|
საქართველოს პარლამენტის
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის
კომიტეტის სხდომის
ოქმი #26
2010 წლის 4 ნოემბერი
სხდომას უძღვებოდა კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი არსენიშვილი.
სხდომას ესწრებოდნენ კომიტეტის წევრები: დიმიტრი ლორთქიფანიძე, რამინ ბაირამოვი, არმენ ბაინდურიანი,ისვახან შამილოვი, ნაულ ჯანაშია, ჰარუტიუნ ჰოვჰანესიანი.
სხდომას საპატიო მიზეზით არ ესწრებოდნენ: ეკატერინე ხერხეულიძე, მარიკა ვერულაშვილი, ემზარ გელაშვილი.
სხდომას ესწრებოდა: ო. თოიძე - საქართველოს პარლამენტის წევრი, ა. ცინცაძე - სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, გ. ტაბატაძე - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, საკონსულო დეპატრამენტი, პ. ზამბახიძე - აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭო
სხდომას ესწრებოდნენ: აპარატის მუშაკები.
დღის წესრიგი:
- საქართველოს პრეზიდენტის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი "საკონსულო ფუნქციების შესახებ" ევროპული კონვენცია და ლტოლვილთა დაცვასთან დაკავშირებით საკონსულო ფუნქციების შესახებ" (მომხს. გ. ტაბატაძე);
- აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პრეოქტი "საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე" (მომხს. პ.ზამბახიძე);
- საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტები: "სააღმზრდელო დაწესებულებების ლიცენზირების შესახებ" კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ", "ლიცენზირებისა და ნებართვების შესახებ" კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე", "სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ" კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე", ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე" (მომხს. ო. თოიძე)
1. მოისმინეს:
საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის დირექტორის გიორგი ტაბატაძის ინფორმაცია საქართველოს პრეზიდენტის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი "საკონსულო ფუნქციების შესახებ" ევროპული კონვენცია და "ლტოლვილთა დაცვასთან დაკავშირებით საკონსულო ფუნქციების შესახებ" ევროპული კონვენციის ოქმის თაობაზე.
გადაწყვიტეს:
კომიტეტის წევრები მხარს უჭერენ წარმოდგენილი დოკუმენტების რატიფიცირებას.
- მოისმინეს: პ. ზამბახიძეს ინფრომაცია კანონის პროექტზე "საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე"
კანონპროექტი განსაზღვრავს შინაური ცხოველების ყოლისა და შენახვის წესებს; ველოსიპედით, მოტოციკლით, კვადროციკლით და სხვა მსგავსი ტიპის მოძრავი საშუალებებით საზოგარდოებრივი დასვენების ადგილებში გადაადგილების წესებს; სკუტერით, ჰიდროციკლით და სხვა მცირე ზომის მცურავი საშუალებებით სარგებლობის წესებს; ავტომანქანების პარკირების და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს, რაც მოქალაქეთა და ტურისტთა უსაფრთხოებასთანაა დაკავშირებული.
აზრი გამოთქვეს:
კანონპროექტთან დაკავშირებით აზრი გამოთქვეს და მომხსენებელს კითხვები დაუსვეს კომიტეტის წევრებმა: გ. არსენიშვილმა, დ. ლორთქიფანიძემ, ნ. ჯანაშიამ.
კანონპროექტის 103-ე მუხლის მე-2 ნაწილით შემოდის სანქცია ძაღლების ალიკაპის ან/და საბმელის გარეშე ყოლისათვის დასასვენებლ ადგილებში ან თვითმმართველი ქალაქის ტერიტორიაზე არსებულ სხვა საზოგადოებრივ ადგილებში (სივრცეებში). ამასთან დაკავშირებით კომიტეტიის წევრებმა მიზანშეწონილად მიიჩნიეს ძაღლების დიფერენციაცია ჯიშის და ასაკის მიხედვით.
კანონპროექტის 1074-ე მუხლით გათვალისწინებულია ველოსიპედით, მოტოციკლით, კვადროციკლით და სხვა მსგავსი ტიპის მოძრავი საშუალებით საზოგადოებრივი დასვენების ადგილებში გადაადგილების დადგენილი წესების დარღვევისათვის სანქციების დაწესება. ამავე მუხლის შენიშვნაში მითითებულია, რომ ადმინისტრაციული სახდელი ცალცალკე და სრულად ეკისრება მოძრავი საშუალებით მოსარგებლე პირს (დამქირავებელს), ასევე მის მესაკუთრეს (გამქირავებელს). გია არსენიშვილმა აღნიშნა, რომ ასეთი მიდგომა ეწინააღმდეგება სამართლის პრინციპებს. კანონპროექტში უნდა შევიდეს ცვლილება, რომლის თანახმადაც სახდელი დაეკისრება მხოლოდ კანონის დამრღვევს. ანალოგიური შენიშვნა გამოთქვა მან 1121-ე მუხლთან, რომელიც ითვალისწინებს სახდელის დაკისრებას შავი ზღვის, ხელოვნური ზღვისა და ტბის წყლების სანაპირო ზოლში ზომამცირე მცურავი საშუალებებით სარგებლობის წესების დარღვევისთვის როგორც მოსარგებლის (დამქირავებლის), ასევე მესაკუთრესთვის (გამქირავებლისთვის).
კანონპროექტის 151-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებულია მეთვალყურეობის გარეშე მყოფი შინაური ცხოველის სპეციალურ ადგილზე გადაყვანა და ჯარიმის გადახდამდე მისი მოვლა-პატრონობა. კომიტეტის წევრებს მიაჩნიათ, რომ "სპეციალურ ადგილებში" სათანადო პირობების შექმნამდე აღნიშნული ცვლილების შეტანა მიზანშეწონილი არაა, ვინაიდან შეიძლება გამოიწვიოს ადმინისტრირებასთან დაკავშირებული პრობლემები.
გადაწყვიტეს: გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით კომიტეტი მხარს უჭერს კანონპროექტის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განხილვას.
3. მოისმინეს: ო. თოიძის ინფორმაცია კანონპროექტებზე "სააღმზრდელო დაწესებულებების ლიცენზირების შესახებ" კანონში ცვლილებებისა და დამატებების სეტანის შესახებ", "ლიცენზირებისა და ნებართვების შესახებ" კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე", "სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ" კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე", "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე".
კანონპროექტი ითვალისწინებს ტერმინი "დაწესებულება" შეცვლას "მომსახურების მიმწოდებლით", ლიცენზიის მფლობელის/მაძიებლისთვის სააღმზრდელო საქმიანობის დამატებითი სალიცენზიო პირობების განსაზღვრას, რომლითაც განისაზღვრება პასუხისმგებლობის საკითხები.
გადაწყვიტეს:
კომიტეტის წევრებმა მხარი დაუჭირეს კანონპროექტების პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განხილვას.
სხდომის თავმჯდომარე: გ. არსენიშვილი
სხდომის მდივანი: დ. დემეტრაძე
|