|
დარგობრივი ეკონომიკისა და
ეკონომიკური პოლიტიკის
კომიტეტის სხდომის
ოქმი #12
ქ. თბილისი 20 აპრილი 2012 წ.
სხდომას თავმჯდომარეობდა: გიორგი მელაძე
სხდომას მდივნობდა: რამაზ ყანჩაველი
სხდომას ესწრებოდნენ:
|
კომიტეტის წევრები:
|
თ. წურწუმია, კ. ბადაგაძე, გ. კანდელაკი, ზ. კიკალეიშვილი, კ. კვიციანი, კ. კურდღელაშვილი, დ. ოვაშვილი, კ. ოქრიაშვილი, თ. ჩარკვიანი, გ. ჩახვაძე, გ. ჯაბუა;
|
|
აპარატის მუშაკები:
|
ი. მერებაშვილი, მ. ჯაფარიძე, ი. გაბისონია, ვ. ქარუმიძე, მ. ჯულაყიძე, გ. სირაძე, თ. შაბაშვილი, თ. ტეფნაძე, თ. ჯაფარიძე;
|
|
მოწვეულები:
|
რ. კემულარია – ფინანსთა მინისტრის მოადგილე,
ნ. მიქელაძე – ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე.
|
დ ღ ი ს წ ე ს რ ი გ ი
- 1.კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის არჩევა.
- 2.საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტები: „საქართველოს სარკინიგზო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
(პირველი მოსმენა)
/მომხ. ნათია მიქელაძე/
- 3.საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტი „მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
/მომხ. ნათია მიქელაძე/
- 4.საქართველოს პრეზიდენტის მიერ რატიფიკაციისათვის წარმოდგენილი 2012 წლის 6 აპრილს წერილების გაცვლის გზით დადებული შეთანხმება „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო ხელშეკრულებაში (სპეციალური ოპერაციები) (მდგრადი ურბანული ტრანსპორტის განვითარების საინვესტიციო პროგრამა - პროექტი I) ცვლილებების შეტანის შესახებ“
/მომხ. რუსუდან კემულარია/
- 5.საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტები: „ოლიმპიური მოძრაობის ხელშეწყობის შესახებ“ და „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
/მომხ. რუსუდან კემულარია/
- 6.საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტი „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
/მომხ. რუსუდან კემულარია/
|
1. მოისმინეს:
|
მოხსენება კომიტეტის თავმჯდომარის ინფორმაცია კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობაზე ფრაქცია “ერთობა სამართლიანობისთვის” მიერ წარმოდგენილი რომან (გოდერძი) მარსაგიშვილისა და ფრაქცია „ქრისტიან დემოკრატების”-ს მიერ წარმოდგენილი კობა კურდღელაშვილის კანდიდატურების თაობაზე.
|
|
გადაწყვიტეს:
|
- 1.ღია კენჭისყრის შედეგად: (მარსაგიშვილი მომხრე–არა, კურდღლაშვილი მომხრე 12) კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ არჩეული იქნას კობა კურდღელაშვილი.
- 2.მიღებული გადაწყვეტილების შესახებ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 38–ე მუხლის შესაბამისად ეცნობოს საქართველოს პარლამენტის ბიუროს.
|
|
- პირველი
მოსმენით
განიხილეს:
|
მოხსენება „საქართველოს სარკინიგზო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტების (დანართი 1) თაობაზე .
აღინიშნა, რომ „საქართველოს სარკინიგზო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტის მომზადება განპირობებულია რკინიგზით მგზავრთა გადაყვანის სფეროში თანამედროვე ტექნოლოგიებისა და საქართველოში საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით შექმნილი მომსახურების რეალიზაციის მოქნილი სისტემის დანერგვის აუცილებლობით. მისი მიზანია მგზავრთა რეგიონული გადაყვანების სფეროში მიმდინარე რეფორმების უზრუნველსაყოფად შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის შექმნა.
წინამდებარე კანონპროექტი ითვალისწინებს ბილეთების ავტომატური რეალიზაციის საშუალებების გამოყენებასთან დაკავშირებით, ბილეთის ცნების ახლებურ განმარტებას და მის მისადაგებას ელექტრონული გზით რეალიზებულ პროდუქტთან. ასევე ახლებური მიდგომაა შემუშავებული მსვლელობის მანძილის მიხედვით გადაყვანების კატეგორიების მიმართ და საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით შემოღებულია რეგიონულად (ხშირი გაჩერებები და ლიმიტირებული მანძილი) და მაგისტრალურად დაყოფის პრინციპი, ნაცვლად ადგილობრივისა და საგარეუბნოსი.
სარკინიგზო კოდექსის 38-ე მუხლის მე-4 ნაწილის გათვალისწინებით, კორექტირებულია 39-ე მუხლი მგზავრთა გადაყვანის სფეროში მოქმედი შეღავათების რეგლამენტაციის კუთხით. საგულისხმოა, რომ მგზავრთა საერთშორისო გადაყვანები რეგულირდება საერთაშორისო შეთანხმებებით, რომელთაც პირდაპირი მოქმედების ძალა აქვთ.
”საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ” კანონპროექტის მიზანია მგზავრთა მომსახურების სფეროში სახელმწიფოებრივი წესრიგის განმტკიცება. კოდექსის დღეს მოქმედი რედაქცია სანქციების ფორმის სახით ითვალისწინებს შრომის ანაზღაურების შესაბამის ოდენობებს, აღნიშნული არ წარმოადგენს დღევანდელ რეალობასთან შესაბამისობას.
კანონპროექტი ითვალისწინებს ცვლილების შეტანას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის იმ მუხლებში, რომლებიც განსაზღვრავს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას რკინიგზის ტრანსპორტზე ჩადენილი დარღვევებისთვის. კერძოდ, რეგიონულ მიმოსვლაში ბილეთის გადახდის ავტომატური საშუალების დაზიანებისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის შემოღებას, უბილეთო მგზავრობისთვის ჯარიმის ოპტიმიზაციას და დაჯარიმების პროცედურის სამართლებრივი საფუძვლების რეგლამენტირებას.
|
|
|
აზრი გამოთქვეს:
|
ჩახვაძემ, ბადაგაძემ, მელაძემ;
|
|
გადაწყვიტეს:
|
კომიტეტმა მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება (დანართი 2).
|
|
3. მოისმინეს:
|
მოხსენება „მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტის შესახებ.
აღინიშნა რომ, კანონპროექტის ძირითადი არსი მდგომარეობს იმაში, რომ საზღვაო სფეროში განათლების სფეციფიკიდან გამომდინარე „მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მე-2 პუნქტის შემდეგ ემატება 21 პუნქტი, რომლითაც განისაზღვრება საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საზღვაო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისათვის დადგენილი სტრუქტურისაგან განსხვავებული სტრუქტურისა და სტრუქტურული ერთეულების უფლება-მოვალეობების, აგრეთვე რექტორის თანამდებობის დაკავების განსხვავებული წესის დადგენის შესაძლებლობა.
წარმოდგენილი კანონპროექტით ასევე გასწორდა კანონში არსებული ტექნიკური ხარვეზი. გამომდინარე იქედან, რომ კანონში არსებული მე-13 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის არსებული რედაქცია ითვალისწინებს მეზღვაურებისათვის 5 წლის განმავლობაში უწყვეტი 12 თვიანი დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟის არსებობას. აღნიშნული ჩანაწერის გამო პუნქტი არის უმოქმედო, რადგან პრაქტიკაში არც ერთ მეზღვაურს არ შეუძლია ჰქონდეს უწყვეტი 12 თვიანი ნაოსნობის სტაჟი. მეტიც, აღნიშნული ეწინააღმდეგება მეზღვაურთა მომზადების, დიპლომირების და ვახტის გაწევის შესახებ კონვენციას (STCW).
|
|
აზრი გამოთქვეს:
|
ჩარკვიანმა, წურწუმიამ, მელაძემ;
|
|
გადაწყვიტეს:
|
კომიტეტმა მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება (დანართი 3).
|
|
4. მოისმინეს:
|
მოხსენება „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო ხელშეკრულებაში (სპეციალური ოპერაციები) (მდგრადი ურბანული ტრანსპორტის განვითარების საინვესტიციო პროგრამა - პროექტი I) ცვლილებების შეტანის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის მიერ რატიფიკაციისათვის წარმოდგენილი 2012 წლის 6 აპრილს წერილების გაცვლის გზით დადებული შეთანხმების შესახებ.
აღინიშნა რომ, 2012 წლის 6 აპრილს საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის ხელი მოეწერა წერილ-შეთანხმებას საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს (ADB) შორის 2010 წლის 5 აგვისტოს ხელმოწერილ სასესხო ხელშეკრულებაში (მდგრადი ურბანული ტრანსპორტის განვითარების საინვესტიციო პროგრამა - პროექტი I) ცვლილებების შეტანის შესახებ.
წერილ-შეთანხმება ითვალისწინებს საქართველოსა და ADB-ს შორის 2010 წლის 5 აგვისტოს ხელმოწერილი სასესხო ხელშეკრულებით (შემდეგში ხელშეკრულება) განსაზღვრული ქვეპროექტის „ქუთაისის ურბანული გარემოს გაუმჯობესება და არამოტორიზირებული ტრანსპორტის განვითარების“ შეცვლას „ანაკლიის სანაპირო ზონის გაუმჯობესების“ ქვეპროექტით.
ამასთან ცვლილება შევიდა ასევე ხელშეკრულების მე-3 განრიგით განსაზღვრულ ცხრილში „სესხის თანხების განაწილება და ჩამორიცხვა“, რომლის შესაბამისადაც „გაუნაწილებელი“ თანხიდან განხორციელდა რეალოკაცია „სამუშაოები და საქონელის“ ნაწილში, რაც გამომდინარეობს „ანაკლიის სანაპირო ზონის გაუმჯობესების“ ქვეპროექტის ღირებულებიდან.
აღნიშნული ცვლილების გათვალისწინებით მდგრადი ურბანული ტრანსპორტის განვითარების საინვესტიციო პროგრამა - პროექტი I-ის ფარგლებში განხორციელდება შემდეგი ქვეპროექტები:
- მესტიის გზების გაუმჯობესება;
- თბილისის მეტროს გაგრძელება (ვაჟა ფშაველას გამზირი);
- ანაკლიის სანაპირო ზონის გაუმჯობესება;
- თბილისის ურბანული გარემოს გაუმჯობესება და გორგასლის გზის რეკონსტრუქცია.
ხელშეკრულების სხვა დანარჩენი პირობა რჩება უცვლელი, მათ შორის:
სესხის ოდენობა: 85 მლნ აშშ დოლარი (SDR 57,986,000), ხანგრძლივობა–32 წელი, შეღავათიანი პერიოდი– 8 წელი, საპროცენტო განაკვეთი–წლიური 1%-ი შეღავათიანი პერიოდის განმავლობაში, ხოლო შეღავათიანი პერიოდის გასვლის შემდეგ 1.5%.
პროექტის დასრულების თარიღი : 2016 წლის 30 ივნისი
პროექტის განხორციელება, კოორდინაცია და მონიტორინგი ევალება საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდს (MDF).
|
|
აზრი გამოთქვეს:
|
კვიციანმა, ჯაბუამ, წურწუმიამ, მელაძემ;
|
|
გადაწყვიტეს:
|
კომიტეტმა მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება (დანართი 4).
|
|
5. მოისმინეს:
|
მოხსენება „ოლიმპიური მოძრაობის ხელშეწყობის შესახებ“ და „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტების შესახებ.
აღინიშნა რომ, კანონპროექტის მომზადების მიზანია საქართველოს ტერიტორიაზე ოლიმპიური მოძრაობის ხელშეწყობის მიზნით ინვესტიციების განხორციელების სამართლებრივ საფუძვლებისა და მათი დაცვის გარანტიების განსაზღვრა.
საგადასახადო კოდექსის 309-ემუხლს ემატება 47-ე ნაწილი, რომლის მიხედვით „ოლიმპიური მოძრაობის ხელშეწყობის შესახებ“ კანონპროექტით გათვალისწინებული ოლიმპიური მოძრაობისათვის ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობის მიზნით, ინვესტორის და ინვესტორის კონტრაქტორისათვის შემოღებლი იქნება შემდეგი სახის საგადასახადო შეღავათები:
– ინვესტორი, ხელშეკრულებით გათვალისწინებული მშენებლობის დაწყებიდან 10 წლის განმავლობაში თავისუფლდება:
ა) დამატებული ღირებულებისა და იმპორტის გადასახადისაგან:
ა.ა) ხელშეკრულებით გათვალისწინებული მშენებლობისთვის საჭირო სამშენებლო და დეკორატიული მასალების იმპორტისას;
ა.ბ) ხელშეკრულებით გათვალისწინებული მშენებლობისთვის საჭირო მანქანა-დანადგარების, ავტოსატრანსპორტო საშუალებების (გარდა მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალებებისა) და სხვა მექანიკური მოწყობილობების იმპორტისას;
ა.გ) ოლიმპიური ფესტივალის დაწყებამდე ოლიმპიური სოფლის, ოლიმპიადის (მათ შორის, ოლიმპიადის ახალგაზრდული ფესტივალის) ორგანიზებისათვის აუცილებელ სხვა დამხმარე ნაგებობებისა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული ხუთ-ვარსკვლავიანი სასტუმროს სრულყოფილი ფუნქიონირებისათვის საჭირო ინვენტარის, ავეჯისა და სხვა მოწყობილობების (საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული სიის მიხედვით) იმპორტისას;
ბ) მოგების გადასახადისგან;
გ) დივიდენდის დაბეგვრისგან.
– ინვესტორს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით უბრუნდება საქართველოში შესყიდულ საქონელზე/მომსახურებაზე გადახდილი დამატებული ღირებულების გადასახადი;
– ინვესტორი, ქონების და მიწაზე ქონების გადასახადით იბეგრება ამ ტერიტორიისათვის ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ დადგენილი განაკვეთით. ამასთან, იგი თავისუფლდება ქონების და მიწაზე ქონების გადასახადებისგან ოლიმპიური სოფლის მშენებლობის დაწყებიდან 5 წლის განმავლობაში.
|
|
აზრი გამოთქვეს:
|
ოქრიაშვილმა, კანდელაკმა, მელაძემ;
|
|
გადაწყვიტეს:
|
კომიტეტმა მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება (დანართი 5).
|
|
6. მოისმინეს:
|
მოხსენება „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტის შესახებ.
აღინიშნა რომ, მე-4 მუხლის პირველ და მეორე ნაწილებში ცვლილებით ზუსტდება, რომ, საგადასახადო ვალდებულების (გადასახადის თანხის) ანალოგიურად, ჯარიმის დარიცხვის ხანდაზმულობის ვადა არის 6 წელი.
თუ 6 წლიანი ხანდაზმულობის ვადის ბოლო წელს გადასახადის გადამხდელი წარადგენს მოთხოვნას ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების თაობაზე, დამატებით ერთი წლით გაიზრდება დარიცხვის ხანდაზმულობის ვადა იმ პერიოდის მიმართ, რომელშიც წარმოშობილია ზედმეტობა.
ტერმინი „პირადი საგადასახადო აგენტი“ იცვლება ტერმინით „პირადი საგადასახადო მრჩეველით“.
გადასახადის დარიცხვის საფუძვლებს ემატება ერთი საფუძველი - საგადასახადო ორგანოსთვის საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მიწოდებული ინფორმაცია.
იმ პერიოდზე ან საკითხზე, რომელზედაც მიმდინარეობს ან უნდა ჩატარდეს საგადასახადო შემოწმება, პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციის (მათ შორის, შესწორებული საგადასახადო დეკლარაციის) წარდგენა დაუშვებელი ხდება საგადასახადო შემოწმების ჩატარების შესახებ სასამართლოს ან საგადასახადო ორგანოს შესაბამისი გადაწყვეტილების ჩაბარებიდან შესაბამისი საგადასახადო მოთხოვნის ამ პირისათვის ჩაბარებამდე პერიოდში.
პროექტით, საბანკო დაწესებულის მიერ პირისთვის საბანკო ანგარიშის გახსნისას სავალდებულოა ამ პირისათვის საიდენტიფიკაციო ნომრის მინისჭების შესახებ ინფორმაციის გადამოწმება და არა შესაბამისი დოკუმენტის გამოთხოვა.
საშემოსავლო გადასახადისგან თავისუფლდება I რიგის მემკვიდრის მიერ არა მარტო მემკვიდრეობით არამედ ჩუქებით მიღებული მატერიალური აქტივის რეალიზაციით მიღებული ნამეტიც, თუ აღნიშნული აქტივი ჯამურად 2 წელზე მეტია მემკვიდრის / დასაჩუქრებულის და მამკვიდრებლის / მჩუქებლის საკუთრებაში.
82-ე მუხლის პირველი ნაწილის „მ“ ქვეპუნქტი ყალიბდება ახალი რედაქციით, რომლის შესაბამისად პრივატიზების წესით მიღებული ბინების შედეგად წარმოშობილი სარგებელი გათავისუფლდება საშემოსავლო გადასახადისგან, მიუხედავად იმისა ასეთი ბინა უსასყიდლოდ არის თუ არა მიღებული.
ერთობლივ შემოსავალში არ აისახება არა მხოლოდ ამ კოდექსით, არამედ წინა კოდექსითაც საგადასახადო შეთანხმების საფუძველზე გადასახადების ან/და სანქციების შემცირებით, აგრეთვე საგადასახადო დავალიანების ჩამოწერით მიღებული სარგებელი (დაზუსტებითი ხასიათის ცვლილება).
106-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის გაუქმებით იჯარის სახით გაწეული ხარჯის ერთობლივი შემოსავლიდან გამოქვითვის შეზღუდვა აღარ იარსებებს, როდესაც იჯარის საგანი არ არის რეგისტრირებული მის მესაკუთრეზე კანონით დადგენილი წესით.
ერთოვლივი შემოსავლიდან აღარ გამოიქვითება ნაღდი ფულადი ფორმით გაცემული ხელფასის სახით გაწეული ხარჯი, გარდა ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი გამონაკლისი შემთხვევებისა.
თუ არამატერიალური აქტივის ჯგუფის ღირებულებითი ბალანსის თანხა წლის ბოლოსთვის 1000 ლარზე ნაკლებია, ჯგუფის ღირებულებითი ბალანსის თანხა დაექვემდებარება გამოქვითვას.
ტექნიკური ხასიათის ცვლილებას ითვალისწინებს 122-ე მუხლის პირველ ნაწილსა და 123-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტში შესატანი ცვლილება.
142-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად მიუხედავად იმისა, რომ პირი შემოსავლებისა და ხარჯების აღრიცხვას აწარმოებს დარიცხვის მეთოდის გამოყენებით, ხარჯის გაწევის მომენტად ითვლება თანხის გადახდის მომენტი, როდესაც გადახდა უკავშირდება ფიზიკურ პირს, იქიდან გამომდინარე, რომ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული ფიზიკური პირი ვალდებულია გამოიყენოს დარიცხვის მეთოდი და მისთვის შემოსავალი აღიარდება თანხის რეალურად მიღების მიუხედავად აღნიშნული წესი არ გამოიყენება თუ გადახდა უკავშირდება დღგ-ის გადამხდელ ფიზიკურ პირს.
154-ე მუხლის პირველი ნაწილის „მ“ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო აგენტი აღარ იქნება ვალდებული დააკავოს წყაროსთან საშემოსავლო გადასახადი, როდესაც ფიზიკურ პირს უსასყიდლოდ აწვდის 1000 ლარამდე ღირებულების ქონებას.
გრძელვადიანი კონტრაქტის შემთხვევაში საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოწერა დასაშვებია კონტრაქტის სრულად ან ნაწილობრივ მიწოდების შემთხვევაში და არა ყოველი კალენდარული წლის მიხედვით შესრულებული სამუშაოების მიხედვით, რომლის მიწოდება (მიღება-ჩაბარება) არ მომხადარა, თუმცა შემსრულებელთან ითვლება დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციად.
ჩათვლის უფლების გარეშე დღგ-სგან გათავისუფლდება შემდეგი საქონლის მიწოდება და იმპორტი: იახტები და დანარჩენი მოცურავე საშუალებები დასვენებისა ან სპორტისათვის; ნიჩბიანი ნავები და კანოე.
174-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებში ხორციელდება ტექნიკური ხასიათის ცვლილებები
თავიდან ყალიბდება აქციზის განაკვეთების ცხრილი, რაც განპირობებულია საქონლის აღწერისა და კოდირების ჰარმონიზებული სისტემის შესახებ საერთაშორისო კონვენციის „ჰარმონიზებული სისტემის ნომენკლატურის“ 2012 წლის რედაქცაზე გადასვლით, და ამასთან დაკავშირებით საქართველოს როგორც კონვენციის ხელშემკვრელი მხარეს აქვს ვალდებულება შესაბამისობაში მოიყვანოს (ანუ მოახდინოს კოდიფიცირება ახალი ვერსიის შესაბმისად) შიდა კანონმდებლობა კონვენციის მოთხოვნებთან. ახალ ვერსიაზე გადასვლასთან დაკავშირებით მოხდა რიგი საქონლის კლასიფიკაცია სხვა რიცხობრივი კოდით რამაც პოვა ასახვა წარმოდგენილ პროექტში.
თავიდან ყალიბდება იმპორტის გადასახადის განაკვეთების ცხრილები (5%იანი და 12%იანი), რაც იმავე მიზეზით არის გამოწვეული, რაც აქციზის განაკვეთების ცხრილის ცვლილება.
იმპორტის გადასახადისაგან გათავისუფლდება „თავისუფალი სავაჭრო ზონის შექმნის შესახებ“ 1994 წლის 15 აპრილის საერთაშორისო შეთანხმების მონაწილე სახელმწიფოს ტერიტორიაზე წარმოშობილი საქონლის აღნიშნული სახელმწიფოდან იმპორტი, მიუხედავად საქონლის გადაადგილების მარშრუტისა. ტერმინი „ტყის მიწა“ იცვლება ტერმინით „ყოფილი საკოლმეურნეო და საბჭოთა მეურნეობის ტყეებით“.
ფიზიკური პირისთვის - საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი, რომელზედაც დამაგრებულია უძრავი ქონება აღარ იქნება ქონებაზე ქონების გადასახადის დაბეგვრის ობიექტი. რედაქციულად სწორდება ქონების გადასახადის მიზნებისათვის საგადასახადო ორგანოს მიერ ქონების საბალანსო ღირებულების საბაზრო ღირებულებით შეცვლის და მისი შედეგების მარეგულირებელი ნორმა.
ფიზიკური პირისთვის - საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი, რომელზედაც დამაგრებულია უძრავი ქონება იქნება მიწაზე ქონების გადასახადის დაბეგვრის ობიექტი.
„ტყის მიწის“ ქონების გადასახადის განაკვეთი იცვლება „ყოფილი საკოლმეურნეო და საბჭოთა მეურნეობის ტყეების მიწების“ ქონების გადასახადის განაკვეთით.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემების საფუძველზე საგადასახადო ორგანოს მიერ მიწაზე ქონების გადასახადის დარიცხვისას პირი, გათავისუფლდება მიწაზე ქონების გადასახადის დეკლარაციის წარდგენის ვალდებულებისაგან. ამ შემთხვევაში, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემების საფუძველზე პირს წარედგინება საგადასახადო მოთხოვნა.
მიწაზე ქონების გადასახადის გადახდისაგან თავისუფლდება პირი, რომლის მფლობელობაში/საკუთრებაში არსებული მიწა მდებარეობს „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი ტერიტორიების მიმდებარედ და აღნიშნულის გამო იგი ვერ სარგებლობს მოცემული მიწის ნაკვეთით, რაც დასტურდება ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ გაცემული შესაბამისი ცნობით.
მიწაზე ქონების გადასახადის შეღავათი დგინდება მრავალბინიან სახლში მცხოვრები ფიზიკური პირის თანასაკუთრებაში არსებული ფართობის პროპორციულად განსაზღვრული მიწის ნაკვეთზე, აგრეთვე თვითმმართველი ქალაქებისა და მუნიციპალიტეტების ტერიტორიებზე მდებარე საცხოვრებელ სახლებზე ან/და ავტოფარეხებზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთებზე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოების მიერ დადგენილი ფართობის ზღვრული ოდენობის ფარგლებში.
ქონების გადასახადისაგან გათავისუფლდება იახტები და დანარჩენი მოცურავე საშუალებები დასვენებისა ან სპორტისათვის; ნიჩბიანი ნავები და კანოე.
დგინდება, რომ რეგისტრირებულ სასაქონლო დეკლარაციაში შესაძლებელია ცვლილებები შეტანილ იქნეს საგადასახადო ორგანოს ინიციატივით, საქონლის გაშვებამდე სასაქონლო დეკლარაციის შემოწმებისას, თუ დადგინდა დეკლარაციაში არასწორი მონაცემის არსებობა.
აგრეთვე ზუსტდება, რომ რეგისტრირებულ სასაქონლო დეკლარაციაში შესაძლებელია ცვლილებები შეტანილ იქნეს დეკლარანტის ინიციატივით, საქონლის გაშვებამდე ან საქონლის გაშვების შემდეგ - საქონლის გაშვების შემდგომი შემოწმების ჩატარების შესახებ შესაბამისი გადაწყვეტილების ჩაბარებამდე (და არა შემოწმების დაწყებამდე).
239-ე მუხლის მე-5 ნაწილში შედის ცვლილება, რომლის შესაბამისადაც ზუსტდება, რომ საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების გაუქმების გარეშე საქონლის მიწოდების შემთხვევაში, ახალი მფლობელის მიმართ საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება გავრცელდება მხლოდ ქონების საკუთრებაში გადაცემის მომენტისათვის არსებული საგადასახადო დავალიანების ოდენობის ფარგლებში.
მესამე პირის მიერ „საგადასახადო მოთხოვნის“ შესრულების 20 დღიანი ვადა იცვლება და დგინდება 30 დღე, როგორც ეს დადგენილია ზოგადად „საგადასახადო მოთხოვნის“ შესრულებისთვის.
საბანკო ანგარიშზე ყადაღის დადებისას არ შეიზღუდება პირის უფლება განკარგოს თავის საბანკო ანგარიშზე არსებული ან ჩარიცხული ფულადი სახსრები როცა იგი ბიუჯეტში იხდის საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული როგორც გადასახადის ისე საურავის და ჯარიმის თანხას, აგრეთვე მაშინ, როდესაც იგი იხდის სახელმწიფო(სასამართლოს ხარჯები) ბაჟის თანხას.
უქმდება ალტერნატიული აუდიტის დასკვნის შესაბამისად დეკლარაციების წარდგენის ან დაზუსტების გზით ვალდებულების დარიცხვის და აღიარების შესაძლებლობა. პირს ჯარიმა არ დაეკისრება, მხოლოდ მაშინ, თუ ალტერნატიული აუდიტის დასკვნის შესაბამისად ანგარიშგებას განხორციელდებს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით.
დგინდება, რომ სასაქონლო დეკლარაციაში არასწორი მონაცემის არსებობის გამო პირს არ დაეკისრება საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლით გათვალისწინებული სანქცია (ნაცვლად ჯარიმისა), თუ სახეზეა შესაბამისი პირობები.
სანქციისაგან გათავისუფლების პირობებს დაემატა აგრეთვე პირობა, რომ ზემოთ მითითებული მუხლით გათვალისწინებული სანქცია არ დაეკისრება პირს თუ სასაქონლო დეკლარაციასა და მის თანმხლებ დოკუმენტაციაში სავალდებულოდ შესატანი სატარიფო ღირებულების შესახებ არასწორი მონაცემის არსებობა დადგინდა საქონლის გაშვებამდე.
საქონლის განკარგვის ღონისძიებების განხორციელებისას ან საქონლის განადგურების შემთხვევაში ან სასჯელის სახით საქონლის ჩამორთმევისას პირი აღნიშნულ საქონელთან დაკავშირებით გათავისუფლდება არა საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლით გათვალისწინებული ყველა ჯარიმისაგან, არამედ მხოლოდ ზოგიერთი ჯარიმისგან.
საქართველოს ეკონომიკურ საზღვარზე ფიზიკური პირის მიერ 3 000 ლარამდე ღირებულების საქონლის კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად გადატანისას ან გადმოტანისას შესაძლებელი იქნება ჯარიმის ნაცვლად გაფრთხილების გამოყენება.
საურავის დარიცხვის დაწყების 20 დღიანი ვადა იცვლება 30 დღიანი ვადით, იმ შემთხვევისთვის, როცა პირს „საგადასახადო მოთხოვნა“ ჩაბარდა გადასახადის გადახდის ვადის დადგომის შემდეგ და „საგადასახადო მოთხოვნის“ წარდგენის საფუძველია გადასახადის დარიცხვა, რომლის გაანგარიშება საგადასახადო ორგანოს ვალდებულებაა.
უსაქონლო ოპერაციის ან ფიქტიური გარიგების შედეგად ჩათვლის განხორციელება გამოიწვევს პირის დაჯარიმებას, მიუხედავად იმისა დადგენილია თუ არა რომ პირს საქონელი/მომსახურება არ მიუღია.
სამეწარმეო საქმიანობისათვის საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირების, მყიდველის მოთხოვნისას სასაქონლო ზედნადების გაუცემლობის ან საქონლის შეძენისას სასაქონლო ზედნადების მიღებაზე უარის შემთხვევაში პირი თავისუფლდება საგასახადო კოდექსით გათვალისწინებული პასუხისმგებლობისაგან, როდესაც, პირი (გამავრცელებელი) ახორციელებს გაზეთების, ჟურნალების და მისი გამომცემლის მიერ მასთან ერთიან შეფუთვაში მოქცეული საქონლის ტრანსპორტირებას. აღნიშნული არ გავრცელდება უშუალოდ გაზეთების, ჟურნალების გამომცემლებზე, რომლებიც ახორციელებენ პირველად რეალიზაციას/მიწოდებას სხვა პირებზე (გამავრცელებლებზე).
ფიქსირებული გადასახადის გადამხდელების მიერ ზოგიერთ ვალდებულებათა შეუსრულებლობისათვის წესდება შემდეგი სანქცია:
ა) ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრი საქმიანობის შეჩერების პერიოდში ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მქონე პირის მიერ ამ საქმიანობის განხორციელება, - იწვევს პირის დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით.
ბ) ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მქონე პირის მიერ ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრი საქმიანობის დაბეგვრის ობიექტის დამატება საგადასახადო ორგანოსთვის შეტყობინების გარეშე, - იწვევს პირის დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით.
სავალდებულო მარკირებას დაქვემდებარებული არააქციზური საქონლის მარკირების გარეშე მიწოდების, ტრანსპორტირების, ექსპორტის და იმპორტის განხორციელებისათვის წესდება შემდეგი სანქცია:
სავალდებულო მარკირებას დაქვემდებარებული არააქციზური საქონლის მარკირების გარეშე მიწოდება/ტრანსპორტირება/ ექსპორტი/იმპორტი - იწვევს მწარმოებლის ან იმპორტიორის დაჯარიმებას მარკირების გარეშე გამოვლენილი სავალდებულო მარკირებას დაქვემდებარებული არააქციზური საქონლის საბაზრო ღირებულების ოდენობით.
საქართველოს ეკონომიკურ საზღვარზე ფიზიკური პირის მიერ 3 000 ლარამდე ღირებულების საქონლის კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად გადატანისას ან გადმოტანისას შესაძლებელი იქნება სანქციის სახით გამოყენებულ იქნეს ვალდებული პირის დაჯარიმება 1000 ლარის ოდენობით, ან/და ამ საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევა, ან/და საქართველოს ეკონომიკური საზღვრის გადაკვეთის უფლების შეზღუდვა 1 წლის ვადით.
კანონპროექტის გარდამავალი დებულებებით თუ პირი ბოლო 6 წლის განმავლობაში აღარ ეწევა ეკონომუკირ საქმიანობას და შესაბამისად არ აქვს შემოსავალი, ხოლო ხარჯის სახით დეკლარაციაში ასახული აქვს ისეთი ხარჯი, რომელიც არ არის დაკავშირებული მის საქმიანობასთან/მუშაობასთან (ქონების გადასახადი და საამორტიზაციო ანარიცხები), აღნიშნული არ წარმოადგენს 2005 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილ აღიარებულ საგადასახადო დავალიანებაზე დარიცხული საურავის და 2005 წლის 1 იანვრამდე დარიცხული აღიარებული ჯარიმის ჩამოწერაზე უარის თქმის საფუძველს, თუ გადახდილია 2005 წლის 1 იანვრისათვის რიცხული ყველა გადასახადის ძირითად ნაწილში არსებული აღიარებული საგადასახადო დავალიანების თანხა.
საქართველოს ფინანსთა მინისტრს საშუალება ეძლევა 2011 წლის წინა პერიოდების მიმართაც განსაზღვროს: ცალკეული შემთხვევები, როდესაც ხარჯის დოკუმენტურად დადასტურება სავალდებულო არ არის და დოკუმენტების ჩამონათვალი, რომლებიც ამ კოდექსის მოთხოვნების გაუთვალისწინებლად ჩაითვლება ხარჯის დამადასტურებელ დოკუმენტებად.
დგინდება, რომ ზარალის გადატანის 10-წლიანი ვადის მოქმედება ვრცელდება 2010 წელს და მის შემდგომ წლებში წარმოქმნილ ზარალზე.თუ პირი იყენებს დარიცხვის მეთოდს, ხარჯების გაწევის მომენტად ითვლება თანხის გადახდის მომენტი, როდესაც გადახდა უკავშირდება ფიზიკურ პირს, მხოლოდ 2011 წლის პირველი იანვრის შემდეგ დარიცხულ და გადაუხდელ თანხებზე.
ჩამოწერას დაექვემდებარება „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ტერიტორიებზე არსებული ქონების (მათ შორის, მიწის) მიხედვით დარიცხული და გადაუხდელი ქონების გადასახადი, მასზე დარიცხული საურავი და ჯარიმა.
სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაწილში ქონების გადასახადის დეკლარირების ვალდებულების 2014 წლის 1 იანვრამდე შესრულების შემთხვევაში, ფიზიკური პირები გათავისუფლდებიან საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი შესაბამისი ჯარიმისაგან.
რეგულირდება უფლებამოსილი ორგანოს მიერ დანაკარგის მაქსიმალური ზღვრული ოდენობის დადგენამდე არსებულ საგადასახადო პერიოდებში საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის საკითხი, კერძოდ: თუ გადასახადის გადამხდელი აღნიშნულ საგადასახადო პერიოდში დანაკარგის ნორმას იყენებდა უფლებამოსილი ორგანოს მიერ დადგენილი ან მასზე ნაკლები ოდენობით, გადასახადის გადამხდელს დანაკლისთან დაკავშირებით გადასახადები ან/და სანქციები არ დაერიცხება, ხოლო თუ გადასახადის გადამხდელი აღნიშნულ საგადასახადო პერიოდში (პერიოდებში) დანაკარგის ნორმას იყენებდა უფლებამოსილი ორგანოს მიერ დადგენილ ნორმაზე მეტი ოდენობით, გადასახადის გადამხდელს გადასახადები ან/და სანქციები დანაკლისთან დაკავშირებით დაერიცხება მის მიერ ფაქტობრივად გამოყენებულ დანაკარგის ნორმასა და უფლებამოსილი ორგანოს მიერ დადგენილ ნორმას შორის სხვაობის გათვალისწინებით.
ამასთან, ზემოაღნიშნული წესი არ ვრცელდება ამავე წესის ამოქმედებამდე დასრულებული საგადასახადო შემოწმების მიხედვით დარიცხულ და აღიარებულ საგადასახადო ვალდებულებაზე.
|
|
აზრი გამოთქვეს:
|
მელაძემ;
|
|
|
გადაწყვიტეს:
|
კომიტეტმა მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება (დანართი 6).
|
|
|
|
|
|
სხდომის თავმჯდომარე: გიორგი მელაძე
სხდომის მდივანი: რამაზ ყანჩაველი
დანართი 1
პროექტი
საქართველოს კანონი
საქართველოს სარკინიგზო კოდექსში
ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს სარკინიგზო კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №4, 22.01.2003, მუხ. 25) შეტანილ იქნას შემდეგი ცვლილება:
1. მე-2 მუხლის ”დ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
”დ) ”ბილეთი” - მატერიალური ან ელექტრონული სამგზავრო დოკუმენტი, რომელიც იძლევა მატარებლით მგზავრობის უფლებას და რკინიგზისთვის წარმოშობს მგზავრის გადაყვანის ვალდებულებას”.
2. 37-ე მუხლის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
”3. სამგზავრო მატარებლის კატეგორიებია:
ა) მოძრაობის სიჩქარის მიხედვით – ჩქარი და სამგზავრო;
ბ) მსვლელობის მანძილის მიხედვით – საერთაშორისო, მაგისტრალური და რეგიონული.”.
3. 39-ე მუხლის:
ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
”1. საერთაშორისო და მაგისტრალური მატარებლებით მგზავრობისას მგზავრს უფლება აქვს:
ა) შეიძინოს ბილეთი ნებისმიერ მატარებელსა და ვაგონში, მის მიერ დასახელებულ რკინიგზის სადგურამდე, რომელიც განკუთვნილია მგზავრთა გადასაყვანად;
ბ) უფასოდ გადაიყვანოს 5 წლამდე ერთი ბავშვი, თუ იგი არ იკავებს ცალკე ადგილს, და 5-დან 10 წლამდე ბავშვები, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შეღავათიანი საფასურის გადახდის შემდეგ;
გ) წვრილმან ნივთებთან ერთად უფასოდ გადაიტანოს 36 კილოგრამამდე წონის ხელბარგი;
დ) ბილეთის წარდგენისა და შესაბამისი საფასურის გადახდის შემდეგ ჩააბაროს ბარგი გადასაზიდად;
ე) შეწყვიტოს მგზავრობა და მიიღოს გაუვლელ მანძილზე გადაყვანის საფასური;
ვ) დროებით შეწყვიტოს მგზავრობა და გააგრძელოს ბილეთის მოქმედების ვადა მგზავრობის შეწყვეტიდან არა უმეტეს 10 დღე-ღამისა;
ზ) მგზავრობისას ავადმყოფობის შემთხვევაში, თუ ეს დასტურდება სამედიცინო დაწესებულების ცნობით, გააგრძელოს ბილეთის მოქმედების ვადა ავადმყოფობის მთელი პერიოდისთვის ან დაიბრუნოს ბილეთის საფასური;
თ) რკინიგზის სადგურის საბილეთო სალაროს მიერ ბილეთში შესაბამისი აღნიშვნის შეტანის შემდეგ გაემგზავროს ბილეთში მითითებულ ვადაზე ადრე გამსვლელი მატარებლით;
ი) მატარებლის გასვლის მომენტიდან მატარებელზე არა უმეტეს 3 საათით დაგვიანებისას ან ავადმყოფობის (უბედური შემთხვევის) გამო არა უმეტეს 3 დღე-ღამით დაგვიანებისას განაახლოს ბილეთის მოქმედება სხვა მატარებელზე, პლაცკარტის საფასურის გადახდით, ხოლო მგზავრობაზე უარის თქმისას დაიბრუნოს მგზავრობის საფასური ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში;
კ) დაიკავოს თავისუფალი ადგილი უფრო მაღალი კლასის ვაგონში, „რკინიგზით მგზავრთა გადაყვანის, ბარგის, ტვირთ-ბარგისა და ფოსტის გადაზიდვის წესების“ შესაბამისად.”.
ბ) მე-7 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
”7. რეგიონული მატარებლით მგზავრობისათვის მგზავრს უფლება აქვს:
ა) შეიძინოს რკინიგზის მიერ დადგენილი ფორმის ბილეთი (სააბონემენტო ბილეთი);
ბ) უფასოდ გადაიტანოს ხელბარგი;
გ) უფასოდ გადაიყვანოს 5 წლამდე ერთი ბავშვი.”.
გ) ამოღებულ იქნას მე-9, მე-10 და მე-11 ნაწილები.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი
პროექტი
საქართველოს კანონი
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში
ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 1984 წელი, მუხ. 421) შეტანილ იქნას შემდეგი ცვლილება:
1. 107 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
”მუხლი 107. რკინიგზის სატრანსპორტო საშუალებებით სარგებლობის წესების დარღვევა
სატვირთო მატარებლით თვითნებური მგზავრობა, მატარებელში სვლის დროს ჩაჯდომა და გადმოსვლა, ვაგონების საფეხურებსა და სახურავებზე მგზავრობა, მატარებლის თვითნებური, საჭიროების გარეშე გაჩერება -
გამოიწვევს დაჯარიმებას 40 ლარის ოდენობით.
სამგზავრო ვაგონის შიდა მოწყობილობის, ბილეთის საფასურის გადახდის
ავტომატური საშუალების, ლოკომოტივისა და ვაგონის მინის დაზიანება -
გამოიწვევს დაჯარიმებას 40 ლარის ოდენობით.
მატარებლის ვაგონების ფანჯრებიდან და კარებიდან ნაგვის და სხვა საგნების გადაყრა -
გამოიწვევს გაფრთხილებას ან დაჯარიმებას 20 ლარის ოდენობით.
რეგიონული მატარებლის ვაგონებში (მათ შორის, ტამბურებში), მაგისტრალური და საერთაშორისო მომოსვლის სამგზავრო მატარებლებში, ნებადაურთველ ადგილებში მოწევა -
გამოიწვევს გაფრთხილებას ან დაჯარიმებას 20 ლარის ოდენობით.”.
2. 130-ე მუხლის მე-2 ნაწილის:
ა) „ა” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
”ა) რეგიონული მიმოსვლის მატარებლით -
გამოიწვევს დაჯარიმებას 20 ლარის ოდენობით;“.
ბ) „ბ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
”ბ) მაგისტრალური მიმოსვლის მატარებლით, –
გამოიწვევს დაჯარიმებას 40 ლარის ოდენობით;“.
3. 211-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
”მუხლი 211. რკინიგზის ტრანსპორტის ორგანოები
საქართველოს რკინიგზის შესაბამისი ორგანოები, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, განიხილავენ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კოდექსის 44-ე მუხლის პირველი ნაწილით (რკინიგზის ტრანსპორტზე ჩადენილი დარღვევებისათვის), 106-ე, 107-ე მუხლებით, 115-ე მუხლის პირველი ნაწილით, 129-ე მუხლის პირველი ნაწილით, 130-ე, 131-ე მუხლებით (რკინიგზის ტრანსპორტზე ჩადენილი დარღვევებისათვის).
რკინიგზის ტრანსპორტის ორგანოების სახელით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელების დადების უფლება აქვთ საქართველოს რკინიგზის დირექტორთა საბჭოს დადგენილებით განსაზღვრულ უფლებამოსილ პირებს.
საქართველოს რკინიგზის შესაბამისი სამსახურის უფლებამოსილ პირებს უფლება აქვთ 106-ე მუხლის მე-5 ნაწილით, 107-ე მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით, 129-ე მუხლის პირველი ნაწილით (რკინიგზის ტრანსპორტზე ჩადენილი დარღვევებისათვის), 130-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით (რკინიგზის ტრანსპორტზე ჩადენილი დარღვევებისათვის) გათვალისწინებული ჯარიმის გადახდევინების მიზნით საჯარიმო ქვითარი გამოწერონ სამართალდარღვევის ჩადენის ადგილზე ოქმის შეუდგენლად, თუ დამრღვევი სადავოდ არ ხდის მასზე დაკისრებულ ადმინისტრაციულ სახდელს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ამავე პირების მიერ გამოიწერება როგორც საჯარიმო ქვითარი, ისე დგება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი.”.
4. 242-ე მუხლის შენიშვნას დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 ნაწილი:
”4. რკინიგზის ტრანსპორტზე ჩადენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისათვის გათვალისწინებული საჯარიმო ქვითრის და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმას, მისი შევსების, ჩაბარების და აღრიცხვა-ანგარიშგების წესს ამტკიცებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.”.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი
დანართი 2
საქართველოს პარლამენტის ბიუროს
დარგობრივი ეკონომიკისა
და
ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის
დ ა ს კ ვ ნ ა
კანონპროექტებზე
„საქართველოს სარკინიგზო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
და
„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“.
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა 2012 წლის 20 აპრილის სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტები: „საქართველოს სარკინიგზო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და მომზადებულად მიიჩნია ისინი საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განხილვისათვის.
გიორგი მელაძე
კომიტეტის თავმჯდომარე
დანართი 3
საქართველოს პარლამენტის
განათლების, მეცნიერებისა
და კულტურის კომიტეტს
ასლი: საქართველოს პარლამენტის
საორგანიზაციო დეპარტამენტს
დარგობრივი ეკონომიკისა
და
ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის
დ ა ს კ ვ ნ ა
კანონპროექტზე
„მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა 2012 წლის 20 აპრილის სხდომაზე განიხილა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და მის მიმართ შენიშვნები არ გააჩნია.
გიორგი მელაძე
კომიტეტის თავმჯდომარე
დანართი 4
საქართველოს პარლამენტის
საფინანსო–საბიუჯეტო კომიტეტს
საქართველოს პარლამენტის
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს
ასლი: საქართველოს პარლამრნტის
საორგანიზაციო დეპარტამენტს
დარგობრივი ეკონომიკისა
და
ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის
დ ა ს კ ვ ნ ა
შეთანხმებაზე
„საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო ხელშეკრულებაში (სპეციალური ოპერაციები) (მდგრადი ურბანული ტრანსპორტის განვითარების საინვესტიციო პროგრამა - პროექტი I) ცვლილებების შეტანის შესახებ“
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა 2012 წლის 20 აპრილის სხდომაზე განიხილა საქართველოს პრეზიდენტის მიერ რატიფიკაციისათვის წარმოდგენილი 2012 წლის 6 აპრილს შორის წერილების გაცვლის გზით დადებული შეთანხმება „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო ხელშეკრულებაში (სპეციალური ოპერაციები) (მდგრადი ურბანული ტრანსპორტის განვითარების საინვესტიციო პროგრამა - პროექტი I) ცვლილებების შეტანის შესახებ“ და მომზადებულად მიიჩნია საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე რატიფიკაციისათვის.
გიორგი მელაძე
კომიტეტის თავმჯდომარე
დანართი 5
საქართველოს პარლამენტის
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა კომიტეტს
საქართველოს პარლამენტის
საფინანსო–საბიუჯეტო კომიტეტს
ასლი: საქართველოს პარლამენტის
საორგანიზაციო დეპარტამენტს
დარგობრივი ეკონომიკისა
და
ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის
დ ა ს კ ვ ნ ა
კანონპროექტებზე
„ოლიმპიური მოძრაობის ხელშეწყობის შესახებ“
და
„საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა 2012 წლის 20 აპრილის სხდომაზე განიხილა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტები: „ოლიმპიური მოძრაობის ხელშეწყობის შესახებ“ და „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და მათ მიმართ შენიშვნები არ გააჩნია.
გიორგი მელაძე
კომიტეტის თავმჯდომარე
დანართი 6
საქართველოს პარლამენტის
საფინანსო–საბიუჯეტო კომიტეტს
ასლი: საქართველოს პარლამენტის
საორგანიზაციო დეპარტამენტს
დარგობრივი ეკონომიკისა
და
ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის
დ ა ს კ ვ ნ ა
კანონპროექტზე
„საქართველოს საგადასახადო კოდექსში
ცვლილების შეტანის შესახებ“
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა 2012 წლის 20 აპრილის სხდომაზე განიხილა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და მის მიმართ შენიშვნები არ გააჩნია.
გიორგი მელაძე
კომიტეტის თავმჯდომარე
|