სხდომის ოქმი N85

                                                                                                                                    

 

საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის

სხდომის ოქმი:  N 85                                                                                                         

 

 2012 წლის 8 აგვისტო

 

 

სხდომას უძღვებოდა საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის თავმჯდომარე შ. მალაშხია.

სხდომას ესწრებოდნენ:

საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის წევრები: ბ. ბასიშვილი, რ. ფიფია – ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”, ნ. ჯანაშია – ფრაქცია “საქართველოს რეგიონები – მაჟორიტარები“, რ. თედორაძე – ფრაქცია “ძლიერი საქართველო”;

ტელეკომპანია “პირველი საინფორმაციო კავკასიურის” თანამშრომლები: . ბერინაშვილი, . განი, ზ. იაქაშვილი, ნ. კიკაბიძე, ნ. კლეიტონი

თ. პაპალაშვილი;

საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის მოწვეული სპეციალისტები: ა. ბესელია, გ. გვასალია, ნ. დურმიშიძე, თ. ჭახრაკია.

 

დღის წესრიგი:

 

  1. 1.კომისიის ტელეპროექტის „ოკუპაცია“ ფარგლებში საზოგადოებრივი მაუწყებლის (“პირველი საინფორმაციო კავკასიური არხის _ `ПИК”-ის) შემოქმედებითი ჯგუფის მიერ დოკუმენტური ფილმების რუსულ და ინგლისურ ვერსიებზე მუშაობის დასრულების შესახებ.

 

  1. 2.საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის განცხადების პროექტის განხილვა.

 

სხდომა შესავალი სიტყვით გახსნა და დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხთან დაკავშირებით ინფორმაცია წარმოადგინა  საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის თავმჯდომარე შ. მალაშხიამ.

კომისიის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ტელეკომპანიამ “პირველი საინფორმაციო კავკასიური” უკვე დაასრულა კომისიის პროექტ ”ოკუპაციის” ფარგლებში საზოგადოებრივი მაუწყებლის სტუდიის მიერ გადაღებული 17 დოკუმენტური ფილმის რუსულ და ინგლისურ ვერსიებზე მუშაობა.  შ. მალაშხიამ გამოთქვა იმედი, რომ ამ ფილმებს ინტერესით გაეცნობა არა მარტო საქართველოსა და აღმოსავლეთ ევროპის, არამედ მსოფლიოს ბევრი სხვა ქვეყნის მოსახლეობაც.

ხაზი გაესვა, რომ ამ დოკუმენტურ ფილმებში სრულყოფილად აისახა საბჭოთა კავშირის მიერ სხვადასხვა სახელმწიფოების ოკუპაციის შემთხვევები, ისტორიულ-დოკუმენტური მასალის საფუძველზე გავლებულია პარალელები ტოტალიტარული რეჟიმების (ნაცისტური გერმანიისა და კომუნისტური სსრკ-ის, ასევე სსრკ-ის სამართალმემკვიდრის, რუსეთის ფედერაციის) მიერ სხვადასხვა სახელმწიფოების და ხალხების მიმართ განხორციელებული სამხედრო აგრესიის, ოკუპაციისა და ეთნიკური წმენდის ფაქტებს შორის. შ. მალაშხიამ ხაზი გაუსვა, რომ დოკუმენტურ მასალაზე დაფუძნებული ეს ფილმები საშუალებას იძლევა გაკეთდეს დასკვნა, რომ კომუნიზმი ისეთივე დანაშაულია კაცობრიობის წინაშე, როგორც ნაციზმი.

იმის საილუსტრაციოდ, თუ როგორ იყენებდა და იყენებს კრემლი ერთსა და იმავე პროვოკაციულ მეთოდს კონფლიქტის დაწყებაში მსხვერპლის დასადანაშაულებლად, მაგალითისთვის, კომისიის თავმჯდომარემ ერთმანეთს  შეადარა სსრკ-ფინეთის ომის დროს (1939-1940) კრემლის მიერ გამოქვეყნებული  ოფიციალური ტექსტები და რუსეთის ამჟამინდელი ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებები; ითქვა, რომ თუ მაშინ ოფიციალურ საკავშირო პრესაში იწერებოდა: „ჩვენ გვიყვარს ფინელი ხალხი, მაგრამ არ გვიყვარს ფინეთის ბურჟუაზიული ხელისუფლება“, ახლა რუსეთის ხელისუფლება აცხადებს:  ...“ჩვენ გვიყვარს ქართველი ხალხი, მაგრამ არ ვაპირებთ არავითარ ურთიერთობას საქართველოს ამჟამინდელ ხელისუფლებასთან“.

ხაზი გაესვა, ფინეთის 1939-1940 წლების მოვლენების მსგავსება-განსხვავებებს საქართველო-რუსეთის 1921 წლის თებერვლის, 1991-1992 წწ–ის და 2008 წლის აგვისტოს მოვლენებთან: საომარი მოქმედებების პროვოცირების ერთი და იგივე მეთოდი, სამხედრო აგრესიის დაწყება და თანაც მეორე მხარის დადანაშაულება ”პირველ გასროლაში”, მოწინააღმდეგეზე არაპროპორციული სამხედრო ძალის გამოყენება, ქვეყნის ტერიტორიის ნაწილის ოკუპაცია, საზღვრების გადაწევა. ითქვა, რომ სსრკ-მა შეძლო ფინეთისთვის წაერთმია ქვეყნის ტერიტორიის 10%, მათ შორის, სტრატეგიული მნიშვნელობის ტერიტორია, მაგრამ ვერ შეძლო ფინელი ხალხის საბოლოო დამარცხება და მისი სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის ხელყოფა. ხაზი გაესვა, რომ მხოლოდ   საქართველო და ფინეთი გადაურჩნენ კრემლის სამხედრო აგრესიის შედეგად ხელისუფლების შეცვლას.
კომისიის თავმჯდომარემ ისაუბრა ასევე ერთი მხრივ, ფაშისტური გერმანიის მიერ 1938 წელს ჩეხოსლოვაკიის და, მეორე მხრივ, რუსეთის მიერ 2008 წლის აგვისტოში საქართველოს ტერიტორიის ნაწილის ოკუპაციას შორის არსებულ პარალელებსა და განსხვავებებზე. კერძოდ, ითქვა, რომ 1938 წლის ჩეხოსლოვაკიისა (სუდეტები) და 2008 წლის საქართველოს მოვლენებს შორის პარალელებს ცხადყოფს არა მარტო ოკუპაციისა და ანექსიის საბაბი (საკუთარი მოქალაქეების დაცვა), არამედ ამ ოკუპაციების გამართლების ”იდეოლოგიური უზრუნველყოფაც”, რასაც ნათლად ადასტურებს ბერლინში 1938 წლის 5 ოქტომბერს, ნახევრადოკუპირებული ჩეხოსლოვაკიიდან დაბრუნებული ფაშისტური გერმანიის კანცლერის ა. ჰიტლერისა და 2009 წლის 7 აგვისტოს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ცხინვალში მყოფი რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის დ. მედვედევის საჯარო გამოსვლების შინაარსის იდენტურობა. 
შ. მალაშხიამ კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება იმ ფაქტზე, რომ მაშინ, როდესაც გერმანიამ ოფიციალურად მოინანია ნაცისტური რეჟიმის მიერ ჩადენილი დანაშაულობები და ამ ქვეყნის ხელისუფლება წლების განმავლობაში უხდიდა მატერიალურ კომპენსაციას ჰოლოკოსტის შედეგად დაზარალებულთ და მათი ოჯახის წევრებს (გერმანიის კანცლერმა 70-იან წლებში, ვილი ბრანდტმა, პოლონეთში ოფიციალური ვიზიტით ყოფნისას ფაშიზმის მსვერპლთა მემორიალთან მუხლიც მოიყარა და პატივი მიაგო დაღუპულთა ხსოვნას), სრულიად საწინააღმდეგოდ მოქმედებს სსრკ-ის სამართალმემკვიდრე, რუსეთის ფედერაცია. კერძოდ, რუსეთის ამჟამინდელი ხელისუფლება,  აგრძელებს რა მეზობელი სახელმწიფოების საშინაო საქმეებში უხეშ ჩარევას, სსრკ-ის დაშლას აღიქვამს, როგორც ”XX საუკუნის უდიდეს გეოპოლიტიკურ კატასტროფას” და საერთაშორისო სამართლის ფუძემდებლურ ნორმათა დარღვევით, საყოველთაოდ დაგმობილი მეთოდებით „ევრაზიული სივრცის“ საფარქვეშ ცდილობს ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებზე გავლენის აღდგენას. 
კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, ყოველივე ეს ადასტურებს რუსეთის ამჟამინდელი ხელისუფლების მენტალურ პრობლემებს, ხოლო ამ მენტალობის შეცვლის გარეშე არა მარტო საქართველო, არამედ საერთაშორისო თანამეგობრობა დარჩება კომუნისტური რეციდივების აღდგენა-განმეორების სერიოზული საშიშროების წინაშე.

იმის დასადასტურებლად, რომ რიგ შემთხვევაში კომუნისტური რეჟიმის მიერ ჩადენილი დანაშაულობები თავისი მასშტაბით არა თუ არ ჩამოუვარდება, არამედ გაცილებით უფრო მძიმეა ნაცისტთა დანაშაულობებზე მაგალითისთვის, შ. მალაშხიას მიერ მოტანილ იქნა საბჭოთა რეჟიმის მიერ უკრაინელი ხალხის მიმართ განხორციელებული ქმედებები, რომელიც გოლოდომორის სახელით დამკვიდრდა ისტორიაში. ხაზი გაესვა, რომ უკარაინაში ”გოლოდომორს” ემსხვერპლა თითქმის იმდენივე ადამიანი, რამდენიც ”ჰოლოკოსტს” მთელს ევროპაში.

კომისიის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ რუსეთის ამჟამინდელ ხელმძღვანელობას სსრკ-ის დაშლა XX საუკუნის უდიდეს გეოპოლიტიკურ კატასტროფად მიაჩნია, რაც სხვა ფაქტორებთან ერთად, ცხადად ადასტურებს იმ ფაქტს, რომ, სამწუხაროდ, მენტალურ დონეზე, კრემლში ცვლილებები არ მომხდარა. კომისიის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა, რომ აღნიშნულის გამო რუსეთი რჩება არაპროგნოზირებად ქვეყნად და ასეთ სახელმწიფოსთან ურთიერთობისას, უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება საერთაშორისო თანამეგობრობის კონსოლიდირებულ ქმედებებს. აღნიშნულთან დაკავშირებით კომისიის თავმჯდომარემ გამოხატა მადლიერება იმ ქვეყნების მიმართ, რომლებიც მტკიცედ უჭერენ მხარს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას. განსაკუთრებით – ბალტიის ქვეყნების: ლატვიის, ლიტვისა და ესტონეთის მიმართ, რომელთა სამივე პირველი პირი, პოლონეთისა და უკრაინის პრეზიდენტებთან ერთად 2008 წლის აგვისტოს უმწვავეს პერიოდში იმყოფებოდა თბილისში და ცოცხალ ფარად ედგა  საქართველოს სუვერენიტეტს. 
შ. მალაშხია ასევე შეეხო აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დეოკუპაციის საკითხებს. მან ხაზი გაუსვა, რომ გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ 2008-2011 წლებში მიღებული საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუციების დინამიკა, ევროსტრუქტურების, ევროპარლამენტისა და აშშ-ის სენატის მიერ საქართველოს ტერიტორიის ნაწილის ოკუპირებულად აღიარება, აძლიერებს რწმენას, რომ თანამედროვე მსოფლიო არ შეურიგდება ოკუპაციის შედეგებს და აუცილებლად შეიმუშავებს ქმედით საერთაშორისო მექანიზმს საქართველოს ტერიტორიაზე საერთაშორისო მონიტორინგის განსახორციელებლად, დეოკუპაციის პროცესის დასაწყებად, რაც ბოლოს და ბოლოს აიძულებს კრემლს შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს 6 პუნქტიანი შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები. შ. მალაშხიამ ისაუბრა ასევე  საქართველოს რეალურ პერსპექტივებზე ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების მიმართულებით.

კომისიის თავმჯდომარემ ისაუბრა კომისიის ტელეპროექტების „ოკუპაცია“ მნიშვნელობაზე მსოფლიო საზოგადოებისათვის ზემოაღნიშნულ პროცესებთან დაკავშირებით ობიექტური ინფორმაციის მიწოდების თვალსაზრისით. შ. მალაშხიას განცხადებით, პროექტის ფარგლებში გადაღებული ფილმების რუსულმა ვერსიამ, რომელიც გადაიცა პირველ საინფორმაციო კავკასიურ არხზე უკვე გამოიწვია დიდი ინტერესი არა მარტო საქართველოში, არამედ აღმოსავლეთ ევროპის ბევრ ქვეყანაში.

 

ხაზი გაესვა, რომ YouTube-სა და ПИК-ზე (ინტერნეტით) აღნიშნულ ფილმებს ხუთი თვის განმავლობაში უკვე უყურა 200 ათასზე მეტმა ადამიანმა (დღეში, საშუალოდ 3 ათასამდე). გამოხმაურება, ძირითადად, პოზიტიურია (75%-ზე მეტი). მას უყურებენ არა მარტო აღმოსავლეთ ევროპაში, არამედ, მაგალითად, კანადაში, ავსტრალიაში. . მალაშხიამ აღნიშნა, რომ ინგლისური ვერსიაზე მუშაობის დასრულება პრობლემის აქტუალობიდან გამომდინარე, უსათუოდ გამოიწვევს ამ ფილმებით არანაკლებ სერიოზულ დაინტერესებას ასევე დასავლეთ ევროპასა და მსოფლიოს სხვა რეგიონებშიც.

ითქვა, რომ სხვა მნიშვნელოვან მიზანთან ერთად, ნაწილობრივ, იმავე მიზანს ემსახურება კომისიის მიერ შემუშავებული მეორე პროექტიც – ”ჩვენ, კავკასიელები”. აღნიშნული პროექტით გათვალისწინებულია ჩრდილო კავკასიის ტერიტორიის მკვიდრი ხალხების, მათი წარსულის, აწმყოსა და მომავლის წარმოჩენა, უტყუარ დოკუმენტურ მასალაზე დაყრდნობით გამახვილებელია ყურადღება ჩრდილოკავკასიელ ხალხთა წინაშე მეფის რუსეთის, ასევე საბჭოთა და პოსტსაბჭოთა რუსეთის მიერ ჩადენილ არაერთ უმძიმეს დანაშაულზე.

კომისიის თავმჯდომარემ გამოხატა რწმენა, საქართველოს ტერიტორიაზე 1992–1993 წწ. და 2008 წლის აგვისტოში მომხდარი ეთნიკური წმენდის შესახებ არსებული უტყუარი ფაქტების საერთაშორისო სასამართლოებისთვის წარდგენის შემდეგ, იმ სახელმწიფოს, რომელიც არის ამ ეთნიკური წმენდის არა მარტო წამახალისებელი, არამედ უშუალო განმხორციელებელიც, ადრე თუ გვიან, მაინც მოუწევს ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების რეზოლუციებისა და გადაწყვეტილებების შესრულება, საქართველოსთვის მიყენებული ზარალის ანაზღაურების ჩათვლით.

 

აზრი გამოთქვეს: მ. ბერინაშვილმა, მ. გაბუნიამ, ზ. იაქაშვილმა, ნ. კიკაბიძემ, ნ. კლეიტონმა, თ. პაპალაშვილმა.

 

გამომსვლელებმა ყურადღება გაამახვილეს კომისიის მიერ შემუშავებული პროექტების აქტუალობაზე და პირველი პროექტის (”ოკუპაცია”) წარმატებაზე. გამოთქვეს იმედი, რომ მეორე პროექტიც ”ჩვენ, კავკასიელები” ასეთივე წარმატებული იქნება და შესაძლოა, პირველ პროექტზე უფრო წარმატებულიც გახდეს.  მათ გამოხატეს მადლიერება პროექტში მოწვევისათვის და ასევე მადლობა გადაუხადეს კომისიას პროექტის განხორციელებაში მხარდაჭერისა და თანადგომისთვის.

ტელეკომპანიის რედაქტორმა თ. პაპალაშვილმა აღნიშნა,  რომ კომისიის მიერ შემუშავებულ სამივე პროექტში კონცენტრირებულია სიმართლე და ის საბოლოოდ არასდროს არ იმალება. ითქვა, რომ ტელეკომპანიის შემოქმედებითი ჯგუფისთვის დიდი პატივია აღნიშნულ პროექტებზე მუშაობა. ხაზი გაესვა, რომ პროექტმა “ჩვენ, კავკასიელები” უნდა ჩააფიქროს მაყურებელი კავკასიის წინაშე არსებულ პრობლემებზე, ვინაიდან, ის რაც დღეს ხდება ჩრდილო კავკასიაში (გაუცხოება ევროპისგან) არ არის მისი ბუნებრივი მდგომარეობა.

სხდომის შედეგები შეაჯამა საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის თავმჯდომარე შ. მალაშხიამ. მან კმაყოფილება გამოხატა აღნიშნულ ეტაპზე ტელეკომპანია “პირველი საინფორმაციო კავკასიურის” მიერ ორივე პროექტის ფარგლებში   გაწეული სამუშაოსთან დაკავშირებით და გამოთქვა იმედი, რომ მეორე პროექტიც ისეთივე წარმატებული იქნება, როგორც პროექტი ”ოკუპაცია”.

 

2. მოისმინეს: საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის განცხადების პროექტი რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული სამხედრო აგრესიის მე–4 წლისთავთან დაკავშირებით.

 

სხდომამ გადაწყვიტა:

 

  1. ცნობად იქნეს მიღებული ინფორმაცია კომისიის ტელეპროექტის „ოკუპაცია“ ფარგლებში საზოგადოებრივი მაუწყებლის (“პირველი საინფორმაციო კავკასიური არხის _ `ПИК”-ის) შემოქმედებითი ჯგუფის მიერ დოკუმენტური ფილმების რუსულ და ინგლისურ ვერსიებზე მუშაობის დასრულების შესახებ.

 

  1. 2.დამტკიცდეს სხდომაზე წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის განცხადების პროექტი რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული სამხედრო აგრესიის მე–4 წლისთავთან დაკავშირებით.

 

კომისიის თავმჯდომარე:                                     შ. მალაშხია

 

კომისიის მდივანი:                                               რ. ფიფია

 

 

                                                                                                                                       დანართი 

საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის

აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის

  

       ოთხი წელიწადი შესრულდა რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესიიდან.

         ეს იყო რუსეთის ფედერაციის დანაშაულებრივი პასუხი საქართველოს ხელისუფლებისა და საერთაშორისო საზოგადოების მიერ გადადგმულ იმ აქტიურ ნაბიჯებზე, რომლებიც . . გაყინული კონფლიქტების მშვიდობიან მოგვარებას ისახავდა მიზნად. სამშვიდობო პროცესის პოზიტიურ დინამიკასა და მზარდ ინტერნაციონალიზაციას მკაფიოდ ადასტურებს 2007-2008 წლებში გაეროს უშიშროების საბჭოსა და გენერალური ასამბლეის შესაბამისი რეზოლუციები (S/RES/1781, 2007; S/RES/1808, 2008; A/RES/62/249, 2008).                

                რუსეთის არმიის ინტერვენციას საქართველოში მოჰყვა ასობით მშვიდობიანი მოქალაქის დაღუპვა, ათასობით ადამიანის დასახიჩრება, სამოქალაქო და სამხედრო ინფრასტრუქტურის, ასევე ბუნებრივი რესურსების განადგურება, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და ცხინვალის რეგიონის ტერიტორიაზე ქართული მოსახლეობის მორიგი ეთნიკური წმენდა. 2008 წლის აგვისტოს სამხედრო აგრესიის შემდეგ დღემდე რუსეთის ფედერაციას ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტამდე.

               რუსეთის ჯარების მიერ საქართველოს მთელი ტერიტორიის ოკუპაციის აშკარა მცდელობამ მკაფიოდ დაადასტურა, რომ .. ეთნოკონფლიქტები, რეალურად, თავიდანვე კრემლის ბერკეტი იყო საქართველოს დამოუკიდებლობის წინააღმდეგ, ეს იყო მხოლოდ საშუალება, რომელიც მთავარ მიზანსსაქართველოს სუვერენიტეტის ხელყოფას ემსახურებოდა.

             აგრესორის შეჩერება თბილისიდან სულ რამდენიმე ათეული კილომეტრის დაშორებით და 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 6-პუნქტიანი შეთანხმების ხელმოწერა შესაძლებელი გახდა საქართველოს ხელისუფლების გააზრებული ოპერატიული რეაგირების, შეიარაღებული ძალების თავდადების, ქვეყნის მრავალეროვანი მოსახლეობის ერთიანობისა და საერთაშორისო თანამეგობრობის, განსაკუთრებით აშშ-ის ადმინისტრაციისა და მაშინდელი ევროკავშირის მოქმედი თავმჯდომარის, საფრანგეთის პრეზიდენტის აქტიური ძალისხმევით.

         აღნიშნული შეთანხმების თანახმად, რუსეთის შეიარაღებული ძალები უნდა დაბრუნებულიყვნენ ომამდე არსებულ პოზიციებზე, ანუ სრულად უნდა დაეტოვებინათ საქართველოს ტერიტორია და უნდა დაწყებულიყო დისკუსია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე უსაფრთხოებისა და სტაბილურობის ღონისძიებათა შესახებ.

       საერთაშორისო თანამეგობრობის არაერთგზის მოწოდების მიუხედავად, კრემლმა არათუ არ შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, არამედ შეთანხმების ხელმოწერიდან სულ ორიოდე კვირის შემდეგ, 2008 წლის 26 აგვისტოს, „დამოუკიდებელ სახელმწიფოებადაღიარა საქართველოს ორი რეგიონი, რომლებიც დღემდე ოკუპირებულია მისი ჯარების მიერ.

           კომისია საერთაშორისო თანამეგობრობის ყურადღებას კიდევ ერთხელ ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ საქართველოს მიმართ განხორციელებული სამხედრო აგრესიითა და აფხაზეთისა და .. „სამხრეთი ოსეთისდამოუკიდებლობის აღიარებით, რუსეთის მიერ ფეხქვეშ გაითელა თვით მის მიერვე ხელმოწერილი გაეროს უშიშროების საბჭოს ათეულობით რეზოლუცია (1994-2008 წწ.), რომლებშიც ცალსახად არის მხარდაჭერილი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. კრემლმა უგულებელყო ასევე მის მიერ ხელმოწერილი ეუთოს სამიტების დოკუმენტები, რომლებშიც ეუთოს მონაწილე სახელმწიფოებმა (რუსეთის ჩათვლით) არაერთხელ დააფიქსირეს აფხაზეთში მომხდარიეთნიკური წმენდისფაქტი („მოსახლეობის, უპირატესად, ქართველთა თავიანთ საცხოვრებელი ადგილებიდან მასობრივი გამოდევნა და უდანაშაულო მოქალაქეთა დიდი რაოდენობით დაღუპვა“ (ბუდაპეშტი, 1994 . 6 დეკემბერი; ლისაბონი, 1996 . 2-3 დეკემბერი; სტამბული, 1999 . 19 ნოემბერი).

               კომისია საგანგებოდ ამახვილებს ყურადღებას იმ გარემოებაზე, რომ მსოფლიო პრაქტიკაში არ მოიძებნება ანალოგი, როცა სახელმწიფო, ერთი მხრივ, ოფიციალურად აფიქსირებდეს საერთაშორისო დოკუმენტებში მეზობელი სახელმწიფოს ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და იქ ჩატარებული ეთნიკური წმენდის ფაქტს, ასევე მრავალი წლის მანძილზე გააჩნდეს პრეტენზია კონფლიქტების მოწესრიგების პროცესში ძირითადი შუამავლის როლზე და, მეორე მხრივ, ამ მეზობელი სახელმწიფოს წინააღმდეგ ახორციელებდეს სრულმასშტაბიან სამხედრო აგრესიას, შემდეგ კი მის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებსდამოუკიდებელ სახელმწიფოებადაცხადებდეს (ასეთი ქმედებით კრემლის ახლანდელმა ბინადრებმა თავიანთმენტალურ წინაპრებს”: სტალინსა და ჰიტლერსაც კიაჯობეს“).

                რუსეთის ინტერვენცია საქართველოს ტერიტორიაზე მოხდა საერთაშორისო სამშვიდობო პროცესის გვერდის ავლით და მისი ჩატარებისთვის მას არც გაეროს უშიშროების საბჭოსგან, არც ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციისგან და არც დსთ-ის წევრი სახელმწიფოებისგან სანქცია არ მიუღია. უფრო მეტიც, კრემლის მიერ სუვერენული საქართველოს წინააღმდეგ სამხედრო აგრესია განხორციელდა რუსეთის პარლამენტის ზედა პალატისფედერალური საბჭოს მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების გარეშე, რითაც დაირღვა თვით რუსეთის ფედერაციის კონსტიტუციაც.

     საერთაშორისო თანამეგობრობისთვის ცხადი შეიქნა, რომ რუსეთის ფედერაციამ 2008 წლის აგვისტოს აგრესიით, საყოველთაოდ აღიარებული საერთაშორისო სამართლის ნორმებისა და ფუძემდებლური პრინციპების უხეში დარღვევით, აშკარად ხელყო საქართველოს სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა; ღია სამხედრო აგრესიის გამოყენებით შეეცადა ჩაეხშო მეზობელი სახელმწიფოს მისწრაფება ევროპული და ჩრდილოატლანტიკური სტრუქტურებისკენ, დაეწესებინა კონტროლი საქართველოს ტერიტორიაზე გამავალ ენერგომაგისტრალებზე, რაც მას ევროპის ენერგოშანტაჟის საშუალებას შეუნარჩუნებდა.

         კომისიას მიაჩნია, რომ რუსეთის მიერ ოკუპირებულ ზონებში გაეროსა და ეუთოს დამკვირვებლების საქმიანობაზე ვეტოს დადებით რუსეთი ცდილობს საერთაშორისო მონიტორინგს ააცილოს ეს რეგიონები, რაც მიზნად ისახავს: საქართველოს ორი რეგიონის ფაქტობრივი ანექსიის პროცესის ბოლომდე მიყვანასმოწმეების გარეშედა ადგილობრივი საოკუპაციო რეჟიმების გამოყენებას ადმინისტრაციულ საზღვრებზე ვითარების შემდგომი ესკალაციისა და საქართველოს წინააღმდეგ მორიგი სამხედრო აგრესიისთვის საბაბის მოსაძებნად. აღნიშნულის დასტურია აფხაზეთში, კერძოდ, გალის რაიონში ადამიანის უფლებათა ხელყოფის გახშირებული ფაქტები, ცხინვალის რეგიონში ვითარების ხელოვნურად დაძაბვის პერმანენტული მცდელობები, საქართველოს წინააღმდეგ გაშლილი დაუსრულებელი საინფორმაციო ომი და საქართველოს მისამართით რუსეთის ფედერაციის საგარეო და თავდაცვის უწყებების მაღალჩინოსანთა მუქარის შემცველი განცხადებები.

                2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმების ხელმოწერიდან განვლილი ოთხი წლის მანძილზე რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ნაწილის ოკუპაცია ოფიციალურად აღიარა ევროპარლამენტმა, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ, ნატოს ჩრდილოატლანტიკურმა საბჭომ და აშშ-ის სენატმა. ეს ფაქტი ადასტურებს, რომ საერთაშორისო საზოგადოების პოზიცია 2008 წლის აგვისტოს სამხედრო აგრესიასა და მის შედეგებთან დაკავშირებით სულ უფრო თანმიმდევრული და მკაფიო ხდება, რაც ქმნის სამართლებრივ წინაპირობას იმისათვის, რომ კრემლმა არა მხოლოდ 12 აგვისტოს შეთანხმება შეასრულოს და მთლიანად გაიყვანოს ჯარები საქართველოს ტერიტორიიდან, არამედ კომპენსაციაც გადაიხადოს საქართველოსთვის მიყენებული ზარალის გამო. საერთაშორისო თანამეგობრობის ამგვარი პოზიციის მიუხედავად, ამ ეტაპზე კრემლი ისევ აგრძელებს თავის აგრესიულ და დანაშაულებრივ პოლიტიკას. საქართველოს ხელისუფლების წარმატებულ სახელმწიფოებრივ აღმშენებლობასა და რეფორმებს, რასაც მთელი მსოფლიო აღიარებს და მიესალმება, კრემლი პასუხობს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ახალ-ახალი სამხედრო ბაზების მშენებლობითა და მორიგი აგრესიის დაუფარავი მუქარით. ამის აშკარა დადასტურებაა რუსეთის არმიის სამხედრო წვრთნის დაგეგმვა ზაფხულის ნაცვლად შემოდგომაზე, როცა საქართველოში საპარლამენტო არჩევნები უნდა გაიმართოს. ხაზგასასმელია, რომ 2008 წლის ივლისის ბოლოს სწორედ ანალოგიური სამხედრო წვრთნა ჩაატარა კრემლმა ჩრდილოკავკასიაში, რასაც აგვისტოში სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესია მოჰყვა.

                კომისიას მიაჩნია, რომ აღნიშნულ ვითარებაში ოკუპირებულ ტერიტორიებზე ამჟამად არსებული მყიფე მშვიდობის შესანარჩუნებლად და რუსეთის ფედერაციისგან ახალი სამხედრო აგრესიის საფრთხის თავიდან ასაცილებლად სასიცოცხლოდ აუცილებელია საერთაშორისო თანამეგობრობის კიდევ უფრო მეტი გააქტიურება.

               კომისია იმედოვნებს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა გაამკაცრებს კონტროლს ევროკავშირის შუამავლობით რუსეთის ფედერაციასა და საქართველოს შორის 2008 წლის 12 აგვისტოს დადებული ექვსპუნქტიანი შეთანხმების შესრულების მიმდინარეობაზე, განსაკუთრებით საქართველოს მთელი ტერიტორიიდან, მათ შორის აფხაზეთიდან და ყოფილი სამხრეთ ოსეთის   ავტონომიური ოლქიდან, რუსეთის შეიარაღებული ძალების გასვლაზე. კომისია ასევე იმედოვნებს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა შეძლებს ოკუპირებულ ზონებში მიუკერძოებელი საერთაშორისო სამშვიდობო მისიების განთავსებას, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა თავიანთ საცხოვრებელ ადგილებში დასაბრუნებლად აუცილებელი მექანიზმების შემუშავებას.

         კომისია მოუწოდებს გაეროს უშიშროების საბჭოს, ახალი რეალობიდან გამომდინარე, ყოვლისმომცველი ობიექტური შეფასება მისცეს რუსეთის ფედერაციის, როგორც კონფლიქტის მონაწილე მხარის ქმედებებს, რაც საშუალებას მისცემს მას გამოიყენოს გაეროს წესდების დღემდე აუმოქმედებელი 27- მუხლის მე-3 პუნქტი, რომლის თანახმადაც

 

უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილებები ყველა სხვა საკითხზე მიღებულად ითვლება, როდესაც მათთვის მიცემულია უშიშროების საბჭოს ცხრა წევრის თანხვედრი ხმა, საბჭოს ყველა მუდმივი წევრის ჩათვლით, ამასთან, დავის მონაწილე მხარემ VI თავისა და 52- მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე თავი უნდა შეიკავოს გადაწყვეტილების მიღებისას კენჭისყრისაგან“.

 

 

       კომისია იმედოვნებს, რომ გაერო, ეუთო, ევროკავშირი და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციები ოკუპირებულ ტერიტორიებზე სტაბილურობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, უკვე მიღებული საერთაშორისო დოკუმენტების ფარგლებში, განახორციელებენ ქმედით ღონისძიებებს საერთაშორისო მონიტორინგის ჩასატარებლად, ახალი სამშვიდობო ფორმატისა და ინტერაციონალური სამშვიდობო კონტიგენტის შესაქმნელად.

                    

 

თბილისი,     8 აგვისტო, 2012 წელი