„ჩრდილოეთ კავკასიის ხალხებთან ურთიერთობის საქართველოს სახელმწიფო კონცეფციის“ დამტკიცების შესახებ
ორშაბათი, 16 ივლისი 2012 11:59

„ჩრდილოეთ კავკასიის ხალხებთან ურთიერთობის საქართველოს სახელმწიფო კონცეფციის“ დამტკიცების შესახებ

 

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 1822 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად

საქართველოს პარლამენტი ადგენს:

1. დამტკიცდეს „ჩრდილოეთ კავკასიის ხალხებთან ურთიერთობის საქართველოს სახელმწიფო კონცეფცია“.

2. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პარლამენტის

თავმჯდომარე                                                                 დავით ბაქრაძე

 

თბილისი,

2012 წლის 29 ივნისი.

6619-რს

 

 

 

 

 

 

ჩრდილოეთ კავკასიის ხალხებთან ურთიერთობის

საქართველოს სახელმწიფო კონცეფცია

 

სარჩევი

 

1. შესავალი

2. ადამიანთა შორის კავშირები

3. ადამიანის უფლებები, თავისუფალი მასობრივი ინფორმაციის საშუალებები და სამოქალაქო საზოგადოება

4. განათლება და მეცნიერება

5. ეკონომიკა და ვაჭრობა

6. ისტორიული სიმართლის დადგენის ხელშეწყობა

7. ტრადიციები, კულტურა და სპორტი

8. დიასპორებთან ურთიერთობა

9. ჯანმრთელობის დაცვა

 

 

 

 

 

 

 

 

 

1. შესავალი

ათასწლეულების განმავლობაში ქართველ და ჩრდილოკავკასიელ ხალხებს ერთმანეთთან ეკონომიკური, სოციალური, პოლიტიკური, კულტურული და სხვა ურთიერთობები ჰქონდათ, რაც ისტორიულ წყაროებში აისახა. მათი დაახლოება კულტურულმა ნათესაობამ, ტრადიციათა მსგავსებამ და ხანგრძლივად ერთ გეოგრაფიულ არეალში − კავკასიის რეგიონში − ცხოვრებამ განაპირობა.

საქართველო კავკასიის რეგიონის განუყოფელი ნაწილია. ამიტომ მისთვის კავკასიაში მიმდინარე ყველა პროცესს დიდი მნიშვნელობა აქვს. საქართველო დაინტერესებულია ჩრდილოეთ კავკასიის სტაბილურობით, უსაფრთხოებით, ეკონომიკური განვითარებით, რათა რეგიონში მოსახლე ხალხებმა მშვიდობიანად და კეთილდღეობის პირობებში იცხოვრონ. ამ ინტერესს საფუძვლად უდევს როგორც ქართველი ხალხის მეგობრული დამოკიდებულება ჩრდილოკავკასიელ ხალხებთან, ისე საქართველოს ეროვნული ინტერესები.

ქართველი და ჩრდილოკავკასიელი ხალხების ურთიერთობებიდან გამომდინარე, საქართველო ყოველთვის აცნობიერებდა ჩრდილოეთ კავკასიის მიმართ ერთიანი სახელმწიფო მიდგომის არსებობის აუცილებლობას, მაგრამ 1991 წელს საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ ქვეყანაში შექმნილი ვითარება არ იძლეოდა ამგვარი მიდგომის ჩამოყალიბების საშუალებას.

საქართველომ პირველად შეიმუშავა „ჩრდილოეთ კავკასიის ხალხებთან ურთიერთობის საქართველოს სახელმწიფო კონცეფცია“ და აქვეყნებს მას.

ამ კონცეფციის მიზანია, ხელი შეუწყოს ქართველ და ჩრდილოკავკასიელ ხალხებს შორის კულტურის, განათლების, მეცნიერების, ვაჭრობის და სხვა სფეროებში არსებული კავშირების გამყარებას და ადამიანთა კავშირ-ურთიერთობების გაღრმავებას. „ჩრდილოეთ კავკასიის ხალხებთან ურთიერთობის საქართველოს სახელმწიფო კონცეფციის“ საფუძველია „საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია“.[1] „ჩრდილოეთ კავკასიის ხალხებთან ურთიერთობის საქართველოს სახელმწიფო კონცეფცია“ მშვიდობისა და ხალხთა მეგობრობის მიზნებს ემსახურება.

 

2. ადამიანთა შორის კავშირები

საქართველო აცნობიერებს ქართველებისა და ჩრდილოკავკასიელების ურთიერთობის განვითარების აუცილებლობას. ამგვარი კავშირი, ასევე სახალხო დიპლომატია მეტად მნიშვნელოვანია ერებს შორის მეგობრული დამოკიდებულების ჩამოყალიბებისათვის.

საქართველო მიესალმება მის ტერიტორიაზე ჩრდილოკავკასიელ ტურისტთა შემოსვლას და ქვეყანაში მათ ჩამოსვლას ადამიანთა შორის ურთიერთობების გაღრმავებისკენ გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯად განიხილავს.

საქართველო პატივს სცემს განსხვავებული რელიგიური და სხვა ღირებულებების მქონე ადამიანებს. იმის გათვალისწინებით, რომ ჩრდილოკავკასიელ ხალხებში ყველაზე გავრცელებული რელიგია ისლამია, საქართველო მოხარულია, მისცეს მათ შესაძლებლობა, მისი ტერიტორიის გავლით მოილოცონ თავიანთი წმინდა ადგილები.

საქართველო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ქართველი და ჩრდილოკავკასიელი ახალგაზრდბის დაახლოებას, რადგან მათ შორის კავშირ-ურთიერთობათა გაღრმავება მეტწილად განსაზღვრავს ქართველი და ჩრდილოკავკასიელი ხალხების მომავალს. საქართველო ხელს შეუწყობს თავის ტერიტორიაზე ახალგაზრდული ბანაკებისა და საზაფხულო სკოლების მოწყობას, ასევე სხვა პროექტების განხორციელებას, რომლებიც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ქართველი და ჩრდილოკავკასიელი ახალგაზრდების ურთიერთობათა გაღრმავებაში.

 

3. ადამიანის უფლებები, თავისუფალი მასობრივი ინფორმაციის საშუალებები და სამოქალაქო საზოგადოება

ადამიანის ძირითადი უფლებები, თავისუფალი მასობრივი ინფორმაციის საშუალებები, ძლიერი და აქტიური სამოქალაქო საზოგადოება საქართველოს ეროვნული ღირებულებებია. საქართველო მზად არის, დაეხმაროს ჩრდილოკავკასიელ ხალხებს ამ ფასეულობათა დაცვასა და განვითარებაში.

საქართველო შეშფოთებულია ჩრდილოეთ კავკასიაში არსებული არასტაბილური ვითარების გამო, რომელიც, პირველ რიგში, ადამიანის ძირითად უფლებებს ლახავს. საქართველო ეთანხმება ადამიანის უფლებების დამცველი სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის კვლევების შედეგებს, რომელთა მიხედვითაც, ჩრდილოეთ კავკასიაში გამუდმებით ხდება ადამიანების ეთნიკური თუ პოლიტიკური ნიშნით დევნა, გატაცება, დაშინება,   პატივისა და ღირსების სხვაგვარად შელახვა.

საქართველო დაეხმარება ჩრდილოკავკასიელ ხალხებს საკუთარი უფლებების დაცვაში, კერძოდ, მათი რეალური მდგომარეობის შესახებ საერთაშორისო საზოგადოების ინფორმირებით. საქართველო მიესალმება ადამიანის უფლებების დამცველი ორგანიზაციების მიერ ამ თემაზე  პროექტებისა და ღონისძიებების განხორციელებას. საქართველო მზად არის, გზა გაუხსნას ადამიანის უფლებების დამცველ ჩრდილოკავკასიურ ორგანიზაციებს, ასევე ამ საკითხით დაინტერესებულ სხვა პირებსა და ორგანიზაციებს.

იმის გათვალისწინებით, რომ ჩრდილოეთ კავკასიაში ინფორმაციის ნაკლებობაა, საქართველოს აუცილებლად მიაჩნია ქართველ და ჩრდილოკავკასიელ საზოგადოებებს შორის ინფორმაციის გაცვლა. საქართველოსთვის მნიშვნელოვანია ჩრდილოკავკასიელი ხალხების ხელშეწყობა, რათა მათ მიიღონ უტყუარი ინფორმაცია როგორც საქართველოში, ისე მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე; გარდა ამისა, საერთაშორისო საზოგადოება ინფორმირებული უნდა იყოს ჩრდილოეთ კავკასიაში არსებული მდგომარეობის შესახებ.

საქართველო მიესალმება ქართველ და ჩრდილოკავკასიელ საზოგადოებებს შორის ინფორმაციის გაცვლის მიზნით კავკასიის თემატიკაზე ჟურნალისტთა სიმპოზიუმების, ტრენინგების, ბლოგერთა              ინტერნეტკონფერენციების, ტელეხიდების, დებატებისა და სხვა დისკუსიების გამართვას.

საქართველო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ჩრდილოეთ კავკასიაში ძლიერი სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებას, რადგან მიაჩნია, რომ ეს მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს როგორც რეგიონში დემოკრატიული პროცესების განვითარებაზე, ისე ქართველი და ჩრდილოკავკასიელი ხალხების ურთიერთობათა გაღრმავებაზე. საქართველო მიესალმება   ქართულ და ჩრდილოკავკასიურ არასამთავრობო სექტორებს შორის კავშირების გამყარებას და ხელს შეუწყობს ერთობლივი პროექტებისა და ღონისძიებების განხორციელებას.

 

4. განათლება და მეცნიერება

ქართველი და ჩრდილოკავკასიელი საზოგადოებების ურთიერთობის განვითარებისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს განათლებისა და მეცნიერების სფეროებში თანამშრომლობას. საქართველოსთვის პრიორიტეტულია ჩრდილოკავკასიელი სტუდენტების მიერ ხარისხიანი განათლების მიღების შესაძლებლობების გაზრდა, ჩრდილოკავკასიელ ხალხთა ენებისა და ისტორიული მემკვიდრეობის შესწავლა და, ზოგადად, ქართველ საზოგადოებაში ჩრდილოეთ კავკასიის შესახებ ცოდნის ამაღლება. საქართველო მიესალმება ქართულ და ჩრდილოკავკასიურ აკადემიურ წრეებს შორის კავშირების აღდგენასა და გაღრმავებას, აგრეთვე იმ ღონისძიებებს, რომლებიც აკადემიურ სფეროში მომავალ თანამშრომლობ საფუძველია.

 

4.1. განათლება

ჩრდილოკავკასიელი ახალგაზრდების მიერ ხარისხიანი უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობების გაზრდა მნიშვნელოვანია, რადგან ეს დადებითად აისახება ჩრდილოკავკასიელ ხალხთა ეკონომიკურ და სამეცნიერო პერსპექტივებზე. საქართველოს მიზანია, ჩრდილოკავკასიელი ახალგაზრდებისათვის უმაღლესი განათლების მიღების მნიშვნელოვანი ცენტრი გახდეს. საქართველო მიესალმება ჩრდილოკავკასიელი სტუდენტების მზარდ დაინტერესებას, განათლება საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში მიიღონ, და ხელს შეუწყობს ამ სასწავლებლებში მათი რაოდენობის ზრდას. საქართველო დაინტერესებულია, ქვეყნის უმაღლეს სასწავლებლებში შეიქმნას ქართული ენის შესასწავლი სპეციალური პროგრამები, რათა ჩრდილოკავკასიელმა სტუდენტებმა შეძლონ აქ არსებულ ქართულენოვან სადიპლომო სასწავლო კურსებზე სწავლა. ეს მათ საშუალებას მისცემს, სრულად გამოიყენონ საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების საგანმანათლებლო პოტენციალი.

საქართველო მიესალმება ჩრდილოკავკასიელ სტუდენტთა სწავლას არა მარტო ქვეყანაში არსებულ საუნივერსიტეტო სადიპლომო პროგრამებზე, არამედ ასევე მოკლევადიან სასწავლო კურსებზე. აქ მოწყობილი საზაფხულო სკოლები და პროგრამები ჩრდილოკავკასიელ ახალგაზრდებს შესაძლებლობას მისცემს, გაიღრმავონ ცოდნა სხვადასხვა სპეციალობაში, უკეთ გაიცნონ საქართველო და დაამყარონ კავშირი ქართველ და უცხოელ ახალგაზრდებთან.

საქართველო ასევე ხელს შეუწყობს ჩრდილოკავკასიელ სტუდენტებს, რათა მათ მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში გააგრძელონ სწავლა.

ჩრდილოკავკასიელი ხალხების მიერ ეროვნული იდენტობის შესანარჩუნებლად და მათი კულტურის განვითარებისათვის მეტად მნიშვნელოვანია მშობლიური ენის ცოდნა. ამიტომ საქართველო ხელს შეუწყობს ქვეყნის საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩრდილოკავკასიელ ხალხთა ენების სამეცნიერო და პრაქტიკულ შესწავლას და ამ ენებზე სასწავლო პროგრამების შემუშავებას.

ქართველი და ჩრდილოკავკასიელი ხალხების ურთიერთობის განვითარებისათვის ასევე მნიშვნელოვანია ქართველ საზოგადოებაში ჩრდილოეთ კავკასიის შესახებ ცოდნის ამაღლება. საქართველოში უნდა გაიზარდოს ჩრდილოკავკასიელ ხალხთა ენების, ისტორიის, კულტურისა და ტრადიციების ცოდნის დონე.

 

4.2. მეცნიერება

ქართველ და ჩრდილოკავკასიელ მეცნიერებს თითქმის საუკუნოვანი ურთიერთობა აქვთ. ამ ხნის განმავლობაში არაერთი ერთობლივი სამეცნიერ პროექტი განხორციელდა. საქართველოსთვის მნიშვნელოვანია, რომ ამგვარი საერთაშორისო პროექტებ სისტემატური გახდეს.

საქართველო ხელს შეუწყობს ჩრდილოკავკასიელების მიერ საქართველოში არსებული არქივების, საცავების, ბიბლიოთეკებისა და არქეოლოგიური ძეგლების სამეცნიერო კვლევებისათვის გამოყენება. კავკასიის თემატიკის პოპულარიზაციის მიზნით საქართველო ასევე ხელს შეუწყობს ჩრდილოკავკასიელ მეცნიერთა სტატიებისა და სხვა ნაშრომების ქართულ და უცხოურ ენებზე გამოცემას. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია დასავლეთის სამეცნიერო წრეების წარმომადგენელ კავკასიოლოგებთან   ურთიერთობა და მჭიდრო თანამშრომლობა.

საქართველოს მიაჩნია, რომ სამეცნიერო დარგებს შორის ერთ-ერთი პრიორიტეტულენათმეცნიერება. ჩრდილოკავკასიელ და ქართველ ენათმეცნიერთა ურთიერთობას დიდი ხნის ტრადიცია აქვს. საქართველოსთვის მნიშვნელოვანია ენათმეცნიერული სკოლის არსებული მაღალი დონის შენარჩუნება და განვითარება. საქართველო ხელს შეუწყობს ასევე ისეთი მნიშვნელოვანი დარგების განვითარებას, როგორებიცაა: არქეოლოგია, ფოლკლორისტიკა, ეთნოლოგია, არქიტექტურა, ისტორიოგრაფია, სოციალურ-პოლიტიკური მეცნიერებები.

 

5. ეკონომიკა და ვაჭრობა

საქართველოს მნიშვნელოვნად მიაჩნია ქართველ და ჩრდილოკავკასიელ ხალხებს შორის აქტიური ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების ჩამოყალიბება. ამიტომ იგი ყოველმხრივ შეუწყობს ხელს ჩრდილოკავკასიელ ხალხთა წარმომადგენლებს მის ტერიტორიაზე ეკონომიკური და სავაჭრო პროექტების განხორციელებაში. საქართველო მიესალმება ჩრდილოკავკასიელ ხალხთა წარმომადგენლების მიერ ქვეყანაში ინვესტიციების განხორციელებას, მათ შორის, ფიზიკურ და იურიდიულ პირთა ინიციატივით.

ბოლო წლებში საქართველოს სახელმწიფო ეკონომიკურად მნიშვნელოვნად განვითარდა. საქართველო მოხარულია, შესაძლებლობა მისცეს ჩრდილოკავკასიელ ხალხებს, ისარგებლონ მის მიერ ეკონომიკის სფეროში მიღწეული წარმატებებით.

საქართველო მზად არის, დაეხმაროს ჩრდილოკავკასიელ ხალხებს მსოფლიოს და კავკასიის რეგიონის სხვა ქვეყნების მოსახლეობასთან ეკონომიკური და სავაჭრო კავშირების დამყარებაში, და მოხარულია მისცეს მათ შესაძლებლობა, გამოიყენონ საქართველოს, როგორც რეგიონის ლოჯისტიკური ცენტრის, ფუნქცია.

საქართველო მზარდი ტურისტული პოტენციალის ქვეყანაა. სახელმწიფო ხელს შეუწყობს ჩრდილოკავკასიელ ხალხთა წარმომადგენლებს საქართველოს ტურისტულად მზარდ რეგიონებში საკუთარი ბიზნესის წარმოებასა და ინვესტირებაში.

 

6. ისტორიული სიმართლის დადგენის ხელშეწყობა

რუსეთის იმპერიისა და საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში კავკასიელი ხალხები არაერთხელ გამხდარან ეთნიკური წმენდის, დეპორტაციისა და გენოციდის მსხვერპლი. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, 1992 წელს ინგუშების ეთნიკური წმენდა განხორციელდა, ხოლო ჩეჩნეთის ორი ომის დროს მასობრივად განადგურდა მშვიდობიანი მოსახლეობა.

საქართველოს მიაჩნია, რომ კავკასიელი ხალხების წინააღმდეგ მსგავსი ქმედებების თავიდან აცილებისთვის საჭიროა ისტორიული სიმართლის დადგენა. მასობრივი დანაშაულები და რეპრესიები ისტორიული და სამართლებრივი კვლევის საგანი უნდა გახდეს. აუცილებელია თითოეული დანაშაულის ფაქტების დეტალური შესწავლა, რათა მას მკაფიო და დასაბუთებული ისტორიული შეფასება მიეცეს. საქართველოს სახელმწიფომ პირველი ნაბიჯები უკვე გადადგა; კერძოდ, 2011 წლის 20 მაისს, საკითხის ხანგრძლივი და დეტალური კვლევის შემდეგ, საქართველოს პარლამენტმა ოფიციალურად აღიარა რუსეთის იმპერიის მიერ მე-19 საუკუნეში განხორციელებული ჩერქეზთა გენოციდის ფაქტი.

ასევე აუცილებელია კავკასიელ ხალხთა წინააღმდეგ ჩადენილი სხვა დანაშაულების ისტორიული და სამართლებრივი შეფასება.

საქართველო მხარს დაუჭერს აღნიშნული დანაშაულების დეტალურ შესწავლას და მათთან დაკავშირებული ფაქტების დადგენას, აგრეთვე ამ დანაშაულების შესახებ არსებული ინფორმაციის და აღმოჩენილი ფაქტების საერთაშორისო საზოგადოებისათვის გაცნობას.

საქართველო ხელს შეუწყობს კავკასიელ ხალხთა წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების სამართლებრივი შესწავლის საკითხის საერთაშორისო ორგანიზაციებში დასმას.

 

7. ტრადიციები, კულტურა და სპორტი

საქართველო აღიარებს ქართველ და ჩრდილოკავკასიელ ხალხებს შორის საუკუნეების განმავლობაში ჩამოყალიბებული ტრადიციებისა და კულტურული კავშირის მნიშვნელობას და მიაჩნია, რომ ამ ურთიერთობების გაღრმავება მათ კიდევ უფრო დაახლოებას შეუწყობს ხელს.

საქართველო დაეხმარება ჩრდილოკავკასიელ ხალხებს მათი კულტურის დაცვაში, განვითარებასა და პოპულარიზაციაში. საქართველო ჩრდილოკავკასიელ ხალხებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან მჭიდრო თანამშრომლობით დაიცავს მის ტერიტორიაზე არსებულ ჩრდილოკავკასიურ კულტურულ ძეგლებს, ასევე სახელმწიფო არქივებში, საცავებსა და მუზეუმებში არსებულ ჩრდილოკავკასიურ კულტურულ ფასეულობებს.

გარკვეულ მიზეზთა გამო განსაკუთრებული საფრთხე ექმნება ჩრდილოკავკასიელი ხალხების რამდენიმე მნიშვნელოვან კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს. საქართველო მზად არის, მსოფლიო თანამეგობრობის აქტიური მონაწილეობით დაეხმაროს ჩრდილოკავკასიელ ხალხებს ამ ძეგლების გადარჩენაში, კერძოდ, საერთაშორისო საზოგადოებისათვის მათი რეალური მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მიწოდებაში.

საქართველოს მიაჩნია, რომ ჩრდილოკავკასიელი ხალხების ტრადიციული და საავტორო ხელოვნების ნიმუშები მსოფლიო საგანძურის ნაწილია. ამიტომ მისთვის მნიშვნელოვანია მათი საყოველთაოდ პოპულარიზაცია. საქართველო უზრუნველყოფს თავის ტერიტორიაზე ჩრდილოკავკასიური კულტურის, მათ შორის, ტრადიციული ხელოვნების (ცეკვა, სიმღერა, ფოლკლორული მუსიკა, რეწვა, სახვითი ხელოვნება, ხუროთმოძღვრება და სხვა) და საავტორო ხელოვნების (თეატრი, კინო, მწერლობა, სიმღერა, ფერწერა და სხვა) პოპულარიზაციას ფესტივალების, კონცერტებისა და გამოფენების მოწყობით, სხვა კულტურული ღონისძიებების გამართვით. საქართველო ასევე ხელს შეუწყობს ჩრდილოკავკასიელ მწერალთა ნაწარმოებების თარგმნას და გამოცემას როგორც ქართულ, ისე უცხოურ ენებზე.

საქართველო სპორტს ხალხთა შორის მეგობრული კავშირის დამყარების ერთ-ერთ საუკეთესო საშუალებად განიხილავს და მიესალმება   ქართული და ჩრდილოკავკასიური სპორტის წარმომადგენელთა ურთიერთობას.

საქართველო ხელს შეუწყობს ჩრდილოკავკასიელ ხალხებში სპორტის განვითარებას ერთობლივი სპორტული ღონისძიებების გამართვით. იგი მზად არის უზრუნველყოს, რომ ქართველმა სპეციალისტებმა ჩრდილოკავკასიელ სპორტის მუშაკებს სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით თავიანთი გამოცდილება გაუზიარონ.

 

8. დიასპორებთან ურთიერთობა

საქართველო მიესალმება კავკასიის ფარგლების გარეთ არსებულ ჩრდილოკავკასიურ დიასპორებთან მეგობრული ურთიერთობის დამყარებას და დიალოგს. იგი მაქსიმალურად დაეხმარება სხვადასხვა მიზეზით სამშობლოდან შორს მყოფ ჩრდილოკავკასიელებს თვითმყოფობისა და იდენტობის შენარჩუნებაში.

საქართველო ასევე დაეხმარება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში არსებულ ქართულ და ჩრდილოკავკასიურ დიასპორებს კავშირის დამყარებასა და გაღრმავებაში. ამგვარი კავშირი დიდად შეუწყობს ხელს კავკასიის რეგიონში მცხოვრებ ქართველებსა და ჩრდილოკავკასიელებს შორის მეგობრული ურთიერთობის გამყარებას.

საქართველო ხელს შეუწყობს ჩრდილოკავკასიელ ხალხებს, რათა მათ საქართველოს ტერიტორიაზე და მისი გავლით დაამყარონ კავშირი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში არსებულ ჩრდილოკავკასიურ დიასპორებთან.

საქართველო მზად არის, ხელი შეუწყოს ჩრდილოკავკასიურ დიასპორას, რათა მან აქტიური მონაწილეობა მიიღოს ქართველ და ჩრდილოკავკასიელ ხალხებს შორის კულტურული და მეგობრული ურთიერთობების გაღრმავების პროცესში.

საქართველო მიესალმება მის ტერიტორიაზე არსებული ჩრდილოკავკასიური დიასპორის სამოქალაქო პროცესებში აქტიურ      ჩართვას და ჩრდილოეთ კავკასიაში მცხოვრებ თანამემამულეებთან      კავშირის დამყარებას.

 

9. ჯანმრთელობის დაცვა

საქართველოს სახელმწიფომ ჯანმრთელობის დაცვის სფეროში მრავალი წარმატებული რეფორმა განახორციელა. საქართველოს სურს, მისი მოქალაქეების მსგავსად, ჩრდილოკავკასიელებმაც ისარგებლონ აღნიშნული რეფორმის შედეგებით.

საქართველო მიესალმება ქვეყანაში ჩრდილოკავკასიელების სამკურნალოდ ჩამოსვლას და მზად არის, გაუწიოს მათ სრულფასოვანი მომსახურება მის ტერიტორიაზე მდებარე კლინიკებსა და სხვა საავადმყოფოებში.

საქართველო აღნიშნავს სამედიცინო სფეროში მოღვაწე ქართველთა და ჩრდილოკავკასიელთა თანამშრომლობის მნიშვნელობას და მიესალმება გამოცდილების გაზიარებისა და თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით სამედიცინო კონფერენციებისა და სხვა პროფესიული ღონისძიებების გამართვას.



[1] კონცეფციის თავის − „საქართველოს უსაფრთხოების პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები“ − 1.2 ქვეთავის („რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობა“) დებულებები.