|
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა გაფართოებულ სხდომაზე თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის სფეროში და ასევე სურსათის უვნებლობის სფეროში გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში მოისმინა. დეპუტატების წინაშე ანგარიშით წარსდგნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველთა ჯგუფის (სამსახურის) უფროსი, პრემიერ-მინისტრის მთავარი მრჩეველი ვახტანგ ლეჟავა, კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს კონკურენციის დეპარტამენტის დირექტორი მანანა შურღულაია, სურსათის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე თორნიკე მგალობლიშვილი და სურსათის ეროვნული სააგენტოს სურსათის დეპარტამენტის უფროსი თენგიზ კალანდაძე.
პრემიერ-მინისტრის მრჩეველთა ჯგუფის უფროსმა, ვახტანგ ლეჟავამ საკუთარ გამოსვლაში იმ პროგრესზე ისაუბრა, რომელიც ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებაზე მოლაპარაკებების საკითხში საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებობს.
მისი განცხადებით, მოლაპარაკების პროცესი საკმაოდ დინამიურად მიმდინარეობს და დაახლოებით წელიწადნახევარში–ორ წელიწადში ხელშეკრულებას ხელი მოეწერება. ვახტანგ ლეჟავას თქმით, შესაძლებელია, რომ დოკუმენტი ხელმოწერის შემდეგ, მის რატიფიცირებამდე დროებით რეჟიმში შევიდეს ძალაში. "ჩვენ ჩავატარეთ მოლაპარაკებების მოსამსაზადებელი პირველი რაუნდი და ივნისის ბოლოს გაიმართება მოლაპარაკებების მეორე რაუნდი. უკვე მივიღეთ მოლაპარაკებების ტექსტები. ისინი კიდევ ერთხელ იძლევიან იმ ოპტიმიზს საფუძველს. რომ მოლაპარაკებები შეიძლება იყოს საკმაოდ სწრაფი პროცესი, ვსაუბრობთ დაახლოებით წელიწად ნახევარზე–ორ წელიწადზე. ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება ასოცირების შესახებ ხელშეკრულების შემადგენელ ნაწილია და მოითხოვს ყველა წევრი ქვეყნის მიერ რატიფიკაციას, თუმცა შესაძლებელია დეკუმენტი ხელმოწერის შემდეგ დროებით რეჟიმში პირდაპირ ამოქმედდეს, იმის გამო, რომ ვაჭრობა ევროკომისიის კომპენტენცია გახლავთ",– აღნიშნა ვახტანგ ლეჟავამ.
პრემიერ-მინისტრის მრჩეველთა ჯგუფის უფროსის განცხადებით, მოლაპარაკებების დროს მიღწეული წარმატება დამსახურებაა, როგორც საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების და მისი ცალკეული ინსტიტუტების, ასევე საქართველოს პარლამენტის, რომელმაც განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებებით გადამწყვეტი როლი ითამაშა საქართველოსთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებაში.
კონკურენციისა და სურსათის უვნებლობის სფეროებში გაწეული საქმიანობის შეფასებისას, ვახტანგ ლეჟავამ აღნიშნა, რომ ქართული მხარის მიერ გაწეული საქმიანობის შედეგად აღმოჩნდა, რომ ორივე სფერო აკმაყოფილებს ყველა იმ პირობას, რაც მოლაპარაკებების დაწყებისთვისაა საჭირო.
კონკურენციისა და სურსათის უვნებლობის სფეროებში გატარებულ ღონისძიებებზე დეტალური ინფორმაცია დეპუტატებს მიაწოდეს: კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს კონკურენციის დეპარტამენტის დირექტორმა, მანანა შურღულაიამ, სურსათის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ, თორნიკე მგალობლიშვილმა და სურსათის ეროვნული სააგენტოს სურსათის დეპარტამენტის უფროსმა, თენგიზ კალანდაძემ. |