პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით ბაქრაძემ რუსთავის თეატრის განახლებული შენობა დაათვალიერა
Saturday, 26 May 2012 10:38

6პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით ბაქრაძემ რუსთავის თეატრის განახლებული შენობა დაათვალიერა.

სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად თეატრში, რომელიც 420 მაყურებელზეა გათვლილი, განახლდა შენობის ფასადი, სრული რეკონსტრუქცია ჩაუტარდა თეატრის ფოიეს და დარბაზს. თეატრი აღიჭურვა თანამედროვე აპარატურით. აღნიშნული სამუშაოები თეატრის რეაბილიტაციის მეორე ეტაპის ფარგლებში განხორციელდა.

"დღეს დასრულდა რუსთავის თეატრის რეაბილიტაციის მეორე ეტაპი და პრაქტიკულად მოხდა ამ თეატრის განახლება და აღდგენა. სამუშაოები კვლავაც გაგრძელდება და უახლოეს პერიოდში შენობა რუსთაველების წინაშე ახალი სახით წარსდგება. ამასთან ერთად ქალაქში რამდენიმე ინფრასტრუქტურული პროექტი მიმდინარეობს და ახლო მომავალში დასრულდება ახალი საცურაო აუზის და სპორტული სასახლის მშენებლობა. ასევე იგეგმება დიდი კულტურის სახლის მშენებლობა, რომელიც ადგილობრივი მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი კულტურული ცენტრი გახდება", - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

 

7პარლამენტის თავმჯდომარე განახლებულ თეატრის შენობაში კულტურის სფეროს მოღვაწეებს და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. შეხვედრაზე დავით ბაქრაძემ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ  ქვეყნის მიერ აღებული განახლების კურსი კვლავაც გრძელდება.

ეს შეეხება როგორც სოციალურ და განათლების რეფორმებს, ასევე ინფრასტრუქტურის პროექტებს და დასაქმების საკითხებს.

პარლამენტის თავმჯდომარემ  ყურადღება გაამახვილა მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვასა და დაზღვევის პოლისებით უზრუნველყოფაზე. მისი განცხადებით, მიმდინარე წელს სახელმწიფო ორ მილიონზე მეტ ადამიანს დააზღვევს, რაც ნიშნავს, რომ საქართველოში მცხოვრები ყოველი მეორე ადამიანი ისარგებლებს დაზღვევის პოლისით.

 

1

ქვეყნის ერთ-ერთ პრიორიტეტულ საკითხს განათლების სისტემის სრულყოფა წარმოადგენს.  ამასთან დაკავშირებით 2013 წელს იწყება სკოლების რეაბილიტაციის ახალი ეტაპი, რომელზეც 100 მილიონი ლარის დახარჯვა იგეგმება.

განახლებული თეატრის დათვალიერებას ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული,დავით კირკიტაძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც დაესწრნენ.

 

 

Last Updated on Thursday, 28 June 2012 19:05
 
modules