დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის სხდომა
ხუთშაბათი, 24 მაისი 2012 20:14

0may16უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მქონე პირებს საჯარო სამსახურში მუშაობის უფლება შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე მიეცემათ. ამ შესაძლებლობას მათ "საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" კანონპროექტი აძლევს, რომელიც დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილეს.

კანონპროექტის ზოგად პრინციპებზე საუბრისას, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ ირაკლი ნადირაძემ აღნიშნა, რომ კანონპროექტის შემუშავება უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისათვის სახელმწიფო სამსახურში დასაქმების უზრუნველყოფის აუცილებლობამ განაპირობა. აღნიშნული პირები, რომლებიც ფლობენ სახელმწიფო ენას, 21 წლის ასაკის მიღწევის შემდეგ შეიძლება მიღებულ იქნენ სახელმწიფო მოხელედ. მათთვის შეზღუდვებიც წესდება, კერძოდ, ისინი ვერ დაიკავებენ პოლიტიკურ თანამდებობებს.

"ჩვენ ძალიან მაღალი ინტელექტუალური შესაძლებლობის მქონე თანამემამულეები გვყავს და ამიტომ, ეს ცვლილებები შესანიშნავია მათთვისაც და საქართველოსთვისაც, რათა ამიერიდან უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მქონე პირების ინტელექტუალური პოტენციალი ქართულ სახელმწიფოს და მის შემდგომ განვითარებას მოხმარდეს", – განაცხადა დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ნუგზარ წიკლაურმა.

პარალელურად ცვლილება "უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების შესახებ’’ კანონშიც შედის, რომელიც ასევე პირველი მოსმენით განიხილეს.

კანონპროექტების მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს, საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს. კანონპროექტის ინიციატორი საქართველოს მთავრობაა.

კომიტეტის წევრებმა კანონპროექტების პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განსახილველად გატანას ერთხმად დაუჭირეს მხარი.

 
modules