| ოქმი #8 |
|
აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომის
ოქმი #8 2011 წლის 19 აპრილი
სხდომის თავმჯდომარე: არჩილ გეგენავა (კომიტეტის თავმჯდომარე)
სხდომას ესწრებოდნენ: კომიტეტის წევრები: არჩილ გეგენავა – კომიტეტის თავმჯდომარე, გ. კაკალაშვილი, რ. კემულარია, კ. კუკულავა, ა. ლეკაშვილი, ზ. მადურაშვილი, რ. მარსაგიშვილი, ა. სტურუა, რ. ფიფია, ი. შამილოვი, ე. ჯალაღონია, ნ. ჯანაშია.
სხდომას საპატიო მიზეზით არ ესწრებოდნენ:: პ. ლეჟავა – კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გ. გოგუაძე – კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ნ. აბულაშვილი, ზ. გულიკაშვილი, თ. დიასამიძე, რ. თედორაძე, ნ. ლალიაშვილი.
აპარატის თანამშრომლები: ი. ახალბედაშვილი - აპარატის უფროსი, რ. ქუთათელაძე, ი. ლომთაძე, ნ. ნოზაძე, ს. სვანიძე, ს. უროტაძე, ი. ქველაძე, ი. ქიტიაშვილი. მოწვეული სტუმრები: ლ. ჭოლაძე – საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე, ი. ღვალაძე – საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - «საქპატენტი»-ს თავმჯდომარე, ე. ქემაშვილი, გ. ქურდიანი - «საქპატენტი»-ს წარმომადგენლები, ვ. მანაგაძე – დეპარტამენტ - «სამტრესტი»-ს თავმჯდომარე, ა. გიქოშვილი – საქართველოს პარლამენტის იურიდიული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი.
დღის წესრიგი:
1. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი - «ვაზისა და ღვინის შესახებ» საქართველოსკანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე» - III მოსმენა. (მომხსენებელი: ლევან ჭოლაძე – საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე).
2. ინფორმაცია - «ქართული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოების დაცვის შესახებ». (მომხსენებელი: ირაკლი ღვალაძე – საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - «საქპატენტი»-ს თავმჯდომარე). I. მოისმინეს:
ლ. ჭოლაძის ინფორმაცია საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტის - «ვაზისა და ღვინის შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე», რომელიც მესამე მოსმენით წარმოადგინა. მან აღნიშნა, რომ პროექტის მიხედვით გაუქმდება «სამტრესთან» შექმნილი მუდმივმოქმედი სადეგუსტაციო კომისიის მიერ ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოების დადებითად შეფასებისას პროდუქციის ეტიკეტზე «სამტრესტის» მიერ სპეციალური ჰოლოგრამის (აღნიშვნით «მოწონებულია») დატანის სავალდებულოობა და ასევე, გაუქმდება შიდა ბაზარზე გასატანი ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოების დეგუსტაციის სავალდებულოობა. დეგუსტაცია სავალდებულო იქნება მხოლოდ ექსპორტზე გასატანი ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოების შესაბამისობის სერტიფიკატის გასაცემად.
გადაწყვიტეს:
კომიტეტმა მხარი დაუჭირა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ საქართველოს კანონის პროექტს - «ვაზისა დაღვინის შესახებ» საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე» და მიზანშეწონილად ჩათვალა მისი გატანა პარლამენტის სხდომაზე მესამე მოსმენითგანსახილველად. (აღნიშნული კანონპროექტი ოქმს თან ერთვის).
II. მოისმინეს:
ი. ღვალაძის ინფორმაცია «ქართული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოების დაცვის შესახებ». მან აღნიშნა, რომ ამასთან დაკავშირებით საკმაოდ ინტენსიურ სამუშაოს ახორციელებს, როგორც «საქპატენტი», ისე სოფლის მეურნეობის სამინისტრო. შარშან ხელი მოეწერა შეთანხმებას ევროკავშირთან, რომლის მიხედვით ჩვენი ადგილწარმოშობის 18 დასახელების ღვინის დაცვა უნდა მოხდეს ევროკავშირის ქვეყნებში. გარდა ამისა, ჩვენ უნდა დავიცვათ მათი პროდუქცია საქართველოს ტერიტორიაზე. თავიდანვე დათქმული იყო, რომ 18 დასახელება ჩვენი მხრიდან არ არის ამომწურავი ნუსხა და მის სრულყოფაზე კიდევ გაგრძელდება მუშაობა. უკვე გვაქვს ჩამონათვალი, რომელიც უახლოეს პერიოდში დაემატება და ეს რაოდენობა საბოლოო ჯამში 80-მდე გაიზრდება. დაახლოებით ერთ თვეში ევროკავშირთან დადებული შეთანხმება რატიფიკაციისთვის პარლამენტში შემოვა. შესაბამისად, ძალაში შესვლის შემდეგ გავრცელდება, როგორც ევროკავშირის ტერიტორიაზე, ასევე საქართველოშიც. თუმცა არის საკითხები, რომლებიც დაკავშირებულია იგივე ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოების რეგისტრაციასთან ამერიკის შეერთებულ შტატებში. იცით, რომ იქ განსხვავებული კანონმდებლობაა, კერძოდ, ადგილწარმოშობის დასახელების ცნობა არ ხდება, ხდება სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია. მთავრობის დადგენილებით, რომელსაც დაევალა განახორციელოს 18 დასახელების ქართული ღვინის რეგისტრაცია აშშ-ში, 16 დასახელებასთან არანაირი პრობლემა არ არის, გასარკვევია მხოლოდ 2 - «ხვანჭკარა» და «ქინძმარაული». «ხვანჭკარა» 2006 წლიდან დარეგისტრირებულია. კომპანია «დოზორცევი», 1999 წლიდან ახორციელებს ქართული ღვინის დისტრიბუციას და მოახდინა ბრენდის დასაკუთრება. მას მითვისებული ქონდა ასევე ბრენდი «ქინძმარაულიც», მაგრამ იმის გამო, რომ გარკვეული პროცედურები არ დაიცვეს, ეს ბრენდი მათ მფლობელობაში აღარ არის. შესაბამისად, რჩება «ხვანჭკარასთან» დაკავშირებული პრობლემა. ჩვენს მიერ დაქირავებულმა ამერიკულმა კომპანიამ შეიტანა ჩვენი განაცხადი ქართულ ღვინოსთან დაკავშირებით. პარალელურად მიმდინარეობს «დოზორცევთან» მოლაპარაკებაც, რომ დათმოს ბრენდი - «ხვანჭკარა», იმის სანაცვლოდ, რომ ჩვენ მივცემთ გამოყენების უფლებას. თუ ეს მოლაპარაკებები კონკრეტული შედეგით არ დამთავრდება, შემდეგ იძულებული ვიქნებით, მივმართოთ ე.წ. პეტიციის წესს. ზოგადად მინდა გითხრათ, რომ ადგილწარმოშობის დასახელების ღვინის დაცვა ქვეყნის შიგნით გარკვეულ რეგულაციებთან არის დაკავშირებული. კანონის მიხედვით ადგილწარმოშობის დასახელების ღვინის ჩამოსხმის უფლება აქვთ მხოლოდ გარკვეული სახის კომპანიებს, რომელთაც შესაბამისი დოკუმენტაცია უნდა გააჩნდეთ, რომლის საფუძველზე ხდება რეესტრში ამ კომპანიების შეტანა. რეესტრის წარმოება ჩვენ წელს დავიწყეთ და დაახლოებით 12 კომპანიია შესული. ამ მონაცემებს სრულად ფლობს დეპარტამენტი - «სამტრესტი». პარალელურად გრძელდება ევროკავშირის ქვეყნებში მონიტორინგი. დარღვევის კონკრეტული ფაქტები ბევრია. როდესაც ვიმყოფებოდი ლიტვაში, სუპერმარკეტების ქსელში, ბულგარული ღვინოების განყოფილებში, იყიდებოდა ქართული «ქინძმარაული» და «ხვანჭკარა». ორივე ნიმუში წამოვიღე. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ვთხოვე და ავიღეთ სინჯები. საერთოდ არ შეესაბამება ნამდვილ ქართულ «ქინძმარაულს» და «ხვანჭკარას», თუმცა, საწამლავიც არ არის. რამოდენიმე ნიუანსია საინტერესო, პირველ რიგში ის, რომ ბოთლს ქონდა ქართული წარწერა, მოთავსებული იყო ბულგარული ღვინოების განყოფილებაში, თავზე ქონდა ესპანური, უკანა მხარეს - ესტონური წარწერები, მწარმოებელი ვინ არის, ამის დადგენა შეუძლებელია ეტიკეტიდან გამომდინარე. გარდა ამისა მნიშვნელოვანია, ის მომენტი, რომ ნამდვილ ქართულ «ხვანჭკარა» და «ქინძმარაულთან» შედარებით 3-ჯერ იაფი ღირს, დაახლოებით 2 ევროა მისი ფასი. ამ ფაქტზე მალე ყველა დოკუმენტაცია მომზადებული იქნება და შემდგომი რეაგირებისთვის გადაიგზავნება დანიშნულებისამებრ, რომ მოხდეს ბალტიისპირეთში პროდუქციის ამოღება. ბოლო პერიოდში საინტერესო ტენდენციებია რუსეთშიც. რამოდენიმე კომპანიამ (ყიზლარის მეღვინეობის კომბინატმა, რომელიც ყოველთვის სპირტიან სასმელებზე იყო ორიენტირებული) გადაწყვიტა, ქართული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოების რეგისტრაცია მოახდინოს «როსპატენტში». ოფიციალურად განაცხადიც გააკეთეს. ჩვენ მივმართეთ «როსპატენტს», შესაბამისი დეტალური ინფორმაცია გავუგზავნეთ, რომ ეს ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოებია და რეგისტრაცია რუსული კანონმდებლობითაც არ შეიძლება. ჯერ მათგან პასუხი არ მიგვიღია. გარდა ამისა, მთავრობის დადგენილებაში გარკვეული ცვლილებები შეგვაქვს, რომლის თანახმად, ყველა შემთხვევაში ადგილწარმოშობის დასახელებები იქნება სახელმწიფოსი. მფლობელი გამოვა სოფლის მეურნეობის სამინისტრო, დარეგისტრირდება «საქპატენტში» და გავრცელება მოხდება ევროკავშირის ტერიტორიაზე დადებული შეთანხმებიდან გამომდინარე. დღემდე სამართლებრივი ბაზა არ გაგვაჩნდა, სრულყოფილად რომ გვედავა ასეთ საკითხებთან მიმართებაში. ევროკავშირთან დადებული, ფაქტიურად პარაფირებული, შეთანხმების რატიფიკაციის შემდეგ შეგვეძლება აქტიურად ვიდავოთ და განვახორციელოთ ღონისძიებები მსგავს ფაქტებთან დაკავშირებით. აზრი გამოთქვეს: 1. ა. სტურუა: მაინტერესებს, თქვენს მიერ აღნიშნული პრობლემა, რომელიც ეხება ქართული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოების დაცვას, მხოლოდ ბალტიისპირეთის ქვეყნებში და რუსეთში დაფიქსირდა, თუ ევროპაშიც ანალოგიური სიტუაციაა? 2. კ. კუკულავა: პირველ რიგში, დიდი მადლობა იმ ღონისძიებებისათვის, რასაც თქვენ ახორციელებთ ქართული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოებთან დაკავშირებით. მინდა გკითხოთ, გარდა ბალტიისპირეთისა და აშშ-სი, რა მდგომარეობაა აღმოსავლეთევროპის, ასევე პოსტკომუნისტურ ქვეყნებში? გარდა «ხვანჭკარასი», ხომ არ გაქვთ მსგავსი ინფორმაცია სხვა სახის ღვინოებთან მიმართებაში? 3. ი. ღვალაძე: ძირითადად ეს ხდება აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში, სადაც საბჭოთა კავშირის დროიდან პოპულარული იყო ქართული ღვინო. ყველაზე გაყალბებადი და ცნობილი ამ მხრივ მაინც «ხვანჭკარა» და «ქინძმარაულია», თუმცა, სხვა შემთხვევებიც გვქონია. რაც შეეხება, ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიას, უკრაინა, ბელორუსია და ბალტიისპირეთი, როგორც ვიცი, მესამე ადგილზეა ქართული ღვინის გაყიდვების მხრივ. უკრაინაშიც იყო დაფიქსირებული რამოდენიმე ფალსიფიკაცია. ჩვენ აქამდე არ გვქონდა სამართლებრივი მექანიზმები, რომ ამაზე რეაგირება მოგვეხდინა. მას მერე, რაც შეთანხმება პარაფირებულია, ისინი დაიცავენ მის მოთხოვნებს და რეაგირებისთვის ჩვენი მიმართვის შესაბამისად, შეეძლებათ, კონკრეტული ღონისძიებები გაატარონ.
4. ა. გეგენავა: ჩვენ ყოველთვის მზად ვართ ნებისმიერი ფორმით, მათ შორის საკანონმდებლო კუთხით, თქვენთან ერთად ვიმუშავოთ და თუ რაიმე ინიციატივები გექნებათ აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით, წარმოგვიდგინეთ და ერთად განვიხილოთ.
5. ი. ღვალაძე: საკანონმდებლო კუთხეს რაც შეეხება, ჩვენ სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად მომზადებული გვაქვს კანონპროექტი, რომელიც საბოლოო სახით თქვენთან შემოვა, და რომელიც შეეხება ტრადიციული ჯიშების დაცვას (ეს შეეხება სოფლის მეურნეობის სხვა პროდუქტებსაც). ჩვენი კანონმდებლობა იცავს ახალ ჯიშებს, ტრადიციული ჯიშების დაცვაზე კი მასში არაფერი წერია. შესაბამისად, ახალი კანონით განისაზღვრება სტანდარტი ტრადიციული ქართული ჯიშებისათვის. გადაწყვიტეს: კომიტეტმა ცნობად მიიღო ინფორმაცია - «ქართული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოების დაცვის შესახებ» სხდომის თავმჯდომარე: ა. გეგენავა სხდომის მდივანი: ი. ქიტიაშვილი |






