ოქმი #5

აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომის

 

ოქმი #5

2011 წლის 22 მარტი

 

  

სხდომის თავმჯდომარე:          არჩილ გეგენავა     (კომიტეტის თავმჯდომარე)

სხდომას ესწრებოდნენ:

კომიტეტის წევრები: არჩილ გეგენავა – კომიტეტის თავმჯდომარე, ნ. აბულაშვილი, ზ. გულიკაშვილი, გ. კაკალაშვილი, რ. კემულარია, კ. კუკულავა, ა. ლეკაშვილი, ზ. მადურაშვილი, ა. სტურუა, რ. ფიფია, ე. ჯალაღონია. ნ. ჯანაშია.

 

სხდომას საპატიო მიზეზით არ ესწრებოდნენ:: პ. ლეჟავა – კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გ. გოგუაძე – კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, თ. დიასამიძე, რ. თედორაძე, ნ. ლალიაშვილი, რ. მარსაგიშვილი, ი. შამილოვი.

 

აპარატის თანამშრომლები: ი. ახალბედაშვილი - აპარატის უფროსი, რ. ქუთათელაძე, ნ. ნოზაძე, ი. ლომთაძე, ს. უროტაძე, ი. ქველაძე, ი. ქიტიაშვილი.

მოწვეული სტუმრები: ლ. ჭოლაძე – საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე, ლ. თორდია – საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, თ. სვანიძე – ჩაის მწარმოებელთა ასოციაციის პრეზიდენტი, ა. გიქოშვილი – საქართველოს პარლამენტის იურიდიული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი.

 

დღის წესრიგი:

 

1.       საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი (¹1/58; 04.03.2011) -  «ვაზისა და ღვინისშესახებ» საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე» (07-2/290; 04.03.11).

(მომხსენებელი: ლევან ჭოლაძე – საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე).

2.      საქართველოს პარლამენტის წევრებისთორდიასალავიძისა და თაქთაქიშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოსკანონის პროექტები: «ქონების ლეგალიზების შესახებ» საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე» და «საჯარო რეესტრის შესახებ» საქართველოს კანონშიდამატების შეტანის თაობაზე» - III მოსმენა.

(მომხსენებელი: ლაშა თორდია – საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე).

3.      ინფორმაცია - «მეჩაიეობის დარგში არსებული მდგომარეობისა და განვითარების პერსპექტივების შესახებ».

(მომხსენებელი: თენგიზ სვანიძე – ჩაის მწარმოებელთა ასოციაციის პრეზიდენტი).

I.                   მოისმინეს:

 

თორდიას ინფორმაცია «ქონების ლეგალიზების შესახებ» საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე». მან აღნიშნა, რომ კანონპროექტის მიღების მიზეზია, უძრავი ქონების ბაზრის განვითარების ხელშეწყობა, საკუთრების უფლების დაცვის დამატებითი გარანტიების შექმნა. აღნიშნული ცვლილებებით 2012 წლის 1 აპრილამდე სპეციალური წესით ხორციელდება გარკვეული კატეგორიის უძრავი ნივთების ლეგალიზაცია. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების (აგრეთვე ყოფილი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებისა, რომელთაც ამ კანონის ძალაში შესვლის მომენტისათვის შეცვლილი აქვთ მიზნობრივი დანიშნულება) ლეგალიზების საფუძველია 2007 წლის 1 იანვრამდე კანონდარღვევით შედგენილი მიწის რეფორმის კომისიის მიერ გაცემული მიღება-ჩაბარების აქტი.

ლეგალიზების განმახორციელებელ ორგანოს წარმოადგენს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო.

გადაწყვიტეს: (ერთხმად)

 

კომიტეტმა მხარი დაუჭირა საქართველოს პარლამენტის წევრებისთორდიასალავიძისა და თაქთაქიშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესითწარმოდგენილ საქართველოს კანონის პროექტებს: «ქონების ლეგალიზების შესახებ» საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე» და «საჯარო რეესტრისშესახებ» საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე» და მიზანშეწონილად ჩათვალა მათი გატანა პარლამენტის სხდომაზე მესამე მოსმენითგანსახილველად.

II.    მოისმინეს:

 

ჭოლაძის ინფორმაცია საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტის -  «ვაზისა და ღვინის შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე». მან აღნიშნა, რომ აღნიშნული პროექტის შემუშავება განპირობებულია იმ გარემოებით, რომ ჰოლოგრამების გამოყენების პროცესში გამოიკვეთა გარკვეული უარყოფითი ტენდენციები, რომლებიც ნეგატიურად აისახა ქართული ღვინის ექსპორტზე, კერძოდ, ღვინის მწარმოებლებისა და ექსპორტიორების ინფორმაციით, ჰოლოგრამების შემოღებამ განაპირობა არაჰოლოგრამიანი (მაგრამ ხარისხიანი) პროდუქციის რეალიზაციის შეფერხება, ვინაიდან მომხმარებლის მიერ უპირატესობა მიენიჭა მხოლოდ ჰოლოგრამიან პროდუქციას. აღნიშნულმა, შესაძლებელია, რეალური პრობლემა შეუქმნას ქართული ღვინის ექსპორტს. ამიტომ წარმოდგენილი ცვლილებების მიზანია ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიებისათვის საერთაშორისო ბაზარზე თანაბარი პირობების შექმნა და ქართული ღვინის ექსპორტის ხელშეწყობა. Kპროექტის თანახმად ამოღებულ იქნა «ვაზისა და ღვინის შესახებ» საქართველოს კანონის 31-ე მუხლის მე-5 პუნქტი, რის საფუძველზეც გაუქმდება «სამტრესტთან» შექმნილი მუდმივმოქმედი სადეგუსტაციო კომისიის მიერ ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოების დადებითად შეფასებისას პროდუქციის ეტიკეტზე «სამტრესტის» მიერ სპეციალური ჰოლოგრამის (აღნიშვნით «მოწონებულია») დატანის სავალდებულოობა.

 

გადაწყვიტეს: (ერთხმად)

 

კომიტეტმა მხარი დაუჭირა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ საქართველოს კანონის პროექტს -  «ვაზისა დაღვინის შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე» და მიზანშეწონილად ჩათვალა მისი გატანა პარლამენტის სხდომაზე პირველი მოსმენითგანსახილველად.

(აღნიშნული კანონპროექტი ოქმს თან ერთვის).

 

III. მოისმინეს:

სვანიძის ინფორმაცია «მეჩაიეობის დარგში არსებული მდგომარეობისა და განვითარების პერსპექტივების შესახებ». მან აღნიშნა, რომ ბოლო წლებში საქართველოში არასრული სიმძლავრით მუშაობს 15-მდე ჩაის ფაბრიკა და ყოველწლიურად იწარმოება სხვადასხვა ასორტიმენტის, დაახლოებით 4 ათას ტონამდე ჩაის პროდუქცია, რომელიც ძირითადად ექსპორტზე გადის. დარგის პოტენციალი, როგორც წარმოების, ისე ექსპორტის თვალსაზრისით, გაცილებით დიდია. დღეისათვის არსებული ჩაის პლანტაციებისა და გადამამუშავებელი სიმძლავრეების გათვალისწინებით, შესაძლებელია მინიმუმ 80 ათასი ტონა ფოთლისა და 20 ათასი ტონა ჩაის პროდუქციის წარმოება – რეალიზაცია (ექსპორტი). Aმის მისაღწევად საჭიროა გარკვეული ძალისხმევა, როგორც ხელისუფლების, ისე დარგში დასაქმებული ინვესტორების მხრიდან. ბოლო წლებში ხელისუფლებისა და ჩაის მწარმოებელთა ასოციაციის მიერ განხორციელებული ღონისძიებების შედეგად, ქვეყნის შიგნით გაიზარდა ქართული ჩაისადმი ინტერესი, რამაც შიდა ბაზარზე მისი ხვედრითი წილის გაზრდა გამოიწვია (2004 წელს 5%-დან, 2010 წელს 12%-მდე), რამაც თავის მხრივ ახალი ქართული ჩაის ბრენდების შექმნას («გურიელი», «სამაია», «თერნალი ჩაი», «მაისის ჩაი» და სხვ.) შეუწყო ხელი. აუცილებელია ამ ტენდენციის შენარჩუნება. ქართულ ჩაის აქვს შესაძლებლობა 2-3 წელიწადში შიდა ბაზარზე დაიკავოს 30-35% და თანდათანობით ჩაანაცვლოს საეჭვო ხარისხის იმპორტირებული ჩაი. მეჩაიეობა არის სოფლის მეურნეობის ერთ-ერთი წამყვანი დარგი და მასაც ეკუთვნის სახელმწიფოს მხრიდან, სოფლის მეურნეობის დასახმარებლად გამოყოფილი სახსრებიდან თავისი კუთვნილი წილი; შიდა ბაზრის თანდათანობით ათვისების საქმეში ძალზედ მნიშვნელოვანია ქართული ჩაის პოპულარიზაცია. ამისათვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ღონისძიებად გვესახება თბილისში ე.წ. ქართული ჩაის სახლის გახსნა. ამ და დარგისათვის სხვა საჭირო ღონისძიებების დაგეგმვისათვის აუცილებელია, სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგიის შემმუშავებელ კომისიაში, რომლის შექმნის გადაწყვეტილებაცაა მიღებული, შეყვანილ იქნას ჩაის დარგის ერთი სპეციალისტი მაინც.

აზრი გამოთქვეს:

 

1.       გეგენავა: თქვენ ბრძანეთ, რომ არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, შესაძლებელია 20 ათასი ტონა ჩაის პროდუქციის წარმოება. ამ ნამატის რეალიზაცია სად მოხდება, ადგილობრივ ბაზარზე თუ ექსპორტზე გავა? როგორ მოხდება შიდა ბაზრის ჩანაცვლება?

2.      სვანიძე:  საექსპორტო პოტენციალი ქართულ ჩაის აქვს. მინდა გითხრათ, რომ ჩაიზე მოთხოვნილება იზრდება. ძირითადად იზრდება მწვანე ჩაის მოხმარება, რომლის პოპულარიზაცია ხდება მთელს მსოფლიოში. რაც შეეხება შავ ჩაის, მას ძლიერი კონკურენტი ყავს ინდური ჩაის სახით. აფრიკაშიც დაიწყეს მისი წარმოება. ჩვენ მათ კონკურენციას ვერ გავუწევთ. მწვანე ჩაისთან დაკავშირებით გეტყვით, რომ შეგვიძლია კონკურენცია გავუწიოთ მსოფლიოს ნებისმიერ ჩაის მწარმოებელს ქვეყანას, მათ შორის ჩინეთსაც. ჩვენი, ქართული მწვანე ჩაი ცნობილია მსოფლიოში, 90-წლების ბოლომდე ვყიდდით მას იაპონიაში, ალჟირში,  ტუნისში  და  მაროკოში.   ჩვენ შეგვიძლია  მხოლოდ ამ ჩაით მივაღწიოთ გარკვეულ შედეგებს. ამისათვის აუცილებელია ქართული ჩაის პოპულარიზაცია, სარეკლამო ხასიათის ღონისძიებების ჩატარება. ვაწყობთ ჩაის ფესტივალებს. ასეთმა ნაბიჯებმა გამოიწვია, ის, რომ საქართველოში ბოლო დროს გამოჩნდა რამოდენიმე ახალი ბრენდი, მაგალითად: «გურიელი», «სამაია», «მაისის ჩაი» და სხვა. ჩვენ გვაქვს პოტენციალი, რომ 2-3 წელიწადში ქართული ჩაის შიდა მოხმარება ავწიოთ 35%-მდე და ასე თანდათანობით დავიკავოთ მთელი ბაზარი. ერთი შენიშვნაც, გასულ წელს რამოდენიმე ბიზნეს-ფორუმი ჩატარდა სხვადასხვა ქვეყნებთან ერთად. 28-ში იგეგმება საქართველო-ინდოეთის ბიზნეს-ფორუმი. როდესაც სოფლის მეურნეობის სამინისტრო ასეთ ღონისძიებებზე დარგის პრეზენტაციას აკეთებს, ჩემი თხოვნა იქნება, მასში ქართული ჩაიც ფიგურირებდეს და ეს სფეროც გაითვალისწინონ. (თუმცა, ჩვენ ვთხოვეთ ორგანიზატორებს და შესაძლოა გაითვალისწინეს. ეს გამოჩნდება საქართველო-ინდოეთის ბიზნეს-ფორუმზე).

3.      გეგენავა: ვთხოვოთ სოფლის მეურნეობის სამინისტროს საქართველო-ინდოეთის ბიზნეს-ფორუმის პრეზენტაციაზე გათვალისწინებული იყოს მეჩაიეობის დარგი სოფლის მეურნეობის სხვა დარგებთან ერთად.

4.      სვანიძე: კიდევ ერთი საკითხი: ჩვენ აგრარულ საკითხთა კომიტეტს წერილით მოგმართეთ, ჩაის ფაბრიკებზე გადაცემული და შემდეგ სახელშეკრულებო პირობების დარღვევისათვის ჩამორთმეული ქონების შემდგომი განკარგვის საკითხებთან დაკავშირებით. ასეთი ჩამორთმეული ქონება არის ზესტაფონში. ერთ-ერთმა ფირმამ დამფასოებელი ავტომატის შეძენის სურვილი გამოთქვა. ბიზნეს-გეგმა გაკეთდა, მეწარმეს ქონდა საინვესტიციო პროგრამა და იხდიდა გარკვეულ თანხას პირდაპირი მიყიდვის წესით. საბოლოოდ კი უარი ეთქვა.

5.      გეგენავა: ინვესტორი აუქციონით შევიდეს. თუ პირდაპირი წესით მიყიდვა არ იქნება, მაშინ აუქციონი ჩატარდეს. დიდი ხანია ამაზე გვაქვს საუბარი, თუ ვინმეს რამის გაკეთება უნდა, აქტივები თუ არსებობს, უმოქმედოდაა, იჟანგება და გარკვეული დროის შემდეგ გამოუსადეგარი გახდება, გავიდეს ეს ქონება აუქციონზე. ჩვენ მოგეხმარებით ყველაფერში. არა მგონია, პრობლემა იყოს ამასთან დაკავშირებით.

6.      თორდია: თქვენ ახსენეთ, რომ საქართველოში უხარისხო ჩაი შემოდის, ხოლო ჩვენი, ქართული ჩაი იყრება. ასევე ახსენეთ, რომ შავ ჩაისთან დაკავშირებით ინდურ ჩაის ქართული კონკურენციას ვერ უწევს. ჩვენს ბაზარზე რეალურად რა ხდება? ხარისხიანი ინდური შავი ჩაი შემოდის და  ქართული შავი ჩაი ვერ უწევს კონკურენციას, თუ დაბალხარისხიანი პროდუქცია შემოაქვთ უცხოეთიდან? ამ უკანასკნელ შემთხვევაში, სურსათის უვნებლობასთან გვაქვს საქმე. უნდა შევამოწმოთ, რატომ შემოდის საღებავიანი თუ სხვა სახის უხარისხო ჩაი.

7.      სვანიძე: ქართულ და ინდურ ჩაის შორის განსხვავება ისეთივეა, როგორც მაგალითად, კახურსა და დასავლეთის ღვინოებს შორის. ინდური არის უფრო მაღალი ხარისხის, რამდენადაც თვითონ კლიმატური პირობები ინდოეთში იძლევა იმის საშუალებას, რომ ფოთოლში დაგროვდეს მეტი ნივთიერება, რომელიც გადადის ჩაიში და შესაბამისად, უკეთესი ხარისხისაა. ტექნოლოგიის სრული ციკლით ინდური და ქართული ჩაი ერთნაირად რომ გადამუშავდეს, ინდური მაინც მაღალი ხარისხის იქნება თავისი შემცველობით. ჩვენ გვსურს სამართლიანი კონკურენცია. თუ საქართველოში შემოვა ის ინდური ჩაი, რომელიც მართლა კარგი ხარისხისაა, რა თქმა უნდა, ამ თვალისაზრისით ქართული ჩაი კონკურენციას ვერ გაუწევს, მაგრამ ქართულ ჩაის ყავს თავისი მომხმარებელი. რაც შეეხება ქვეყანაში შემოტანილ პროდუქციას, ის ინდური იქნება თუ ჩინური, ქართულ ბაზარზე ხვდება დაგვიანებით. ამ პერიოდში ჩაი თავის ძირითად თვისებებს კარგავს. უარეს შემთხვევაში, შემოდის 3-4 წლის ინდური ჩაი, რომელსაც თითქმის ყველა სასარგებლო თვისება დაკარგული აქვს. ამიტომ მასში შეაქვთ სინთეზური საღებავები («ქოლერი»), რათა ინტენსიური ნაყენი მივიღოთ ჭიქაში ჩაშვების შემდეგ. ეს არასამართლიან კონკურენციაში აყენებს ჩვენს ჩაის, რომელიც არის ნატურალური, ყოველგვარი საღებავების გარეშე. მე არ ვარ წინააღმდეგი გამოყენებული იყოს «კოლერი», რომელიც არ არის ჯანმრთელობისთვის საზიანო, მაგრამ ეს არის მომხმარებლის მოტყუება. მაშინ უნდა დაიწეროს ეტიკეტზე, რომ ეს არის ჩაი საღებავით და შემდეგ მომხმარებელმა აარჩიოს, ასეთ ჩაის დალევს თუ ნატურალურს.

 

გადაწყვიტეს:

კომიტეტმა ცნობად მიიღო ინფორმაცია - «მეჩაიეობის დარგში არსებული მდგომარეობისა და განვითარების პერსპექტივების შესახებ».

/ინფორმაცია - «მეჩაიეობის დარგში არსებული მდგომარეობისა და განვითარების პერსპექტივების შესახებ» - ოქმს თან ერთვის/.

     სხდომის თავმჯდომარე:                        გეგენავა

     სხდომის მდივანი:                              ქიტიაშვილი