| იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა |
| ხუთშაბათი, 24 მაისი 2012 19:59 |
|
სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული, ასევე, ასაკით პენსიონერი და შესაბამისი კატეგორიის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, რომლებმაც ადმინისტრაციული სამართალდარღვევა 2012 წლის 1 იანვრამდე ჩაიდინეს და რომელთა მიმართაც ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილება ამ კანონის ამოქმედებამდე არ აღსრულებულა, ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლდებიან. აღნიშნული ცვლილება "ადმინისტრაციული სახდელისაგან გათავისუფლების შესახებ" კანონში შედის, რომელიც დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მეორე მოსმენით განიხილეს. მოქმედ კანონმდებლობაში, რომელიც შვილად აყვანის საკითხებს განსაზღვრავს, ცვლილებები შედის. შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის სფეროს მარეგულირებელი კანონმდებლობა 2009 წელს მიღებული საკანონმდებლო ბაზით ხორციელდება. კანონის იმპლემენტაციამ საკანონმდებლო ნორმების სრულყოფა და რიგი დაზუსტებების შეტანის აუცილებლობა განაპირობა. აღნიშნულიდან გამომდინარე, ცვლილებები შედის "საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებების შეტანის შესახებ" კანონპროექტში. ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის მიერ ინიცირებული პროექტის თანახმად, ზუსტდება მთელი რიგი ტერმინები. ასევე, ხდება ბავშვთა და მშობელთა შერჩევის კრიტერიუმების და პროცედურული საკითხების დახვეწა. აღსრულების ეროვნულ ბიუროს ახალი ფუნქცია – სესხისა ან გირავნობა/იპოთეკის ხელშეკრულების რეგისტრაციის და ვალდებულებების კონტროლის უფლება ენიჭება, რაც მხარეთა უფლებების უკეთ დაცვას უზრუნველყოფს. აღნიშნული ცვლილება "სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" კანონში შედის. ხელშეკრულების რეგისტრაციისათვის და ვალდებულების შესრულების კონტროლისთვის აღსრულების ეროვნული ბიუროს საფასურის ოდენობას და გადახდის წესს, იუსტიციის მინისტრი დაადგენს. კომიტეტის წევრებმა I მოსმენით განიხილეს "აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ" აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონის დამტკიცების თაობაზე საქართველოს ორგანული კანონი. ცვლილების თანახმად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პროპორციული საარჩევნო სისტემით ასარჩევი დეპუტატების რაოდენობა სამით იზრდება და შესაბამისად, სრული შემადგენლობა 21–ით განისაზღვრება. ცვლილების თანახმად, საქართველოს პრეზიდენტი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ახლადარჩეული უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილების ცნობიდან 10 დღის ვადაში უმაღლეს საბჭოში წარმოდგენილ პოლიტიკურ სუბიექტებთან კონსულტაციის შემდეგ, მთავრობის წინასწარი თანხმობით, უმაღლეს საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატურას. კომიტეტის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ თხუთმეტამდე საკითხზე იმსჯელეს და მათ პლენარულ სხდომაზე განსახილველად გატანას მხარი დაუჭირეს. |






