|
საქართველოს გემების სახელმწიფო რეესტრში დარეგისტრირებული მოტონავებისა და ნიჩბიანი ნავებისათვის ყოველწლიური სარეგისტრაციო მოსაკრებლის გაუქმებას ისახავს მიზნად კანონპროექტი "სარეგისტრაციო მოსაკრებლების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, რომელიც მეორე მოსმენით განიხილა დღეს პარლამენტის საფინანსო–საბიუჯეტო კომიტეტმა.
საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კიდევ რამდენიმე კანონპროექტი განიხილა კომიტეტმა. მათ შორის "საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის შესახებ" საქართველოს კანონის პროექტი, რომელიც საქართველოში ნავთობპროდუქტების შერევის (კომპაუდირების) დეფინიციასა და საგადასახადო რეგულირებას განსაზღვრავს, რაც არსებული ტექნიკური ბაზის გამოყენებით ქვეყნის საექსპორტო პოტენციალის გაზრდას შეუწყობს ხელს, ასეთ პროდუქციაზე საერთაშორისო ბაზრის მზარდი მოთხოვნილების გათვალისწინებით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ კანონპროექტი მოაწესრიგებს სასაქონლო ზედნადების გამოწერის, მისი გამოყენების ვალდებულებისგან განთავისუფლებასთან დაკავშირებით პრაქტიკაში წამოჭრილ რიგ პრობლემებს და სრულყოფს შესაბამის დებულებებს. კანონპროექტიდან გამომდინარე შესაბამისი ცვლილებები შედის "საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსშიც".
"საკონსულო საქმიანობის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებები გამოწვეულია იმით, რომ მოქმედი კანონი, რომელიც 1994 წლის 22 ნოემბერსაა მიღებული, მოძველებულია და არ პასუხობს დროის მოთხოვნებს, არ მოიცავს მრავალი ისეთი საკითხის მოწესრიგებას, რომელთა საკანონმდებლო აქტში ასახვაც, არსებული პრაქტიკიდან გამომდინარე, აუცილებლობას წარმოადგენს. კანონპროექტი კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა. წარმოდგენილ კანონპროექტს თან ახლავს მისგან გამომდინარე საკანონმდებლო პაკეტი.
კომიტეტმა მესამე მოსმენით განიხილა კანონპროექტები "საბიუჯეტო კოდექსში ცვლილებების შეტანის თობაზე", "საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ", საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების შესახებ" და მისგან გამომდინარე კანონპროექტთა პაკეტი, ასევე "საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის შესახებ".
განხილულ კანონპროექტებთან ერთად კომიტეტმა მხარი დაუჭირა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საქართველოს პრეზიდენტის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილ " საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო ხელშეკრულების" გატანას, რომელიც საგზაო დერეფნის საინვესტიციო პროგრამის პირველ პროექტს მოიცავს. |