| პარლამენტარიზმის ისტორია |
|
თანამედროვე პარლამენტარიზმის ისტორია საქართველოში 1918-1921 წლების დამოუკიდებელი საქართველოს პარლამენტით იწყება (თუმცა პირველად პარლამენტის მსგავსი ორგანოს შექმნის იდეა ჯერ კიდევ მე-12 საუკუნეში, თამარის მეფობის დროს გაჩნდა, როცა მეჭურჭლეთუხუცესმა ყუთლუ-არსლანმა და მისმა დასმა მოითხოვა მეფის უმაღლესი სათათბირო ორგანოს „დარბაზის“ უფლებების შეზღუდვა და ახალი საკანონმდებლო ინსტიტუტის „კარავის“ დაარსება). 1918 წლის 26 მაისს საქართველოს ეროვნულმა საბჭომ მიიღო დამოუკიდებლობის დეკლარაცია. იმავე წლის 22 ნოემბერს საქართველოს რესპუბლიკის ეროვნულმა საბჭომ დაამტკიცა დამფუძნებელი კრების არჩევნების დებულება, რომელიც ითვალისწინებდა დამფუძნებელი კრების 130 წევრის არჩევას პარტიული სიების მიხედვით, საყოველთაო, თანაწორი, პირდაპირი და ფარული ხმის მიცემით პროპორციული საარჩევნო სისტემის საფუძველზე. 1919 წლის თებერვალში გაიმართა დამფუძნებელი კრების არჩევნები საყოველთაო ფარული, თანაბარი, პირდაპირი კენჭისყრის მკაცრი დაცვით. 1919 წლის 12 მარტს ჩატარდა დამფუძნებელი კრების პირველი სხდომა. 1921 წლის 21 თებერვალს დამფუძნებელმა კრებამ მიიღო საქართველოს კონსტიტუცია, რომელმაც მხოლოდ ოთხი დღე იმუშავა, რადგან 25 თებერვალს რუსეთმა საქართველოს ოკუპაცია მოახდინა. საბჭოთა მმართველობის პერიოდში საქართველოში ისევე, როგორც სხვა სოციალისტურ სახელმწიფოებში, ხელისუფლების განაწილება საერთოდ უგულებელყოფილი იყო. საბჭოთა სინამდვილე გაურბოდა ტერმინის – „პარლამენტი“ გამოყენებას. სოციალისტური კონცეფციის შესაბამისი წარმომადგენლობითი ორგანო ორ რგოლიანი სისტემის სახით გამოიყურებოდა. ეს იყო საქართველოს სახალხო დეპუტატთა ყრილობა და მისგან ჩამოყალიბებული უმაღლესი საბჭო. 1990 წლის 28 ოქტომბერს ჩატარდა მეორე მოწვევის, დემოკრატიული, მრავალპარტი-ული არჩევნები. 1991 წლის 31 მარტს საქართველოში ჩატარდა რეფერენდუმი, მოსახლეობას პასუხი უნდა გაეცა კითხვაზე, სურდა თუ არა დამოუკიდებლობის აღდგენა 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე. რეფერენდუმში მონაწილეობა მიიღო მოსახლეობის საერთო რაოდენობის 90,3 პროცენტმა, რომელთაგან 98,9 პროცენტმა კითხვას დადებითად უპასუხა. ამის საფუძველზე 1991 წლის 9 აპრილს პარლამენტმა მიიღო საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი. 1991-1992 წლების სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ ძალაუფლება ხელში აიღო დროებით შექმნილმა საქართველოს რესპუბლიკის სამხედრო საბჭომ. 1992 წლის თებერვალში სამხედრო საბჭომ ძალაუფლება საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს გადააბარა. თუმცა, საჭირო იყო ხელისუფლების ლეგიტიმაცია, რისთვისაც 1992 წლის შემოდგომაზე დაინიშნა საპარლამენტო არჩევნები. არჩევნებში იმ დროისთვის მოქმედი ყველა პოლიტიკური ძალა იღებდა მონაწილეობას. 1992 წლის 11 ოქტომბერს გაიმართა მესამე მოწვევის საპარლამენტო არჩევნები, რომელიც შერეული სისტემით ჩატარდა. მაჟორიტარული საარჩევო სისტემის საფუძველზე აირჩიეს 75 დეპუტატი (ერთმანდატიანი ოლქები), პროპორციული სისტემით კი 150 დეპუტატი (მრავალმანდატიანი ოლქები). საარჩევნო ბარიერი 2% იყო. 1995 წლის 24 აგვისტოს პარლამენტმა მიიღო საქართველოს კონსტიტუცია. 1995 წლის 5 ნოემბერს გაიმართა მეოთხე მოწვევის საპარლამენტო არჩევნები. მასში მონაწილეობის მიღების უფლება ჰქონდა იმ პარტიასა და პოლიტიკურ გაერთიანებას, რომელიც წარმოადგენდა 50 ათასი მხარდამჭერის ხელმოწერას, ან რომელსაც კონსტიტუციის მიღების დღისთვის ჰყავდა წარმომადგენელი საქართველოს პარლამენტში. პროპორციული სისტემით არჩევნები ჩატარდა ერთიანი პარტიული სიით. კონსტიტუციისა და საარჩევნო კანონის თანხმად პარლამენტის შემადგენლობა განისაზღვრა 235 დეპუტატით. 150 აირჩეოდა პროპორციული, 1999 წლის 31 ოქტომბერს ჩატარდა მეხუთე მოწვევის საპარლამენტო არჩევნები. ამ არჩევნების დროსაც, პარლამენტის შემადგენლობა განისაზღვრა 235 დეპუტატით. 150 აირჩეოდა პროპორციული, 85 კი მაჟორიტარული წესით. 2003 წლის 2 ნოემბრის მეექვსე მოწვევის საპარლამენტო არჩევნებიც იმავე წესით ჩატარდა, როგორც წინა არჩევნები. თუმცა, შედეგები ქართველმა ხალხმა გააპროტესტა და მოაწყო ე.წ. „ვარდების რევოლუცია“, რომლის შედეგად, 2 ნოემბრის პროპორციული წესით ჩატარებული არჩევნების შედეგები გაუქმებულად ჩაითვალა. 2004 წლის 28 მარტს ჩატარდა ხელახალი საპარლამენტო არჩევნები პროპორციული საარჩევნო სისტემით. 2008 წლის 21 მაისს ჩატარებული მეშვიდე მოწვევის საპარლამენტო არჩევნების დროს დეპუტატთა რაოდენობა იყო 150, რაც 2003 წელს ჩატარებული რეფერენდუმით განისაზღვრა. 2012 წლის 1 ოქტომბერს გაიმართა მერვე მოწვევის საპარლამენტო არჩევნები.
|






