| საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტის დებულება |
|
”დამტკიცებულია” საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2009 წლის 27.07 N138/3 ბრძანებით
საქართველოს პარლამენტის აპარატის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტის დებულება
თავი I ზოგადი დებულებანი მუხლი 1 1. საქართველოს პარლამენტის აპარატის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი) შექმნილია საქართველოს პარლამენტის საქმიანობის გამჭვირვალობის უზრუნველყოფისა და სამოქალაქო საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულების მიზნით. 2. დეპარტამენტი არის პარლამენტის აპარატის სტრუქტურული ერთეული, რომლის უფლებამოსილებები, ვალდებულებები, სტრუქტურა და მართვის ორგანიზება განისაზღვრება ამ დებულებით. 3. დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით, სხვა ნორმატიული აქტებით, პარლამენტის აპარატის დებულებით, ამ დებულებით, პარლამენტის თავმჯდომარის სხვა აქტებითა და აპარატის უფროსის ბრძანებებით.
თავი II დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და ფუნქციები
მუხლი 2 დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია: ა) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საზოგადოებისათვის პარლამენტის მისიის, საქმიანობისა და პერსონალის შესახებ ინფორმაციის მიწოდება; ბ) საზოგადოებაში პარლამენტის პოზიტიური იმიჯის შექმნის ხელშეწყობა; გ) პარლამენტის კანონშემოქმედებითი საქმიანობისა და პროგრამებისადმი საზოგადოების მხარდაჭერის მოპოვება; დ) დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში პარლამენტის კანონშემოქმედებით საქმიანობასა და პროგრამებში სამოქალაქო საზოგადოებისა და ორგანიზაციების აქტიური მონაწილეობის ხელშეწყობა; ე) პარლამენტის საქმიანობის შესახებ ინფორმაციის შეგროვება, ანალიზი და საზოგადოებისათვის ოპერატიულად მოწოდება; ვ) საზოგადოებასთან ურთიერთობის სტრატეგიის შემუშავება; ზ) დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში პარლამენტის თავმჯდომარესთან, პარლამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილესთან და მოადგილეებთან, კომიტეტების თავმჯდომარეებთან და პარლამენტის წევრებთან, მასობრივი ინფორმაციის საშუალებების წარმომადგენლებთან კომუნიკაციის უზრუნველყოფა; თ) პარლამენტის საქმიანობასთან დაკავშირებული ოფიციალური შეტყობინებების, განცხადებებისა და სხვა საინფორმაციო მასალების მომზადება და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გავრცელება; ი) პრესანალიზების, ბიულეტენების, მიმოხილვების, სტატიების, ვიდეოპროდუქციის მომზადება და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში განთავსება, აგრეთვე აუდიო-ვიდეო და ფოტომომსახურების უზრუნველყოფა, გამოქვეყნებული მასალების სიზუსტის დადგენა; კ) პარლამენტის თავმჯდომარის, პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილისა და მოადგილეების, კომიტეტებისა და ფრაქციების თავმჯდომარეებისა და პარლამენტის წევრების, ასევე პარლამენტში სტუმრად მყოფი უცხოელი ოფიციალური ვიზიტორების ინტერვიუების, ბრიფინგებისა და პრესკონფერენციების ორგანიზება; ლ) კონფერენციების, პრეზენტაციების, თემატური სემინარების, გამოფენების, კონკურსების, დღესასწაულების, ექსკურსიებისა და სხვა სპეციალური ღონისძიებების ორგანიზება და ჩატარება.
მუხლი 3 თავისი ფუნქციების შესასრულებლად დეპარტამენტი უფლებამოსილია: ა) დადგენილი წესით მოითხოვოს და მიიღოს ინფორმაცია და დოკუმენტაცია პარლამენტის აპარატის სტრუქტურული ერთეულებისაგან; ბ) გააგზავნოს თავისი წარმომადგენლები კონფერენციებზე, კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებზე, სემინარებსა და სხვა შეხვედრებში მონაწილეობის მისაღებად; გ) დაამყაროს კონტაქტები აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოებთან, მათ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურებთან, პრესცენტრებთან; დ) დაამყაროს კონტაქტები საზოგადოებრივ და შემოქმედებით ორგანიზაციებთან; ე) მასობრივი ინფორმაციის საშუალებებისათვის ჩაატაროს ტრენინგები და სემინარები.
მუხლი 4 თავისი ფუნქციების შესასრულებლად დეპარტამენტი ვალდებულია: ა) მოამზადოს და პარლამენტის აპარატის ხელმძღვანელობას განსახილველად წარუდგინოს დეპარტამენტის ამოცანების შესრულების ოპერატიული და სტრატეგიული პროგრამები; ბ) დაგეგმოს ისეთი პროგრამები, რომლებიც დაეხმარება პარლამენტს საზოგადოებასთან ეფექტიან ურთიერთობაში.
თავი III დეპარტამენტისა და მისი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელობა და პერსონალი
მუხლი 5 1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი. 2. დეპარტამენტის უფროსი: ა) ხელმძღვანელობს დეპარტამენტის საქმიანობას და პარლამენტის თავმჯდომარისა და აპარატის უფროსის წინაშე პასუხს აგებს დაკისრებული მოვალეობის ჯეროვნად შესრულებისთვის; ბ) პარლამენტის აპარატის უფროსს წარუდგენს დეპარტამენტის თანამშრომელთა კანდიდატურებს თანამდებობაზე დასანიშნად; გ) ხელს აწერს დეპარტამენტის კომპეტენციისთვის მიკუთვნებულ სამსახურებრივ დოკუმენტაციას; დ) უნაწილებს ფუნქციებს დეპარტამენტის თანამშრომლებს; ე) ახორციელებს დეპარტამენტის ყოველდღიური მუშაობის ოპერატიულ კონტროლს; ვ) უფლებამოსილია დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში მოითხოვოს და მიიღოს ინფორმაცია და დოკუმენტაცია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; ზ) პარლამენტის აპარატის უფროსს წარუდგენს დეპარტამენტის თანამშრომელთა კანდიდატურებს მათი წახალისებისა და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების შეფარდების მიზნით; თ) პარლამენტის საქმიანობასთან დაკავშირებული სპეციფიკური და განსაკუთრებული მნიშვნელობის სამუშაოების შესასრულებლად მაღალკვალიფიციური სპეციალისტების კანდიდატურებს წარუდგენს პარლამენტის აპარატის უფროსს მათთან შესაბამისი შრომითი ხელშეკრულებების გაფორმების მიზნით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; ი) პარლამენტის აპარატის ხელმძღვანელობას წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის საქმიანობის სრულყოფის შესახებ; კ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით, პარლამენტის აპარატის დებულებითა და ამ დებულებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს. 3. დეპარტამენტის უფროსს პარლამენტის აპარატის უფროსის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე. 4. დეპარტამენტის უფროსის არყოფნის შემთხვევაში დეპარტამენტის უფროსის მოვალეობას დროებით ასრულებს პრესცენტრის უფროსი, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსის წარდგინებით, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე დეპარტამენტის უფროსის მოვალეობას დროებით ასრულებს დეპარტამენტის ერთ-ერთი განყოფილების უფროსი. 5. დეპარტამენტის უფროსი და დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები არიან პარლამენტის აპარატის თანამდებობის პირები.
მუხლი 6 1. დეპარტამენტის თანამშრომლები არიან საჯარო მოსამსახურეები, რომლებიც ასრულებენ საქართველოს კანონმდებლობით, დეპარტამენტის დებულებითა და თანამდებობრივი ინსტრუქციებით მათთვის დაკისრებულ ფუნქციებს. 2. დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებსა და თანამშრომლებს დეპარტამენტის უფროსის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს პარლამენტის აპარატის უფროსი.
თავი IV დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულები მუხლი 7 დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია: ა) მედიამონიტორინგისა და ანალიზის განყოფილება; ბ) საზოგადოებასთან ურთიერთობისა და სამოქალაქო ღონისძიებათა დაგეგმვის განყოფილება; გ) პრესცენტრი; დ) ვებპორტალის განვითარების განყოფილება.
თავი V დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულების ფუნქციები
მუხლი 8 მედიამონიტორინგისა და ანალიზის განყოფილების ფუნქციებია: ა) მასობრივი ინფორმაციის საშუალებების ყოველდღიური მონიტორინგი, სისტემატური ოპერატიული ანალიზი და პარლამენტის ხელმძღვანელობისათვის ანგარიშებისა და ანალიტიკური ბარათების მომზადება; ბ) ყოველკვირეული და ყოველთვიური ანალიტიკური დაიჯესტების მომზადება; გ) მონიტორინგისა და ანალიტიკური მასალის დაარქივება ელექტრონული ვერსიის სახით.
მუხლი 9 საზოგადოებასთან ურთიერთობისა და სამოქალაქო ღონისძიებათა დაგეგმვის განყოფილების ფუნქციებია: ა) საზოგადოების ფართო ფენებისთვის პარლამენტისა და მისი სუბიექტების დანიშნულების, საქმიანობისა და პერსონალის გაცნობა; ბ) კონფერენციების, პრეზენტაციების, თემატური სემინარების, გამოფენების, კონკურსების, დღესასწაულებისა და სხვა სპეციალური ღონისძიებების ორგანიზება და ჩატარება; გ) სპეციალური ღონისძიებების ჩატარებისათვის პროექტებისა და კონცეფციების შემუშავება; დ) დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში პარლამენტის თავმჯდომარის, პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილისა და მოადგილეების, კომიტეტის თავმჯდომარეების, პარლამენტის წევრებისა და საზოგადოების სხვადასხვა ფენის წარმომადგენლებთან შეხვედრების ორგანიზება; ე) საინფორმაციო ბიულეტენების, მიმოხილვების, ბუკლეტების, ბროშურების, ცნობარების, ჟურნალების, გაზეთების, წიგნებისა და სხვა ბეჭდვითი მასალების პროექტების შემუშავება; ვ) ახალარჩეული პარლამენტის უფლებამოსილების დადასტურებიდან სამი თვის ვადაში მაჟორიტარი პარლამენტის წევრებისა და არჩევნებში გამარჯვებული პოლიტიკური გაერთიანებების წინასაარჩევნო პლატფორმების კრებულების გამოსაცემად მომზადება.
მუხლი 10 პრესცენტრის ფუნქციებია: ა) საზოგადოების ოპერატიული ინფორმირება პარლამენტში მიმდინარე მოვლენების შესახებ; ბ) პარლამენტის საქმიანობის მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გაშუქების უზრუნველყოფა; გ) პარლამენტის საქმიანობის ამსახველი ყოველდღიური და ყოველკვირეული საინფორმაციო მასალების მომზადება და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გავრცელების უზრუნველყოფა; დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში პარლამენტის აპარატის სტრუქტურულ ერთეულებთან ოპერატიული კავშირის დამყარება პარლამენტის საქმიანობის შესახებ ინფორმაციის მიღების მიზნით; ე) პარლამენტის სპეციალური პროექტებისა და ღონისძიებების საინფორმაციო მხარდაჭერის უზრუნველყოფა მასობრივი ინფორმაციის საშუალებების მეშვეობით; ვ) პარლამენტის სპეციალური პროექტებით გათვალისწინებული ღონისძიებების ჩატარებისა და დეპარტამენტის ეფექტური მუშაობისათვის აუცილებელი ტექსტური მასალების მომზადება; ზ) მასობრივი ინფორმაციის საშუალებების წარმომადგენლებთან კონტაქტების დამყარება; თ) მასობრივი ინფორმაციის საშუალებების წარმომადგენლების ინფორმირება პარლამენტში დაგეგმილ ოფიციალურ შეხვედრათა შესახებ; ი) პრესკონფერენციების, ბრიფინგების, შეხვედრებისა და ინტერვიუების ორგანიზება და ჩატარება; კ) პარლამენტის საქმიანობის შესახებ გამოქვეყნებული მასალების სიზუსტის დადგენა, აუცილებლობის შემთხვევაში განმარტებითი წერილების მომზადება; ლ) სხვადასხვა სამთავრობო და არასამთავრობო სტრუქტურების პრესცენტრებთან ან შესაბამის სამსახურებთან კონტაქტების დამყარება; მ) პარლამენტში მასმედიის ყოველწლიური აკრედიტება; ნ) პარლამენტის საქმიანობის სატელევიზიო და რადიომაუწყებლობებში გაშუქების ხელშეწყობა; ო) სპეციალური ღონისძიებების ჩატარებისას აუდიო-ვიდეო და ფოტომასალების მომზადება; პ) საქართველოსა და უცხო ქვეყნების წამყვან ტელეკომპანიათა საინფორმაციო პროგრამების ჩაწერა; ჟ) საპარლამენტო თემატიკის ამსახველი ვიდეო-აუდიო და ფოტომასალების სისტემატიზაცია და დაარქივება.
მუხლი 11 ვებპორტალის განვითარების განყოფილების ფუნქციებია: ა) პარლამენტის ვებპორტალის თემატური გაძღოლა; ბ) ინფორმაციული რესურსების მართვა; გ) პარლამენტის საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაციისა და დოკუმენტაციის განთავსება ვებპორტალზე; დ) მენიუს, რუბრიკებისა და ქვერუბრიკების შექმნა და მართვა; ე) პარლამენტის ხელმძღვანელობასთან, პარლამენტის წევრებთან, კომიტეტებთან, ფრაქციებთან, დროებით საგამოძიებო და სხვა დროებით კომისიებთან, პარლამენტის აპარატის სტრუქტურულ ერთეულებთან თანამშრომლობა ინფორმაციული რესურსების მოძიებისა და ვებპორტალზე განთავსების მიზნით.
თავი VI დასკვნითი დებულებანი
მუხლი 12 1. დეპარტამენტის დებულებას პარლამენტის აპარატის უფროსის წარდგინებით, ბრძანებით ამტკიცებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე. 2. დეპარტამენტის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანებით. 3. დეპარტამენტის რეორგანიზაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
|






