დებულება

საქართველოს პარლამენტის ბიუროს 2012 წლის

10 დეკემბრის N13/17 გადაწყვეტილებით

 

 

საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის

თავი I

ზოგადი დებულებები

მუხლი 1

1. წინამდებარე დებულება განსაზღვრავს საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის (შემდგომში "კომიტეტი") უფლებამოსილებას ,საქმიანობისა და გადაწყვეტილებათა მიღების წესებს, კომიტეტის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.

2. კომიტეტი იქმნება პარლამენტის უფლებამოსილების ვადით. იგი თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით.

3. კომიტეტი თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს კანონშემოქმედებით და საკონტროლო საქმიანობას.

4. კომიტეტი ახორციელებს საკანონმდებლო საკითხების წინასწარ შემუშავებას, განხილვას და საქართველოს პარლამენტის პლენარული სხდომისათვის მომზადებას, ხელს უწყობს საქართველოს კანონების, საქართველოს პარლამენტის დადგენილებების და სხვა გადაწყვეტილებების შესრულებას, თავისი კომპეტენციის ფარგლებში კონტროლს უწევს პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული ორგანოებისა და მთავრობის საქმიანობას.

თავი II

კომიტეტის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები

მუხლი 2

კომიტეტი საქართველოს კონსტიტუციითა და კანონმდებლობით დადგენილი კომპეტენციის ფარგლებში:

1 შეიმუშავებს, განიხილავს და პარლამენტის პლენარული სხდომისათვის ამზადებს კანონების, პარლამენტის დადგენილებებისა და სხვა გადაწყვეტილებების პროექტებს;

2. მონაწილეობს პარლამენტში შემოსული კანონპროექტების განხილვა-დამუშავებაში, ამზადებს დასკვნებს და კანონპროექტების თაობაზე წარმოდგენილი შენიშვნების გათვალისწინების მდგომარეობის ამსახველ ფურცელს გადასცემს პარლამენტის შესაბამის ორგანოს;

3 საქართველოს მთავრობისათვის ნდობის გამოცხადების შემთხვევაში განიხილავს მთავრობის წევრთა კანდიდატურებს და შესაბამის დასკვნ წარუდგენს პარლამენტის ბიუროს;

4 აკონტროლებს კანონების, პარლამენტის დადგენილებებისა და სხვა გადაწყვეტილებების შესრულებას და საჭიროების შემთხვევაში შესაბამის დასკვნას წარუდგენს პარლამენტს;

5. ახორციელებს კონტროლს პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული სახელმწიფო ორგანოებისა და მთავრობის საქმიანობაზე და საჭიროების შემთხვევაში შესაბამის დასკვნას წარუდგენს პარლამენტს;

6 წყვეტს თავისი საქმიანობის ორგანიზაციულ საკითხებს;

7 სარგებლობს საკანონმდებლო ინიციატივის უფლებით;

8 განიხილავს კომიტეტში შემოსულ განცხადებებსა და საჩივრებს;

9 ახორციელებს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტითა და საკანონმდებლო აქტებით დადგენილ უფლებამოსილებებს.

10 საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად კომიტეტში იქმნება ნდობის ჯგუფი, რომელიც თავის საქმიანობას ახორციელებს "ნდობის ჯგუფის შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილი წესით.

თავი III

კომიტეტის შემადგენლობა

მუხლი 3

1 კომიტეტის შემადგენლობაში შეიძლება იყოს მხოლოდ საქართველოს პარლამენტის წევრი;

2 კომიტეტის შემადგენლობა განისაზღვრება ფრაქციათა წარმომადგენლობისა და იმ პარლამენტის წევრთა რაოდენობის პროპორციულად, რომლებიც არ შედიან არც ერთ ფრაქციაში;

3 კომიტეტის თავმჯდომარეს კომიტეტის წევრთაგან ღია კენჭისყრით, პარლამენტის უფლებამოსილების ვადით ირჩევს პარლამენტი;

4. კომიტეტი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით საკუთარი უფლებამოსილების ვადით, ღია კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს კომიტეტის თავმჯდომარის სამ მოადგილეს და აცნობებს პარლამენტის ბიუროს;

5. კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადაყენების, გადადგომის, ახალი თავმჯდომარის არჩევის წესი განისაზღვრება საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით;

6. კომიტეტის წევრს შეუძლია ნებისმიერ დროს გავიდეს კომიტეტის შემადგენლობიდან.

კომიტეტის წევრის უფლებამოსილება წყდება:

ა) მის მიერ კომიტეტის შემადგენლობიდან გასვლის შესახებ განცხადების წარდგენის მომენტიდან;

ბ)ფრაქციის მიერ მისი კომიტეტიდან გამოწვევის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მომენტიდან.

გ) იმ ფრაქციიდან გასვლის მომენტიდან, რომლის კვოტითაც იქნა იგი წარდგენილი კომიტეტში.

დ) მისი, როგორც პარლამენტის წევრის, უფლებამოსილების შეწყვეტის მომენტიდან.

ე) კომიტეტის წევრისათვის შეუთავსებელ თანამდებობაზე არჩევის მომენტიდან.

 

7 კომიტეტს პარლამენტში, მის ფარგლებს გარეთ და შესაბამის საპარლამენტთაშორისო ურთიერთობებში წარმოადგენს კომიტეტის თავმჯდომარე. კომიტეტის თავმჯდომარე აგრეთვე:

. ხელმძღვანელობს კომიტეტის საქმიანობას, იწვევს და წარმართავს კომიტეტის სხდომებს;

. ხელს აწერს კომიტეტის გადაწყვეტილებებს, დასკვნებს და მისი სხდომების ოქმებს;

. საერთო ხელმძღვანელობას უწევს კომიტეტის აპარატს;

. ყოველი წლის შედეგების მიხედვით, საშემოდგომო სესიის დაწყებისას წარუდგენს პარლამენტს საქმიანობის მოკლე წერილობით ანგარიშს;

. კომიტეტს ასარჩევად წარუდგენს კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის კანდიდატურას;

. ახორციელებს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებებს;

8 კომიტეტის თავმჯდომარის გადაყენების, გადადგომის, მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის ან მისი, როგორც პარლამენტის წევრის, უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში კომიტეტი თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებს მისი პირველი მოადგილე. კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის არყოფნის შემთხვევაში კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობის შესრულებას კომიტეტი ავალებს მის მოადგილეს. გადაწყვეტილება მიიღება კომიტეტის სიითი შემადგენლობის უმრავლესობით;

9 კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე:

. თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში, ასრულებს მის მოვალეობას;

. თავმჯდომარის დავალებით ასრულებს ცალკეულ დავალებებს.

10. კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე:

ა) თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში რეგლამენტით დადგენილი წესითა და პირობებით ასრულებს მის მოვალეობას;

ბ)ასრულებს თავმჯდომარის ცალკეულ დავალებებს.

 

თავი IV

კომიტეტის მუშაობის ორგანიზაცია

მუხლი 4

1.კომიტეტის პირველ საორგანიზაციო სხდომას იწვევს კომიტეტის თავმჯდომარე არჩევიდან სამი დღის ვადაში.

2. პირველი საორგანიზაციო სხდომა შეიმუშავებს კომიტეტის დებულებას და ირჩევს კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეებს.

3. პირველი საორგანიზაციო სხდომის ოქმი და კომიტეტის დებულება დასამტკიცებლად წარედგინება პარლამენტის ბიუროს.

4. კომიტეტის საქმიანობას ხელმძღვანელობს კომიტეტის თავმჯდომარე.

5. კომიტეტის სხდომას იწვევს და წარმართავს კომიტეტის თავმჯდომარე, ხოლო მისი არყოფნისას-მისი მოადგილე. კომიტეტის სხდომების პერიოდულობას განსაზღვრავს კომიტეტი, მაგრამ სასესიო პერიოდში არანაკლებ თვეში 2 სხდომისა. კომიტეტი ვალდებულია პარლამენტის ან პარლამენტის ბიუროს დავალებით, რეგლამენტით განსაზღვრულ ვადაში გამართოს სხდომა და განიხილოს საკითხი;

6.კომიტეტის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომიტეტის სიითი შემადგენლობის უმრავლესობა;

7. კომიტეტის სხდომა, როგორც წესი, იმართება პლენარული სხდომების კვირის სამშაბათს და ხუთშაბათს, აგრეთვე ამომრჩევლებთან შეხვედრის კვირაში. კომიტეტის სხდომის თარიღი (გარდა ამომრჩევლებთან შეხვედრების კვირისა) კომიტეტის წევრებს ეცნობება სხდომამდე არა უგვიანეს 1 დღისა. კომიტეტის სხდომაზე განსახილველი კანონპროექტი იმავე ვადაში ეგზავნება კომიტეტის წევრებს. კომიტეტის სხდომისა და მისი დღის წესრიგის შესახებ ინფორმაცია სხდომამდე 1 დღით ადრე განთავსდება პარლამენტის ვებგვერდზე.ამომრჩევლებთან შეხვედრების კვირაში კომიტეტის წევრებს კომიტეტის სხდომის მასალები ეგზავნება და მისი დღის წესრიგი და თარიღი ეცნობება სხდომამდე არაუგვიანეს 2 დღისა.

8. კომიტეტის წევრი ვალდებულია ესწრებოდეს კომიტეტის სხდომას და მონაწილეობა მიიღოს მუშაობაში. თუ ორ კომიტეტში გაწევრებული პარლამენტის წევრი კალენდარული თვის განმავლობაში არასაპატიო მიზეზით სამჯერ არ დაესწრება კომიტეტის სხდომებს, ხოლო 1 კომიტეტში გაწევრებული პარლამენტის პარლამენტის წევრი კალენდარული თვის განმავლობაში არასაპატიო მიზეზით ორჯერ არ დაესწრება კომიტეტის სხდომას მას დაუკავდება ხელფასის 10%. თუ კომიტეტის თავმჯდომარე თავისი მიზეზით კალენდარული თვის განმავლობაში ზედიზედ ორჯერ არ მოიწვევს კომიტეტის სხდომას, მას დაუკავდება ხელფასის 50%. პარლამენტის ბიურო განიხილავს კომიტეტის სხდომის ჩაუტარებლობის მიზეზს და უფლებამოსილია დადგენილი წესით პლენარულ სხდომაზე დასვას კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადაყენების საკითხი.

9. კომიტეტი ყოველთვიურად ადგენს კომიტეტის სხდომების გამცდენი პარლამენტის წევრების სიას, თითოეული მათგანის მიერ გაცდენილი სხდომების რაოდენობისა და თარიღის მითითებით. აღნიშნული სია გადაეცემა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს, რომელიც მონაცემების სისწორის შესწავლის შემდეგ უზრუნველყოფს მის გამოქვეყნებას და პარლამენტის ვებგვერდზე განთავსებას;

10. თუ ფრაქციის მიერ დანიშნულ წევრს დროებით არ შეუძლია მიიღოს მონაწილეობა კომიტეტის საქმიანობაში, მის დამნიშვნელ ფრაქციას უფლება აქვს აღნიშნული წევრი დროებით შეცვალოს ფრაქციის სხვა წევრით, რის შესახებაც ფრაქცია წერილობით აცნობებს შესაბამის კომიტეტს. ეს უფლება ფრაქციის თითოეული წევრის მიმართ კომიტეტის სხდომაზე დაუსწრებლობის შემთხვევაში შეიძლება გამოყენებული იქნეს ერთი სესიის განმავლობაში არაუმეტეს ხუთჯერ. კომიტეტის წევრს,რომლის უფლებამონაცვლეც ესწრება კომიტეტის სხდომას, შესაბამისი კომიტეტის სხდომა გაცდენილად არ ეთვლება;

11. კომიტეტის სხდომაზე გადაწყვეტილება მიიღება ღია კენჭისყრით, სხდომაზე დამსწრე კომიტეტის წევრთა ხმების უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებს სხდომის გახსნისათვის (უფლებამოსილების დადგენისათვის) საჭირო ხმების ნახევრისა, გარდა პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

12. კომიტეტის რიგგარეშე სხდომას იწვევს კომიტეტის თავმჯდომარე თავისი ინიციატივით ან პარლამენტის თავმჯდომარის, პარლამენტის ბიუროს,კომიტეტის სიითი შემადგენლობის ერთი მესამედის მოთხოვნით. კომიტეტის რიგგარეშე სხდომის თარიღი კომიტეტის წევრებს ეცნობება სხდომამდე არაუგვიანეს 1 დღისა;

13. კომიტეტის სხდომის დღის წესრიგს განსაზღვრავს კომიტეტის თავმჯდომარე თავისი ინიციატივით ან კომიტეტის წევრის (წევრების) მოთხოვნით. დღის წესრიგიდან საკითხის მოხსნის ან დღის წესრიგში ახალი საკითხის შეტანის თაობაზე გადაწყვეტილება მიიღება კომიტეტის სიითი შემადგენლობის უმრავლესობით;

14. კომიტეტის სხდომა საჯაროა. განსაკუთრებულ შემთხვევაში კომიტეტი ატარებს დახურულ სხდომას. დახურული სხდომის გამართვის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება კომიტეტის სიითი შემადგენლობის უმრავლესობით;

15. კომიტეტის სხდომას სათათბირო ხმის უფლებით შეიძლება დაესწრონ პარლამენტის წევრები, საქართველოს მთავრობის წევრები და მოწვეული პირები;

16. კომიტეტის სხდომაზე დასასწრებად კომიტეტის თავმჯდომარის დავალებით აპარატის მიერ შეიძლება მოწვეულ იქნენ საზოგადოებრიობის დაინტერესებული წარმომადგენლები, რომელთაც სხდომის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით მიეცემათ სიტყვით გამოსვლის უფლება;

17. კომიტეტის სხდომაზე დასასწრებად შეიძლება მოწვეულ იქნენ დადგენილი წესით აკრედიტირებული მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლები. შესაძლებელია მოეწყოს კომიტეტის სხდომის ტელერადიორეპორტაჟი და სხდომის შედეგების შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნდეს პრესაში;

18. პარლამენტის თავმჯდომარის მოთხოვნით, ბიუროს გადაწყვეტილებით ან შესაბამისი კომიტეტების თავმჯდომარეების გადაწყვეტილებით შეიძლება ჩატარდეს კომიტეტების ერთობლივი სხდომა. ერთობლივ სხდომაზე განხილულ საკითხებთან დაკავშირებით კომიტეტები ცალ-ცალკე კენჭისყრით იღებენ გადაწყვეტილებას;

19. კომიტეტის სხდომის შესახებ დგება ოქმი, რომელსაც ხელს აწერს თავმჯდომარე.

 

თავი V

კომიტეტში საკანონმდებლო და სხვა საკითხების განხილვა და პარლამენტისათვის წარდგენის წესი

მუხლი 5

1. კომიტეტის სხდომაზე განიხილება კომიტეტში შემუშავებული და შემოსული კანონპროექტები, ინფორმაციები კომიტეტის საქმიანობის ძირითად მიმართულებათა აქტუალურ საკითხებზე, პეტიციები, მოქალაქეთა საჩივრები და განცხადებები, საქართველოს მთავრობის წევრთა და სახელმწიფო თანამდებობის პირთა ახსნა-განმარტებები, ინფორმაციები, შემოწმებათა სხვა შედეგები;

2. კომიტეტი იღებს რეკომენდაციებს, დასკვნას, წინადადებას. კომიტეტის თავმჯდომარე გამოსცემს განკარგულებას შიდასაკომიტეტო ორგანიზაციულსაკითხებზე;

3. კომიტეტის დასკვნები, როგორც წესი, წარედგინება პარლამენტის ბიუროს, პარლამენტის პლენარულ სხდომას ან იგზავნება დანიშნულებისამებრ;

4. კომიტეტი განიხილავს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განსახილველად გასატან მის გამგებლობას მიკუთვნებულ ყველა საკითხს;

5. კომიტეტი შეისწავლის და აანალიზებს მის გამგებლობას მიკუთვნებული დარგის მიხედვით კანონმდებლობის შესრულების მდგომარეობას, იღებს ზომებს მისი შესრულების უზრუნველსაყოფად, საკანონმდებლო ხარვეზის აღმოსაფხვრელად, ამზადებს წინადადებებს კანონმდებლობაში აუცილებელი ცვლილებების ან/და დამატებების შეტანის შესახებ;

6. პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული ორგანოები, თანამდებობის პირები და საქართველოს მთავრობის წევრები კომიტეტის მოთხოვნით ვალდებულნი არიან კომიტეტის მიერ დადგენილ ვადაში წარადგინონ შესაბამისი დოკუმენტები, დასკვნები და სხვა საჭირო მასალები. სახელმწიფო ან სამხედრო საიდუმლოების შემცველი ცნობების წარდგენის წესი განისაზღვრება კანონმდებლობით;

7. პარლამენტის მიერ არჩეული პირი, ის თანამდებობის პირი რომლის დანიშვნაზედაც თანხმობა მისცა პარლამენტმა მოთხოვნის შემთხვევაში ვალდებულია, დაესწროს კომიტეტის სხდომებს, პასუხი გასცეს სხდომაზე დასმულ შეკითხვებს და წარადგინოს გაწეული საქმიანობის ანგარიში. ასეთ თანამდებობის პირს მოთხოვნისთანავე უნდა მოუსმინოს კომიტეტმა;

8. კომიტეტი განიხილავს თავის კომპეტენციის სფეროში საქართველოს მთავრობისათვის ნდობის გამოცხადების, ასევე საქართველოს კონსტიტუციითა და კანონით განსაზღვრულ თანამდებობის პირთა თანამდებობაზე არჩევის ან მათ დანიშვნაზე თანხმობის მიცემის საკითხებს. უფლებამოსილი პირი კომიტეტს აწვდის აღნიშნულ კანდიდატურებთან დაკავშირებულ ინფორმაციას, მათ შორის, ბიოგრაფიულ ცნობებს, შრომით გამოცდილებასა და პროფესიული ცოდნის შესახებ ინფორმაციას.

9. მიღებული ინფორმაციის საფუძველზე კომიტეტი ამზადებს დასკვნას საქართველოს მთავრობისათვის ნდობის გამოცხადების, საქართველოს კონსტიტუციითა და კანონით განსაზღვრულ პირთა თანამდებობაზე არჩევის ან მათ დანიშვნაზე თანხმობის მიცემის შესახებ. დასკვნა მიიღება ფარული კენჭისყრით, სხდომაზე დამსწრე კომიტეტის წევრთა ხმების უმრავლესობით;

10. კომიტეტის დასკვნა სავალდებულოა იმ პირთა კანდიდატურების თაობაზე, რომელსაც ირჩევს და რომელთა დანიშვნაზედაც თანხმობას იძლევა პარლამენტი. კომიტეტის დასკვნა წარედგინება პარლამენტის ბიუროს, რომელიც გადასცემს მას საქართველოს პრეზიდენტსა და პარლამენტს;

11. კომიტეტი მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე ინფორმაციის მოსმენის, კონტროლისა და შემოწმების შედეგად შეიმუშავებს დასკვნას. კომიტეტის დასკვნა უნდა შეიცავდეს შეფასებას და რეაგირების კონკრეტულ ზომებს, კომიტეტი ვალდებულია თავისი დასკვნა უახლოეს სხდომაზე წარუდგინოს პარლამენტის ბიუროს, რომელსაც ეს საკითხი განსახილველად შეაქვს პარლამენტის უახლოესი პლენარული სხომის დღის წესრიგში.პარლამენტი პლენარულ სხდომაზე განიხილავს შესაბამის დასკვნას, აფასებს მას და იღებს სათანადო გადაწყვეტილებას.

თავი VI

კომიტეტის საქმიანობის ორგანიზაციული უზრუნველყოფა

მუხლი 6

1 კომიტეტის საქმიანობის უზრუნველსაყოფად იქმნება პარლამენტის კომიტეტის აპარატი, რომელიც წარმოადგენს კომიტეტისადმი დაქვემდებარებულ პარლამენტის აპარატის მუდმივმოქმედ სტრუქტურულ ერთეულს;

2. კომიტეტის აპარატი:

) მონაწილეობ კანონპროექტების, პარლამენტის დადგენილებებისა და სხვა გადაწყვეტილებათა პროექტების, კომიტეტის გადაწყვეტილებათა პროექტების შემუშავებაში, კანონპროექტებზე დასკვნების, შენიშვნებისა და წინადადებების მომზადებაში, კომიტეტის საკონტროლო, ორგანიზაციულ და სხვა საქმიანობაში;

) ახორციელებს საკონსულტაციო და ანალიტიკურ ფუნქციებს, ორგანიზაციულ-ტექნიკურ მომსახურებასა და საქმისწარმოებას;

) ასრულებს კანონმდებლობით, აღნიშნული დებულებით, აგრეთვე პარლამენტის აპარატის, კომიტეტის აპარატის დებულებით განსაზღვრულ სხვაფუნქციებს.

3 კომიტეტის აპარატის სტრუქტურასა და საშტატო ერთეულთა რაოდენობას პარლამენტის აპარატის უფროსის წარდგინებით ამტკიცებს პარლამენტის თავმჯდომარე;

4. კომიტეტის აპარატის შემადგენლობაში შედიან კომიტეტის აპარატის უფროსი და სპეციალისტები (საშტატო განრიგით გათვალისწინებული მოხელეები და მოწვეული სპეციალისტები), რომელთა უფლება-მოვალეობები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით, აღნიშნული დებულებით, აგრეთვე პარლამენტის აპარატისა და კომიტეტის აპარატის დებულებებით.