| საბიუჯეტო ოფისის დებულება |
|
დამტკიცებულია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2008 წლის 29.09 #134/3 ბრძანებით
საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან არსებული პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის დებულება
თავი I
მუხლი 1 პარლამენტის კომიტეტების, ფრაქციების, პარლამენტის წევრების და პარლამენტის აპარატის საფინანსო, საბიუჯეტო და ეკონომიკური ხასიათის სხვა ანალიტიკური ინფორმაციით უზრუნველყოფის მიზნით პარლამენტის საფინანსო–საბიუჯეტო კომიტეტთან იქმნება პარლამენტის საბიუჯეტო ოფისი (შემდგომ – საბიუჯეტო ოფისი).
მუხლი 2 საბიუჯეტო ოფისი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით, სხვა ნორმატიული აქტებით, პარლამენტის აპარატის დებულებით, პარლამენტის საფინანსო–საბიუჯეტო კომიტეტისა და მისი აპარატის დებულებებით, ამ დებულებითა და პარლამენტის თავმჯდომარის სხვა აქტებით.
თავი II მუხლი 3 საბიუჯეტო ოფისის ძირითადი მიზანია, უზრუნველყოს პარლამენტი საფინანსო, საბიუჯეტო და ეკონომიკური ხასიათის სხვა ანალიტიკური ინფორმაციით. საბიუჯეტო ოფისი ამ მიზანს ახორციელებს მონიტორინგისა და ეკონომიკური ანალიზის მეშვეობით.
მუხლი 4 საბიუჯეტო ოფისი აანალიზებს: ა) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების, აგრეთვე საქართველოს სხვა ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტების შედგენის, განხილვის, დამტკიცებისა და შესრულების მდგომარეობას, ასევე საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის ეფექტიანობას და საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობას; ბ) დადგენილი საბიუჯეტო მაჩვენებლებისგან გადახრებს და შეიმუშავებს წინადადებებს მათ აღმოსაფხვრელად; გ) ქვეყნის მაკროეკონომიკური განვითარების მდგომარეობას და პროგნოზულ პარამეტრებს; დ) ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტით გათვალისწინებულ ფისკალური და მონეტარული პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს და საშუალოვადიან სტრატეგიებს; ე) სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის შესაბამისობას ქვეყნის მაკროეკონომიკური განვითარების ძირითად პარამეტრებთან; ვ) ქვეყნის საგადამხდელო ბალანსის მდგომარეობას; ზ) ქვეყნის ფულად-საკრედიტო, საგადასახადო და საბაჟო პოლიტიკას; თ) სახელმწიფო ვალებთან დაკავშირებულ საკითხებს; ი) ბიუჯეტის პროფიციტთან/დეფიციტთან დაკავშირებულ საკითხებს; კ) სახელმწიფო ბიუჯეტთან დაკავშირებული საკანონმდებლო აქტების, მათში შესატანი ცვლილებებისა და დამატებების, აგრეთვე სხვა კანონპროექტების ეკონომიკური დასაბუთების მდგომარეობას.
მუხლი 5 საბიუჯეტო ოფისი თავისი საქმიანობის განხორციელებისას იყენებს საქართველოს მთავრობის, სამინისტროების, საერთაშორისო და სხვა ორგანიზაციების ოფიციალურ, სტატისტიკურ და ანალიტიკურ ინფორმაციას. საბიუჯეტო ოფისი მუშაობაში აგრეთვე იყენებს თავისივე სპეციალისტების მიერ მომზადებული სპეციალური გამოკვლევების შედეგებs.
მუხლი 6 საბიუჯეტო ოფისი საფინანსო, საბიუჯეტო, საკრედიტო და სხვა ეკონომიკური მაჩვენებლების ანალიზის შედეგად შეიმუშავებს რეკომენდაციებს: ა) საბიუჯეტო პოლიტიკის სრულყოფის შესახებ; ბ) საბიუჯეტო გადასახდელების ოპტიმიზაციისა და საგადასახადო პოლიტიკის სრულყოფის შესახებ; გ) ფულად-საკრედიტო პოლიტიკის სრულყოფის შესახებ; დ) საფინანსო-საბიუჯეტო და საკრედიტო სფეროს საკანონმდებლო ბაზის სრულყოფის შესახებ; ე) სახელმწიფო ბიუჯეტთან დაკავშირებული და სხვა ნორმატიული აქტების, მათში შესატანი ცვლილებებისა და დამატებების ეკონომიკური დასაბუთების შესახებ.
მუხლი 7 საბიუჯეტო ოფისის უფროსი ამ დებულებით გათვალისწინებულ საკითხებთან დაკავშირებით პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს ანალიტიკური მოხსენების, დასკვნების, წინადადებებისა და რეკომენდაციების სახით. საბიუჯეტო წლის დამთავრების შემდეგ სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების კომპლექსური ანალიზის საფუძველზე საბიუჯეტო ოფისი ადგენს ანგარიშს, რომელშიც ასახავს საბიუჯეტო პროცესის მიმდინარეობის დადებით და უარყოფით მხარეებს, მომავალი წლiსათვის გასათვალისწინებელ წინადადებებსა და რეკომენდაციებს, და წარუდგენს პარლამენტის საფინანსო–საბიუჯეტო კომიტეტს.
თავი III საბიუჯეტო ოფისის მუხლი 8 1. საბიუჯეტო ოფისს ხელმძღვანელობს საბიუჯეტო ოფისის უფროსი, რომელსაც პარლამენტის საფინანსო–საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს პარლამენტის თავმჯდომარე. 2. საბიუჯეტო ოფისის თანამშრომლებს საფინანსო–საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს პარლამენტის აპარატის უფროსი.
მუხლი 9 საბიუჯეტო ოფისის უფროსი: ა) ხელმძღვანელობს სახელმწიფო ბიუჯეტის მიღებისა და შესრულების მონიტორინგს; ბ) ამზადებს წინადადებებს ქვეყანაში საფინანსო-საბიუჯეტო და ფულად-საკრედიტო საქმიანობის სრულყოფის შესახებ; გ) ამ დებულებით გათვალისწინებულ საკითხებზე ამზადებს სპეციალურ მოხსენებებს, დასკვნებსa და რეკომენდაციებს; დ) საბიუჯეტო ოფისის კომპეტენციის ფარგლებში პასუხს აგებს სახელმწიფო საიდუმლოების დაცვისათვის; ე) ხელმძღვანელობს საბიუჯეტო ოფისის თანამშრომლების საქმიანობას და პარლამენტის თავმჯდომარისა და საფინანსო–საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის წინაშე პასუხისმგებელია დაკისრებული მოვალეობების ჯეროვნად შესრულებისათვის; ვ) ხელს აწერს საბიუჯეტო ოფისის კომპეტენციისთვის მიკუთვნებულ სამსახურებრივ დოკუმენტაციას; ზ) სამსახურებრივ კორესპონდენციას უნაწილებს თანამშრომლებს და უზრუნველყოფს მისი შესრულების კონტროლს; თ) უფლებამოსილია, საბიუჯეტო ოფისის კომპეტენციისთვის მიკუთვნებულ საკითხებზე მოითხოვოს და მიიღოს ინფორმაცია და დოკუმენტაცია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; ი) პარლამენტის საფინანსო–საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარეს წარუდგენს საბიუჯეტო ოფისის თანამშრომელთა კანდიდატურებს წახალისების ან დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების შეფარდების მიზნით პარლამენტის აპარატის უფროსისათვის წარსადგენად; კ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
თავი IV
მუხლი 10 1. საბიუჯეტო ოფისის თანამშრომელი: ა) აანალიზებს წლიური საბიუჯეტო კანონით გათვალისწინებული შემოსულობებისა და გადასახდელების დაგეგმვისა და შესრულების მდგომარეობას, მნიშვნელოვანი გადახრის შემთხვევაში იკვლევს მის მიზეზებს და შეიმუშავებს შესაბამის რეკომენდაციებს; ბ) იკვლევს ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტით გათვალისწინებულ გადასახდელებს და აღნიშნული დოკუმენტით გათვალისწინებულ საშუალოვადიან სტრატეგიებს; გ) იკვლევს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული მხარჯავი დაწესებულებების საშუალოვადიან სტრატეგიებს; დ) აანალიზებს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამებისა და ღონისძიებების მიზნებსა და მოსალოდნელ შედეგებს, მათი დაფინანსების ოდენობასა და მიზანშეწონილობას; ე) მუშაობს ბიუჯეტის პროფიციტთან/დეფიციტთან დაკავშირებულ საკითხებზე; ვ) იკვლევს სახელმწიფო ვალებთან დაკავშირებულ საკითხებს; ზ) აანალიზებს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების ურთიერთობების რეგულირების საკითხებს და შეიმუშავებს შესაბამის რეკომენდაციებს; თ) აფასებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ტერიტორიული ბიუჯეტებისათვის გამოყოფილი ფინანსური დახმარების გამოყოფის მიზანშეწონილობას და შეიმუშავებს შესაბამის რეკომენდაციებს; ი) აანaლიზებს ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების დაგეგმვასა და შესრულებას; კ) შეიმუშავებს ბიუჯეტის შედგენის, მიღებისა და შესრულების მარეგულირებელი კანონმდებლობის სრულყოფის წინადადებებს; ლ) ეკონომიკური ექსპერტიზის საფუძველზე იძლევა შესაბამის დასკვნებს, წინადადებებსა და რეკომენდაციებს საკანონმდებლო ინიციატივების შესახებ; მ) ეკონომიკური ექსპერტიზის საფუძველზე იძლევა შესაბამის დასკვნებს, წინადადებებსა და რეკომენდაციებს საგადასახადო, საბაჟო და საბანკო კანონმდებლობებთან დაკავშირებული ინიციატივების შესახებ; ნ) იკვლევს ქვეყნის მაკროეკონომიკური განვითარების ძირითად მიმართულებებს (მთლიანი შიდა პროდუქტის, ექსპორტ–იმპორტის, ინფლაციის ცვლილების ანალიზs, ფულად–საკრედიტო პოლიტიკის განხორციელებისა და სახელმწიფო ვალების დაფარვის მდგომარეობის შეფასებას და ა.შ.); ო) ახორციელებს ფისკალური და მონეტარული ანალიზისათვის საჭირო საქმიანობას; პ) არკვევს ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური განვითარების რეალური შესაძლებლობებისა და სახელმწიფო ბიუჯეტის ძირითადი პარამეტრების შესაბამისობას, გადახრის შემთხვევაში კი იკვლევს მის მიზეზებს და შეიმუშავებს შესაბამის რეკომენდაციებს. 2. საბიუჯეტო ოფისის თანამშრომელთა უფლება–მოვალეობანი განისაზღვრება შესაბამისი თანამდებობრივი ინსტრუქციებით.
თავი VI დასკვნითი დებულებანი მუხლი 11 1. საბიუჯეტო ოფისის დებულებას საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის წარდგინებით ამტკიცებს პარლამენტის თავმჯდომარე. 2. საბიუჯეტო ოფისის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის წარდგინების საფუძველზე, პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანებით. 3. საბიუჯეტო ოფისის რეორგანიზაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. |






