|
დარგობრივი ეკონომიკისა და
ეკონომიკური პოლიტიკის
კომიტეტის სხდომის
ოქმი #12
ქ. თბილისი 10 ნოემბერი 2011 წ.
სხდომას თავმჯდომარეობდა: გიორგი მელაძე
სხდომას მდივნობდა: რამაზ ყანჩაველი
სხდომას ესწრებოდნენ:
|
კომიტეტის წევრები:
|
მ. სამადაშვილი, თ. წურწუმია, რ. მარსაგიშვილი, ზ. კიკალეიშვილი, რ. მაისურაძე, კ. კურდღელაშვილი, დ. ოვაშვილი, კ. ოქრიაშვილი, გ. ჩახვაძე, გ. ჯაბუა;
|
|
აპარატის მუშაკები:
|
ი. მერებაშვილი, მ. ჯაფარიძე, თ.შაბაშვილი, ვ. ქარუმიძე, ი. გაბისონია. მ. ჯულაყიძე, გ.სირაძე, მ. მეტრეველი, თ. ტეფნაძე, თ. ჯაფარიძე;
|
|
მოწვეულები:
|
ლევან ვეფხვაძე, ჯონდო ბაღათურია, ზვიად კუკავა – პარლამენტის წევრები; ალექსანდრე ხეთაგური – ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი, ირაკლი გორდულაძე – პრეზიდენტის პარლამენტთან ურთიერთობისა და კანონშემოქმედების სამსახურის უფროსი, გია ხუროშვილი – მთავრობის საპარლამენტო მდივანი, ირაკლი დავითაძე – სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი, სალომე გირკელიძე – ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი.
|
დღის წესრიგი
- 1.საქართველოს სტრატეგიული განვითარების "ათპუნქტიანი გეგმა" –მოდერნიზაციისა და დასაქმებისათვის და ზამთრის სეზონისათვის მზადყოფნის ღონისძიებათა შესახებ.
/მომხ. ალეკო ხეთაგური/
- 2.საქართველოს პარლამენტის წევრების გურანდა ჯაბუასა და ანდრო ალავიძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტები: „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „მოსაკრებლების სისტემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
(მეორე მოსმენა)
/მომხ. გურანდა ჯაბუა/
- 3.საქართველოს პარლამენტის წევრების თეიმურაზ წურწუმიასა და ანდრო ალავიძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტები: “საქართველოს საჰაერო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“.
(პირველი მოსმენა)
/მომხ. თეიმურაზ წურწუმია/
- 4.საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“
(პირველი მოსმენა)
/მომხ. გია ხუროშვილი/
- 5.საქართველოს პრეზიდენტის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით რატიფიკაციისათვის წარმოდგენილი შეთანხმება „საქართველოს მთავრობასა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას შორის ფინანსური თანამშრომლობის შესახებ“
/მომხ. რუსუდან კემულარია/
- 6.საქართველოს პარლამენტის წევრების მიხეილ ცქიტიშვილის, ანდრო ალავიძის და ზვიად კუკავას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტები: „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
/მომხ. ზვიად კუკავა/
|
1. მოისმინეს:
|
მოხსენება საქართველოს სტრატეგიული განვითარების "ათპუნქტიანი გეგმა" – მოდერნიზაციისა და დასაქმებისათვის და ზამთრის სეზონისათვის მზადყოფნის ღონისძიებათა შესახებ.
აღინიშნა, რომ 10 პუნქტიანი გეგმა, არის მთავრობის სტრატეგიული დოკუმენტი, რომლითაც უახლოეს მომავალში მოხდება ქვეყნის განვითარება. ძირითადი საკითხი, რასაც ეს გეგმა მიეძღვნება ეს არის ახალი, მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილების შექმნა, დამატებითი ინვესტიციების მოზიდვა და რეფორმების გაგრძელება ლიბერალიზაციის კუთხით.
ჩვენ წარსულშიც გვქონდა ასეთი გეგმები, მაგალითად, 50 თვიანი გეგმა, რომლის ძირითადი ამოცანა იყო იმ პერიოდში შექმნილი სიტუაციიდან და რეცესიიდან სწრაფი გამოსვლა და შესაბამისად ეს ენერგეტიკის სექტორში საკმაოდ მკაფიოდ იქნა ყველა ამ მიმართულებით შესრულებული. სადღეისოდ კი გვაქვს ახალი გეგმა, რომელიც გარკვეულწილად აგრძელებს სწორედ იმ 50 თვიან გეგმას. ამ 10 პუნქტიან გეგმაში ენერგეტიკის მიმართულებით გაწერილი გვაქვს ის სამუშაოები, რაც უნდა შესრულდეს უახლოესი 5 წლის განმავლობაში.
პირველ რიგში ეს არის ახალი გადამცემი ხაზების მშენებლობა სამი ქვეყნის: თურქეთის, სომხეთისა და აზერბაიჯანის მიმართულებით. ეს არის ახალი ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობა, რომელსაც დასაბამი ჩაუყარა და ბიძგი მისცა სწორედ ახალი გადამცემი ხაზების მშენებლობამ. ეს არის სპეციალური ე.წ. ინდუსტრიული ზონების შექმნა, სადაც უზრუნველყოფილი იქნება ყველა საჭირო ინფრასტრუქტურა იმისათვის, რომ ბიზნესს მიეცეს სხვადასხვა გადამამუშავებელი ფაბრიკებისა თუ ქარხნების მშენებლობის შესაძლებლობა.
აქ წარმოდგენილი რუქების მეშვეობით დეტალურად გაგაცნობთ განზრახულობის თითოეულ მიმართულებას.
დავიწყოთ ახალი გადამცემი ხაზების მშენებლობით. ჩვენ დაწყებული გვაქვს და 2012 წლის მაისში დასრულდება თურქეთის მიმართულებით ახალი’ 400 კილოვოლტიანი გადამცემი ხაზის მშენებლობა, რომელიც პირველ ეტაპზე, მაისიდან გაატარებს 350 მეგავატს, წლის ბოლომდე 700 მეგავატს, შემდგომ 1000 მეგავატს ანუ ხაზის განვითრება მიმდინარეობს 3 ეტაპად.
ამავდროულად მნიშვნელოვანია, რომ ამ პროექტის ნაწილი არის ზესტაფონიდან ახალციხემდე და ახალციხიდან გარდაბნამდე არსებულ ხაზთან პარალელული 500 კილოვოლტიან ხაზის მშენებლობა, რაც უზრუნველყოფს აღმოსავლეთიდან დასავლეთს შორის სისტემის საიმედოობის გაორმაგებას. ნებისმიერი ავარია, რაც დღემდე ხდებოდა 500 კილოვოლტიან ხაზზე და შესაბამისად წესდებოდა შეზღუდვები ელექტროენერგიის მიწოდებაში, პრაქტიკულად აღარ იარსებებს.
გახსოვთ, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის დროს, როდესაც ჩვენ ჩაგვიჭრეს 500 კილოვოლტიანი ხაზი გორთან აღმოსავლეთ საქართველო დასავლეთ საქართველოსთან იყო გაყოფილი და რომ არა აზერბაიჯანული მხარის დახმარება საკმაოდ სერიოზელი პრობლემა გვექნებოდა აღმოსავლეთ ნაწილში ელექტროენერგიის მოწოდების მხრივ. სწორედ ამ დამატებითი ხაზის მშენებლობით უზრუნველყოფილი იქნება რომ ნებისმიერი ავარია დღეს არსებულ ხაზებზე აღარ გამოიწვევს მოსახლეობის ან სამეწარეო სექტორისათვის ელექტროენერგიის მიწოდების შეზღუდვას.
ამავდროულად, პარალელული ეფექტი იქნება თურქეთში ელექტროენერგიის ექსპორტის გაზრდას. რადგან, დღეს არსებული ხაზი ატარებს მხოლოდ და მხოლოდ 120 მეგავატს ხოლო მშენებლობის დასრულების შემდეგ შესაძლებელი გახდება ამ ახალი ხაზით 10–ჯერ მეტი ელექტროენერგიის გატარება. თავისთავად ეს არის ძირითადი მიზეზი, თუ რატომ დაიწყო საქართველოში ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობა, გამომდინარე იქიდან, რომ გაჩნდა ბაზარი თურქეთის სახით და აქედან გამომდინარე, ჩვენ გვქონდა პოტენციალი აუცილებელი ჰიდრორესურსების და ინვესტორებმა დაიწყეს ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობა. ამის გარდა, ბათუმის ქვესადგურებიდან ხორციელდება ახალი ხაზის მშენებლობა ასევე თურქეთის მიმართულებით.
აღნიშნულს თავიდან ბოლომდე აფინანსებს კერძო კომპანია და ეს ხაზი იქნება ასევე 350 მგვტ–იანი და ჩვენ ვფიქრობთ, რომ 2013 წლიდან უკვე თურქეთის მიმართულებით გვექნება დაახლოებით 1500 მგვტ–ზე მეტი სიმძლავრის გამტარუნარიანობა. ეს პრაქტიკულად უპრეცედენტო ციფრია იმიტომ, რომ არც ერთ მეზობელ ქვეყანასთან ჩვენ ამხელა გატარების სიმძლავრე არ გვაქვს და არც მომავალში ვგეგმავთ ამას.
რუსეთის მიმართულებით დღესდღეობით არსებული ხაზს „კავკასიონს“ აქვს 1100 მგვტ–ი სიმძლავრის გამტარუნარიანობა. ამავდროულად აფხაზეთის გავლით ჩვენ კიდევ გვაქვს რუსეთთან კავშირი 220 კილოვოლტიანი ხაზით. ორივე ჯამში ატარებს 1100 მგვტ–ს და საჭიროების შემთხვევაში ეს ხაზები ირთვება ხოლმე.
დღესდღეობით ჩვენ ავარიულ რეჟიმებში მოთხოვნისას რუსეთში გავცემთ ელექტროენერგიას, რაშიც ვიღებთ საკმაოდ მაღალ ანაზღაურებას, როგორც სოჭის მიმართულებით, ასევე კავკასიონის მიმართულებით. ორივე მიმართულება კონტროლდება დღესდღეობით საქართველოს ცენტრალური სადისპეტჩეროს მიერ.
ჩვენ დაწყებული გვაქვს დამატებითი ხაზის მშენებლობა აზერბაიჯანის მიმართულებით და მომავალი წლის თებერვლისათვის ეს იგი იქნება ექსპლუატაციაში შეყვანილი. ეს არის ახალი 500 კილოვოლტიანი ხაზი და აზერბაიჯანთან დაახლოებით 1100 მგვტ–ზე გავზრდით გამტარუნარიანობას.
უკვე დავიწყეთ და მომავალი წლის ბოლოსთვის დასრულებული იქნება ხაზის მშენებლობა სომხეთის მიმართულებით. ჩვენ ხაზს მივიყვანთ სომხეთის საზღვრამდე, იქეთ კი უკვე სომხეთის მხარემ უნდა აწარმოოს ამ ხაზის მშენებლობა. შედეგად სომხეთთან გვექნება დაახლოებით 800–900 მგვტ გამტარუნარიანობა, ხოლო თუ არსებულ ხაზებსაც დავუმატებთ, ამ მიმრთულებითაც ავდივართ დაახლოებით 1100 მგვტ–მდე. შესაბამისად, შესაძლებელი გახდება არა მარტო ქართული ელექტროენერგიის ექსპორტი თურქეთში ან სხვა ნებისმიერ ქვეყანაში, არამედ ბაქო–თბილისი–ჯეიჰანისა და ბაქო–თბილისი–ერზრუმის ნავთობისა და გაზის პროექტების დასრულების შემდეგ, აზერბაიჯანული ელექტროენერგიის ტრანზიტი თურქეთში, რუსული ელექტროენერგიის ტრანზიტი თურქეთში ან, შესაძლებლობების ფარგლებში, – სომხური ენერგიის ტრანზიტიც თურქეთში, თუ ამის ინტერესი იქნება. ანუ ტექნიკურად ჩვენ ამისთვის მზად ვიქნებით.
საბოლოო ჯამში ამ ხაზების და ინფრასტრუქტურის განვითარება გვაძლევს იმის მყარ გარანტიას, რომ საქართველო უკვე არის და მომავალში განვითარდება როგორც ერთ–ერთი ყველაზე ენერგოუსაფრთხო ქვეყანა რეგიონში. ჰიდროსადგურების წილით ქვეყნის ენერგომომარაგებაში, ინფრასტრუქტურულად, გადამცემი ხაზებით და მათი სიმძლავრის დონეებით, ამ ნაწილში პრაქტიკულად ვერ შეგვედრება ვერც აზერბაიჯანი, ვერც სომხეთი, ვერც თურქეთი და ვერც რუსეთი.
ექსპორტის წილი დღესდღეობით ადგილობრივ გენერაციაში არის 15 % და ჩვენ ვცდილობთ აღნიშნული მაჩვენებლის გაზრდას. სწორედ ახალი ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობა იქნება იმის მყარი გარანტია, რომ ეს მუდმივად გაიზრდება. ამასთან ახალი ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობა გვაძლევს ასევე იმის გარანტიას, რომ მოხმარების ზრდა იყოს მყარად გარანტირებული იმისთვის, რომ ჩვენ ადგილობრივი რესურსით შევძლოთ ამ მოხმარების დაკმაყოფილება და საქართველოს უკვე არასოდეს დასჭირდეს ელექტროენერგიის იმპორტი.
საილუსტრაციოდ მინდა შეგახსენოთ, რომ 2006 წელს ჩვენს მოხმარებაში 30% იყო ელექტროენერგიის იმპორტი, დღეს კი ეს დეფიციტი არა თუ გადაფარულია არამედ 15%–ს ელექტროენერგიის ექსპორტს ვაკეთებთ.
ამავდროულად, ჩვენ ვაძლიერებთ შიდა სისტემასაც. დასავლეთ საქართველოშიც ვაშენებთ ახალ გადამცემ ხაზებს. ეს მშენებლობები უკვე დაიწყება მომავალ წელს და პრაქტიკულად დასავლეთ საქართველოშიც გვექნება ორი პარალელური მაღალი ძაბვის ხაზი ანუ 500 კილოვოლტიანი ხაზი და ორი პარალელური 220 კილოვოლტიანი ხაზი. 2013 წლის ბოლოდან ნებისმიერ ავარიას უკვე სისტემა დააბალანსებს, ანუ ორ ხაზზე ერთი და იგივე დროს მომხდარი ავარიის შემთხვევაშიც კი მომხმარებელი ვერანაირ შეზღუდვას ვერ იგრძნობს. დღესდღეობით ეს პრაქტიკულად არის შეუძლებელი. მეტიც, ერთ ხაზზეც რომ მოხდეს ავარია, ამ შემთხვევაშიც უკვე სისტემას სერიოზული რყევები გააჩნია.
როგორც მოგახსენეთ, უკვე შექმნილი არის ოთხი ინდუსტრიული ზონა და ერთი ინდუსტრიული ზონის შექმნა დასრულდება მომავალი წლის ზაფხულში. ეს არის ფოთის მიმდებარე ტერიტორია, ანუ, მათ შორის, ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა და მთლიანად ფოთის ტერიტორია. გამომდინარე იქედან, რომ ფოთში ჩვენ უკვე შევიყვანეთ სამრეწველო დანიშნულების ბუნებრივი გაზი, ამავდროულად ფოთში არის საგზაო ინფრასტრუქტურა, სარკინიგზო ინფრასტრუქტურა და ელექტროენერგიის მაღალი რაოდენობის გადაცემის შესაძლებლობა. მეორე ეს არის სენაკის მიმდებარე ტერიტორია, სადაც ასევე გადამცემი გაზი, საავტომობილო და რკინიგზა, ასევე ელექტროენერგია, წყალი არის მიყვანილი და დღეს სენაკში შესაძლებელია ნებისმიერი მოცულობის ინდუსტრიული მშენებლობა.
ქუთაისი და ქუთაისის მიმდებარე ტერიტორია. აქაც ყველა ეს ინფრასტრუქტურა – წყალი, გაზი, ელექტროენერგია, გზა და რკინიგზა მიყვანილია, მზად არის და ელოდება ინვესტორებს.
თბილისი–რუსთავი–გარდაბანი ასევე პრაქტიკულად მზად არის, მომავალი წლის ზაფხულიდან მათ დაემატება ახალციხეც. მხედველობაშია საავტომობილო გზა და რკინიგზა, წყალი და ბუნებრივი გაზი.
რაც შეეხება ბუნებრივ გაზს, ახალ შეერთების წერტილს ვიღებთ შაჰდენიზიდან და ახალ მილს ვაშენებთ დასავლეთის მიმართულებით, რითაც ბუნებრივი გაზით მომარაგებაში იქმნება შეკრული წრედი: პრაქტიკულად ორი მიღების წერტილი გვექნება, ერთი ახალციხეში და მეორე გარდაბანში, და მთლიანად იქნება საქართველო რკალში მოქცეული ანუ ნებისმიერი ავარია ასევე ბუნებრივი გაზის ქსელზეც შესაძლებლობას მოგვცემს, რომ მოხდეს გადართვა და მომხმარებელმა შეზღუდვა ვერ იგრძნოს. ხოლო, მას შემდეგ, რაც ახალციხის მიმართულებით დავამთავრებთ სამუშაოებს, ვაპირებთ კიდევ ერთი ზონის დამატებას. ეს იქნება ქსანის მიმდებარე ტერიტორია, სადაც უკვე 2013 წელს მიყვანილი იქნება ყველა ინფრასტრუქტურა და ქვეყანაში იარსებებს 6 ინდუსტრიული ზონა, სადაც შესაძლებელი იქნება დიდი დიდი ენერგოტევადების მქონე საწარმოების გახსნა.
პარალელურად არსებულ ჰიდროელექტროსადგურებზე მიმდინარეობს სხვადასხვა სახის სარეაბილიტაციო სამუშაოები. დარგში ჩვენ დავამთავრეთ პრივატიზაცია და მხოლოდ და მხოლოდ ორი ჰიდროელექტროსადგური იმყოფება და დარჩება სახელმწიფო საკუთრებაში და სახელმწიფო მენეჯმენტის ქვეშ. ეს არის ენგურისა და ვარდნილის ჰიდროელექტროსადგურები, რომლებიც პრაქტიკულად მდებარეობენ ოკუპირებულ ტერიტორიაზე. მოგეხსენებათ, რომ მხოლოდ ენგურის კაშხალია ჩვენს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. სამი დღის წინ პირადად გახლდით და დავათვალიერე აქ მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები. შეგახსენებთ, რომ ენგურზე 5 აგრეგატი გვაქვს. აქედან 3 აგრეგატი უკვე რეაბილიტირებულია, დღეს მიდის დანარჩენ ორ აგერგატზე რეაბილიტაცია, მომავალი წლის ზაფხულში დასრულდება ერთი და 2013 წლის ბოლოს დასრულდება მეორე. ჯამში, 2013 წლის ბოლოს ჩვენ ენგური გვექნება თავიდან ბოლომდე რეაბილიტირებული, უფრო სწორად, მშენებლობა იქნება საბოლოოდ დასრულებული, რადგან ოფიციალურად იგი დასრულებული არ არის, თუმცა, მშენებლობა საბჭოთა კავშირის დროს დაიწყო. ამით დამთვრდება ეს პროცესი და ჰიდროელექტროსადგურს მივიღებთ ექსპლუატაციაში.
გრძელდება გალის რაიონში, სოფელ რეჩხში ვარდნილჰესების კასკადის რეაბილიტაცია, რომელსაც ჩვენ ვაკეთებთ, იქიდან გამომდინარე, რომ ენგურის რეაბილიტაციის შემდეგ ენგურიდან გამომუშავებული წყალი ჩაედინება ვარდნილის კასკადში და შესაბამისად ვარდნილჰესების რეაბილიტაციის გაუმართაობამ შეიძლება ხელი შეუშალოს ენგურის მაქსიმალურ სიმძლავრეებზე გასვლას. აქედან გამომდინარე ჩვენ რეაბილიტაციას ვუკეთებთ ვარდნილჰესების კასკადსაც.
ამავდროულად მიმდინარე წელს დაწყებულია 10 ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა უკვე, ჯამური სიმძლავრით 306 მეგავატი და მომავალ წელს არსებული მემორანდუმებით დაგეგმილი არის 13 ჰიდროელექტროსადგურის დაწყება, ჯამში 2087 მეგავატით, რაც გარკვეულ წილად შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს, დაახლოებით ეს მაჩვენებელი გადააჭარბებს 13 ათას სამუშაო ადგილს. თავისთავად ამ მემორანდუმებში გაწერილი არის რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ კონკრეტული ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა არ დაიწყო. წელს, მაგალითად გვქონდა ერთი ასეთი პრეცენდენტი: ჩვენ გამოვითხოვეთ წარმოდგენილი საბანკო გარანტია და 6 მეგავატიანი ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის არდაწყების გამო კომპანიამ დაკარგა დაახლოებით 1 200 000 000 დოლარის საბანკო გარანტია ანუ თანხა გამოთხოვილი იქნა ბიუჯეტში და ეს პოტენციური ჰიდროელექტროსადგური ჩაჯდა იმ ნუსხაში, რომელსაც ჩვენ ასაშენებლად ვთავაზობთ ინვესტორებს.
ბუნებრივი გაზის სექტორში მიმდინარეობს მაგისტრალური გაზსადენების რეაბილიტაცია და ეს არის ჩვენი ერთ–ერთი პრიორიტეტი. დამატებითი ხაზების მშენებლობაზე უკვე მოგახსენეთ. დავაზუსტებ, რომ ვაკეთებთ შაჰდენიზის მილთან ახალციხის რაიონში შეჭრას და დამატებითი მილის მშენებლობას ახალციხიდან ფოთის მიმართულებით. ამავდროულად ეს პროექტი შესაძლებლობას მოგვცემს, რომ საქართველოს ინფრასტრუქტურა მზად დახვდეს აზერბაიჯანული გაზის, ფოთის გავლით, გათხევადებული სახით რუმინეთში ტრანსპორტირებას იმ ცნობილი პროექტით, რომელსაც ეწოდება აზერბაიჯანი–საქართველო–რუმინეთი–უნგრეთის ერთობლივი პროექტი– გათხევადებული გაზის ტრანსპორტირება. შესაბამისად, 2014 წლისთვის ჩვენ უკვე გვექნება ინფრასტრუქტურა მზად საქართველოში იმისთვის, რომ მოხდეს გამათხევადებული ტერმინალის მშენებლობა და ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირება აზერბაიჯანიდან ევროპის მიმართულებით.
მნიშვნელოვანია ის სამუშაოები, რასაც ჩვენი პროგრამით კომპანიები ახორციელებენ როგორც გაზიფიცირების ასევე ელმომარაგების გამრიცხველიანების სამუშაოებს. იყო გარკვეული ჩავარდნები, კერძოდ კახეთის რეგიონში. იქ მოქმედი კომპანია ჯერჯერობით იმყოფება გაკოტრების რეჟიმში და ვიმედოვნებთ, რომ აუქციონზე იქნება მისი შეძენის ინტერესი ან, ისევ და ისევ, მფლობელი შესძლებს ვალების გადახდას და კომპანიის დაბრუნებას. შესაბამისად გამრიცხველიანება დაიწყება ჩვეულებრივი რიტმით და დაახლოებით 1,5 წელში, 2013 წლის ბოლოსთვის იქნება დასრულებული, გამომდინარე იქიდან, რომ გრაფიკით, რომელიც კომპანიას აქვს ეს გამრიცხველიანება 2013 წლის ბოლოს უნდა დასრულდეს.
თბილისში გამრიცხველიანება დასრულებულია. საქართველოს სხვა რეგიონებში გამრიცხველიანება მიდის გრაფიკით. წელიწადში ხორციელდება დაახლოებით 120–130 ათასი აბონენტის გამრიცხველიანება. მაგალითისათვის კომპანია „ენერგოპრო“ს გრაფიკით წლის ბოლოს გამრიცხველიანებული იქნება დაახლოებით 128 ათასი აბონენტი, იგივე რაოდენობა იქნება მომავალ წელს 2012 და 2013 წლის ბოლოს გამრიცხველიანება უკვე დასრულებული იქნება.
რაც შეეხება გაზიფიცირებას, აქ უნდა ითქვას, რომ გაზიფიცირების სამუშაოებს როგორც კომპანია „სოკარი“ ასევე კომპანია „იტერა საქართველო“ საკმაოდ აქტიურად ახორციელებს. პრაქტიკულად ყოველ კვირეულად რომელიმე სოფლის გაზიფიცირება ხდება.
იყო ბევრი შეკითხვა იმასთან დაკავშირებით, ხდება თუ არა მთლიანად საქართველოის გაზიფიცირება. ჩვენ ვცდილობთ, რომ მოვიცვათ საქართველოში არსებული ელექტროენერგიის აბონენტების 70%. უფრო მეტის მიღწევა შეუძლებელი იქნება გამომდინარე იქიდან, რომ მაგალითად, მესტიაში კიდევაც რომ ავიყვანოთ გაზის მილები, ფიზიკურად გაზი იმ სიმაღლეებზე ვერ ავა. ანალოგიური ვითრებაა აჭარის მაღალმთიანეთშიც, სადაც მილებით ბუნებრივი გაზის მიწოდების უზრუნველყოფა პრაქტიკულად შეუძლებელია. ამიტომ როგორც აჭარის მაღალმთიანეთში, ასევე ზემო სვანეთში და საქართველოს სხვა მაღალმთიან რეგიონებში, სადაც შეუძლებელია ბუნებრივი გაზის მილებით აყვანა, ჩვენ ვუზრუნველვყოფთ, რომ მოსახლეობას შესაძლებლობა ჰქონდეს გამოიყენოს ალტერნატიული სათბობი, ე.წ. თხევად გაზი ანუ პროპანი და შესაბამისად, მინიმუმ საჭმლის მომზადებისთვის მაინც ჰქონდეს ეს რესურსი.
დიდი რეფორმა გვაქვს დაწყებული საქართველოს ტყეებთან დაკავშირებით. დღესდღეობით უკვე მნიშვნელოვანწილად არის გამარტივებული მოსახლეობისთვის ტყეში შესვლა და შეშის თუ სამასალე მერქნის გამოტანა. ამავდროულად ჩვენ საკმაოდ გავამკაცრეთ კომერციული მიზნებისთვის მასალის წარმოება და მასალის გაყიდვა. ეს მოხდა მას შემდეგ რაც შემოღებულ იქნა სპეციალური ანგარიშფაქტურები ანუ ხე–ტყე დაექვემდებარა სპეციალური ანგარიშფაქტურებით გაყიდვას და კონტროლდება ბაზარი. იმ შემთხვევაში თუ კონტროლის გამკაცრებით ბაზარზე არ იარსებებს ე.წ. „მარცხენა“ მასალა, დარწმუნებულები ვართ, რომ ტყეში აღმოფხვრილი იქნება უკანონო ჭრები.
რაც შეეხება იმას თუ როგორ ხვდება ენერგოსექტორი ზამთარს, შემიძლია მოგახსენოთ – გამომდინარე იქიდან, რომ ყველა საჭირო რეაბილიტაცია დროულად არის ჩატარებული სექტორი მზად არის ზამთრის გადასატანად. ეს ზამთარი ისევე როგორც წინა ზამთრები იქნება საკმაოდ განათებული და თბილი. თავისთავად არსებობს გარკვეული ავარიების რისკი. მაგალითად, 2 დღის წინ საკმაოდ დიდი თოვლი მოვიდა და კონკრეტულ ადგილებში იყო ლოკალური ავარიები, რომლებიც საკმაოდ ოპერატიულად იქნა აღმოფხვრილი. ამაში გარკვეული როლი ითამაშა იმანაც, რომ ჩვენი მითითებით კომპანიებს გაწერილი აქვთ პრემირების სისტემა იმის და მიხედვით თუ ავარიის შემთხვევაში რამდენად მცირე ვადაში ხდება მომხმარებლის ხელმეორედ ჩართვა.
|
|
აზრი გამოთქვეს:
|
ვეფხვაძემ.დავიწყებ ინფრასტრუქტურული კითხვით, ძალიან კარგია, როცა თქვენ რაღაც, ასე ვთქვათ, გრანდიოზულ ინფრასტრუქტურაზე საუბრობთ და თუ რამე კეთდება ნამდვილად მოსაწონია და მადლობას გადაგიხდით, ოღონდ თქვენმა მთავრობამ რამე გააკეთოს.
მაგრამ ერთია გრანდიოზული მშენებლობები, გრანდიოზული ხაზები და მეორეა პრობლემა, რომელიც სოფლებს აწუხებს.
იმიტომ, რომ მოძველებულია ინფრასტრუქტურა სოფლებში, ძალიან კარგათ იცით, განსაკუთრებით ეს ეხება მაღალმთიან სოფლებს სადაც გადამცემი ხაზები დამპალ ბოძებზეა გამაგრებული ძალიან ხშირად წვიმასაც კი ვერ უძლებს. ეს პრობლემა რაჭა – ლეჩხუმის, სვანეთის, იმერეთის სოფლებში ძალიან ხშირად შეგვხვედრია და მერე მიდის ხოლმე კვირაობით გარჩევა ვინ უნდა და როგორ უნდა გააკეთოს. „ენერგოპრო“ ხშირად არ იღებს თავის თავზე პასუხისმგებლობას სახსრების უქონლობის გამო და ა.შ. შემიძლია გითხრათ არის სოფლები, უბრალოდ სია არ წამომიღია, ბაღდათის, თერჯოლის, ტყიბულის რაიონის სოფლები, სადაც მსგავსი პრობლემები ძალიან ხშირად იქმნება. თუ გაქვთ რაიმე საუბარი ამაზე „ენერგოპრო–ჯორჯიასთან“, რომ ესეთი პრობლემები არ იყოს და მათ მყისიერად აღმოფხვრან ეს პრობლემა. იმიტომ, რომ ინფრასტრუქტურა მათი საკუთრებაა და არა იმ მოსახლეობის, რომელიც დენს იღებს და იხდის მის საფასურს.
მეორე საკითხია როგორ იხდიან დენის საფასურს იქ, სადაც გამრიცხველიანებული არაა, კარგად მოგეხსენებათ, ეს კიდევ სხვა პრობლემაა, ამ საფასურში შედის ასევე ამ ინფრასტრუქტურის ფულიც და ეს ყველაფერი მათ თავის თავზე უნდა აიღონ, ძალიან ცუდია. უბრალოდ, თქვენ რა კომუნიკაცია გაქვთ ამ კუთხით? უშუალოდ ეს თქვენი პასუხისმგებლობა არ არის, თუმცა ზოგადი პოლიტიკიდან გამომდინარე და მოსახლეობის ზრუნვიდან გამომდინარე, თქვენ უნდა იცავდეთ ჩვენი მოსახლეობის ინტერესებს.
მეორე კითხვა შეეხება თავად ამ გრანდიოზულ, მშენებლობებს, ისეთებს როგორიცაა რიონის ხეობის მშენებლობები, სადაც ქუთაისიდან ტვიშამდე 45 კილომეტრია და აქედან 27 კილომეტრი უნდა იყოს შეგუბებები, ანუ წყალმა უნდა დაიკავოს ეს ტერიტორია და აქ განთავსებული სოფლები აღმოჩნდეს წყლის ქვეშ. ასევე სვანეთში ხუდონჰესის მშენებლობა. თუ გაქვთ შესწავლილი რა გარემოზემოქმედებითი და სოციალურ–კულტურული გავლენა შეიძლება იქონიოს ამან.
ამასთან დაკავშირებით ძალიან ბევრი პრეტენზიები აქვს მოსახლეობას. მოსახლეობა ჩვენც გვთხოვს, რომ დავეხმაროთ. იმიტომ, რომ არის მოსახლეობის ნაწილი, რომელსაც არ სურს მამა-პაპათა, ასე ვთქვათ, კერა მიატოვოს და არის მათთან დაკავშირებით სერიოზული პრობლემები. თუ თქვენ ძალის გამოყენებით და პოლიციის გამოყენებით ჩატენით მანქანებში და გაიყვანთ როგორც ეს ხშირად გვინახავს ხოლმე, ოღონდ სხვა სამინისტროს კუთხით, მე მგონი, რომ გამოსავალი არ იქნება. ამიტომ ერთად უნდა ვეძებოთ გამოსავალი. მეორეს მხრივ, ამ, ასე ვთქვათ, გრანდიოზული მშენებლობები გასაგებია, მაგრამ იქნება გვეფიქრა ამ გრანდიოზული მშენებლობების მასშტაბებზე. იმიტომ, რომ ეს პროექტები, რასაც თქვენ ეხლა ბრძანებთ, ეს არის ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს დაპროექტებული, მაგრამ ვერ განხორციელებული სწორედ იმის გამო, რომ ძალიან დიდი გავლენა შეიძლება იქონიოს მან კონკრეტულად ან მოსახლეობაზე ან გარემოზე და შესაბამისად, ბევრ ჰესთან დაკავშირებით თავის დროზე, 60-იან 70-იან წლებზე გეუბნებით, თავი შეიკავეს კომუნისტებმაც კი. , ანუ ეს გადევნება იმაზე, რომ ეხლა რაც შეიძლება მეტი ელექტროენერგია გავყიდოთ, პირიქით უკან ხომ არ შემოუბრუნდება ჩვენს ქვეყანას და იმ მოსახლეობას და იმ ბუნებას, რომელიც ჩვენ გვაქვს.
გარდა ამისა, ყველაზე მთავარი პრობლემა. რა სარგებელს ნახავს ამ ჰესებიდან ჩვენი მოსახლეობა? ფასის რეგულირების საკითხი. ანუ რა ფასად იყიდის ელექტროსისტემა ამ ჰესებიდან ელექტროენერგიას? რა ვალდებულება აქვთ იმ კომპანიებს, რომლებიც არიან შემოსული? რატომ გეკითხებით? იმიტომ, რომ თუკი ის თურქეთში გაყიდის ძვირად, გეტყვის, რომ მე იქ ძვირად ვყიდი და შესაბამისად, არ მოგყიდის შენ. ან თუ მოგყიდის გეტყვის, რომ აი, მე 10 ცენტად ვყიდი და მოდი 8 ცენტად მომეცი. მაშინ როცა 8 ცენტი ქართული ბაზრისთვის რა ფასი იქნება?. შესაბამისად, რა ვალდებულებები უდევთ ამ კომპანიებს სწორედ ამ ფასთან დაკავშირებით, რომ იმის მაგივრად რომ გაგვიიაფდეს, ხომ არ ვიძვირებთ ცხოვრებას. ხომ არ არის ჩადებული რაიმე პირობა, რომ მათ დაახლოებით იმ ფასად მიაწოდონ შიდა ბაზარს გარკვეული ოდენობის ელექტროენერგიის მოცულობა, რასაც, დავუშვათ, ენგურჰესი აძლევს დღეს რა ფასადაც აძლევს და დანარჩენი თურქეთში გაყიდონ ის 8 – 9 თვე როცა უნდათ. თუ არის ეს ვალდებულებები აღებული მათ მიმართ? და ასევე მოსახლეობა, ის მოსახლეობა სადაც შენდება, ადგილობრივი მოსახლეობა თუ დასაქმდება. იმიტომ, რომ ძალიან ხშირად გვაქვს პრობლემები ამ დასაქმებასთან დაკავშირებით. ასპინძის რაიონში გვქონდა მსგავსი ტიპის საყვედურები მოსმენილი და საინტერესოა რა კეთდება ამ კუთხით.
კიდევ ერთი თემა, რომელიც შეშის ჭრას შეეხება. ჯერ ერთი, პრობლემა შეიქმნება შეიქმნა დანომვრასთან დაკავშირებით და მე ამის თაობაზე გუშინწინ პარლამენტის სხდომაზე გამოვთქვი შეშფოთება. ხეს უნომრავენ ,ბილეთს აძლევენ და უნდა მოჭრას. დანომვრა მაგალითად, აჭარის სოფლებზე მინდა გითხრათ, მოხდა სექტემბერში ხულოს რაიონში და შესაბამისად პრობლემა შეიქმნა უკვე იმ შეშის გამოტანასთან დაკავშირებით. გასაგებია, რომ თქვენ გარკვეულ სოფლებს დაეხმარეთ გზის გაყვანასთან, მაგრამ სრულად ვერ ხსნის პრობლემას იმიტომ, რომ ნოემბერში და ოქტომბერში იქ ისეთი მიუვალი ადგილებია ფიზიკურად ვერ გამოიტანენ.
შემდეგი პრობლემა უკავშირდება კომერციულ ჭრებს. მაგალითად, აჭარაში ციტრუსის სეზონი იწყება და აღმოჩნდა, რომ აჭარაში არ არის იურიდიული პირი ან ფიზიკური პირი, რომელსაც აქვს უფლება კომერციული მიზნით გამოიტანოს ხე-ტყე ანუ გასაყიდად, თავის მოხმარებაზე არ არის ლაპარაკი და შესაბამისად, შეიქმნა პრობლემა. როგორც ადგილობრივები გვიხსნიან, ეგრეთწოდებულ, მანდარინით დასაფასოებელ ხის ყუთებთან დაკავშირებით, რომლის ფასმა 4 ლარს გადააჭარბა სწორედ იმიტომ, რომ შემოდის აჭარაში და შესაბამისად, ეს აძვირებს მანდარინის თვითღირებულებას და ეს ქმნის უკვე საექსპორტო პრობლემებს ამ მანდარინთან დაკავშირებით. აი, ამ კუთხით რას ფიქრობთ რადგან თქვენ გეხებათ უშუალოდ ეს თემა.
ბაღათურიამ –ინფრასტრუქტურა ნამდვილად წესრიგდება რა თქმა, თუმცა სრული წესრიგისგან ძალიან შორსა ვართ მაგრამ ელექტორენერგიის თუ ფული გაქვს და შეწვდი ამხელა თანხის გადახდას გვაქვს და არ ითიშება, გაზიც გვაქვს თუკი ფულს იხდი, მაგრამ ფასები არის ძალიან მაღალი და როცა კომპანია შემოდის რომელიც სარგებლობს ქვეყნის წიაღისეულით, ქვეყნის ბუნებით და ინფრასტრუქტურით, მაგალითად როცა ჩვენ ვაძლევთ ლიცენზიას ხუდონჰესის ან რომელიმე ჰესის მშენებლობის ჩვენ ხომ ვიცით, რომ ამითი ზიანდება ბუნება, იცვლება მიკროკლიმატი იმ ადგილებში და ასე შემდეგ. თუმცა ეს იმას კი არ ნიშნავს, რასაც მე ვამბობ, რომ არ გავაკეთოთ არა ეს უნდა გავაკეთოთ, მაგრამ ეს ბუნება და ეს ქვეყანა, არის ხალხის, რომ საზოგადოებამ უნდა მიიღოს რაღაცა სარგებელი აქედან.
გასაგებია, მივესალმები, რომ შემოვიდა მაგალითად ინვესტორი ააშენა, პირობითად ვთქვათ ხუდონჰესი, გაიტანა გაყიდა თურქეთში დენი ფული მოიგო, ჩვენ რა სარგებელი? ქვეყანას რა სარგებელი გარდა იმისა, რომ გამოიყენა ჩვენი ინერტული მასალები, რომელიც არის, ასევე საშენი მასალა არა მარტო კედლისთვის და მშენებლობისათვის, არამედ ზღვისთვის და ეს ზღვაში უნდა ჩაეტანა მდინარეს, ეს ხომ ეკოლოგიურად ინფრასტრუქტურას აზარალებს. როცა ქვეყნისთვის ასეთ ნაბიჯებს ვდგამთ, იმისთვის უნდა ვდგამდეთ, რომ რაიმე სარგებელი ეკონომიკური და სოციალური სარგებელი მიიღოს ხალხმა. ამიტომ მე ამას კრიტიკით კი არ გეუბნებით, უბრალოდ რეკომენდაციას გაძლევთ და ჩემს მოსაზრებას ვამბობ, რომ რაღაც აუცილებლად უნდა შემსუბუქდეს, ფასის ტარიფი ხალხს, მაგალითად თუკი ინვესტორმა გაიტანა ელექტორენერგია გარეთ, რაღაცა ნაწილი ეს უნდა ნაწილდებოდეს ესე იგი ჩვენს სადისტრიბუციო ქსელში უნდა შეომდიოდეს შეწონილ ტარიფში.
ეს გაზსადენები ძალიან კარგია ამის მშენებლობა,მაგრამ ეს ინფრასტრუქტურაც ასევე არის ამ სახელმწიფოსი ეს სახელმწიფო ეკუთვნის ხალხს და არა თქვენს მთავრობას და ასევე ხალხმა უნდა ისარგებლოს ამითი,რომ ეს გაზსადენები ჩვენთან გადის და ფასების რეგულაცია უნდა მოხდეს.
მეორე საკითხი, ცოტა უკეთესი მდგომარეობა გვაქვს შეშის ჭრასთან დაკავშირებით, მაგრამ მაინც არის პრობლემები, ძალიან ბევრი ჯარიმები გვაქვს გამოწერილი შეშის ჭრაზე.
დაბოლოს, მინდა გითხრათ, რომ ნაყოფიერად ვითანამშრომლეთ იურიდიული კომიტეტის ფორმატში თქვენს მოადგილესთან, რომელიც მოდიოდა და პრაქტიკუილად ყველა ჩვენი მოსაზრება გაითვალისწინა იმიტომ, რომ იყო საკმაოდ რაციონალური წინადადებები.
დასმულ შეკითხვებზე პასუხი გასცა ხეთაგურმა:– დიდი მადლობა საკმაოდ კარგი შეკითხვებისთვის. დავიწყოთ აჭარაში ტყის სარგებლობასთან დაკავშირებულ საკითხებით. ბატონო ლევან, აჭარაში ტყის სარგებლობის ნებართვების გაცემას ახორციელებს ბუნებრივი რესურსების სააგენტო, სადაც ეს ყველაფერი დელეგირებულია აჭარაზე. შესაბამისად, ადგილზე, თვითონ უნდა გადაწყვიტონ ყველაფერი. რაც შეეხება ხულოს რაიონს ამასთან დაკავშირებით საუბარი მქონდა ხულოს რაიონის მაჟორიტარ დეპუტათან, რომელმაც განმიცხადა, რომ ამ კუთხით არანაირი პრობლემა იქ არ არის, ანუ იქ დღეს შეშასთან დაკავშირებული პრობლემა არ დგას.
იყო გზებთან დაკავშრებული პრობლემა, წელს საქართველოში გაყვანილი იქნა 320 კილომეტრზე მეტი ჯამურად ტყის გზა. ამასთან, სადაც გამოუყავით მასალა, შესაბამისად, იქ უზრუნველყავით მოსახლეობის ტყეში შესვლის მისადგომობა, იმით, რომ გავიყვანეთ ტყის გზები. ვერ გეტყვით, რომ ასფალტი დავაგეთ, იმიტომ რომ ტყეში ასფალტი არ უნდა იყოს, მაგრამ ტყის გზა არის იმისთვის, რომ მანქანამ გაიაროს, დაიტვირთოს შეშით ან მორით და გამოიტანოს ტყიდან, ეს გზები ჩვენ გავაკეთეთ. თუმცა მაინც იყო პრობლემა, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ, მათ შორის პირადად მე, აბსოლუტურად ყველა რეგიონში ვიყავით და გავაფრთხილეთ მოსახლეობა, რომ ზაფხულიდან უკვე შესაძლებელი იყო ტყეში შესვლა და გამოტანა. სხვათშორის სექტემბერის თვეშიც იყო შესაძლებელი ტყიდან შეშის გამოტანა.
მე შემიძლია წარმოგიდგინოთ სტატისტიკა – სამწუხაროდ მოსახლეობამ ტყეში შესვლა დაიწყო ოქტომბრის შუა რიცხვებიდან. ყველასათვის ცნობილია, რომ ხულოს რაიონში შეიძლება ოქტომბერშიც მოთოვოს, როგორც სჩანს ყველა უყურებდა იმას, რომ გასულ წელს თბილი ზამთარი იყო და შესაბამისად შეიძლება შეშა საერთოდ არ დასჭირვებოდა ან, თოვლი ადრე არ მოვიდოდა და გვიან გამოიტანდა ტყიდან შეშას. სამწუხაროდ 2 დღის წინ მოთოვა და შესაბამისად შესაბამისად, ბუნებრივი კლიმატური პირობების გამო, მოსახლეობას შეექმნა პრობლემა. სამწუხაროდ სამინისტრო აქ ვერაფერს ვერ იზამს.
2 დღის წინ იგივე პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გაკეთდა განცხადება, რომ თოვლის გამო რამოდენიმე სოფელში დენი გათიშულა. კლიმატური პირობების გამო პარიზის ცენტრშიც ითიშება დენი. აქ მთავარია მაგრამ რამდენ ხანში იქნა ლიკვიდირებული დაზიანება და რამდენ წუთში ჩაირთო.
მართლაც და გრანდიოზული პროექტია გამრიცხველიანება. გამრიცხველიანება არ გულისხმობს მხოლოდ მრიცხველის შეცვლას, იგი გულისხმობს მთლიანად მთელი ინფრასტრუქტურის შეცვლას. ანუ იცვლება მრიცხველი, ბოძი და არაიზოლირებული სადენი იზოლირებული სადენით. რაც უკვე იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ ისეთი კლიმატური პირობების დროს, როგორიც არის მაგალითად სველი თოვლი, უკვე აღარ გაწყდეს ეს სადენი და შესაბამისად, მოსახლეობას საიმედოდ და უსაფრთხოდ მიეწოდოს ელექტროენერგია. ყველა ხის ბოძი იცვლება ახალი ბეტონის ბოძებით, ერთ დღეში შეუძლებელია მთლიანად, მთელი საქართველოს მასშტაბით ამ ყველაფრის გაკეთება. ამაზე ჩვენ შევთანხმდით და შევთანხმდით საბოლოოდ, რომ მთლიანი გამრიცხველიანების პროგრამა დავდეთ და ამ გამრიცხველიანების პროგრამას ვასრულებთ. მე ამაზე ავიღე პოლიტიკური პასუხისმგებლობა და დღესაც ვამბობ, რომ იმ შემთხვევაში თუ ვერ შესრულდება ეს პროგრამა თქვენ პირადად დააყენეთ ჩემი უფლებამოსილების საკითხი. დღეს დღეობით სრულდება ეს პროგრამა, პროგრამა, რომელიც თქვენთანაც იყო შეთნხმებული.
რაც შეეხება ხუდონსა და სხვა პროექტებს, მართლია ეს პროექტები საბჭოთა კავშირის დროს იყო გაკეთებული, მაგრამ ვერანაირად ვერ დაგეთანხმებით, რომ ისინი გაჩერებული იყო გარემოზე მავნე ზემოქმედების გამო. ძალიან ცდებით თუ გგონიათ, რომ ხუდონი გააჩერა მწვანეთა მოძრაობამ, ხუდონი გააჩერა საბჭოთა კავშირის მაშინდელმა ეკონომიკურმა მდგომარებამ. ხუდონის მშენებლობა დაწყებული იყო და მოსახლეობამ იცოდა, რომ ის ტერიტორიები სადაც დასახლებები იყო დაიტბორებოდა. მინდა გითხრათ, რომ გარემოზე ზემოქმედების შეფასება საერთაშორისო სტანდარტების დონეზე თავისი საჯარო მოსმენებით, მოსახლეობასთან მოლაპარაკებების ჩათვლით გაკეთებულია ანუ ეს პროცესი დასრულებულია. ეს აღიარებული აქვთ ისეთ საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებს, როგორიც არის მსოფლიო ბანკი, საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი.
იყო შეკითხვა, თუ რა სარგებლობას ნახავს ჩვენი მოსახლეობა? პირველი იქნება ეკონომიკური სარგებელი, ხოლო მეორე სოციალური. ეკონომიკური სარგებელი არ გულისხმობს ფასების გაიაფებას. ეკონომიკური სარგებელი ნიშნავს იმას, რომ მოსახლეობას ჰქონდეს მაღალანაზღაურებადი სამსახური, ეს არის ეკონომიკური სარგებელი. რაც შეეხება ტარიფს, იცით, რომ ამ საქმეში აღმოიფხვრა კორუფცია, მოწესრიგდა აღრიცხვიანობა და ფასი დაწესდა სწორედ იმდენი, რაც ის ღირს. ტექნიკურად ელექტროენერგიის გაიაფების პრობლემა არ არის, ხვალ მიიღებს მარეგულირებელი კომისია გადაწყვეტილებას იყოს ცხრა თეთრი და იქნება ცხრა თეთრი, მაგრამ ზეგ ელექტგროენეგია აღარ იქნება.
კიდევ ერთხელ გავიმეორებ სტრატეგია გვაქვს შემდეგი –ახალი ჰიდროელექტროსადგურები უნდა იყოს ტარიფის არგაზრდის გარანტი და ელექტროენერგიის მოხმარების ზრდის დამაბალანსებელი ფაქტორი. რომ ჩვენ მომავალში ქვეყვის განვითარებისა და შესაბამისად ელექტროენერგიაზე მოთხოვნის გაზრდის კვალობაზე ელექტროენერგიის გამოსამუშავებლად აღარ დაგვჭირდეს მეტი ბუნებრივი გაზი. იმიტომ, რომ ჯერჯერობით საქართველოში საკუთრი გაზი არ გაგვაჩნია, ხოლო იმპორტზე შემოტანილ გაზს კი შეუძლია გაზარდოს ტარიფი. გამომდინარე ახალი ჰიდროელექტროსადგურები კი უზრუნველყოფს გაზრდილი მოხმარების დაბალანსებას.
კიდევ ერთხელ უნდა შეგახსენოთ – საქართველოში წელიწადში ათ-ათი პროცენტით იზრდება ელექტროენერგიის მოხმარება. მე პირადად ეს სასიხარულო ფაქტად მიმაჩნია, იმიტომ, რომ ჯერ ერთი არის ის რომ იხსნება ახალი საწარმოები, მეორე არის რომ მოსახლეობა ზრდის მოხმარებას. პირველ შემთხვევაში ახალი საწარმოების შექმნა ნიშნავს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას, მეორე შემთხვევაში მოსახლეობის მოხმარების გაზრდა ნიშნავს მოსახლეობის უკეთეს კეთილდღეობას და ისევ და ისევ ნიშნავს ეკონომიკის ზრდას. ხომ ფაქტია, რომ მოსახლეობის მოხმარება იმიტომ იზრდება, რომ იყიდა ახალი კონდენციონერი, იყიდა ახალი მაცივარი, იყიდა ახალი ტელევიზორი და ა.შ. ანუ უკეთესად დაიწყო მან ცხოვრება, ფაქტი ხომ ფაქტად რჩება. ციფრები სულ სხვაზე მეტყველებენ, ვიდრე ბატონი ჯონდი იძახის.
ბატონო ლევან, ათ-ათი პროცენტიანი წლიური ზრდა იმიტომ ვახსენე, რომ თუ შესაბამისად არ აშენდა ახალი ჰიდროელექტროსადგურები, ხუთ წელიწადში ელექტროენერგიის ექსპორტიორი ქვეყნიდან გადავიქცევით ისევ იმპორტიორ ქვეყანად და ისევ და ისევ პრობლემები გაჩნდება ელექტრომომარაგებაში და მდგომარეობის დასაბალანსებლად ტარიფი უნდა გაიზარდოს, რომ გაზრდილი გაზის მოხმარება დავაბალანსოთ.
განხილვა შეაჯამა სხდომის თავმდომარემ რომელმაც აღნიშნა, რომ ყველა პასუხი, რომელიც მომხსენებლის მხრიდან იქნა გაცემული არგუმენტირებულია. როდესაც საუბარია ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებაზე ჩვენ სრულიად სერიოზულად ვაყენებთ ამ საკითხს პრიორიტეტად და აქტიურად ვმუშაობთ და მომავალშიც ვაგრძელებთ მუშაობას ამ კუთხით. ამდენად შემომაქვს წინადადება ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოხსენება ცნობად იქნას მიღებული.
|
|
გადაწყვიტეს:
|
კომიტეტმა ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოხსენება მიიღო ცნობად.
|
- 2.მეორე
მოსმენით
განიხილეს:
|
მოხსენება „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „მოსაკრებლების სისტემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის წევრების გურანდა ჯაბუასა და ანდრო ალავიძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტების შესახებ .
კომიტეტის სხდომაზე კანონპროექტის მიმართ მეორე მოსმენით შენიშვნები არ გამოთქმულა.
|
|
აზრი გამოთქვეს:
|
მელაძემ;
|
|
გადაწყვიტეს:
|
კომიტეტმა მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება (დანართი ¹1).
|
- 3.პირველი
მოსმენით
განიხილეს:
|
მოხსენება “საქართველოს საჰაერო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის წევრების თეიმურაზ წურწუმიასა და ანდრო ალავიძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტების (დანართი 2) შესახებ.
აღინიშნა რომ, კანონპროექტის მიღების მიზეზია საჰაერო მოძრაობის უსაფრთხოების მაღალი დონის უზრუნველყოფისათვის დამატებითი ღონისძიებების გატარების მიზანშეწონილობა. კერძოდ, კანოპროექტი ითვალისწინებს საქართველოს საჰაერო მოძრაობის სამსახურის გარკვეული კატეგორიის თანამშრომლებისათვის სპეციალური ტანსაცმლისა და ფორმების შემოღებას, მათ მიერ სამსახურებრივი მოვალეობის უსაფრთხოდ შესრულებისათვის. საჰაერო მოძრაობის სამსახურის საინჟინრო-ტექნიკური პერსონალი, რომელიც აწარმოებს სამუშაოებს საჰაერო ხომალდების ასაფრენ-დასაფრენ ბილიკზე და მათ მიმდებარე ტერიტორიებზე, ასევე, სანავიგაციო ობიექტებზე, აუცილებელია ატარებდეს განმასხვავებელ სპეციალურ ტანსაცმელს, ამრეკვლავი ზოლებით, რათა შესაძლებელი გახდეს მათი შემჩნევა შორი მანძილიდან და ცუდი ხილვადობის პიროებებში.
|
|
აზრი გამოთქვეს:
|
ჩახვაძემ, ალავიძემ, მელაძემ;
|
|
გადაწყვიტეს:
|
კომიტეტმა მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება (დანართი ¹3).
|
- 4.პირველი
მოსმენით
განიხილეს:
|
მოხსენება „საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტის
(დანართი 4) შესახებ.
აღინიშნა რომ, კანონპროექტის მიღების მიზეზია ის ფაქტი, რომ „ზღვაოსანთა უწყების“ ფაქტიურ გამოცემას ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახური“, ხოლო საკანონმდებლო დონეზე ეს უფლებამოსილება გადაცემული აქვს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის უფლებამოსილ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს. თავისი შინაარსით „ზღვაოსანთა უწყებების“ მიზანია სანაპირო სახელმწიფოს მიერ მის საზღვაო სივრცეში ნაოსნობასთან დაკავშირებული ინფორმაციის გავრცელება, მათ შორის ნაოსნობის გზები, ნავსადგურების აკვატორიის შესახებ ინფორმაცია და ა.შ. შესაბამისად, ზღვაოსანთა უწყებების ძირითადი მომხმარებელი არის სავაჭრო ფლოტი და მისი დანიშნულება სამოქალაქო ხასიათისაა. ამასთანავე, 1982 წლის კონვენცია საზღვაო სამართლის შესახებ, ასევე სხვადასხვა საერთაშორისო კონვენცია აკისრებს ვალდებულებას სანაპირო სახელმწიფოს, რომ მის საზღვაო სივრცეში ნაოსნობასთან დაკავშირებული ინფორმაცია ხელმისაწვდომი გახადოს ყველასთის ოფიციალური გამოცემის გზით.
თუმცა არსებულ საკანონმდებლო სივრცეში, შინაგან საქმეთა სამინისტრო, როგორც უფლებამოსილი ორგანო, არ გამოსცემდა „ზღვაოსანთა უწყებებს“;
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაქვემდებარებაშია როგორც სსიპ „საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო“, ასევე სსიპ „საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახური“, რომელთა ფუნქციები პირდაპირაა დაკავშირებული „ზღვაოსანთა უწყებების“ გამოცემასთან.
|
|
აზრი გამოთქვეს:
|
ჩახვაძემ, ალავიძემ, მელაძემ;
|
|
გადაწყვიტეს:
|
კომიტეტმა მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება (დანართი ¹5).
|
|
5. მოისმინეს:
|
მოხსენება „საქართველოს მთავრობასა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას შორის ფინანური თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით რატიფიკაციისათვის წარმოდგენილი შეთანხმება.
აღინიშნა რომ, 2011 წლის 25 ოქტომბერს ხელი მოეწერა შეთანხმებას „საქართველოს მთავრობას და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას შორის ფინანსური თანამშრომლობის შესახებ (2010)”.
შეთანხმების ფარგლებში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობა საქართველოს სესხისა და გრანტის სახით გამოუყოფს ფინანსურ რესურს შემდეგი პრიორიტეტული პროექტების დასაფინანსებლად:
დასავლეთ საქართველოში იძულებით გადაადგილებულ პირთათვის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებისათვის გერმანიის მთავრობის მიერ ფინანსური დახმარების (გრანტის) სახით გამოყოფილი იქნება 4,0 მლნ ევრო. ამ ეტაპისათვის გერმანიის მთავრობის მიერ აღნიშნული პროექტისათვის ფინანსური დახმარების (გრანტის) სახით უკვე გამოყოფილია 6,0 მლნ ევრო. აღნიშნული პროექტის ფარგლებში მოხდება იძულებით გადაადგილებულ პირთა როგორც საცხოვრებელის სასწრაფო რეაბილიტაცია და ასევე, ახალი საცხოვრებელი სახლების მშენებლობა. პროექტის ფარგლებში ამ ეტაპისათვის დასრულდა სარეაბილიტაციო სამუშაოები წყალტუბოს ყოფილი ელმეურნეობის სანატორიუმში და მიმდინარეობს იძულებით გადაადგილებული 24 ოჯახის შესახლება; უახლოეს მომავალში დაიწყება ფოთში ყოფილი სასტუმრო “აიეტი”-ს და ქუთაისში, ყოფილი სამუსიკო სკოლა-ინტერნატის საერთო საცხოვრებელის სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომლის დასრულების შემდეგ კიდევ 162 ოჯახი შეძლებს ახალ რეაბილიტირებულ და გარემონტებულ საცხოვრებელში შესახლებას. ასევე, უახლოეს მომავალში დაზუსტდება დასავლეთ საქართველოში სავარაუდოდო 320 ოჯახისათვის განკუთვნილი ახალი საცხოვრებელი სახლების მშენებლობის საკითხი.
ბათუმში მიმდინარე კომუნალური ინფრასტრუქტურის დაწესებულებათა რეაბილიტაციის პროექტის მესამე ფაზის დაფინანსების მიზნით გერმანიის მთავრობის მხარდაჭერით, გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KFW) მიერ გამოიყოფა გრძელვადიანი კრედიტი 20.0 მლნ ევროს ოდენობით და საგრანტო რესურსი, რომლის საერთო ოდენობა შეადგენს დაახლოებით 15.0 მლნ ევროს შესაბამისი ხელშეკრულებები KfW-სთან გაფორმდა 2011 წლის 18 აგვისტოს და 2011 წლის 13 სექტემბერს საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებული იქნა (დადგენილება #5038 - IIს) KfW-სა და საქართველოს შორის გაფორმებული სასესხო ხელშეკრულება. KfW ასევე ადმინისტრირებას უწევს ევროპის კავშირის (EU) მიერ ამ პროექტისთვის გამოყოფილ გრანტს 4.0 მლნ ევროს ოდენობით. საქართველოს კონტრიბუცია პროექტის თანადაფინანსების სახით შეადგენს 5 მლნ ევროს. ასევე აღნიშნული ხელშეკრულებით განსაზღვრულია პროექტის II ფაზის ფარგლებში დაგეგმილი თანმდევი ღონისძიებებისათვის დამატებით გრანტის სახით 0,185 მლნ ევროს გამოყოფას. შესაბამისი დაფინანსების (საგრანტო) ხელშეკრულება KfW-სთან გაფორმდა 2008 წლის 19 დეკემბერს.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ბათუმში წყალმომარაგების სისტემების მიმდინარე რეაბილიტაციის დასრულება და წყალარინების სისტემის რეაბილიტაცია ქალაქის ტერიტორიის უმეტეს ნაწილში. ამის შედეგად, შესაძლებელი გახდება სასმელი წყლის 24 საათიანი მიწოდება ქალაქის მასშტაბით. ბათუმის მიმდებარე სამ სოფელში (ჩაქვი, მწვანე კონცხი და მახინჯაური) განხორციელდება არსებული წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის მოდერნიზაცია და აღნიშნული სოფლების უზრუნველყოფა დეცენტრალიზებული წყალარინების სისტემებით. პროექტის ფარგლებში აგრეთვე მიმდინარეობს კანალიზაციის გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა ადლიაში, რომლის დასრულების შემდეგ ზღვის აკვატორია ბათუმსა და მის შემოგარენში დაცული იქნება ქალაქის ჩამდინარე წყლებით დაბინძურებისაგან.
ყოველივე ეს ხელს შეუწყობს აჭარაში ტურიზმის კიდევ უფრო სწრაფ განვითარებას, აამაღლებს დამსვენებელთა მომსახურების ხარისხს და წაახალისებს კერძო ინვესტიციების შემოდინებას რეგიონში.
აღნიშნული სამთავრობოთაშორისო შეთანხმება წარმოადგენს KfW-სთან გაფორმებული სასესხო და საგრანტო ხელშეკრულებების ძალაში შესვლის ერთ-ერთ წინაპირობას.
|
|
აზრი გამოთქვეს:
|
ჩახვაძემ, ალავიძემ, მელაძემ;
|
|
გადაწყვიტეს:
|
კომიტეტმა მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება (დანართი ¹6).
|
|
6. მოისმინეს:
|
მოხსენება საქართველოს პარლამენტის წევრების მიხეილ ცქიტიშვილის, ანდრო ალავიძის და ზვიად კუკავას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტები: „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“.
აღინიშნა რომ, კანონპროექტის მიზანია ფინანსური ქმედების სპეციალური ჯგუფის(FATF) რეკომენდაციებითა და ევროკავშირის მე-3 დირექტივით, სსფ რეკომენდაციებით გათვალისწინებული მოთხოვნების შემდგომი იმპლემენტაცია ამ კანონში. კერძოდ, დაზუსტებულია ცნებები „ბენეფიციარი მესაკუთრე“ და „საეჭვო გარიგება“, ხოლო განმარტებულია „კლიენტის“ ცნება. შემოთავაზებულია ახალი მონიტორინგის განმახორციელებელი პირების(მგპ) დამატება(სალიზინგო კომპანიები, პირები, რომლებიც ეწევიან საბუღალტრო/აუდიტორულ საქმიანობას), გათვალისწინებულია მგპ-ს მიერ მათი კლიენტების რისკებზე დამყარებული პრინციპის მიხედვით იდენტიფიკაციის მექანიზმების დამკვიდრება, ასევე პოლიტიკურად აქტიურ პირთა მიმართ მგპ-ს ვალდებულებების დაზუსტება, შემოღებულია მგპ-ს საქმიანი ურთიერთობების ამსახველი, დამატებითი ზოგიერთი ინფორმაციის შენახვის აუცილებლობა, დაზუსტებულია ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ადგილობრივ დონეზე თანამშრომლობის ზოგიერთი ასპექტი.
აუდიტორული საქმიანობის განხორციელებისა და ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების სახელმწიფო რეგულირების მიზნით ეროვნულ ბანკთან იქმნება საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საქართველოს ფინანსური ანგარიშგებისა და აუდიტის სააგენტო, რომელიც ანგარიშვალდებული იქნება საქართველოს პარლამენტის წინაშე. სააგენტოს უფროსს ეროვნული ბანკის საბჭოს წარდგინებით 4 წლის ვადით თანამდებობაზე ირჩევს და ათავისუფლებს პარლამენტი. სააგენტოს უფროსი გამოსცემს სამართლებრივ აქტებს, სააგენტოს ქონებით და ფინანსებით უზრუნველყოფს ეროვნული ბანკი. სააგენტოს ბიუჯეტს ეროვნული ბანკის საბჭო ამტკიცებს.
კანონპროექტის მიხედვით ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტის სფეროში სახელმწიფო მარეგულირებელი ორგანო იქნება სსიპ-საქართველოს ფინანსური ანგარიშგებისა და აუდიტის სააგენტო. ახლებურად განისაზღვრება ბუღალტრული აღრიცხვის წარმოებისა და აუდიტის ჩატარების სამართლებრივი საკითხები, ბუღალტერთა, აუდიტორთა და აუდიტორული ფირმების რეგისტრაციის საკითხები და მათზე სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს უფლებამოსილებები. ამ კანონის ამოქმედებით ძალადაკარგულად ცხადდება შემდეგი კანონები: „აუდიტორული საქმიანობის შესახებ“, „ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების რეგულირების შესახებ“, ასევე უქმდება პარლამენტთან არსებული აუდიტორული საქმიანობის საბჭო და ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტების კომისია.
|
|
აზრი გამოთქვეს:
|
ჩახვაძემ, ალავიძემ, მელაძემ;
|
|
გადაწყვიტეს:
|
კომიტეტმა მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება (დანართი ¹7).
|
სხდომის თავმჯდომარე: გიორგი მელაძე
სხდომის მდივანი: რამაზ ყანჩაველი
დანართი 1
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
დარგობრივი ეკონომიკისა და
ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის
დ ა ს კ ვ ნ ა
კანონპროექტებზე
„ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
და
„მოსაკრებლების სისტემის საფუძვლების შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა 2011 წლის 10 ნოემბრის სხდომაზე მეორე მოსმენით განიხილა საქართველოს პარლამენტის წევრების გურანდა ჯაბუასა და ანდრო ალავიძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტები: „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „მოსაკრებლების სისტემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და მომზადებულად მიიჩნია საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით განხილვისათვის.
გიორგი მელაძე
კომიტეტის თავმჯდომარე
დანართი 2
პროექტი
საქართველოს კანონი
საქართველოს საჰაერო კოდექსში
ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს საჰაერო კოდექსში (პარლამენტის უწყებანი, №27-28/4, 21.12.1996., გვ. 69) შეტანილ იქნას შემდეგი ცვლილება:
კოდექსს დაემატოს 291 მუხლი შემდეგი რედაქციით :
„მუხლი 291. სამოქალაქო ავიაციის პერსონალის სპეციალური და ფორმის ტანსაცმელი
- 1.საჰაერო მოძრაობის სამსახურის საინჟინრო-ტექნიკურ პერსონალი ატარებს სპეციალურ ტანსაცმელს. საჰაერო მოძრაობის მართვის მეთვალყურეები და სააერნაოსნო ინფორმაციის სამსახურის ოფიცრები ატარებენ ფორმის ტანსაცმელს.
- 2.საჰაერო მოძრაობის სამსახურის საინჟინრო-ტექნიკური პერსონალის სპეციალური ტანსაცმლის, საჰაერო მოძრაობის მართვის მეთვალყურეთა და სააერნაოსნო ინფორმაციის სამსახურის ოფიცრების ფორმის ტანსაცმლის ნიმუშებს ამტკიცებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნორმატიული აქტით.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი
დანართი 3
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
დარგობრივი ეკონომიკისა და
ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის
დ ა ს კ ვ ნ ა
კანონპროექტზე
“საქართველოს საჰაერო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა 2011 წლის 10 ნოემბრის სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილა საქართველოს პარლამენტის წევრების თეიმურაზ წურწუმიასა და ანდრო ალავიძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი “საქართველოს საჰაერო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და მომზადებულად მიიჩნია საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განხილვისათვის.
გიორგი მელაძე
კომიტეტის თავმჯდომარე
დანართი 4
პროექტი
საქართველოს კანონი
საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1.
”საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ” საქართველოს კანონის (სსმ I, №2(9), 22.01.1999 წელი, მუხ. 13) მე-6 მუხლის „გ“ ქვეპუნქტში შევიდეს ცვლილება და ეს ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ. ზღვაოსანთა უწყება - სპეციალური საინფორმაციო ბიულეტენი ზღვებსა და ოკეანეებში სანავიგაციო მდგომარეობისა და ცურვის რეჟიმში მომხდარი ცვლილებების შესახებ, რომელსაც გამოსცემს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი უფლებამოსილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი.“
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი
დანართი 5
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
დარგობრივი ეკონომიკისა და
ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის
დ ა ს კ ვ ნ ა
კანონპროექტზე
„საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა 2011 წლის 10 ნოემბრის სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ და მომზადებულად მიიჩნია საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განხილვისათვის.
გიორგი მელაძე
კომიტეტის თავმჯდომარე
დანართი 6
საქართველოს პარლამენტის
საფინანსო–საბიუჯეტო კომიტეტს
საქართველოს პარლამენტის
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს
ასლი: საქართველოს პარლამენტის
საორგანიზაციო დეპარტამენტს
დარგობრივი ეკონომიკისა და
ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის
დ ა ს კ ვ ნ ა
შეთანხმებაზე
„საქართველოს მთავრობასა და
გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას შორის
ფინანური თანამშრომლობის შესახებ“
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა 2011 წლის 10 ნოემბრის სხდომაზე განიხილა საქართველოს პრეზიდენტის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით რატიფიკაციისათვის წარმოდგენილი შეთანხმება „საქართველოს მთავრობასა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას შორის ფინანური თანამშრომლობის შესახებ“ და მომზადებულად მიიჩნია საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე რატიფიკაციისათვის.
გიორგი მელაძე
კომიტეტის თავმჯდომარე
დანართი 7
საქართველოს პარლამენტის
საფინანსო – საბიუჯეტო კომიტეტს
ასლი: საქართველოს პარლამენტის
საორგანიზაციო დეპარტამენტს
დარგობრივი ეკონომიკისა და
ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის
დ ა ს კ ვ ნ ა
საქართველოს პარლამენტის წევრების მიხეილ ცქიტიშვილის, ანდრო ალავიძის და ზვიად კუკავას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ კანონპროექტზე
„უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
და მის თანმდევ კანონპროექტებზე
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა 2011 წლის 10 ნოემბრის სხდომაზე განიხილა საქართველოს პარლამენტის წევრების მიხეილ ცქიტიშვილის, ანდრო ალავიძის და ზვიად კუკავას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტები: „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და მათ მიმართ შენიშვნები და წინადადებები არ გააჩნია.
გიორგო მელაძე
კომიტეტის თავმჯდომარე
|