| ოქმი #12 |
|
აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომის ოქმი #12 2011 წლის 14 ივნისი
სხდომის თავმჯდომარე: არჩილ გეგენავა (კომიტეტის თავმჯდომარე)
სხდომას ესწრებოდნენ: კომიტეტის წევრები: არჩილ გეგენავა – კომიტეტის თავმჯდომარე, გ. გოგუაძე – კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ნ. აბულაშვილი, გ. კაკალაშვილი, რ. კემულარია, კ. კუკულავა, ა. ლეკაშვილი, ზ. მადურაშვილი, ი. შამილოვი, ე. ჯალაღონია, ნ. ჯანაშია.
სხდომას საპატიო მიზეზით არ ესწრებოდნენ:: პ. ლეჟავა – კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ზ. გულიკაშვილი, თ. დიასამიძე, რ. თედორაძე, ნ. ლალიაშვილი, რ. მარსაგიშვილი, ა. სტურუა, რ. ფიფია.
აპარატის თანამშრომლები: ი. ახალბედაშვილი - აპარატის უფროსი, რ. ქუთათელაძე, ს. სვანიძე, ს. უროტაძე, ი. ქველაძე, ი. ქიტიაშვილი. მოწვეული სტუმრები: დ. დარჩიაშვილი – საქართველოს პარლამენტის წევრი, საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე.
დღის წესრიგი:
(მომხსენებელი: დავით დარჩიაშვილი – საქართველოს პარლამენტის წევრი). I. მოისმინეს:
დ. დარჩიაშვილის ინფორმაცია «საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში» ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე». მან აღნიშნა, რომ "სურსათის უვნებლობისა და ხარისხის შესახებ" საქართველოს კანონის 361 მუხლის 11 პუნქტის შესაბამისად, 2010 წლის პირველი ივლისიდან დაიწყო სურსათის მწარმოებელი საწარმოებისთვის ან/და დისტრიბუტორთათვის ინსპექტირებასთან დაკავშირებული მუხლების ამოქმედება. სურსათის ეროვნული სააგენტო უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ინსპექტირების ჩატარების პროცესში აღმოჩენილი შეუსაბამობების გამოსწორების მიზნით საწარმოებს მისცეს მხოლოდ რეკომენდაციები. საწარმოებისთვის შესაბამისი სანქციების დაწესება გაცემული რეკომენდაციების შეუსრულებლობის შემთხვევაში დაიწყება 2011 წლის 1 ივლისიდან. (ეს შეეხება საექსპორტო მწარმოებლებს, ანუ ექსპორტზე ორიენტირებულ სურსათის მწარმოებლებს. 2012 წლის 3 იანვრიდან კი მუხლები, რომლებსაც დღეს წარმოგიდგენთ ამოქმედდება ნებისმიერ საწარმოზე, რომელიც საკვებ პროდუქტს აწარმოებს). პროექტის მიხედვით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს ემატება ახალი მუხლები: 1021, 1022, 1023 და 1024, ხოლო 102-ე მუხლი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: "ვეტერინარიის შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილი ცხოველთა საკარანტინო და ვეტერინარულ-სანიტარიული წესების დარღვევა, აგრეთვე ეპიზოოტიური, ზოონოზური, ზოოანთროპონოზური სნეულებების პროფილაქტიკა-ლიკვიდაციის საკითხებზე ცენტრალური და ადგილობრივი მმართველობის ორგანოების გადაწყვეტილებების შეუსრულებლობა - გამოიწვევს დაჯარიმებას 1500 ლარის ოდენობით." იმ შემთხვევაში თუ პირი სურსათის/ცხოველის საკვებთან დაკავშირებულ საქმიანობას განახორციელებს სურსათის/ცხოველის საკვების მწარმოებელ საწარმოდ ან/და დისტრიბუტორად რეგისტრაციის გარეშე დაჯარიმდება 300 ლარით. ინსპექტირების შედეგად არაკრიტიკული შეუსაბამობის აღმოჩენის შემთხვევაში წესდება ადმინისტრაციული სახდელი, რომელიც შეადგენს 400 ლარს, კრიტიკული შეუსაბამობის აღმოჩენის შემთხვევაში კი სახდელის ოდენობა განისაზღვრება 1000 ლარით. ცალკეულ მუხლებთან დაკავშირებით უმჯობესია კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვისას ვისაუბროთ. ცვლილებები შეთანხმებულია მთავრობასთან, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილება ჩვენი მისაღებია. გთხოვთ, წარმოდგენილი პროექტის ძირითად იდეას მხარი დაუჭიროთ ორი მიზეზის გამო: ერთი, ეს არის ჩვენი მოსახლეობის უსაფრთხოების საკითხი და მეორე: ეს არის ჩვენი ვალდებულება ევროკავშირთან ურთიერთობაში, რადგან ამგვარი ნაბიჯების გარეშე თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის, ვერ მიიღწევა. აზრი გამოთქვეს:
რაც შეეხება 1021 მუხლს, რომელიც ეხება პირის საქმიანობას საკვების მწარმოებელ საწარმოდ ან/და დისტრიბუტორად რეგისტრაციის გარეშე, მასში საწარმოც ნახსენებია და დისტრიბუციაც. გლეხური მეურნეობის შემთხვევაში გაურკვეველია რა იქნება. ვიღაცამ მისი ნაწარმოები პროდუქტი უნდა გაყიდოს. თეორიულად გლეხსაც ეხება დისტრიბუცია, ამიტომ ეს ცოტა გაუგებარია.
გადაწყვიტეს: (ერთხმად)
კომიტეტმა, გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით, მხარი დაუჭირა საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის მიერ საკანონმდებლოინიციატივის წესით წარმოდგენილ საქართველოს კანონის პროექტს - «საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში» ცვლილებებისა დადამატებების შეტანის თაობაზე» და მიზანშეწონილად ჩათვალა მისი გატანა პარლამენტის სხდომაზე პირველი მოსმენით განსახილველად. სხდომის თავმჯდომარე: ა. გეგენავა სხდომის მდივანი: ი. ქიტიაშვილი |






