| ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის დებულება |
|
`დამტკიცებულია~ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის
2009 წლის 27.07 N140/3 ბრძანებით
საქართველოს პარლამენტის აპარატის ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის დებულება
თავი I ზოგადი დებულებანი
მუხლი 1 1. საქართველოს პარლამენტის აპარატის ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი) არის პარლამენტის აპარატის სტრუქტურული ერთეული, რომლის ძირითადი ფუნქციაა პარლამენტისა და მისი აპარატის საქმიანობის ავტომატიზება და კომპიუტერული მომსახურება. 2. დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით, სხვა ნორმატიული აქტებით, საქართველოს პარლამენტის აპარატის დებულებით, ამ დებულებითა და პარლამენტის თავმჯდომარის სხვა აქტებით.
თავი II დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და ფუნქციები
მუხლი 2 1. დეპარტამენტის ძირითადი ამოცანაა პარლამენტის ბიუროს, პარლამენტის თავმჯდომარის, მისი პირველი მოადგილისა და მოადგილეების, პარლამენტის წევრების, კომიტეტების, ფრაქციების, დროებითი საგამოძიებო და სხვა დროებითი კომისიების, უმრავლესობისა და უმცირესობის, პარლამენტის აპარატის საქმიანობის ავტომატიზება და კომპიუტერული მომსახურება. 2. დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციებია: ა) პარლამენტში თანამედროვე ინფორმაციული ინფრასტრუქტურის შექმნა და მისი გამართული ფუნქციონირებისა და განვითარების უზრუნველყოფა; ბ) პარლამენტის ხელმძღვანელობისა და პარლამენტის წევრების, აგრეთვე პარლამენტის აპარატის ხელმძღვანელობისა და სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის კომპიუტერიზაცია და ინფორმატიზაციის სფეროში ერთიანი პოლიტიკის გატარება; გ) განვითარებული ქვეყნების საპარლამენტო მუშაობის შესწავლისა და უახლესი კომპიუტერული ტექნიკისა და ტექნოლოგიების გაცნობის საფუძველზე პარლამენტსა და მის აპარატში ახალი ინფორმაციული ტექნოლოგიების შესაძლო დანერგვის საკითხების შემუშავება და რეალიზება; დ) პარლამენტისა და მისი აპარატის საქმიანობის თანამედროვე დონეზე განხორციელებისათვის საჭირო ავტომატიზებული სისტემებისა და პროექტების შემუშავება და რეალიზება; ე) პარლამენტსა და მის აპარატში დანერგილი კომპიუტერული და პროგრამულ-აპარატული კომპლექსების ექსპლუატაცია და გამართული მუშაობის უზრუნველყოფა; ვ) პარლამენტის კომპიუტერული ქსელისა და ქსელური აპარატურის გამართული მუშაობა, სერვერების, მონაცემთა ბაზებისა და ინფორმაციის დაცვა-ადმინისტრირება, მომხმარებლების უზრუნველყოფა ელექტრონული ფოსტითა და ინტერნეტით; ზ) საქართველოს პარლამენტის ვებ - და ინტრანეტპორტალებზე ინფორმაციული რესურსების განთავსება, აქტუალიზაცია და ადმინისტრირება; თ) პარლამენტის პლენარული სხდომების გაძღოლის კომპიუტერიზებული სისტემის უზრუნველყოფა.
თავი III დეპარტამენტის, დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელობა და პერსონალი
მუხლი 3 1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი. 2. დეპარტამენტის უფროსს პარლამენტის აპარატის უფროსის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე. 3. დეპარტამენტის უფროსი: ა) ხელმძღვანელობს დეპარტამენტის საქმიანობას, პარლამენტის თავმჯდომარისა და პარლამენტის აპარატის უფროსის წინაშე პასუხს აგებს დეპარტამენტისათვის დაკისრებულ მოვალეობათა ჯეროვნად შესრულებისათვის; ბ) პარლამენტის აპარატის უფროსს თანამდებობაზე დასანიშნად წარუდგენს თანამშრომელთა კანდიდატურებს; გ) ხელს აწერს დეპარტამენტის კომპეტენციისთვის მიკუთვნებულ სამსახურებრივ დოკუმენტაციას; დ) სამსახურებრივ კორესპონდენციას უნაწილებს დეპარტამენტის თანამშრომლებს და უზრუნველყოფს მისი შესრულების კონტროლს; ე) უფლებამოსილია დეპარტამენტის კომპეტენციისთვის მიკუთვნებულ საკითხებზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მოითხოვოს და მიიღოს ინფორმაცია და დოკუმენტაცია; ვ) პარლამენტის აპარატის უფროსს წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის თანამშრომელთა წახალისებისა და მათ მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების გამოყენების თაობაზე; ზ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
მუხლი 4 დეპარტამენტის უფროსი და დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულების – განყოფილებების უფროსები არიან პარლამენტის აპარატის თანამდებობის პირები.
მუხლი 5 დეპარტამენტის თანამშრომლები არიან საჯარო მოსამსახურეები, რომლებიც ასრულებენ საქართველოს კანონმდებლობით, ამ დებულებითა და თანამდებობრივი ინსტრუქციებით მათთვის დაკისრებულ ამოცანებს.
თავი IV დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულები
მუხლი 6 დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია: ა) ინფორმაციული უზრუნველყოფის განყოფილება; ბ) ამოღებულია გ) კომპიუტერული ქსელებისა და სისტემების ადმინისტრირების განყოფილება; დ) პლენარული სხდომების კომპიუტერული გაძღოლის განყოფილება;
თავი V დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულების ძირითადი ამოცანები და ფუნქციები
მუხლი 7 დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულები, მათი ძირითადი ამოცანები, ფუნქციები და ხელმძღვანელობა განისაზღვრება ამ დებულებით.
მუხლი 8 ინფორმაციული უზრუნველყოფის განყოფილების ძირითადი ამოცანებია: ა) პარლამენტის საერთო მოხმარების საინფორმაციო რესურსების უზრუნველყოფა; ბ) საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, პარლამენტის აპარატის სტრუქტურული ერთეულებიდან პარლამენტის საქმიანობის ამსახველი ინფორმაციის მოზიდვა, შესაბამისი ვებ გვერდების შემუშავება და პარლამენტის ვებ პორტალზე განთავსება; გ) საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტთან ერთად პარლამენტის ვებ პორტალის პერიოდული რეორგანიზებისა და თემატური შევსების გეგმის შემუშავება; დ) პარლამენტის საინფორმაციო რესურსებისა და მონაცემთა ბაზების ლოგიკური სტრუქტურისა და მეტაინფორმაციების (კლასიფიკატორებისა და შიფრატორების) შემუშავება; ე) პარლამენტის კომპიუტერულ ქსელში განთავსებული მონაცემთა ბაზებისა და საინფორმაციო რესურსების სისტემატიზაცია, ოპტიმიზაცია, ფორმირება, წარმართვა და აქტუალიზაცია; ვ) პარლამენტში დასანერგი კომპიუტერული სისტემების ტექნიკური ამოცანების ჩამოყალიბებაში და დაპროექტებაში მონაწილეობა; ზ) პარლამენტის საერთო მოხმარების საინფორმაციო რესურსებისა და მონაცემთა ბაზების შემუშავება–რეორგანიზების უზრუნველყოფა; თ) პარლამენტის აპარატის სტრუქტურული ერთეულების მოთხოვნების საფუძველზე შესაბამისი ალგორითმებისა და პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავება და საჭიროების შემთხვევაში მათი პარლამენტის ვებ- ან ინტრანეტ პორტალზე განთავსება; ი) მონაცემთა ბაზების ფორმირებისა და აქტუალიზაციის პროგრამების შემუშავება.
მუხლი 9 ამოღებულია
მუხლი 10 კომპიუტერული ქსელებისა და სისტემების ადმინისტრირების განყოფილების ძირითადი ამოცანებია: ა) ახალი ინფორმაციული ტექნოლოგიების შესწავლა, პარლამენტსა და მის აპარატში მათი შესაძლო დანერგვის შესახებ წინადადებების მომზადება; ბ) პარლამენტში დანერგილი ავტომატიზებული და პროგრამულ-აპარატული კომპლექსების გამართული მუშაობის უზრუნველყოფა და მომხმარებლებისთვის შესაბამისი კონსულტაციების გაწევა, კომპიუტერული მოწყობილობების ტექნიკური უზრუნველყოფა; გ) პარლამენტის ინტერნეტკვანძისა და შიდასაპარლამენტო კომპიუტერული ქსელის დაცვის, ფუნქციონირებისა და ადმინისტრირების, ვებ- და ინტრანეტსერვერების ინფორმაციით შევსების ადმინისტრირების უზრუნველყოფა, მომხმარებელთა კონსულტირება; დ) პარლამენტის კომპიუტერული ქსელისა და ქსელური აპარატურის გამართული მუშაობის, სერვერების, მონაცემთა ბაზებისა და ინფორმაციის დაცვისა და ადმინისტრირების, მომხმარებლების ელექტრონული ფოსტითა და ინტერნეტით უზრუნველყოფა; ე) პარლამენტის სასახლეში დაშვების ელექტრონული სისტემის გამართული მუშაობის უზრუნველყოფა; ვ) ახალი ქსელური პროგრამული საშუალებების შეძლებისდაგვარად დანერგვა, კომპიუტერული ქსელის გადაიარაღების შესახებ წინადადებების წარდგენა, შიდასაპარლამენტო კომპიუტერული ქსელის დაპროექტებასა და დანერგვაში მონაწილეობა; ზ) შესაძენი აპარატურის ტექნიკური მოთხოვნებისა და სატენდერო მასალების მომზადება, შეძენილი აპარატურის გამართვასა და დანერგვაში მონაწილეობა.
მუხლი 11 პლენარული სხდომების კომპიუტერული გაძღოლის განყოფილების ძირითადი ამოცანებია: ა) პარლამენტის პლენარული სხდომების წარმართვის კომპიუტერიზებული სისტემის ექსპლუატაცია, მისი გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა; ბ) პარლამენტის წევრებისთვის კონსულტაციის გაწევა სისტემის გამართულად ფუნქციონირებისათვის.
მუხლი 12 1. დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულების უფროსებსა და თანამშრომლებს დეპარტამენტის უფროსის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს პარლამენტის აპარატის უფროსი. 2. დეპარტამენტის უფროსის არყოფნის შემთხვევაში დეპარტამენტის უფროსის მოვალეობას დროებით ასრულებს კომპიუტერული ქსელებისა და სისტემების ადმინისტრირების განყოფილების უფროსი, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსის წარდგინებით, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე დეპარტამენტის უფროსის მოვალეობას დროებით ასრულებს დეპარტამენტის ერთ-ერთი განყოფილების უფროსი.
თავი VI დასკვნითი დებულებანი
მუხლი 13 1. დეპარტამენტის დებულებას პარლამენტის აპარატის უფროსის წარდგინებით, ბრძანებით ამტკიცებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე. 2. დეპარტამენტის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანებით. 3. დეპარტამენტის რეორგანიზაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. |






