ. კემულარია, ა. ლეკაშვილი, ზ. მადურაშვილი, რ. მარსაგიშვილი, ა. სტურუა, რ. ფიფია, ნ. ჯანაშია.
სხდომას საპატიო მიზეზით არ ესწრებოდნენ:: პ. ლეჟავა – კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გ. გოგუაძე – კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ზ. გულიკაშვილი, თ. დიასამიძე, რ. თედორაძე, კ. კუკულავა, ნ. ლალიაშვილი, ი. შამილოვი, ე. ჯალაღონია.
აპარატის თანამშრომლები: ი. ახალბედაშვილი - აპარატის უფროსი, რ. ქუთათელაძე, ი. ლომთაძე, ს. უროტაძე, ი. ქიტიაშვილი. მოწვეული სტუმრები: პ. პეტრიაშვილი – საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე, გ. იმნაძე – საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ე. კვერნაძე – საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის, თვითმმართველობის და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების და რეგიონული პოლიტიკის, თვითმმართველობის და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტების წევრები და აპარატის თანამშრომლები.
დღის წესრიგი:
(მომხსენებელი: კახა ბაინდურაშვილი – საქართველოს ფინანსთა მინისტრი.)
I. მოისმინეს:
პ. პეტრიაშვილის ინფორმაცია «საქართველოს 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე» და მისგან გამომდინარე საქართველოს კანონის პროექტი - «სახელმწიფო ვალის შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე». მან აღნიშნა, რომ კანონპროექტის მიღების მიზეზია «საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის» მე-40 მუხლის მოთხოვნების შესრულება, მაკროეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნება და პრეზიდენტის მიერ გაცხადებული პენსიების ზრდისთვის საჭირო ფინანსური რესურსის ბიუჯეტში ასახვა. 2011 წლის რეალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზი შეადგენდა 4,5%-ს, ხოლო სამომხმარებლო ფასების ინდექსის – 7%. სწორედ ეს პროგნოზები დაედო საფუძვლად 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტს. განახლებული მაკროეკონომიკური პროგნოზების გათვალისწინებით გადაანგარიშებულ იქნა სახელმწიფო ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები და წარმოდგენილი პროექტის მიხედვით გადასახადების სახით მობილიზებული სახსრები სახელმწიფო ბიუჯეტში იზრდება 350,0 მლნ. ლარით. დამატებით მიღებული შემოსავლებიდან ნაწილი თანხები გადანაწილებულია ასაკით პენსიონერებისა და I ჯგუფის ინვალიდი პენსიონერების მინიმალური პენსიის 100 ლარამდე გაზრდისა და სხვადასხვა პრიორიტეტული სფეროების დამატებით დაფინანსებისათვის, ხოლო ნაწილი თანხები (233,9 მლნ. ლარი) აკუმულირდება სახელმწიფო ხაზინის დეპოზიტებზე. სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლები იზრდება 348 843,0 ათასი ლარით. დაზუსტებას განიცდის გრანტების საპროგნოზო მაჩვენებელი და განისაზღვრება 354 657,9 ათასი ლარით. წარმოდგენილი პროექტის მიხედვით სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელები იზრდება 230 185,4 ათასი ლარით, რაც ძირითადად მიიმართება შემდეგი ღონისძიებების დასაფინანსებლად: საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ასიგნებები იზრდება 86 096,8 ათასი ლარით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ასიგნებები იზრდება 15 000,0 ათასი ლარით, რეგიონებში სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამისათვის დამატებით გამოიყოფა 9 000 ათასი ლარი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ასიგნებები იზრდება 10 996,5 ათასი ლარით, კაპიტალური პროექტების დაფინანსების მიზნით შპს «საქართველოს რკინიგზის» კაპიტალის გაზრდისათვის საწარმოთა მართვის სააგენტოს ბიუჯეტი იზრდება 20 000,0 ათასი ლარით, ქვეყნის სხვადასხვა რეგიონებში ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსების მიზნით 48 000,0 ათასი ლარით იზრდება საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდი, საიდანაც დამატებითი დაფინანსება გამოიყოფა, როგორც იმ კაპიტალურ პროექტებზე, რომელიც უკვე მიმდინარეობს, ასევე, ისეთ ახალ პროექტებზე, როგორიცაა ასპინძასა და ნიქოზში სამელიორაციო სისტემების რეაბილიტაცია, მუნიციპალური გზების, წყლის სისტემების მოწყობა და ა.შ. ახალი საგარეო ფასიანი ქაღალდების გამოშვებიდან გამომდინარე 25 125,0 ათასი ლარით იზრდება სახელმწიფო საგარეო ვალების მომსახურებისათვის გათვალისწინებული ასიგნებები. გადაწყვიტეს:
კომიტეტმა მხარი დაუჭირა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ საქართველოს კანონის პროექტს - «საქართველოს2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე» და მისგან გამომდინარე საქართველოს კანონის პროექტს - «სახელმწიფო ვალის შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე» და მიზანშეწონილად ჩათვალა მათი გატანა პარლამენტის სხდომაზეგანსახილველად. სხდომის თავმჯდომარე: ა. გეგენავა სხდომის მდივანი: ი. ქიტიაშვილი |






