განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტის დებულება

საქართველოს პარლამენტის ბიუროს 2012 წლის

10 დეკემბრის N13/12 გადაწყვეტილებით

 

 

 

საქართველოს პარლამენტის

განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის

 

თავი I. ზოგადი დებულებები

 

მუხლი 1

საკანონმდებლო საკითხების წინასწარი მომზადების, პარლამენტის გადაწყვეტილებათა შესრულებისათვის ხელის შეწყობის, პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული ორგანოების და მთავრობის საქმიანობის კონტროლის მიზნით პარლამენტი თავისი უფლებამოსილების ვადით ქმნის კომიტეტებს.

               

მუხლი 2

საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის (შემდგომში კომიტეტი) უფლებამოსილება, მისი შექმნისა და საქმიანობის წესი განისაზღვრება საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით, სხვა საკანონმდებლო აქტებით და ამ დებულების შესაბამისად.

 

 მუხლი 3

1. კომიტეტების საქმიანობას საერთო კოორდინაციას უწევს პარლამენტის თავმჯდომარე.

 

თავი II. კომიტეტის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები

 

            მუხლი 4

კომიტეტი საქართველოს კონსტიტუციისა და კანონმდებლობით დადგენილი კომპეტენციის ფარგლებში:

1. კოორდინაციას უწევს საგანმანათლებლო და კულტურის პოლიტიკის განსაზღვრისა და ინსტიტუციონალური რეფორმების გადაჭრის საკითხებს.

2. ამზადებს განათლების, მეცნიერული კვლევების, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის უზრუნველყოფასთან დაკავშირებულ კანონპროექტებს.

3. ხელს უწყობს სამეცნიერო კვლევებისა და ინოვაციების გაუმჯობესების მიზნით საქართველოს პარლამენტში შემოსული წინადადებების დამუშავება-განხორციელებას.

4. უზრუნველყოფს ქართველ მეცნიერთა და პედაგოგთა ინტეგრაციას საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში.

5. მუშაობს კულტურის სფეროში ევროატლანტიკურ ინტეგრაციასთან დაკავშირებულ პრობლემებზე.

6. ხელს უწყობს თავისუფალი მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარებას.

 

 

თავი III. კომიტეტის მუშაობის ორგანიზაცია

 

მუხლი 5

კომიტეტის შემადგენლობა განისაზღვრება ფრაქციათა წარმომადგენლობისა და იმ პარლამენტის წევრთა რაოდენობის პროპორციულად, რომლებიც არ არიან გაერთიანებული არც ერთ ფრაქციაში.

 

მუხლი 6

1. კომიტეტი თავის წევრთაგან, საკუთარი უფლებამოსილების ვადით, ღია კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს კომიტეტის თავმჯდომარის 3 მოადგილეს (მათ შორის, პირველ მოადგილეს) და ამას აცნობებს პარლამენტის ბიუროს.

2. კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის კანდიდატურის წარდგენის უფლება აქვს კომიტეტის თავმჯდომარეს. კომიტეტის თავმჯდომარის ერთი მოადგილის კანდიდატურის წარდგენის უფლება აქვს უმრავლესობას, ხოლო ერთი მოადგილისა – უმცირესობას, ფრაქციას, რომელიც არ არის გაერთიანებული უმრავლესობაში.

3. თუ არჩევნებში 2 კანდიდატი მონაწილეობდა და ვერც ერთმა ვერ დააგროვა ხმების საჭირო რაოდენობა, იმ კანდიდატს, რომელმაც მეტი ხმა მიიღო, ხელახლა ეყრება კენჭი. თუ მან ამ შემთხვევაშიც ვერ დააგროვა ხმების საჭირო რაოდენობა, იმართება ხელახალი არჩევნები. თუ არჩევნებში 2-ზე მეტი კანდიდატი მონაწილეობდა და ვერც ერთმა ვერ დააგროვა ხმების საჭირო რაოდენობა, იმართება არჩევნების მეორე ტური იმ 2 კანდიდატს შორის, რომლებმაც ყველაზე მეტი ხმა მიიღეს.

4. თუ არჩევნების მეორე ტურში გასულმა კანდიდატმა მოხსნა თავისი კანდიდატურა, მის ნაცვლად კენჭი ეყრება მიღებული ხმების რაოდენობის მიხედვით მომდევნო კანდიდატს.

5. თუ არჩევნების პირველ ტურში შეუძლებელია მხოლოდ 2 გამარჯვებულის გამოვლენა, მეორე ტურში კენჭი ეყრება იმ კანდიდატებს, რომლებმაც მიღებული ხმების რაოდენობის მიხედვით პირველი ან მეორე ადგილი გაიყვეს.

6. არჩევნების მეორე ტურში არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელმაც მეტი ხმა მიიღო.

7. თუ არჩევნების მეორე ტურში მონაწილე კანდიდატებმა ხმების თანაბარი რაოდენობა მიიღეს, გამარჯვებული გამოვლინდება პირველი ტურის შედეგების მიხედვით. თუ ამ წესით გამარჯვებული ვერ გამოვლინდა, იმართება ხელახალი არჩევნები.

8. ხელახალი არჩევნების გამართვისას შესაბამის სუბიექტებს უფლება აქვთ, წარადგინონ იგივე ან სხვა კანდიდატურა. ერთი და იმავე კანდიდატურის წარდგენა შეიძლება მხოლოდ ორჯერ.

9. თუ პარლამენტის წევრი კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ არჩეულია უმრავლესობის/უმცირესობის/ფრაქციის, რომელიც არ არის გაერთიანებული უმრავლესობაში, კვოტით და გავა უმრავლესობიდან/უმცირესობიდან/ფრაქციიდან, რომელიც არ არის გაერთიანებული უმრავლესობაში, მას შეუწყდება კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის უფლებამოსილება. ასეთ შემთხვევაში კომიტეტი 14 დღის ვადაში ირჩევს კომიტეტის თავმჯდომარის ახალ მოადგილეს.

 

 თავი IV. კომიტეტის მუშაობის წესი

 

მუხლი 7

 

კომიტეტის თავმჯდომარეს კომიტეტის წევრთაგან ირჩევს პარლამენტი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით.

 

1. კომიტეტის თავმჯდომარე:

) ხელმძღვანელობს კომიტეტის საქმიანობას, იწვევს და წარმართავს კომიტეტის სხდომებს;

) წარმოადგენს კომიტეტს პარლამენტში, მის ფარგლებს გარეთ და შესაბამის საპარლამენტთაშორისო ურთიერთობებში;

) ხელს აწერს კომიტეტის გადაწყვეტილებებს, დასკვნებს და მისი სხდომების ოქმებს;

დ) კომიტეტს ასარჩევად წარუდგენს კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის კანდიდატურას.

) საერთო ხელმძღვანელობას უწევს კომიტეტის აპარატს;

ვ) ყოველი წლის შედეგების მიხედვით, საშემოდგომო სესიის დაწყებისას წარუდგენს პარლამენტს საქმიანობის მოკლე წერილობით ანგარიშს;

) ახორციელებს პარლამენტის რეგლამენტითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებებს.

2. კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე:

) თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში, პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით ასრულებს მის მოვალეობას;

) ასრულებს თავმჯდომარის ცალკეულ დავალებებს.

3. კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე:

) თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 41- მუხლი დადგენილი წესითა და პირობებით ასრულებს მის მოვალეობას;

) ასრულებს თავმჯდომარის ცალკეულ დავალებებ.

 

მუხლი 8

კომიტეტის თავმჯდომარის გადადგომის, გადაყენების, მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის ან მისი, როგორც პარლამენტის წევრის, უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებს მისი პირველი მოადგილე. კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის არყოფნის შემთხვევაში კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობის შესრულებას კომიტეტი ავალებს მის მოადგილეს კომიტეტის სიითი შემადგენლობის უმრავლესობით.

 

მუხლი 9

1. კომიტეტის წევრს უფლება აქვს, თანაბარ საწყისებზე მიიღოს მონაწილეობა კომიტეტის მუშაობაში, განსახილველ საკითხზე გამოთქვას შენიშვნები, წინადადებები და მოსაზრებები, აირჩიოს და არჩეულ იქნეს კომიტეტის თანამდებობებზე, მონაწილეობა მიიღოს კომიტეტის სამუშაო ორგანოების საქმიანობაში, ჰქონდეს განსხვავებული პოზიცია.

2. კომიტეტის წევრს ამ რეგლამენტის მოთხოვნების დაუცველობის, შრომის დისციპლინის დარღვევისა და დაკისრებულ მოვალეობათა შეუსრულებლობის შემთხვევაში დაეკისრება რეგლამენტით განსაზღვრული პასუხისმგებლობა და ეს ეცნობება შესაბამის ფრაქციას ან პარლამენტს.

 

 თავი V. კომიტეტის უფლებამოსილება

 

მუხლი 10

1. კომიტეტი თავისი კომპეტენციის ფარგლებში:

ა) შეიმუშავებს, განიხილავს და პარლამენტის პლენარული სხდომისათვის ამზადებს საქართველოს კანონების, პარლამენტის დადგენილებებისა და სხვა გადაწყვეტილებების პროექტებს;

ბ) მონაწილეობს პარლამენტისთვის წარდგენილი კანონპროექტების ან სხვა აქტების პროექტების განხილვასა და დამუშავებაში, ამზადებს დასკვნებს და კანონპროექტის თაობაზე წარმოდგენილი შენიშვნების კანონპროექტში გათვალისწინების მდგომარეობის ამსახველ ფურცელს გადასცემს პარლამენტის შესაბამის ორგანოს და თითოეული შენიშვნის ავტორს;

გ) საქართველოს მთავრობისათვის ნდობის გამოცხადების შემთხვევაში განიხილავს მთავრობის წევრთა კანდიდატურებს, აგრეთვე განიხილავს იმ თანამდებობის პირთა კანდიდატურებს, რომლებსაც ირჩევს და რომელთა დანიშვნაზედაც თანხმობას იძლევა პარლამენტი, და დასკვნებს გადასცემს პარლამენტის აპარატის საორგანიზაციო დეპარტამენტს პარლამენტის ბიუროსათვის წარსადგენად;

დ) განიხილავს ბიუჯეტის პროექტს და შეიმუშავებს დასკვნას;

ე) აკონტროლებს საქართველოს კანონების, პარლამენტის დადგენილებებისა და სხვა გადაწყვეტილებების შესრულებას და, საჭიროების შემთხვევაში, შესაბამის დასკვნას წარუდგენს პარლამენტს;

ვ) ახორციელებს კონტროლს საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული სახელმწიფო ორგანოების საქმიანობაზე და, საჭიროების შემთხვევაში, შესაბამის დასკვნას წარუდგენს პარლამენტს;

ზ) წყვეტს თავისი საქმიანობის ორგანიზაციულ საკითხებს;

თ) სარგებლობს საკანონმდებლო ინიციატივის უფლებით;

ი) ახორციელებს ამ რეგლამენტითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

2. კომიტეტი წინასწარ დამტკიცებული გეგმის ან შესაბამისი პეტიციის საფუძველზე შეისწავლის ადმინისტრაციული ორგანოების საქმიანობას, საჭიროების შემთხვევაში გამოითხოვს შესაბამის მასალებს და დასკვნას განსახილველად წარუდგენს პარლამენტს.

3. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტიდან გამომდინარე კომიტეტის სხვა უფლებამოსილებანი განისაზღვრება კომიტეტის დებულებით, რომელსაც ამტკიცებს პარლამენტის ბიურო.

 

მუხლი 11

პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული ორგანოების თანამდებობის პირები და საქართველოს მთავრობის წევრები, კომიტეტის მოთხოვნის შემთხვევაში, ვალდებული არიან, კომიტეტის მიერ დადგენილ ვადაში წარადგინონ შესაბამისი დოკუმენტები, დასკვნები და სხვა საჭირო მასალები. სახელმწიფო ან სამხედრო საიდუმლოების შემცველი ცნობების წარდგენის წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

 

 მუხლი 12

საქართველოს მთავრობის წევრი, პარლამენტის მიერ არჩეული თანამდებობის პირი, აგრეთვე თანამდებობის პირი, რომლის დანიშვნაზედაც პარლამენტმა თანხმობა მისცა, უფლებამოსილია, ხოლო მოთხოვნის შემთხვევაში ვალდებულია, დაესწროს კომიტეტის სხდომებს, პასუხი გასცეს სხდომაზე დასმულ შეკითხვებს და წარადგინოს გაწეული საქმიანობის ანგარიში. ასეთ თანამდებობის პირს მოთხოვნისთანავე უნდა მოუსმინოს კომიტეტმა.

 

 მუხლი 13

1. კომიტეტი განიხილავს თავისი კომპეტენციის სფეროში საქართველოს მთავრობისათვის ნდობის გამოცხადების, აგრეთვე საქართველოს კონსტიტუციითა და კანონით განსაზღვრულ პირთა თანამდებობაზე არჩევის ან მათ დანიშვნაზე თანხმობის მიცემის საკითხებს. აღნიშნულ კანდიდატურებთან დაკავშირებულ ინფორმაციას, მათ შორის, მათ ბიოგრაფიულ ცნობებს, შრომითი გამოცდილებისა და პროფესიული ცოდნის შესახებ ინფორმაციას, კომიტეტს აწვდის უფლებამოსილი პირი.

2. მიღებული ინფორმაციის საფუძველზე კომიტეტი შეიმუშავებს დასკვნას საქართველოს მთავრობისათვის ნდობის გამოცხადების, საქართველოს კონსტიტუციითა და კანონით განსაზღვრულ პირთა თანამდებობაზე არჩევის ან მათ დანიშვნაზე თანხმობის მიცემის შესახებ. დასკვნა მიიღება ფარული კენჭისყრით, სხდომაზე დამსწრე კომიტეტის წევრთა ხმების უმრავლესობით.

3. სავალდებულოა კომიტეტის დასკვნა იმ პირთა კანდიდატურების თაობაზე, რომლებსაც ირჩევს და რომელთა დანიშვნაზედაც თანხმობას იძლევა პარლამენტი.

4. კომიტეტის დასკვნა წარედგინება პარლამენტის ბიუროს, რომელიც მას გადასცემს საქართველოს პრეზიდენტსა და პარლამენტს.

 

მუხლი 14

1. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განსახილველ ყველა საკითხს, რომელიც მიეკუთვნება განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის კომპეტენციას, განიხილავს შესაბამისი კომიტეტი.

2. კომიტეტები, მათი გამგებლობისთვის მიკუთვნებული დარგების მიხედვით, შეისწავლიან და აანალიზებენ საქართველოს კანონმდებლობის შესრულების მდგომარეობას, იღებენ ზომებს მისი შესრულების უზრუნველსაყოფად, საკანონმდებლო ხარვეზების აღმოსაფხვრელად, ამზადებენ წინადადებებს კანონმდებლობაში აუცილებელი ცვლილების შეტანის შესახებ.

 

მუხლი 15

კომიტეტი მისი კომპეტენციისთვის მიკუთვნებულ საკითხზე ინფორმაციის მოსმენის, კონტროლისა და შემოწმების შედეგად შეიმუშავებს დასკვნას. კომიტეტის დასკვნა უნდა შეიცავდეს შეფასებას და რეაგირების კონკრეტულ ზომებს. კომიტეტი თავის დასკვნას უახლოეს სხდომაზე წარუდგენს პარლამენტის ბიუროს, რომელსაც ეს საკითხი განსახილველად შეაქვს უახლოესი პლენარული სხდომის დღის წესრიგში. პარლამენტი პლენარულ სხდომაზე განიხილავს კომიტეტის დასკვნას, აფასებს მას და იღებს სათანადო გადაწყვეტილებას.

 

მუხლი 16

1. კომიტეტის სხდომას იწვევს და წარმართავს კომიტეტის თავმჯდომარე, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში – მისი მოადგილე. კომიტეტის სხდომების გამართვის პერიოდულობას განსაზღვრავს კომიტეტი, მაგრამ სასესიო პერიოდში თვეში უნდა გაიმართოს არანაკლებ 2 სხდომისა (სესიებს შორის პერიოდში კომიტეტი არ არის ვალდებული, გამართოს სხდომა). კომიტეტის მორიგი სხდომა მოიწვევა წინასწარ განსაზღვრულ დროს. კომიტეტების მორიგი სხდომების გამართვის დრო განისაზღვრება კომიტეტების თავმჯდომარეებს შორის კონსულტაციების შედეგად. კომიტეტი ვალდებულია პარლამენტის ან პარლამენტის ბიუროს დავალებით, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით განსაზღვრულ ვადაში გამართოს სხდომა და განიხილოს საკითხი.

2. კომიტეტის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომიტეტის სიითი შემადგენლობის უმრავლესობა.

3. კომიტეტის წევრი ვალდებულია დაესწროს კომიტეტის სხდომას და მონაწილეობა მიიღოს მის მუშაობაში. ამ მოთხოვნის დარღვევა გამოიწვევს ამ რეგლამენტის 286-ე მუხლის მე-8 პუნქტით განსაზღვრული პასუხისმგებლობის დაკისრებას.

4. თუ ფრაქციის მიერ დანიშნულ კომიტეტის წევრს დროებით არ შეუძლია მიიღოს მონაწილეობა კომიტეტის მუშაობაში, მის დამნიშვნელ ფრაქციას უფლება აქვს, აღნიშნული წევრი დროებით შეცვალოს ფრაქციის სხვა წევრით, რის შესახებაც ფრაქცია წერილობით აცნობებს შესაბამის კომიტეტს. ეს უფლება ფრაქციის თითოეული წევრის მიმართ კომიტეტის სხდომაზე დაუსწრებლობის შემთხვევაში შეიძლება გამოყენებულ იქნეს ერთი სესიის განმავლობაში არა უმეტეს ხუთჯერ. პარლამენტის აპარატის მანდატურის სამსახური აღრიცხავს აღნიშნული უფლების გამოყენების შესახებ ინფორმაციას და აწვდის შესაბამის კომიტეტებსა და ფრაქციებს. კომიტეტის წევრს, რომლის უფლებამონაცვლეც ესწრება კომიტეტის სხდომას, შესაბამისი კომიტეტის სხდომა გაცდენილად არ ეთვლება.

5. კომიტეტის სხდომები, როგორც წესი, იმართება პლენარული სხდომების კვირის სამშაბათსა და ხუთშაბათს, აგრეთვე ამომრჩევლებთან შეხვედრის კვირაში. კომიტეტის სხდომის გამართვის თარიღი (გარდა ამომრჩევლებთან შეხვედრების კვირისა) კომიტეტის წევრებს ეცნობება სხდომამდე არა უგვიანეს 1 დღისა. კომიტეტის სხდომაზე განსახილველი კანონპროექტი იმავე ვადაში ეგზავნება კომიტეტის წევრებს. კომიტეტის სხდომისა და მისი დღის წესრიგის შესახებ ინფორმაცია სხდომამდე 1 დღით ადრე განთავსდება პარლამენტის ვებგვერდზე. ამომრჩევლებთან შეხვედრების კვირაში კომიტეტის წევრებს კომიტეტის სხდომის მასალები ეგზავნება და მისი დღის წესრიგი და თარიღი ეცნობება სხდომამდე არა უგვიანეს 2 დღისა. კომიტეტის სხდომისა და მისი დღის წესრიგის შესახებ ინფორმაცია სხდომამდე 2 დღით ადრე განთავსდება პარლამენტის ვებგვერდზე.

6. კომიტეტის სხდომაზე გადაწყვეტილება მიიღება ღია კენჭისყრით, სხდომაზე დამსწრე კომიტეტის წევრთა ხმების უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ სხდომის გახსნისათვის (უფლებამოსილების დადგენისათვის) საჭირო ხმების ნახევრისა, გარდა ამ რეგლამენტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

7. კომიტეტის სხდომაზე ღია კენჭისყრის დროს ხმების თანაბრად გაყოფისას გადამწყვეტია სხდომის თავმჯდომარის ხმა.

8. კომიტეტის რიგგარეშე სხდომას იწვევს კომიტეტის თავმჯდომარე თავისი ინიციატივით ან პარლამენტის თავმჯდომარის, პარლამენტის ბიუროს, კომიტეტის სიითი შემადგენლობის ერთი მესამედის მოთხოვნით. კომიტეტის სხდომის თარიღი კომიტეტის წევრებს ეცნობება სხდომამდე არა უგვიანეს 1 დღისა.

9. კომიტეტის სხდომის დღის წესრიგს განსაზღვრავს კომიტეტის თავმჯდომარე თავისი ინიციატივით ან კომიტეტის წევრის (წევრების) მოთხოვნით. დღის წესრიგიდან საკითხის ამოღების ან დღის წესრიგში საკითხის შეტანის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება კომიტეტის სიითი შემადგენლობის უმრავლესობით.

10. კომიტეტის სხდომა საჯაროა. განსაკუთრებულ შემთხვევაში კომიტეტი მართავს დახურულ სხდომას. დახურული სხდომის გამართვის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება კომიტეტის სიითი შემადგენლობის უმრავლესობით.

11. კომიტეტის სხდომას შეიძლება სათათბირო ხმის უფლებით დაესწრონ სხვა პარლამენტის წევრები, საქართველოს მთავრობის წევრები და მოწვეული პირები.

12. კომიტეტის სხდომაზე დასასწრებად შეიძლება მოწვეულ იქნენ საზოგადოებრიობის დაინტერესებული წარმომადგენლები, რომელთაც სხდომის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით მიეცემათ სიტყვით გამოსვლის უფლება.

13. კომიტეტის სხდომაზე დასასწრებად შეიძლება მოწვეულ იქნენ დადგენილი წესით აკრედიტებული მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლები. შესაძლებელია მოეწყოს კომიტეტის სხდომის ტელერადიორეპორტაჟი და სხდომის შედეგების შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნდეს პრესაში.

14. კომიტეტი უფლებამოსილია გამართოს გასვლითი სხდომა.

 

მუხლი 17

1. კომიტეტის სხდომაზე განიხილება კანონპროექტები, აგრეთვე კომიტეტის კომპეტენციისთვის მიკუთვნებული სხვა საკითხები.

2. კომიტეტი იღებს:

ა) რეკომენდაციას;

ბ) დასკვნას;

გ) წინადადებას.

3. კომიტეტის თავმჯდომარე გამოსცემს განკარგულებას შინასაკომიტეტო ორგანიზაციულ საკითხებზე.

4. კომიტეტის დასკვნა, როგორც წესი, წარედგინება პარლამენტის ბიუროს, პარლამენტის პლენარულ სხდომას ან იგზავნება დანიშნულებისამებრ.

 

მუხლი 18

პარლამენტის თავმჯდომარის მოთხოვნით, პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით ან შესაბამისი კომიტეტების თავმჯდომარეების გადაწყვეტილებით შეიძლება გაიმართოს კომიტეტების ერთობლივი სხდომა. ერთობლივ სხდომაზე განხილულ საკითხებთან დაკავშირებით კომიტეტები ცალ-ცალკე კენჭისყრით იღებენ შესაბამის გადაწყვეტილებას.

 

თავი VI. კომიტეტის საქმიანობის ორგანიზაციული უზრუნველყოფა

 

მუხლი 19

1. კომიტეტის საქმიანობის უზრუნველსაყოფად იქმნება კომიტეტის აპარატი, რომელიც არის კომიტეტისადმი დაქვემდებარებული პარლამენტის აპარატის მუდმივმოქმედი სტრუქტურული ერთეული.

2. კომიტეტის აპარატი:

ა) მონაწილეობს კანონპროექტების, პარლამენტის დადგენილებებისა და სხვა გადაწყვეტილებების პროექტების, კომიტეტის გადაწყვეტილებათა პროექტების შემუშავებაში, კანონპროექტებზე დასკვნების, შენიშვნებისა და წინადადებების მომზადებაში, კომიტეტის საკონტროლო, ორგანიზაციულ და სხვა საქმიანობაში;

ბ) ასრულებს საკონსულტაციო და ანალიტიკურ ფუნქციებს, ახორციელებს ორგანიზაციულ-ტექნიკურ მომსახურებასა და საქმისწარმოებას;

გ) ასრულებს საქართველოს კანონმდებლობით, კომიტეტის, პარლამენტის აპარატისა და კომიტეტის აპარატის დებულებებით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს.

3. კომიტეტის აპარატის სტრუქტურასა და საშტატო ერთეულთა რაოდენობას პარლამენტის აპარატის უფროსის წარდგინებით ამტკიცებს პარლამენტის თავმჯდომარე.

 

 მუხლი 20

1. კომიტეტის აპარატის შემადგენლობაში არიან კომიტეტის აპარატის უფროსი და სპეციალისტები (საშტატო განრიგით გათვალისწინებული მოხელეები და მოწვეული სპეციალისტები).

2. კომიტეტის აპარატის უფროსი:

ა) კომიტეტის თავმჯდომარესთან ერთად საერთო ხელმძღვანელობას უწევს კომიტეტის აპარატს, კომიტეტის აპარატის მუშაკებს უნაწილებს ფუნქციებსა და დავალებებს, პასუხისმგებელია კომიტეტის აპარატისათვის დაკისრებული ამოცანებისა და მოვალეობების შესრულებისათვის, კოორდინაციას უწევს კომიტეტის აპარატისა და პარლამენტის აპარატის სხვა სტრუქტურული ერთეულების ურთიერთობებს;

ბ) ორგანიზებას უწევს კომიტეტის სხდომების მომზადებას, მიღებული გადაწყვეტილებებისა და სხდომათა ოქმების გაფორმებას;

გ) უზრუნველყოფს კომიტეტის აპარატის მუშაკთა მიერ შრომის დისციპლინის დაცვას, კომიტეტის თავმჯდომარეს მიმართავს წინადადებით პარლამენტის აპარატის უფროსის წინაშე მათი წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხის დასმის შესახებ;

დ) ასრულებს საქართველოს კანონმდებლობით, კომიტეტის, პარლამენტის აპარატისა და კომიტეტის აპარატის დებულებებით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს.

3. კომიტეტის აპარატის სპეციალისტები:

ა) მუშაობენ კომიტეტის დებულებით განსაზღვრულ დარგობრივ მიმართულებათა საკითხებზე; მონაწილეობენ კანონპროექტების, პარლამენტის დადგენილებებისა და სხვა გადაწყვეტილებების პროექტების, კომიტეტის გადაწყვეტილებათა პროექტების შემუშავებაში, ანალიზსა და განზოგადებაში, კანონპროექტებზე დასკვნებისა და მოხსენებების მომზადებაში, კომიტეტის საკონტროლო, ორგანიზაციულ და სხვა საქმიანობაში; ასრულებენ კომიტეტის თავმჯდომარისა და კომიტეტის დავალებებს;

ბ) აღნუსხავენ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კანონპროექტების განხილვისას გამოთქმულ შენიშვნებსა და წინადადებებს;

გ) ასრულებენ საქართველოს კანონმდებლობით, კომიტეტის, პარლამენტის აპარატისა და კომიტეტის აპარატის დებულებებით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს.