| ოქმი #22 |
|
საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომის ოქმი #22 2010 წლის 30 სექტემბერი სხდომას უძღვებოდა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ეკატერინე ხერხეულიძე. სხდომას ესწრებოდნენ კომიტეტის წევრები: დიმიტრი ლორთქიფანიძე, რამინბაირამოვი, ემზარ გელაშვილი, არმენ ბაინდურიანი, ნაულ ჯანაშია, ისვახან შამილოვი, ჰარუტიუნ ჰოვჰანესიანი. სხდომას საპატიო მიზეზით არ ესწრებოდნენ: გიორგი არსენიშვილი, მარიკა ვერულაშვილი. სხდომას ესწრებოდა: რ. კერვალიშვილი, ლ. თორდია, ზ. კუკავა – პარლამენტის წევრები, თ. ხიდეშელი, ვ. მენაბდე - საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, დ. მესხიშვილი - ორგანიზაცია "უსაფრთხო მოძრაობა". სხდომას ესწრებოდნენ: აპარატის მუშაკები. დღის წესრიგი 1. საქართველოს პარლამენტის წევრების რ. კერვალიშვილისა და ო. თოიძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი "საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ"; 2. საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი "საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე" და მისგან გამომდინარე კანონპროექტები; 3. საქართველოს პარლამენტის წევრების პ. კუბლაშვილის, ლ. თორდიასა და კ. ანჯაფარიძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ"; 4. საქართველოს პარლამენტის წევრების ლ. თორდია, კ. ანჯაფარიძისა და ზ. კუკავას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონის პროექტი "ადმინისტრაციული სახდელისაგან გათავისუფლების შესახებ". 1. მოისმინეს: პარლამენტის წევრის ლაშა თორდიას ინფორმაცია კანონის პროექტზე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ". კანონპროექტი ითვალისწინებს პერსონალურ მონაცემებთა დაცვის სფეროში არსებული საკანონმდებლო ხარვეზების აღმოფხვრას, საქართველოს მიერ საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებასა და ევროპული სტანდარტების დანერგვას. . მომხსენებელმა ასევე განმარტა, რომ დღეისათვის საქართველოს კანონმდებლობაში პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ არსებული დებულებების მოქმედება მხოლოდ საჯარო დაწესებულებებზე ვრცელდებოდა. კანონპროექტით შემოთავაზებულ ერთ–ერთ მნიშვნელოვან სიახლეს წარმოადგენს მისი მოქმედების გავრცელება კერძო სექტორზე. ასევე სიახლეს წარმადგენს ახალი ინსტიტუტის – მონაცემთა დაცვის ინსპექტორის შექმნა, რომლის მიზანი იქნება პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ კანონმდებლობის იმპლემენტაცია და ზედამხედველობა მის შესრულებაზე. აზრი გამოთქვეს: კანონპროექტთან დაკავშირებით აზრი გამოთქვეს და კითხვები დასვეს: კომიტეტის წევრებმა ე. ხერხეულიძემ, დ. ლორთქიფანიძემ, ასევე ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ თ. ხიდეშელმა. კომიტეტის წევრებმა ხაზი გაუსვეს კანონის მიღების აუცილებლობას. ამასთანავე აღნიშნეს, რომ აუცილებელია კანონპროექტზე მუშაობის გაგრძელება მისი შემდგომი სრულყოფისა და დახვეწის მიზნით. დარეგულირებას მოითხოვს ისეტი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა: პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის შესარჩევ საკონკურსო კომისიის რეგლამენტაცია; ინსპექტორის კომპეტენციის იმგვარად გაწერა, რომ დაცული იყოს საქართველოში აღიარებული თავისუფალი მეწარმეობის პრინციპი; კანონპროექტით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დამკისრებელი სუბიექტების განსაზღვრა და იმის მიზანშეწონილობის განსაზღვრა, ეს კანონი უნდა ადგენდეს პასუხისმგებლობას თუ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი; აღნიშნული შენიშვნების გათვალისწინების შემტხვევაში წარმოიშობა სხვა საკანონმდებლო აქტებში ცვლილებების შეტანის აუცილებლობა. გადაწყვიტეს: გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით კომიტეტი მხარს უჭერს კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. 2. მოისმინეს: პარლამენტის წევრის ზ. კუკავას ინფორმაცია საქართველოს პარლამენტის წევრების ლ. თორდია, კ. ანჯაფარიძისა და ზ. კუკავას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონის პროექტზე "ადმინისტრაციული სახდელისაგან გათავისუფლების შესახებ". კანონპროექტის თანახმად ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისა და სახდელისაგან გათავისუფლდებიან პირები, რომლებმაც შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევა 2010 წლის 1 აგვისტომდე ჩაიდინეს. წარმოდგენილი საკანონმდებლო ინიციატივით, ჯარიმებისგან თავისუფლდებიან ძირითადად სოციალურად დაუცველი პირები, რომლებიც საზოგადოებრივ ტრანსპორტში უბილეთოდ მგზავრობდნენ და დაწესებული ჯარიმის გადახდა ვერ მოხერხეს. ჯამში 12680 დაჯარიმებულს შეეხება ამნისტია, რომელიც 1 037992 ლარს ითვალისწინებს. პროექტის მიხედვით, ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლება ვრცელდება სახდელისა და საურავის აღუსრულებელ ნაწილზე. გადაწყვიტეს: კომიტეტის წევრები მხარს უჭერენ კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვას. 3. მოისმინეს: რუსუდან კერვალიშვილის ინფორმაცია კანონის პროექტზე "საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ". კანონპროექტის თანახმად ნებისმიერ საავტომობილო გზაზე უსაფრთხოების ღვედის გამოუყენებლობა ადმინისტრაციული წესით დასჯადი გახდება. აზრი გამოთქვეს: პარლამენტის წევრმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ კანონპროექტი დადებითად შეაფასა, თუმცა მიიჩნევს, რომ 40 ლარიანი ჯარიმა გადამეტებულია. ასოციაციის "დაცული მოძრაობა" ხელმძღვანელმა დავით მესხიშვილმა წარმოადგინა უსაფრთხოების ღვედების კვლევის შედეგები. მისი განცხადებით, კვლევის შედეგს წარმოადგენდა უსაფრთხოების ღვედების გამოყენება–არ გამოყენების ძირითადი მიზეზების დადგენა, არსებული მდგომარეობის ანალიზი და საერთაშორისო ქვეყნების გამოცდილების გაცნობა. კვლევის მიხედვით, საგზაო–სატრანსპორტო შემთხვევებში საშუალოდ ქვეყანაში 1 საათში და თბილისში – 6 საათში ერთი ადამიანი ღებულობს დაზიანებას; 18 საათში – კი ერღი ადამიანი იღუპება; ამასთან მოსახლეობის 90,48% თვლის, რომ ღვედის უსაფრთხოება სიკვდილიანობას მნიშვნელოვნად ამცირებს. რუსუდან კერვალიშვილმა ასევე განაცხადა, რომ კვლევების თანახმად უსაფრთხოების ღვედების გამოყენება 405-%-ით ამცირებს მძღოლისა და წინა სავარძელზე მჯდომი მგზავრის დაღიპვის ალბათობას, 25%-ით კი უკანა სავარძელზე ჯდომისას. უსაფრთხოების ღვედის გამოყენება სავალდებულო წარმოდგენილი კანონპროექტის მიღებიდან ორი თვის შემდეგ გახდება. გადაწყვიტეს: კომიტეტის წევრები მხარს უჭერენ კანონპროექტის პირველი მოსმენი განხილვას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხი - საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი "საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე" და მისგან გამომდინარე კანონპროექტები - მომხსენებლის თხოვნით გადაიდო.
|






