| ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის შესახებ |
|
პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი შეიქმნა 2004 წლის დასაწყისში. იგი მონიტორინგს უწევს “პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების” განხორციელებას და ევროკავშირთან მიმართებაში მთავრობის მიერ წარმოებულ საქმიანობას, მათ შორის “კანონმდებლობის ჰარმონიზაციის ეროვნული პროგრამის” დროულ შესრულებას. პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების 43-ე მუხლის მიხედვით, საქართველომ აიღო თავისი კანონმდებლობის ევროკავშირის ნორმებთან დაახლოების ვალდებულება და შესაბამისად დაიწყო კანონმდებლობის ჰარმონიზაციის ეროვნული პროგრამის განხორციელება. ეს პროგრამა შემუშავდა “პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების” საფუძველზე ქართველ და უცხოელ ექსპერტების მიერ და მის შემადგენლობაში შედის 13 ძირითადი სექტორი. ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტს მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ფუნქცია აქვს. იგი მონაწილეობს კანონპროექტების შედგენის პროცესში და განიხილავს მთავრობის ან სხვა საპარლამენტო კომიტეტების ინიციატივით შემოსული კანონპროექტების ევროკავშირის კანონმდებლობასთან შესაბამისობას. ამავე დროს იგი უწევს მონიტორინგს ევროპის სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში სამოქმედო გეგმის მომზადებას და საქართველოსა და ევროკავშირის წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებებს. სხვადასხვა აქტუალური საკითხების მომზადებისას, კომიტეტი აქტიურად თანამშრომლობს არასამთავრობო და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან. საქართველოს პარლამენტი განსაზღვრავს ქვეყნის საგარეო პოლიტიკის მიმართულებებს და შესაბამისად ევროპასთან ინტეგრაციის საერთო პოლიტიკასაც. აქედან გამომდინარე, კომიტეტი აქტიურად მუშაობს საზღვარგარეთის ქვეყნების შესაბამის საკანონმდებლო და სამთავრობო ორგანოებთან. კომიტეტის შემადგენლობაში შედის პარლამენტის 11 წევრი და აპარატის12 თანამშრომელი. |






