პარლამენტის საზეიმო სხდომა
Monday, 28 May 2012 08:23

საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ქუთაისის ახლად აშენებულ პარლამენტის სასახლეში საზეიმო სხდომა გაიმართა. პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით ბაქრაძემ ქართველ ერს და სხდომის დარბაზში მყოფ საზოგადოებას საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა. „ყველას ვულოცავ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს და ნებისმიერი ადამიანისთვის, ვინც თავს გრძნობს საკუთარი ქვეყნის პატრიოტად და მოქალაქედ, არ არსებობს იმაზე დიდი და მნიშვნელოვანი დღე რასაც ეროვნული დამოუკიდებლობის დღე წარმოადგენს. დღევანდელი დღე  მნიშვნელოვანია იმითაც, რომ პარლამენტი პირველად იკრიბება ქუთაისში და დღეიდან ქუთაისი შეიძენს ახალ ფუნქციას  - იგი საქართველოს ადმინისტრაციულ და პოლიტიკურ ცენტრად ჩამოყალიბდება“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ. პარლამენტის თავმჯდომარემ ქვეყნის პრეზიდენტთან ერთად პარლამენტის სასახლის ფასადზე ფორმალურად მინის კონსტრუქციაც ჩასვა, რომლითაც მშენებლობის პირველი ეტაპის დასრულება აღინიშნა.

საზეიმო სხდომაზე საქართველოს ეროვნული ჰიმნი შესრულდა, რომლის შემდეგაც ქვეყნის პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა საპარლამენტო ტრიბუნიდან საქართველოს მოსახლეობას მიმართა.

მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს პარლამენტს ახალი სასახლე, ხოლო ქუთაისს საპარლამენტო დედაქალაქის განსაკუთრებული სტატუსი მიულოცა. ქვეყნის პრეზიდენტმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ 94 წლის წინ, 1918 წელს ჩვენი წინაპრები თავისუფლების ურთულეს გზას დაადგნენ და ამ გადაწყვეტილების მიღება დიდ გამბედაობას წარმოადგენდა.    „საქართველო ასწლეულების განმავლობაში იმპერიათა მიერ თავისუფლებააყრილი იყო  და ჩვენს ეროვნულ იდენტურობას საფრთხე ემუქრებოდა. ამის მიუხედავად, მაინც გაბედეს და გამოაცხადეს საქართველოს დამოუკიდებლობა“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. პრეზიდენტმა 70 წლიან საბჭოთა ოკუპაციის დროს საქართველოს მძიმე ყოფაზე და მის შედეგებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ დროის განმავლობაში რაც ვერ წაგვართვეს იყო უპირობო რწმენა,  რომ „ჩვენი თავი ჩვენადვე უნდა გვეყუდვნოდეს, ჩვენი ბედი ჩვენსავე ხელშია“.  ქვეყნის პირველმა პირმა პატივი მიაგო და გაიხსენა ის წინაპრები, რომლებმაც თავი შესწირეს თავისუფლებისთვის ბრძოლას, ვისი სიცოცხლის ფასადაც ქვეყანამ დამოუკიდებლობა მოიპოვა.

მიხეილ სააკაშვილმა ახლად აშენებული პარლამენტის სასახლის მნიშვნელობაზე ისაუბრა და იგი ქვეყნის სიმბოლოსაც შეადარა. „პარლამენტის ეს ახალი შენობა ბევრი თვალსაზრისით, ჩვენი ქვეყნის შესანიშნავი სიმბოლოცაა. ისევე როგორც ახალი საქართველო, ეს შენობაც შთამბეჭდავი და გამჭვირვალეა.  ეს შენობა წარმოადგენს თანასწორ, შეუზღუდავ ასპარეზს ჩვენი საზოგადოების ყველა ჯგუფისთვის, არასამთავრობო სექტორისთვის, უმცირესობისთვის და თავისუფალი მედიისთვის, რათა წარმოადგინონ საკუთარი ინტერესები და მოახდინონ  გავლენა ქვეყნის მართვაზე“, - განაცხადა პრეზიდენტმა. თავის გამოსვლაში იგი ასევე შეეხო ახალი საქართველოს შენების ისტორიულ მნიშვნელობას და ქვეყნის შიგნით განხორციელებულ პროექტებზე და საგარეო კუთხით, ნატოს ჩიკაგოს სამიტის მნიშვნელობაზეც ისაუბრა. მისი თქმით, მართალია საქართველოში ბევრი რამ გაკეთდა პარლამენტის აშენების ჩათვლით, მაგრამ აღნიშნა, რომ ეს ჯერ კიდევ საკმარისი არ არის.

„მე მიჭირს წარმატებებზე საუბარი, მაშინ, როცა ვხედავ რომ მოქალაქეები ვერ ახერხებენ დამოუკიდებლობა და ეს წარმატება შეიგრძნონ. ჩვენ ვაკეთებთ ბევრს, მაგრამ ვიცით რომ ეს არ არის საკმარისი და  კვლავაც არის ბევრი პრობლემა. ჩვენ ვიზიდავთ ინვესტიციებს და ვქმნით სამუშაო ადგილებს, მაგრამ გასაკეთებელი ჯერ კიდევ ძალიან ბევრია. უამრავ ოჯახს ჯერ კიდევ მაქსიმალური სიდუხჭირის პირობებში უწევს ცხოვრება. ყველაფრის მიუხედავად, ჩვენი სამშობლო ჯერ კიდევ დამპყრობლების ოკუპაციის ქვეშ იმყოფება და ჩვენი ასობით ათასი მოქალაქე ჯერ კიდევ ვერ ახერხებს საკუთარ სახლში დაბრუნებას. სანამ ისინი დევნილები არიან, პირადად მე მუდმივი სახლი ვერ მექნება და  ჩემს თავსაც დევნილად ვთვლი. ასე რომ, რამდენადაც ჩვენი ქვეყნის წინსვლა და წარმატება მახარებს, იმდენად წუხილის და უკმაყოფილების საფუძველს მაძლევს,  რომ ქვეყნის წარმატებით სათანადოდ ვერ სარგებლობს ჩვენი ყველა მოქალაქე. საქართველო ამ შენობასავითაა, ლამაზია, მშენებარე, ოპტიმიზმით სავსე, მაგრამ ჯერაც დაუმთავრებელი", - განაცხადა პრეზიდენტმა.

მიხეილ სააკაშვილმა თავის გამოსვლაში  ყურადღება  ჯანდაცვის სისტემაში და სოფლის მეურნეობის სფეროში მიმდინარე რეფორმებზე გაამახვილა.  მან ასევე ქვეყნის დეცენტრალიზაციის და ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლიერების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

გამოსვლის დასასრულს ქვეყნის პრეზიდენტმა საქართველოს მოსახლეობას კიდევ ერთხელ მიულოცა დამოუკიდებლობის დღე. „ჩვენ გადავლახავთ გაჭირვებას და უნდა ვიცოდეთ, რომ საქართველოს და თითოეული ჩვენთაგანის საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის. გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. ღმერთი გვფარავდეს ჩვენ და სრულიად საქართველოს“, - დასძინა მიხეილ სააკაშვილმა.

პრეზიდენტის გამოსვლის დასრულების შემდეგ პარლამენტის საზეიმო სხდომა დამთავრდა. პარლამენტის წევრებთან ერთად ღონისძიებას უმაღლესი სამღვდელო-სასულიერო პირები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და ქვეყნის მინისტრთა კაბინეტი დაესწრო.

 

 

 

Last Updated on Thursday, 28 June 2012 19:27
 
modules