დებულება

საქართველოს პარლამენტის ბიუროს 2012 წლის

10 დეკემბრის N13/24 გადაწყვეტილებით

 

 

 

საქართველოს პარლამენტის

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის

დ ე ბ უ ლ ე ბ ა

 

  1. I.ზოგადი დებულებანი

 

1. საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი (შემდგომ "კომიტეტი") შექმნილია საქართველოს პარლამენტის მიერ თავისი უფლებამოსილების ვადით.

2. კომიტეტი თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით.

3. კომიტეტი თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს საკანონმდებლო საკითხების წინასწარ მომზადებას, პარლამენტის გადაწყვეტილებათა შესრულებისათვის ხელის შეწყობას, პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული ორგანოებისა და საქართველოს მთავრობის საქმიანობის კონტროლს.

4. კომიტეტს აქვს საკანონმდებლო ინიციატივის უფლება.

5. კომიტეტის პირველი საორგანიზაციო სხდომა შეიმუშავებს კომიტეტის დებულებას, რომელიც სხდომის ოქმთან ერთად დასამტკიცებლად წარედგინება პარლამენტის ბიუროს.

 

II. კომიტეტის ამოცანები

კომიტეტის ამოცანებია:

ა) მოსახლეობის ჯანმრთელობის, სოციალური დაცვის, დასაქმებისა და შრომითი ურთიერთობების, დედათა და ბავშვთა დაცვის, ოჯახის განვითარების, მოხუცთა, ვეტერანთა და შშმ პირთა საკითხების ხელშეწყობის უზრუნველყოფა;

ბ) საქართველოს პარლამენტის და აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ მიღებულ საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით რეკომენდაციებისა და წინადადებების მომზადება საქართველოს მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა ინტერესების გათვალისწინების უზრუნველსაყოფად;

გ) საქართველოში ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა სისტემის მიმდინარე რეფორმის, რეორგანიზაციის, რესტრუქტურიზაციის პროცესში კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობის მიღება;

დ) კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს კანონებისა და პარლამენტის მიერ მიღებულ სხვა გადაწყვეტილებათა შესრულებაზე კონტროლის განხორციელება.

 

III. კომიტეტის უფლებამოსილებანი

1. კომიტეტი კანონმდებლობითა და ამ დებულებით გათვალისწინებული კომპეტენციის ფარგლებში:

ა) შეიმუშავებს, განიხილავს და პარლამენტის პლენარული სხდომისათვის ამზადებს საქართველოს კანონების, პარლამენტის დადგენილებებისა და სხვა გადაწყვეტილებათა პროექტებს;

ბ) მონაწილეობს პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტების განხილვა-დამუშავებაში, ამზადებს დასკვნებს, კანონპროექტების თაობაზე წარმოდგენილი შენიშვნების პროექტში გათვალისწინების მდგომარეობის ამსახველ ფურცელს გადასცემს პარლამენტის შესაბამის ორგანოს და თითოეული შენიშვნის ავტორს;

გ) განიხილავს მთავრობის წევრთა კანდიდატურებს საქართველოს მთავრობისათვის ნდობის გამოცხადების შემთხვევაში, აგრეთვე იმ თანამდებობის პირთა კანდიდატურებს, რომლებსაც ირჩევს და რომელთა დანიშვნაზედაც თანხმობას იძლევა პარლამენტი; შესაბამის დასკვნას წარუდგენს პარლამენტის საორგანიზაციო დეპარტამენტს პარლამენტის ბიუროსთვის წარსადგენად;

დ) განიხილავს სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს და შეიმუშავებს დასკვნას;

ე) აკონტროლებს კანონების, პარლამენტის დადგენილებებისა და სხვა გადაწყვეტილებების შესრულებას და, საჭიროების შემთხვევაში, შესაბამის დასკვნას წარუდგენს პარლამენტს;

ვ) ახორციელებს კონტროლს საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული სახელმწიფო ორგანოების საქმიანობაზე და, საჭიროების შემთხვევაში, შესაბამის დასკვნას წარუდგენს პარლამენტს;

ზ) წყვეტს თავისი საქმიანობის ორგანიზაციულ საკითხებს;

თ) სარგებლობს საკანონმდებლო ინიციატივის უფლებით;

ი) ახორციელებს ამ დებულებით, პარლამენტის რეგლამენტითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით დადგენილ უფლებამოსილებებს.

2. კომიტეტი წინასწარ დამტკიცებული გეგმით ან შესაბამისი პეტიციის საფუძველზე შეისწავლის ადმინისტრაციული ორგანოების საქმიანობას, საჭიროების შემთხვევაში გამოითხოვს შესაბამის მასალებს და დასკვნას განსახილველად წარუდგენს პარლამენტს.

3. პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული ორგანოების თანამდებობის პირები და საქართველოს მთავრობის წევრები ვალდებული არიან, კომიტეტის მოთხოვნით, კომიტეტის მიერ დადგენილ ვადაში წარადგინონ შესაბამისი დოკუმენტები, დასკვნები და სხვა საჭირო მასალები. სახელმწიფო ან სამხედრო საიდუმლოების შემცველი ცნობების წარდგენის წესი განისაზღვრება კანონმდებლობით.

4. საქართველოს მთავრობის წევრი, პარლამენტის მიერ არჩეული, აგრეთვე თანამდებობის პირი, რომლის დანიშვნაზედაც პარლამენტმა თანხმობა მისცა, უფლებამოსილია, ხოლო მოთხოვნის შემთხვევაში ვალდებულია, დაესწროს კომიტეტის სხდომებს, პასუხი გასცეს სხდომაზე დასმულ შეკითხვებს და წარადგინოს გაწეული საქმიანობის ანგარიში. ასეთ თანამდებობის პირს მოთხოვნისთანავე უნდა მოუსმინოს კომიტეტმა.

5. კომიტეტი:

ა) განიხილავს თავისი კომპეტენციის სფეროში საქართველოს მთავრობისათვის ნდობის გამოცხადების, ასევე საქართველოს კონსტიტუციითა და კანონებით განსაზღვრულ პირთა თანამდებობაზე არჩევის, დანიშვნის, დამტკიცების ან დანიშვნაზე თანხმობის მიცემის საკითხებს. აღნიშნულ კანდიდატურებთან დაკავშირებულ ინფორმაციას კომიტეტს აწვდის უფლებამოსილი პირი;

ბ) უფლებამოსილია შესაბამის კანდიდატურას მოსთხოვოს წერილობითი ინფორმაცია მისი ბიოგრაფიული ცნობების, შრომითი გამოცდილებისა და პროფესიული ცოდნის შესახებ;

გ) მიღებული ინფორმაციის საფუძველზე კომიტეტი შეიმუშავებს დასკვნას საქართველოს მთავრობისათვის ნდობის გამოცხადების, საქართველოს კონსტიტუციითა და კანონით განსაზღვრულ პირთა თანამდებობაზე არჩევის ან მათ დანიშვნაზე თანხმობის მიცემის შესახებ. დასკვნა მიიღება ფარული კენჭისყრით, სხდომაზე დამსწრე კომიტეტის წევრთა ხმების უმრავლესობით.

6. კომიტეტის დასკვნა სავალდებულოა იმ პირთა კანდიდატურების თაობაზე, რომლებსაც ირჩევს და რომელთა დანიშვნაზეც თანხმობას იძლევა პარლამენტი. კომიტეტის დასკვნა წარედგინება პარლამენტის ბიუროს, რომელიც გადასცემს მას საქართველოს პრეზიდენტსა და პარლამენტს.

7. კომიტეტი განიხილავს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განსახილველად გასატან ყველა საკითხს.

8. კომიტეტი, მისი გამგებლობისთვის მიკუთვნებული დარგების მიხედვით, შეისწავლის და აანალიზებს კანონმდებლობის შესრულების მდგომარეობას, იღებს ზომებს მისი შესრულების უზრუნველსაყოფად, საკანონმდებლო ხარვეზების აღმოსაფხვრელად, ამზადებს წინადადებებს კანონმდებლობაში აუცილებელი ცვლილებების შეტანის შესახებ.

9. კომიტეტი მისი კომპეტენციისთვის მიკუთვნებულ საკითხზე ინფორმაციის მოსმენის, კონტროლისა და შემოწმების შედეგად შეიმუშავებს დასკვნას. კომიტეტის დასკვნა უნდა შეიცავდეს შეფასებას და რეაგირების კონკრეტულ ზომებს. კომიტეტი ვალდებულია თავისი დასკვნა უახლოეს სხდომაზე წარუდგინოს პარლამენტის ბიუროს, რომელსაც ეს საკითხი განსახილველად შეაქვს პარლამენტის უახლოესი პლენარული სხდომის დღის წესრიგში. პარლამენტი პლენარულ სხდომაზე განიხილავს შესაბამის დასკვნას, აფასებს მას და იღებს სათანადო გადაწყვეტილებას.

 

 

IV. კომიტეტის შემადგენლობა და სტრუქტურა

 

1. კომიტეტის შემადგენლობა განისაზღვრება ფრაქციათა წარმომადგენლობისა და იმ პარლამენტის წევრთა რაოდენობის პროპორციულად, რომლებიც არ შედიან არც ერთ ფრაქციაში.

2. კომიტეტი შედგება კომიტეტის თავმჯდომარისგან, თავმჯდომარის 3 მოადგილისგან (მათ შორის, პირველი მოადგილისგან) და კომიტეტის წევრებისგან.

3. კომიტეტის თავმჯდომარე:  

ა) ხელმძღვანელობს კომიტეტის საქმიანობას, იწვევს და წარმართავს კომიტეტის სხდომებს;

ბ) წარმოადგენს კომიტეტს პარლამენტში, მის ფარგლებს გარეთ შესაბამის პარლამენტთაშორის ურთიერთობებში;

გ) ხელს აწერს კომიტეტის გადაწყვეტილებებს, დასკვნებს და სხდომების ოქმებს;

დ) კომიტეტს ასარჩევად წარუდგენს კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის კანდიდატურას;

ე) ანაწილებს ფუნქციებს თავის მოადგილეებს შორის;

ვ) საერთო ხელმძღვანელობას უწევს კომიტეტის აპარატს;

ზ) ყოველი წლის შედეგების მიხედვით, საშემოდგომო სესიის დაწყებისას წარუდგენს პარლამენტს საქმიანობის წერილობით ანგარიშს;

თ) გამოსცემს განკარგულებას შიდასაკომიტეტო ორგანიზაციულ საკითხებზე;  

ი) ახორციელებს პარლამენტის რეგლამენტით, სხვა საკანონმდებლო აქტებითა და ამ დებულებით მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებებს.

4. კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე:

ა) თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში ასრულებს მის მოვალეობას;

ბ) თავმჯდომარის დავალებით ასრულებს ცალკეულ დავალებას.

5. კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე:

ა) თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში, პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესითა და პირობებით ასრულებს მის მოვალეობას;

ბ) თავმჯდომარის დავალებით ასრულებს ცალკეულ დავალებას.

6. კომიტეტის თავმჯდომარის გადადგომის, გადაყენების, მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის ან მისი, როგორც პარლამენტის წევრის, უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებს მისი პირველი მოადგილე. კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის არყოფნის შემთხვევაში კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობის შესრულებას კომიტეტი ავალებს მის მოადგილეს კომიტეტის სიითი შემადგენლობის უმრავლესობით.

7. კომიტეტის თავმჯდომარეს ჰყავს 3 მოადგილე (მათ შორის, პირველი მოადგილე), რომლებსაც თავის წევრთაგან, უფლებამოსილების ვადით, ღია კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს კომიტეტი და აცნობებს პარლამენტის ბიუროს. მათი არჩევის წესი განისაზღვრება პარლამენტის რეგლამენტით.

8. კომიტეტის წევრს უფლება აქვს, ნებისმიერ დროს გავიდეს კომიტეტის შემადგენლობიდან.

9. კომიტეტის წევრის უფლებამოსილება წყდება:

ა) მის მიერ კომიტეტის შემადგენლობიდან გასვლის შესახებ განცხადების წარდგენის მომენტიდან;

ბ) ფრაქციის მიერ მისი კომიტეტიდან გამოწვევის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მომენტიდან;

გ) იმ ფრაქციიდან გასვლის მომენტიდან, რომლის კვოტითაც იქნა იგი წარდგენილი კომიტეტში;

დ) მისი, როგორც პარლამენტის წევრის, უფლებამოსილების შეწყვეტის მომენტიდან;

ე) კომიტეტის წევრისათვის შეუთავსებელ თანამდებობაზე არჩევის მომენტიდან.

 

 

V. კომიტეტის მუშაობის ორგანიზება

 

1. კომიტეტი პირველ საორგანიზაციო სხდომას იწვევს კომიტეტის თავმჯდომარის არჩევიდან 3 დღის ვადაში.

2. პირველი საორგანიზაციო სხდომა შეიმუშავებს კომიტეტის დებულებას და ირჩევს კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეებს.

3. პირველი საორგანიზაციო სხდომის ოქმი და კომიტეტის დებულება დასამტკიცებლად წარედგინება პარლამენტის ბიუროს.

4. კომიტეტის სხდომას იწვევს და წარმართავს კომიტეტის თავმჯდომარე, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში – მისი მოადგილე. კომიტეტის სხდომების პერიოდულობას განსაზღვრავს კომიტეტი, მაგრამ სასესიო პერიოდში არანაკლებ თვეში 2 სხდომისა. კომიტეტი ვალდებულია პარლამენტის ან პარლამენტის ბიუროს დავალებით, რეგლამენტით განსაზღვრულ ვადაში გამართოს სხდომა და განიხილოს საკითხი.

5. კომიტეტის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომიტეტის სიითი შემადგენლობის უმრავლესობა.

6. კომიტეტის წევრები ვალდებული არიან დაესწრონ კომიტეტის სხდომას და მონაწილეობა მიიღონ მის მუშაობაში. ამ მოთხოვნის დარღვევა გამოიწვევს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 286-ე მუხლის მე-8 პუნქტით განსაზღვრული პასუხისმგებლობის დაკისრებას.

7. თუ ფრაქციის მიერ დანიშნულ კომიტეტის წევრს დროებით არ შეუძლია მიიღოს მონაწილეობა კომიტეტის საქმიანობაში, მის დამნიშვნელ ფრაქციას უფლება აქვს აღნიშნული წევრი დროებით შეცვალოს ფრაქციის სხვა წევრით, რის შესახებაც ფრაქცია წერილობით აცნობებს შესაბამის კომიტეტს.

8. კომიტეტის სხდომები, როგორც წესი, იმართება პლენარული სხდომების კვირის სამშაბათსა და ხუთშაბათს, აგრეთვე ამომრჩევლებთან შეხვედრის კვირაში. კომიტეტის სხდომის გამართვის თარიღი (გარდა ამომრჩევლებთან შეხვედრების კვირისა) კომიტეტის წევრებს ეცნობება სხდომამდე არა უგვიანეს 1 დღისა. კომიტეტის სხდომაზე განსახილველი კანონპროექტი იმავე ვადაში ეგზავნება კომიტეტის წევრებს. კომიტეტის სხდომისა და მისი დღის წესრიგის შესახებ ინფორმაცია სხდომამდე 1 დღით ადრე განთავსდება პარლამენტის ვებგვერდზე. ამომრჩევლებთან შეხვედრების კვირაში კომიტეტის წევრებს კომიტეტის სხდომის მასალები ეგზავნება და მისი დღის წესრიგი და თარიღი ეცნობება სხდომამდე არა უგვიანეს 2 დღისა. კომიტეტის სხდომისა და მისი დღის წესრიგის შესახებ ინფორმაცია სხდომამდე 2 დღით ადრე განთავსდება პარლამენტის ვებგვერდზე.

9. კომიტეტის სხდომაზე გადაწყვეტილება მიიღება ღია კენჭისყრით, სხდომაზე დამსწრე კომიტეტის წევრთა ხმების უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ სხდომის გახსნისათვის (უფლებამოსილების დადგენისათვის) საჭირო ხმების ნახევრისა, გარდა ამ რეგლამენტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

10. კომიტეტის სხდომაზე ღია კენჭისყრის დროს ხმების თანაბრად გაყოფისას გადამწყვეტია სხდომის თავმჯდომარის ხმა.

11. კომიტეტის რიგგარეშე სხდომას იწვევს კომიტეტის თავმჯდომარე თავისი ინიციატივით ან პარლამენტის თავმჯდომარის, პარლამენტის ბიუროს, კომიტეტის სიითი შემადგენლობის ერთი მესამედის მოთხოვნით. კომიტეტის სხდომის თარიღი კომიტეტის წევრებს ეცნობება სხდომამდე არა უგვიანეს 1 დღისა.

12. კომიტეტის სხდომის დღის წესრიგს განსაზღვრავს კომიტეტის თავმჯდომარე თავისი ინიციატივით ან კომიტეტის წევრის (წევრების) მოთხოვნით. დღის წესრიგიდან საკითხის მოხსნის ან დღის წესრიგში ახალი საკითხის შეტანის თაობაზე გადაწყვეტილება მიიღება კომიტეტის სიითი შემადგენლობის უმრავლესობით.

13. კომიტეტის სხდომა საჯაროა. განსაკუთრებულ შემთხვევაში კომიტეტი მართავს დახურულ სხდომას. დახურული სხდომის გამართვის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება კომიტეტის სიითი შემადგენლობის უმრავლესობით.

14. კომიტეტის სხდომას სათათბირო ხმის უფლებით შეიძლება დაესწრონ პარლამენტის წევრები, საქართველოს მთავრობის წევრები და მოწვეული პირები.

15. კომიტეტის სხდომაზე დასასწრებად შეიძლება მოწვეულ იქნენ საზოგადოებრიობის დაინტერესებული წარმომადგენლები, რომელთაც სხდომის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით მიეცემა სიტყვით გამოსვლის უფლება.

16. კომიტეტის სხდომაზე დასასწრებად შეიძლება მოწვეულ იქნენ დადგენილი წესით აკრედიტებული მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლები. შესაძლებელია მოეწყოს კომიტეტის სხდომის ტელერადიო რეპორტაჟი და სხდომისშედეგების შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნდეს პრესაში.

17. კომიტეტის სხდომაზე განიხილება კანონპროექტები, აგრეთვე კომიტეტის კომპეტენციისთვის მიკუთვნებული სხვა საკითხები.

18. კომიტეტი იღებს რეკომენდაციას, დასკვნას, წინადადებას. კომიტეტის თავმჯდომარე გამოსცემს განკარგულებას შიდასაკომიტეტო ორგანიზაციულ საკითხებზე.

19. კომიტეტის დასკვნები, როგორც წესი, წარედგინება პარლამენტის ბიუროს, პარლამენტის პლენარულ სხდომას ან იგზავნება დანიშნულებისამებრ.

20. პარლამენტის თავმჯდომარის მოთხოვნით, ბიუროს გადაწყვეტილებით ან შესაბამისი კომიტეტების თავმჯდომარეების გადაწყვეტილებით შეიძლება გაიმართოს კომიტეტების ერთობლივი სხდომა. ერთობლივ სხდომაზე განხილულ საკითხებთან დაკავშირებით კომიტეტები ცალ-ცალკე კენჭისყრით იღებენ შესაბამის გადაწყვეტილებას.

 

VI. კომიტეტის საქმიანობის ორგანიზაციული უზრუნველყოფა

 

1. კომიტეტის საქმიანობის უზრუნველსაყოფად იქმნება კომიტეტის აპარატი, რომელიც არის კომიტეტქვემდებარებული და პარლამენტის აპარატის მუდმივმოქმედი სტრუქტურული ერთეული.

2. კომიტეტის აპარატი:

ა) მონაწილეობს კანონპროექტების, პარლამენტის დადგენილებებისა და სხვა გადაწყვეტილებების პროექტების, კომიტეტის გადაწყვეტილებათა პროექტების შემუშავებაში, კანონპროექტებზე დასკვნების, შენიშვნებისა და წინადადებების მომზადებაში, კომიტეტის საკონტროლო, ორგანიზაციულ და სხვა საქმიანობაში;

ბ) ასრულებს საკონსულტაციო და ანალიტიკურ ფუნქციებს, ახორციელებს ორგანიზაციულ-ტექნიკურ მომსახურებასა და საქმისწარმოებას;

გ) ასრულებს საქართველოს კანონმდებლობით, კომიტეტის, პარლამენტის აპარატისა და კომიტეტის აპარატის დებულებებით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს.

3.ომიტეტის აპარატის სტრუქტურასა და საშტატო ერთეულთა რაოდენობას პარლამენტის აპარატის უფროსის წარდგინებით ამტკიცებს პარლამენტის თავმჯდომარე.

4. კომიტეტის აპარატის შემადგენლობაში შედიან კომიტეტის აპარატის უფროსი და სპეციალისტები (საშტატო განრიგით გათვალისწინებული მოხელეები და მოწვეული სპეციალისტები).

5. კომიტეტის აპარატის უფროსი:

ა) კომიტეტის თავმჯდომარესთან ერთად საერთო ხელმძღვანელობას უწევს კომიტეტის აპარატს, კომიტეტის აპარატის მუშაკებს უნაწილებს ფუნქციებსა და დავალებებს, პასუხისმგებელია კომიტეტის აპარატისათვის დაკისრებული ამოცანებისა და მოვალეობების შესრულებისათვის, კოორდინაციას უწევს კომიტეტის აპარატისა და პარლამენტის აპარატის სხვა სტრუქტურული ერთეულების ურთიერთობებს;

ბ) ორგანიზებას უწევს კომიტეტის სხდომების მომზადებას, მიღებული გადაწყვეტილებებისა და სხდომათა ოქმების გაფორმებას;

გ) უზრუნველყოფს კომიტეტის აპარატის მუშაკთა მიერ შრომის დისციპლინის დაცვას, კომიტეტის თავმჯდომარეს მიმართავს წინადადებით პარლამენტის აპარატის უფროსის წინაშე მათი წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხის დასმის შესახებ;

დ) ასრულებს საქართველოს კანონმდებლობით, კომიტეტის, პარლამენტის აპარატისა და კომიტეტის აპარატის დებულებებით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს.

6. კომიტეტის აპარატის სპეციალისტები:

ა) მუშაობენ კომიტეტის დებულებით განსაზღვრულ დარგობრივ მიმართულებათა საკითხებზე; მონაწილეობენ კანონპროექტების, პარლამენტის დადგენილებებისა და სხვა გადაწყვეტილებების პროექტების, კომიტეტის გადაწყვეტილებათა პროექტების შემუშავებაში, ანალიზსა და განზოგადებაში, კანონპროექტებზე დასკვნებისა და მოხსენებების მომზადებაში, კომიტეტის საკონტროლო, ორგანიზაციულ და სხვა საქმიანობაში; ასრულებენ კომიტეტის თავმჯდომარისა და კომიტეტის დავალებებს;

ბ) აღნუსხავენ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კანონპროექტების განხილვისას გამოთქმულ შენიშვნებსა და წინადადებებს;

გ) ასრულებენ საქართველოს კანონმდებლობით, კომიტეტის, პარლამენტის აპარატისა და კომიტეტის აპარატის დებულებებით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს.

          7. კომიტეტის გადაწყვეტილებით, კომიტეტთან შეიძლება შეიქმნას მრჩეველთა დროებითი საბჭოები, რომლებიც შედგება შესაბამისი დარგის კომპეტენტური, სათანადო გამოცდილების მქონე, მოწვეული ექსპერტებისა და მეცნიერებისაგანსაბჭოს წევრთა საქმიანობა არ ანაზღაურდება.

 

 

დიმიტრი ხუნდაძე

 

კომიტეტის თავმჯდომარე