კომისიის დებულება

საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის

აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის

დებულება

თავი I

ზოგადი დებულებანი

        მუხლი 1

1. საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისია (შემდგომში - დროებითი კომისია), არის პარლამენტის 2004 წლის 25 ივნისის ¹253-რს დადგენილებით შექმნილი პარლამენტის დროებითი ორგანო.  

2. დროებითი კომისია თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით, სხვა ნორმატიული აქტებითა და ამ დებულებით. 

          

თავი II

დროებითი კომისიის მიზანი, ამოცანები და უფლებამოსილებანი

      

        მუხლი 2

1. დროებითი კომისიის მიზანია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად, თავისი კომპეტენციის ფარგლებში აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის კონფლიქტების მოსაწესრიგებლად მიმართულ ღონისძიებათა კოორდინირება, მათ განხორციელებაზე საპარლამენტო კონტროლის დაწესება, სამშვიდობო პროცესისათვის ხელის შეწყობა და აღნიშნულ საკითხებზე შესაბამისი გადაწყვეტილებების პროექტებისა და დასკვნების მომზადება, რეკომენდაციებისა და წარდგინებების შემუშავება.      

2. დროებითი კომისია:

ა) შეისწავლის აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის კონფლიქტების  მოწესრიგებასთან დაკავშირებულ პრობლემებს, მათ გადასაჭრელად შეიმუშავებს წინადადებებსა და რეკომენდაციებს;      

ბ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში პარლამენტის შესაბამის კომიტეტებთან ერთად მონაწილეობს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის კონფლიქტების სრულმასშტაბიანი მოწესრიგების საკითხებზე კანონპროექტებისა და დადგენილებების            შემუშავებაში;

გ) კონტროლს უწევს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის კონფლიქტების მოწესრიგების საკითხებზე მიღებული კანონების, დადგენილებებისა და გადაწყვეტილებების შესრულების მდგომარეობას, შესაბამის დასკვნებსა და            რეკომენდაციებს წარუდგენს პარლამენტის ბიუროს ან პარლამენტის პლენარულ   სხდომას;      

დ) კონტროლს უწევს იძულებით გადაადგილებულ პირთა სოციალური დაცვის თაობაზე საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ  მიღებული კანონების, დადგენილებების, ბრძანებულებებისა და განკარგულებების  შესრულებას;      

ე) უფლებამოსილია კონფლიქტის მოწესრიგების პოლიტიკურ-სამართლებრივ და სოციალურ-ეკონომიკურ საკითხებთან დაკავშირებით მოისმინოს თავის სხდომებზე      მინისტრების, დეპარტამენტებისა და უწყებების, აღმასრულებელი ხელისუფლების      სტრუქტურების ხელმძღვანელთა ინფორმაციები და ანგარიშები;            

ვ) უფლებამოსილია სახელმწიფო უწყებებიდან, საზოგადოებრივი და სხვა ორგანიზაციებიდან კანონით დადგენილი წესით გამოითხოვოს აუცილებელი დასკვნები და სხვა საჭირო მასალები აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის კონფლიქტების მოწესრიგების, დევნილთა სოციალურ-ეკონომიკურ და სხვა საკითხებთან დაკავშირებით.    

3. ამ მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებში აღნიშნული საკითხების გადაწყვეტის  ხელშეწყობის მიზნით დროებითი კომისია თავისი კომპეტენციის ფარგლებში თანამშრომლობს საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამის სტრუქტურებთან, საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ მისიებთან, სახალხო დიპლომატიის საერთაშორისო და რეგიონალურ  ორგანიზაციებთან.            

თავი III

კომისიის შემადგენლობა, სტრუქტურა და მუშაობის წესი

      

მუხლი 3

1. დროებითი კომისიის შემადგენლობა განისაზღვრება ფრაქციებში გაერთიანებული პარლამენტის  წევრებისა და იმ პარლამენტის წევრების რაოდენობის პროპორციულად, რომლებიც არ  შედიან არც ერთ ფრაქციაში.

2. დროებით კომისიაში უმრავლესობის წარმომადგენლების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს დროებითი კომისიის წევრთა რაოდენობის ნახევარს.

3. დროებითი კომისიის შემადგენლობაში არიან: თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე, მდივანი და კომისიის სხვა წევრები.

4.  დროებით კომისიას ხელმძღვანელობს თავმჯდომარე, რომელსაც პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით ირჩევს საქართველოს პარლამენტი.

5. დროებითი კომისიის თავმჯდომარე არჩევიდან არა უგვიანეს 3 დღისა პარლამენტს წარუდგენს დროებითი კომისიის წევრობის კანდიდატთა სიას, რომელსაც ერთად ეყრება კენჭი. დროებითი კომისიის წევრობის იმ კანდიდატს, რომლის მიმართაც გამოითქვა აცილება, ცალკე ეყრება კენჭი. პარლამენტი გადაწყვეტილებას იღებს დადგენილებით. დროებითი კომისიის წევრობაზე ერთი და იმავე კანდიდატურის წარდგენა შეიძლება მხოლოდ ერთხელ.

6. პარლამენტში დროებითი კომისიის წევრთა არჩევნები მთავრდება კომისიის თავმჯდომარის არჩევის დღიდან არა უგვიანეს 10 დღისა, თუ პარლამენტის დადგენილებით სხვა ვადა არ არის განსაზღვრული.

7. დროებითი კომისია თავის პირველ საორგანიზაციო სხდომაზე ირჩევს დროებითი კომისიის თავმჯდომარის მოადგილესა და მდივანს, შეიმუშავებს დროებითი კომისიის დებულებას, რომელსაც ამტკიცებს პარლამენტის ბიურო.

8. დროებითი კომისიის თავმჯდომარის მოადგილისა და მდივნის არჩევა და გადარჩევა ხორციელდება პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით.

9. დროებითი კომისიის თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე და მდივანი არიან დროებითი კომისიის თანამდებობის პირები.    

10. დროებითი კომისიის თავმჯდომარე:

ა) ადგენს დროებითი კომისიის წევრობის კანდიდატთა სიას და წარუდგენს მას პარლამენტის სხდომას;

ბ) დროებითი კომისიის შემადგენლობის  არანაკლებ ორი მესამედის არჩევიდან არა უგვიანეს 3 დღისა იწვევს დროებითი კომისიის პირველ საორგანიზაციო სხდომას;   

გ) წარმოადგენს დროებით კომისიას პარლამენტში, მის ფარგლებს გარეთ და შესაბამის საპარლამენტთაშორისო ურთიერთობებში;

დ) იწვევს და უძღვება დროებითი კომისიის სხდომებს;

ე) კოორდინაციას უწევს დროებითი კომისიის წევრთა საქმიანობას;

ვ) ხელს აწერს დროებითი კომისიის გადაწყვეტილებებს და სხდომის ოქმს;

ზ) ახორციელებს პარლამენტის რეგლამენტითა და სხვა საკანონმდებლო

აქტებით მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებებს.

11. დროებითი კომისიის თავმჯდომარის მოადგილე ასრულებს დროებითი კომისიის თავმჯდომარის უფლებამოსილებას მისივე დავალებით ან დროებითი კომისიის დავალებით, თავმჯდომარის მიერ თავისი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის, თანამდებობიდან გადაყენების, გადადგომის ან მისი, როგორც პარლამენტის წევრის, უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში დროებითი კომისიის ახალი თავმჯდომარის არჩევამდე.  

12. დროებითი კომისიის მდივანი ორგანიზებას უწევს დროებითი კომისიის სხდომების ჩატარებას, განაგებს დროებითი კომისიის საქმისწარმოებას, ხელს აწერს დროებითი კომისიის სხდომის ოქმს და ახორციელებს ამ დებულებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

13. დროებითი კომისიის წევრს უფლება აქვს პირადი განცხადების საფუძველზე გავიდეს დროებითი კომისიის შემადგენლობიდან.

14. დროებითი კომისიის შემადგენლობიდან წევრის გაწვევის უფლება აქვს პარლამენტის წევრთა გაერთიანებას, რომელმაც იგი წარადგინა.

15. დროებითმა კომისიამ თავისი შემადგენლობიდან შეიძლება გაიწვიოს წევრი, თუ იგი არასაპატიო მიზეზით ზედიზედ 2 კვირის განმავლობაში არ მონაწილეობდა დროებითი კომისიის მუშაობაში, არ ესწრებოდა დროებითი კომისიის სხდომებს, გადაამეტა თავის უფლებამოსილებას, აგრეთვე კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში. დროებითი კომისია აღნიშნულ გადაწყვეტილებას იღებს სხდომაზე დამსწრე წევრთა ხმების არანაკლებ ორი მესამედით, რის შესახებაც ეცნობება პარლამენტს.

        

მუხლი 4

1. დროებითი კომისიის სხდომების პერიოდულობას განსაზღვრავს თვით კომისია, მაგრამ თვეში არანაკლებ ორი სხდომისა. საჭიროების შემთხვევაში დროებითი კომისიის თავმჯდომარე უფლებამოსილია მოიწვიოს რიგგარეშე სხდომა.  

2. დროებითი კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება დროებითი კომისიის წევრთა ნახევარზე მეტი.

3. დროებითი კომისია გადაწყვეტილებებს იღებს სხდომაზე დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში ეწყობა ხელახალი კენჭისყრა, თუ გადაწყვეტილება კვლავ არ იქნა მიღებული, საკითხი უარყოფილად ჩაითვლება. 

4. დროებითი კომისიის სხდომა საჯაროა. დახურული სხდომა შეიძლება გაიმართოს დროებითი კომისიის გადაწყვეტილებით. დროებითი კომისიის წევრთა სხდომაზე დასწრება სავალდებულოა. სხდომის თარიღი და დღის წესრიგი დროებითი კომისიის წევრებს ეცნობება წინასწარ. 

5. დროებითი კომისიის ღია სხდომას შეიძლება დაესწრონ სხვა პარლამენტის წევრები სათათბირო ხმის უფლებით. ის პირები, რომელთა მონაწილეობასაც თავის მუშაობაში საჭიროდ ჩათვლის დროებითი კომისია, აგრეთვე დადგენილი წესით აკრედიტებული მასობრივი ინფორმაციის საშუალებების წარმომადგენლები. კომისიის გადაწყვეტილებით შესაძლებელია სხდომა გადაიცეს ტელერადიოტრანსლაციით. 

6. ინფორმაცია დროებითი კომისიის სხდომის შესახებ, პარლამენტის პრესცენტრი         აქვეყნებს პრესაში.


 

თავი IV

დროებითი კომისიის მუშაობის ორგანიზაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფა

მუხლი 5

  

1. დროებითი კომისიის მუშაობის ორგანიზაციულ-ტექნიკურ უზრუნველყოფას ახორციელებს პარლამენტის აპარატი. 

2. დროებითი კომისიის თავმჯდომარის წარდგინებით პარლამენტის აპარატის უფროსი შრომით ხელშეკრულებას აფორმებს მოწვეულ ექსპერტებთან და სპეციალისტებთან. 


     

თავი V

დროებითი კომისიის მუშაობის ინფორმაციული და ფინანსური უზრუნველყოფა

     

                   მუხლი 6

1. დროებით კომისიას თავისი საქმიანობისათვის შეუძლია გამოიყენოს პარლამენტის აპარატის დამხმარე სტრუქტურები, რისთვისაც მიმართავს პარლამენტის აპარატის უფროსს. 

2. დროებითი კომისიის საქმიანობის ხარჯები ანაზღაურდება პარლამენტის ბიუჯეტიდან.

                3. დროებითი კომისიის ხარჯების ოდენობას ხაზინადართა საბჭოს წარდგინებით განსაზღვრავს საქართველოს პარლამენტის ბიურო. 

თავი VI

დროებითი კომისიის უფლებამოსილების შეწყვეტა

   მუხლი 7

დროებითი კომისიის უფლებამოსილება წყდება პარლამენტის დადგენილებით.