|
პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ქუთაისში, პარლამენტის სასახლის წინ გამართულ სამხედრო აღლუმს დაესწრო. აღლუმი ქვეყნის შეიარაღებული ძალების უმაღლესმა მთავარსარდალმა, საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ჩაიბარა.
სახელმწიფო ჰიმნის შესრულების შემდეგ დავით აღმაშენებლის სახელობის თავდაცვის ეროვნული აკადემიის კურსდამთავრებულებმა საზეიმო ფიცი წარმოსთქვეს.
საქართველოს პრეზიდენტმა სამხედრო აღლუმზე ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით სასულიერო და სამოქალაქო პირები დააჯიდლოვა. ერის სულიერი აღზრდის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის პრეზიდენტის ბრწყინვალების ორდენი-ქუთათელ-გაენათელ მიტროპოლიტს, მეუფე კალისტრატეს გადაეცა. ბრწყინვალების ორდენებით ასევე დაჯილდოვდნენ: ზურაბ ქაჯაია - ნაყოფიერი საზოგადო მოღვაწეობისთვის; მოქანდაკე გიორგი კიკვაძე - სახვითი ხელოვნების გამორჩეული ნიმუშების შექმნისთვის, ქუთაისის ისტორიული მუზეუმის დირექტორი ომარ ლანჩავა - საქართველოს ისტორიის კვლევის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის; ექიმი ომარ ღიბრაძე - ჯანმრთელობის დაცვის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის; ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიორგი ღავთაძე - აქტიური საგანმანათლებლო საზოგადოებრივი მოღვაწეობისთვის; განათლების სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების და პროგრამების დეპარტამენტის ხელმძღვანელი მაია სიფრაშვილი - პროგრამა "ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად" განხორციელების საქმეში შეტანილი წვლილისთვის; საქართველოს განათლების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმებისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსი ანა ქებაძე - პროგრამა "ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის" საქმეში შეტანილი წვლილისთვის; მუსიკისა და დრამის სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი დავით დოიაშვილი - ქართული თეატრალური ხელოვნების განვითარების და პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი წვლილისთვის; მომღერალი ზაზა კორინთელი და საქართველოს ფოლკორის სახელმწიფო ცენტრის დირექტორი, გიორგი უშიკიშვილი - ქართული ფოკლორის პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი წვლილისთვის; ქუთაისში პარლამენტის მშენებლობისთვის და სხვა ინფარტუქტურული პროექტების წარმატებით განხორციელებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის რეგიონული განვითარების და ინფრასტუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე ჯამბულ ბაკურაძე, მოადგილე ლაშა მგელაძე და მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორის მოადგილე დავით სირაძე.
პრეზიდენტმა განსაკუთრებული ყურადღება ავღანეთის სამშვიდობო მისიაში მძიმედ დაჭრილ ვიცე-პოლკოვნილკ ალექსანდრე ტუღუშზე გაამახვილა და მისი მშობლები, ზურაბ და თინა ტუღუშები, ღირსების ორდენებით დააჯილდოვა.
პარლამენტის ახალი შენობის პირველი ეტაპის წარმატებით დასრულებისთვის წმინდა გიორგის ორდენით რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრი რამაზ ნიკოლაიშვილი დაჯილდოვდა.
დაჯილდოების ცერემონიალის დასრულების შემდეგ სამხედრო ტექნიკის და ქვეითი პირადი შემადგენლობის მსვლელობა მოეწყო. აღლუმზე სხვა სამხედრო ტექნიკასთან ერთად წარმოდგენილი იყო საქართველოში წარმოებული საბრძოლო სამხედრო ტექნიკა "ლაზიკა" და "დიდგორი", ასევე უპილოტო საჰაერო სისტემები.
შეიარაღებული ძალების მძიმე ჯავშანტექნიკისა და საარტილერიო სისტემების შემდეგ, აღლუმი საფრენი აპარატების, კერძოდ კი შვეულმფრენების, სასწავლო-საბრძოლო და მოიერიშე თვითმფრინავების გადმოფრენით დასრულდა.
სამხედრო აღლუმს საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი დევი ჭანკოტაძე ხელმძღვანელობდა.
|