|
მოხსენება „საგადასახადო სისტემისა და საგადასახადო მომსახურების შესახებ“ საქართველოს პარლამენტის წევრების ანდრო ალავიძის, ზვიად კუკავასა და მიხეილ ცქიტიშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტისა და მისგან გამომდინარე: „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ „საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტების თაობაზე.
აღინიშნა, რომ საგადასახადო და ანგარიშსწორების სისტემები თამაშობენ მნიშვნელოვან როლს ფინანსური სექტორის სტაბილურობისა და ეფექტიანობის უზრუნველყოფაში ისევე, როგორც ზოგადად ქვეყნის ეკონომიკისათვის. გარდა ამისა, ქვეყანაში სავალუტო პოლიტიკის გატარება დამოკიდებულია სანდო და ეფექტური საბაზრო ინფრასტრუქტურის არსებობაზე. საგადასახადო სისტემები არის ის საშუალებები, რომლებითაც ხდება ფულადი სახსრების გადარიცხვა ბანკების მეშვეობით ისევე, როგორც ძირითადი არხი, რომლის მეშვეობითაც ფინანსური ბაზრის შოკი შესაძლოა გადაცემულ იქნას ადგილობრივი და საერთაშორისო ფინანსურ სისტემებსა და ბაზრებს შორის. შესაბამისად, მყარი საგადასახადო სისტემების არსებობა არის ერთ-ერთი მთავარი პირობა ფინანსური სტრაბილურობის უზრუნველსაყოფად. უსაფრთხო და ეფექტიანი საგადასახადო სისტემები არის გადამწყვეტი ფინანსური სისტემის ეფექტური ფუნქციონირებისათვის.
„საგადასახადო სისტემისა და საგადასახადო მომსახურების შესახებ“ კანონპროექტი მიზნად ისახავს საქართველოს ფინანსური სისტემის სტაბილურობის უზრუნველყოფასა და მისი საგადასახადო სისტემის უსაფრთხო, მდგრად და ეფექტიან ფუნქციონირებას. იგი შესაბამისობაშია ეროვნული ბანკის მკაფიო ინსტიტუციონალურ მანდატთან ხელი შეუწყოს საქართველოს ფინანსური სისტემის სტაბილურობას. მოქმედი კანონმდებლობით ეროვნული ბანკზე დაკისრებული პასუხისმგებლობების საფუძველზე, ეროვნულ ბანკს გააჩნია მნიშვნელოვანი ვალდებულება და უფლებამოსილება განავითაროს ეროვნული საგადასახადო სისტემა.
კანონპროექტის მიზანია საკრედიტო რისკის შემცირება, უსაფრთხო, მდგრადი და ეფექტიანი საგადასახადო სისტემების შექმნის ხელშეწყობა, რაც წარმოადგენს ფინანსური სისტემის ეფექტური ფუნქციონირების უმნიშვნელოვანეს პირობას/კომპონენტს. საქართველოს საგადასახადო სისტემის ძირითადი კომპონენტების რეგულირებისა და ზედამხედველობისათვის საქართველოს საგადასახადო სისტემის მყარი და ამავე დროს ეფექტიანი საკანონმდებლო ბაზის შექმნა მოიცავს: საქართველოს ეროვნული ბანკისათვის საზედამხედველო ფუნქციის/უფლებამოსილების გაფართოებას საგადასახადო სისტემებზე და საფინანსო სექტორის სხვა მონაწილეებზე, როგორიცაა, მათ შორის, საგადასახადო მომსახურების გამწევი კომპანიები და საკლირინგო დაწესებულებები; ეროვნული ბანკის მიერ აღიარებული საგადასახადო და ფასიანი ქაღალდების სისტემურად მნიშვნელოვანი სისტემებისათვის გადახდის საბოლოობისა და გამოუთხოვადობის პრინციპის დაცვის უზრუნველყოფა; ფინანსური გირაოს ხელშეკრულებებისათვის მოქნილი და მყარი საკანონმდებლო ბაზის შექმნა; საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ საგადასახადო მომსახურების რეგულირების უზრუნველყოფა.
კანონპროექტის მიხედვით ეროვნული ბანკი უფლებამოსილი იქნება დაარეგისტრიროს და ზედამხედველობა გაუწიოს საგადასახადო მომსახურების პროვაიდერებსა და საგადასახადო სისტემის ოპერატორებს, განსაზღვროს სისტემურად მნიშვნელოვანი საგადასახადო სისტემა და სისტემურად მნიშვნელოვანი საგადასახადო მომსახურების პროვაიდერი, და დაუწესოს მას დამატებითი მოთხოვნები.
კანონპროექტი ითვალისწინებს ეროვნული ბანკისათვის საზედამხედველო ფუნქციის გაფართოებას საგადასახადო მომსახურების კუთხითაც. ამგვარი უფლებამოსილება გავრცელდება როგორც თანამედროვე საგადასახადო ინსტრუმენტების (როგორიცაა ელექტრონული ფული) გამოშვებაზე, მხარეთა უფლებებსა და მოვალეობებს, ისევე როგორც საგადასახადო ინსტრუმენტებთან დაკავშირებულ ვალდებულებებს, ასევე მომხმარებელთათვის საგადასახადო მომსახურების გაწევასთან დაკავშირებულ საკითხებზე. აღნიშნული გავრცელდება, როგორც ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებულ სუბიექტებზე, ასევე სხვა (სამართლებრივი ფორმის) იურიდიულ პირებზე, ეროვნული ბანკის მიერ მათი რეგისტრაციისა და მათთვის მოთხოვნების დაწესების გზით და სხვ. ასევე კანონპროექტის მიხედვით ეროვნული ბანკი უფლებამოსილი იქნება განსაზღვროს მნიშვნელოვანი საგადასახადო მომსახურების პროვაიდერი და დაუწესოს მას დამატებითი მოთხოვნები. კანონპროექტი განსაზღვრავს საგადასახადო მომსახურების სახეებს და ადგენს მათ ჩამონათვალს, ასევე ითვალისწინებს საგადასახადო მომსახურების პროვაიდერების რეგისტრაციის საკითხებს, მხარეთა უფლებებსა და მოვალეობებს, ისევე როგორც საგადასახადო ინსტრუმენტებთან დაკავშირებულ ვალდებულებებს და სხვა.
კანონპროექტით ხდება გადახდის საბოლოობის უზრუნველყოფა ყველა სისტემურად მნიშვნელოვანი საქართველოს საგადასახადო და ანგარიშსწორების სისტემებისათვის, რაც ხელს შეუწყობს სისტემური რისკის თავიდან აცილებას. შესაბამისად, ყველა ამგვარი სისტემის მეშვეობით განხორციელებული გადახდა იქნება დაცული „უკან გამოთხოვისაგან“, რაც გათვალისიწნებულია საქართველოს კანონმდებლობაში და რაც აძლევს ლიკვიდატორს და დროებით ადმინისტრატორს სადავო გახადოს ნებისმიერი ტრანზაქცია/ტრანსფერ ორდერი.
კანონპროექტი უზრუნველყოფს საქართველოს კანონმდებლობის იმ დებულებების გაუქმებას/ცვლილებას, რომლებიც ხელს უწყობენ „ნულოვანი საათის პრინციპის“ გამოყენებას გაკოტრების საქმის წარმოებისა და ლიკვიდაციის პროცესის დაწყების მომენტთან დაკავშირებით.
კანონპროექტით იქმნება ფინანსური გირაოს ხელშეკრულებებისათვის მყარი და მოქნილი საკანონმდებლო ბაზა. გათვალისწინებული „ფინანსური გირაოს“ სახეები მოიცავს ფულად და ფინანსურ ინსტრუმენტებს. კანონპროექტის ფინანსური გირაოს თავი ითვალისიწინებს ფინანსური გირაოს წარმოშობისა და აღსრულების პროცედურების გამარტივებას და ასევე აუქმებს ყოველგვარ ფორმალობას გირაოს საგნის შესრულების ან აღსრულებისათვის, რომლებიც გათვალისწინებულია მოქმედი კანონმდებლობით (როგორიცაა რეგისტრაცია და წინასწარი შეტყობინება). ასევე კანონპროექტით გათვალისწინებულ შემთხვევებში ლიკვიდატორს და დროებით ადმინისტრატორს ეკრძალებათ გააუქმონ ან შეწყვიტონ ფინანსური გირაოს ხელშეკრულებები საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე. კანონპროექტის თანახმად ასევე შესაძლებელი გახდება გაკოტრებისა და ლიკვიდაციის შემდგომ განხორციელდეს ურთიერთგაქვითვის ის ოპერაციები, რომლებიც გაკოტრებამდე ან ლიკვიდაციის პროცესის დაწყებამდე იქნა შეთანხმებული, რაც ასევე მიზნად ისახავს სისტემური რისკის თავიდან აცილებას.
კანონპროექტი ითვალისწინებს საქართველოს საგადასახადო სისტემების დაცვას უცხოური მონაწილეების გაკოტრებისაგან, კერძოდ კანონპროექტის მიხედვით, უცხოური მონაწილის გაკოტრების შემთხვევაში, მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით მოხდება მხარეთა უფლებებისა და მოვალეობების განსაზღვრა. შესაბამისად, უცხოური მონაწილის გაკოტრების ან ლიკვიდაციის შემთხვევაში უცხოური გაკოტრების კანონმდებლობის არც ერთი დებულება სამართლებრივი კუთხით არ მოახდენს გავლენას ფინანსურ სტაბილურობაზე საქართველოში.
კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს საერთაშორისო კერძო სამართლის თანამედროვე წესების დადგენას იმ ფინანსური ინსტრუმენტების გადაცემასა და დაგირავებასთან დაკავშირებით, რომელთა ფლობაც ჩანაწერით ხორციელდება, კერძოდ კანონპროექტის მიხედვით ამგვარი ფინანსური ინსტრუმენტების დაგირავება და გადაცემა დარეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით იმ შემთხვევაში თუ აღნიშნული ფინანსური ინსტრუმენტები მდებარეობს საქართველოში.
კანონპროექტით ინერგება ახალი ტერმინები, ხდება საქართველოს კანონმდებლობაში გამოყენებული ზოგიერთი ცნების განმარტება საგადასახადო სისტემებისა და მომსახურების კუთხით, რაც ერთის მხრივ სრულყოფს საგადასახადო კანონმდებლობის ტერმინოლოგიას და მეორეს მხრივ ხელს შეუწყობს ამჟამად მოქმედი/დანერგილი ტერმინების სხვადასხვაგვარი ინტერპრეტაციის თავიდან აცილებას, ესენია: ანგარიშსწორება, გადახდა, ურთიერთგაქვითვა, ფინანსური ინსტრუმენტი, საგადასახადო სისტემა, ელექტრონული ფული, საგადასახადო სისტემის ოპერატორი, საგადასახადო მომსახურების პროვაიდერი და სხვა.
მისგან გამომდინარე კანონპროექტების წარმოდგენა განპირობებულია ზოგიერთი ნორმის მათში მოცემული „საგადასახადო სისტემისა და საგადასახადო მომსახურების შესახებ“ კანონპროექტის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანით.
კერძოდ:
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტის თანახმად, ხორციელდება კანონისთვის 481 მუხლის დამატება რომელიც განსაზღვრავს საგადასახადო სისტემის ოპერატორის და საგადასახადო მომსახურების პროვაიდერის რეგისტრაციისა და ზედამხედველობის საკითხებს.
საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მოქმედი არცერთი იურიდიული პირი არ არის უფლებამოსილი საქართველოს ტერიტორიაზე განახორციელოს საგადასახადო სისტემის მართვა ან საგადასახადო მომსახურება ეროვნულ ბანკში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრაციის გარეშე, კომერციული ბანკების, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისა და საერთაშორისოდ აღიარებული საგადასახადო სისტემების გარდა. ეროვნული ბანკი საგადასახადო სისტემების ოპერატორებისა და საგადასახადო მომსახურების პროვაიდერების ზედამხედველობას ახორციელებს მათი რეგისტრაციის, რეგისტრაციის გაუქმებისა და მათთვის მინიმალური მოთხოვნების დაწესების გზით, კომერციული ბანკების, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისა და საერთაშორისოდ აღიარებული საგადასახადო სისტემების გარდა
ეროვნული ბანკი უფლებამოსილი იქნება თავის მიერ დადგენილი წესების შესაბამისად განსაზღვროს სისტემურად მნიშნველოვან სისტემისა და საგადასახადო მომსახურების მნიშვნელოვანი პროვაიდერის სტატუსის მინიჭების საკითხს. ეროვნული ბანკი სისტემურად მნიშნვნელოვანი სისტემისა და საგადასახადო მომსახურების მნიშვნელოვანი პროვაიდერის ზედამხედველობას განახორციელებს, მათი შემოწმების, მათთვის დამატებითი მოთხოვნების დადგენის, კაპიტალის მინიმალური ოდენობის განსაზღვრის, გამოანგარიშებისა და მათთვის სანქციების დაწესების გზით.
„კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე კანონპროექტის შესაბამისად, საბანკო საქმიანობის ჩამონათვალს ემატება შესაბამისი საგადასახადო სისტემის ოპერატორის და/ან ანგარიშსწორების აგენტის, ან საგადასახადო მომსახურების პროვაიდერის ფუნქციების შესრულება. კომერციული ბანკის ლიკვიდაციის დროს კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილების რიგითობა არ გავრცელდება იმ კრედიტორზე, რომლის მოთხოვნაც უზრუნველყოფილია ფინანსური გირაოს მეშვეობით. ფინანსური გირაოს მოგირავნეს ექნება ფინანსური გირაოთი უზრუნველყოფილი მოთხოვნის უპირატესი დაკმაყოფილების უფლება. აგრეთვე კანონში ხორციელდება გამონაკლისების სახით მითითებების გაკეთება „საგადასახადო სისტემისა და საგადასახადო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონზე.
კანონპროექტის „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მიხედვით, სამეურვეო ქონება იყიდება მხოლოდ აუქციონის გზით, გარდა ფინანსური გირაოთი უზრუნველყოფილი ქონების შემთხვევისა, რომლის რეალიზაციის საკითხი რეგულირდება „საგადასახადო სისტემისა და საგადასახადო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. ამასთან, კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილების რიგითობა არ ვრცელდება იმ კრედიტორზე, რომლის მოთხოვნაც უზრუნველყოფილია ფინანსური გირაოს მეშვეობით. ფინანსური გირაოს მოგირავნეს გააჩნია ფინანსური გირაოთი უზრუნველყოფილი მოთხოვნის უპირატესი დაკმაყოფილების უფლება.
„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე კანონპროექტის თანახმად, ფინანსური სექტორის სტაბილურობის შენარჩუნების მიზნით, მარეგისტრირებელი ორგანო ვალდებულია მნიშვნელოვანი საგადასახადო სისტემის მონაწილის ლიკვიდაციის პროცესის დაწყების დარეგისტრირების თაობაზე აცნობოს საქართველოს ეროვნულ ბანკს. ამასთან, საწარმოს ეკისრება ვალდებულება ლიკვიდაცის პროცესის დაწყების რეგისტრაციისას, აცნობოს მარეგისტრირებელ ორგანოს რომ იგი არის მნიშვნელოვანი საგადასახადო სისტემის მონაწილე.
„საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე კანონპროექტის თანახმად, ფინანსური ინსტრუმენტების გირავნობასთან და მის რეგისტრაციასთან დაკავშირებული ურთიერთობები დარეგულირდება „საგადასახადო სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე.
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტის მიხედვით, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედება არ გავრცელდება „საგადასახადო სისტემისა და საგადასახადო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ფინანსურ გირაოზე და მოცემული საკითხი დარეგულირდება მხოლოდ „საგადასახადო სისტემისა და საგადასახადო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონით.
„საქართველოს სამოქალაქო კოდექსში“ ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე კანონპროექტით განისაზღვრება, რომ ფინანსურ ინსტრუმენტებზე მოთხოვნის დაგირავებასთან დაკავშირებული ურთიერთობები რეგულირდება „საგადასახადო სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის დებულებებით. ამასთან, ფასიან ქაღალდებთან, მათ შორის სახელმწიფო ფასიან ქაღალდებთან, ასევე ანგარიშზე რიცხულ ძვირფას ლითონებთან, და სხვა დოკუმენტთან, რომელსაც გააჩნია ფულადი გამოხატულება, და/ან წარმოადგენს ორ ან მეტ მხარეს შორის არსებული სავალდებულო იურიდიული ძალის მქონე ფულადი სახსრების გადახდასთან დაკავშირებული შეთანხმების დადასტურებას, და ასევე ზემოთჩამოთვლილ ინსტრუმენტებთან მიმართებაში არსებული მოთხოვნების და უფლებების გირავნობასთან დაკავშირებული ურთიერთობები რეგულირდება „საგადასახადო სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის დებულებების შესაბამისად.
გირავნობის საგნის რეალიზაციის თაობაზე წერილობითი გაფრთხილების ორ კვირიანი ვადა არ გავრცელდება „საგადასახადო სისტემისა და საგადასახადო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ფინანსური გირავნობის საგნის რეალიზაციის შემთხვევის დადგომისას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ კანონპროექტის თანახმად, ფინანსურ მომსახურებას მიეკუთვნება ფინანსურ ინსტრუმენტებთან ან/და ფინანსურ ოპერაციებთან დაკავშირებული მომსახურება, ასევე „საგადასახადო სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული საგადასახადო მომსახურების პროვაიდერისა და სისტემის ოპერატორის მომსახურება. საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები, ინკასოს გარდა არ ვრცელდება „საგადასახადო სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ანგარიშსწორების ანგარიშებზე და საგადასახადო მომსახურების მნიშვნელოვან პროვაიდერთან განთავსებულ მომხმარებლის ფულად სახსრებზე. პარალელურად „საგადასახადო სისტემების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ფინანსური გირაოს მოგირავნეს საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის მიმართ, მიუხედავად საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის რეგისტრაციის მომენტისა, ექნება ფინანსური გირაოთი უზრუნველყოფილი მოთხოვნის უპირატესი დაკმაყოფილების უფლება.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ კანონპროექტის თანახმად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული უზრუნველყოფის ღონისძიებები არ ვრცელდება „საგადასახადო სისტემისა და საგადასახადო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ანგარიშსწორების ანგარიშებზე.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ კანონპროექტის თანახმად, კოდექსით გათვალისწინებული უზრუნველყოფის ღონისძიებები არ ვრცელდება „საგადასახადო სისტემისა და საგადასახადო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ანგარიშსწორების ანგარიშებზე.
|