პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა
Thursday, 24 May 2012 19:43

0may18საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა არანაკლებ 200 000 ამომრჩევლის ინიციატივით "საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე" კონსტიტუციური კანონპროექტის წარდგენის უფლების განხორციელების მიზნით, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფი დაარეგისტრირა. საინიციატივო ჯგუფს ხელმოწერების ნიმუში გადაეცემა და ამის შემდეგ, მას ხელმოწერების შეგროვების უფლება მიეცემა. საინიციატივო ჯგუფში სულ 17 ადამიანი შედის. მათ შორის, პარლამენტის წევრები: გიორგი თარგამაძე, ლევან ვეფხვაძე, მაგდალინა ანიკაშვილი, გიორგი ახვლედიანი, ნიკოლოზ ლალიაშვილი, რატი მაისურაძე და თამაზ კვაჭანტირაძე.

კომიტეტმა საინიციატივო ჯგუფის დარეგისტრირების შესახებ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც დაადგინა, რომ ჯგუფის მიერ წამოდგენილი დოკუმენტაცია კანონმდებლობასთან შესაბამისობაში იყო. როგორც საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, ხათუნა გოგორიშვილმა განაცხადა, საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის შინაარსობრივი განხილვა ხელმოწერების წარმოდგენის პროცედურის დასრულებისა და საკონსტიტუციო ცვლილებების პარლამენტში ინიცირების შემდეგ დაიწყება.

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივები: "საჯარო სამსახურის შესახებ" კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე" და "უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების შესახებ" კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე".

"საჯარო სამსახურის შესახებ" კანონში შესატანი ცვლილების თანახმად, უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მქონე ქმედუნარიანი პირი, რომელსაც სათანადო ცოდნა და გამოცდილება აქვს, მიაღწია 21 წლის ასაკს და ფლობს სახელმწიფო ენას შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე შეიძლება მიღებულ იქნას სახელმწიფო მოხელედ, გარდა სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობისა.

0may19საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის, ხათუნა გოგორიშვილის განცხადებით, იგი მიესალმება უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეების ჩართვას საჯარო სამსახურში, თუმცა, იმის გამო, რომ სახელმწიფო მოხელედ მიღება გარკვეულ ვალდებულებებს და პროცედურებს ითვალისწინებს, უმჯობესი იქნება, თუ ამ ადამიანებს საჯარო სამსახურში მიიღებენ არა როგორც სახელმწიფო მოხელეებს, არამედ როგორც შრომითი ხელშეკრულებით მოწვეულ პირებს.

კანონპროექტზე მომხსენებელმა, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მონისტრის მოადგილემ, ირაკლი ნადირაძემ კანონპროექტთან დაკავშირებით ხათუნა გოგორიშვილის მიერ წარმოდგენილი შესწორება გაიზიარა. ანალოგიური ცვლილების შეტანა იგეგმება "უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების შესახებ" კანონშიც. საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტების პლანარულ სხდომაზე გატანას.

კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე მეორე მოსმენით განიხილა "საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის" პროექტი და მისგან გამომდინარე კანონპროექტები: "საპარლამენტო ფრაქციის შესახებ" კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე", "საქართველოს პარლამენტის წევრის სტატუსის შესახებ" კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" და "ნორმატიული აქტების შესახებ"კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე".

რეგლამენტის პროექტის მუხლობრივად განხილვის დროს გათვალისწინებული იქნა დეპუტატების, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის, საფინანსო–საბიუჯეტო კომიტეტის და პარლამენტის იურიდიული დეპარტამენტის წინადადებები და შენიშვნები.

მოქმედი რედაქციით, პარლამენტში დაუშვებელია ისეთი გამოსვლები და მოქმედებანი, რომლებიც შეურაცხყოფს საქართველოს პრეზიდენტის, პარლამენტის თავმჯდომარისა და პარლამენტის პლენარული სხდომის თავმჯდომარის პატივსა და ღირსებას. დეპუტატ რატი მაისურაძისა და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენლების წინადადებების გათვალისწინებით, აღნიშნული ნორმა ჩამოყალიბდება შემდეგნაირად: პარლამენტში დაუშვებელია უხამსი გამოსვლები და პატივისა და ღირსების შეურაცხმყოფელი ქმედებები.

რეგლამენტის მოქმედი ნორმის მიხედვით, თუ ფრაქციიდან წევრთა გასვლის ან გარიცხვის შედეგად მასში გაერთიანებული დარჩა 6-ზე ნაკლები პარლამენტის წევრი, ფრაქცია ავტომატურად გაუქმებულად ითვლება. საპარლამენტო ოპოზიციასთან შეთანხმების შემდეგ, აღნიშნული რედაქცია შეიცვლება. დეპუტატის განცხადება ფრაქციიდან გასვლის შესახებ ძალაში მე–7 დღეს შევა და ეს დრო ფრაქციას ახალი წევრის დამატებასთან დაკავშირებით კონსულტაციებისთვის მიეცემა. იმ შემთხვევაში, თუ ფრაქციამ 7 დღის ვადაში ახალი წევრი ვერ დაიმატა და მასში გაერთიანებულ წევრთა რიცხვი 6–ზე ნაკლები დარჩა, ფრაქცია დაშლილად გამოცხადდება.

დეპუტატ ლევან ვეფხვაძის წინადადების გათვალისწინებით, ახალი რეგლამენტის პროექტში ცვლილება შევა. კერძოდ, საპარლამენტო უმცირესობას საკუთარი აპარატი ეყოლება.

ფრაქციებს შორის გამართული კონსულტაციების შედეგად მიღწეული იქნა შეთანხმება იმის თაობაზე, რომ პლენარული სხდომები 9 საათის შემდეგ შეიძლება გაგრძელდეს მხოლოდ ოთხ შემთხვევაში: პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენების დროს, პოლიტიკური დებატების დროს, სახალხო დამცველის ანგარიშის განხილვისას და პრემიერ–მინისტრის გამოსვლისას.

ხათუნა გოგორიშვილის განცხადებით, ფრაქციებს შორის მიღწეული შეთანხმების თანახმად, პლენარულ სხდომაზე განცხადებებით გამოსვლის წესი იცვლება. არსებული 5 წუთიანი დრო ორად გაიყოფა, 4 პლიუს 1 სისტემით და დეპუტატებს ორჯერ გამოსვლა შეეძლებათ.

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი რეგლამენტის პროექტის პლენარულ სხდომაზე მოერე მოსმენით გატანის საკითხს კომიტეტის მომდევნო სხდომაზე უყრის კენჭს.

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა მეორე მოსმენით განიხილა პარლამენტის რეგლამენტში შესატანი ცვლილება, რომელიც საქართველოს პარლამენტში საქართველოს თავისუფლების ორდენისა და პარლამენტის მედლის დაწესებას ითვალისწინებს.

საკანონმდებლო ინიციატივის თანახმად, საქართველოს თავისუფლების ორდენი გადაეცემა საქართველოს მოქალაქეს, მოქალაქეობის არმქონე პირს და უცხოელს პარლამენტარიზმის, პარლამენტის მიერ დასახული ამოცანების განხორციელებაში და საქართველოს განვითარების საქმეში, თავისუფლებისა და დემოკრატიის განვითარებაში, ტოლერანტობისა და ადამიანის უფლებების დაცვაში შეტანილი თვალსაჩინო პირადი წვლილისთვის. პარლამენტის მედლით დაჯილდოვდებიან საქართველოს პარლამენტის აპარატში მომუშავე საჯარო მოსამსახურეები საქართველოს პარლამენტის საქმიანობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის. საქართველოს თავისუფლების ორდენით პირის დაჯილდოების შესახებ გადაწყვეტილებას პარლამენტის თავმჯდომარე პარლამენტის ბიუროსთან შეთანხმებით, ხოლო პარლამენტის მედლით პირის დაჯილდოების შესახებ გადაწყვეტილებას პარლამენტის თავმჯდომარე პარლამენტის აპარატის უფროსის წარდგინებით მიიღებს.

 
modules