|
საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის გამოქვეყნებისა და მისი საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაციებთან |
|
პარასკევი, 25 მაისი 2012 17:16 |
|
საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის გამოქვეყნებისა და მისი საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის წევრებმა ლაზიკის სტატუსთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრა გამართეს. კომისიის სხდომაზე, რომელიც ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის ორგანიზებით გაიმართა, საკონსტიტუციო კანონპროექტი განიხილეს. საუბარია კონსტიტუციის მე-3 მუხლის მე-5 პუნქტის დამატებაზე, რომლის მიხედვითაც ქალაქ ლაზიკას სტატუსი და უფლებამოსილებანი ორგანული კანონით განისაზღვრება.
ქალაქ ლაზიკას განვითარების პროექტი კომისიის წევრებს და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს სტრატეგიული განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა, ივა დავითაიამ წარუდგინა.
საორგანიზაციო კომისიის თავმჯდომარის, პავლე კუბლაშვილის განცხადებით, ქალაქ ლაზიკას სტატუსის ორგანული კანონით განსაზღვრა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ახალი ქალაქის განვითარებას, ასევე ადგილობრივი და უცხოური ინვესტიციების ზრდას და მთლიანად საქართველოს მნიშვნელოვან ეკონომიკურ-საფინანსო ცენტრად ჩამოყალიბებას. მისივე ინფორმაციით, კონსტიტუციურ კანონპროექტს კომისიის წევრები საქართველოს მოსახლეობას 6 სხვადასხვა ქალაქში გააცნობენ. საყოველთაო-სახალხო განხილვის დასრულების შემდეგ კანონმდებლები კონსტიტუციურ კანონპროექტთან დაკავშირებით პარლამენტის პლენარულ სხდომაზე იმსჯელებენ.
|