პარლამენტის ბიუროს სხდომა
Monday, 30 April 2012 18:35

0april8პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით ბაქრაძემ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე საქართველოს შეიარაღებულ ძალებს შეიარაღებული ძალების დღე მიულოცა.

"მსურს მივულოცო ჩვენს შეიარაღებულ ძალებს, იმ ჯარისკაცებს, ვინც არაერთგზის დაამტკიცა საკუთარი სიმამაცეც, მომზადებაც, თავგანწირვაც სამშობლოსთვის და ვუსურვებ მათ, რომ ჩვენი ქვეყნის დასაცავად, საკუთარი თავგანწირვისა და სიმამაცის პრაქტიკული ჩვენება, არასდროს დაჭირვებოდეთ. თუმცა, ყველამ, მტერმაც და მოყვარემაც, იცის და უნდა იცოდეს, რომ საქართველოს ჰყავს უმაღლეს დონეზე მომზადებული და მოტივირებული შეიარაღებული ძალები, რომლებიც ყოველთვის დაიცავენ ჩვენს ქვეყანას", – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ. მისი თქმით, ამ ბოლო პერიოდში, ჩვენ ძალიან დიდი ცვლილებების მოწმენი გავხდით. "ხდება ის რაც ორი–სამი წლის წინ პრაქტიკულად წარმოუდგენელი იყო, ანუ ქართული სამხედრო–ტექნიკური კომპლექსის ჩამოყალიბება. საქართველო დღეს უშვებს ისეთ ურთულეს სამხედრო დანადგარებს, როგორიცაა ჯავშანმანქანები, ზალპური ცეცხლის დანადგარები, უპილოტო თვითმფრინავები და ესა არის ძალიან დიდი სისტემური გარღვევა თავდაცვის სისტემაში, ეს არის ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ძალიან მნიშვნელოვანი გაზრდა და რაც მნიშვნელოვანი და სასიცოცხლოა ყველა ჩვენი მოქალაქისთვის: ქვეყანა უნდა იყოს დაცული. მე ვუსურვებ ჩვენს შეიარაღებულ ძალებს, რომ მომავალშიც ყოფილიყვნენ ყოველთვის ასეთივე მომზადებულნი და მოტივირებულნი, ოღონდ ისევ ვიმეორებ, მშვიდობიან დროს", – თქვა დავით ბაქრაძემ.

პარლამენტის თავმჯდომარემ ევროპის ჩემპიონობა მიულოცა საქართელოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრებს და აღნიშნა, რომ ეს არის დიდი მიღწევა. "ჩვენ მივეჩვით ამ ბოლო დროს გამარჯვებებს სპორტულ არენაზე, რაც ძალიან კარგია. ეს პირდაპირ უკავშირდება იმ ცვლილებებს, რაც ამ სისტემაში მოხდა. ესაა ვარჯიშის პირობების გაუმჯობესება, ხელფასების და ანაზღაურების სისტემის მოწესრიგება, სპორტსმენებისთვის სამუშაო–სავარჯიშო პირობების გაუმჯობესება. ეს ყველაფერი უკვე იძლევა შედეგებს", – განაცხადა მან. პარლამენტის თავმჯდომარემ სპორტსმენებს უსურვა, რომ ლონდონის ოლიმპიადაზეც ასევე ასახელონ საკუთარი თავიც და ჩვენი ქვეყანაც.

ბიუროს წევრებმა 8–11 მაისის პლენარული სხდომების დღის წესრიგზეც იმსჯელეს. ეს კვირა საკომიტეტო სხდომების კვირაა და დავით ბაქრაძემ კომიტეტების ხელმძღვანელებს ნაყოფიერი მუშაობისკენ მოუწოდა. მან ბიუროს წევრებს ახალ საკანონმდებლო ინიციატივებზეც მიაწოდა ინფორმაცია.

კანონმდებლებს მომავალ პლენარულ სხდომაზე საქართველოს პარლამენტის ახალი რეგლამენტის პროექტის განხილვაც მოუწევს. წარმოდგენილი პროექტით, რომელიც საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის ინიციატივით მომზადდა, ახლებურად რეგულირდება საქართველოს პარლამენტის უფლებამოსილებათა განხორციელების წესი, პროცედურა, შინაგანი სტრუქტურა და პარლამენტის საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხები.

პარლამენტის თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს, ყველა სხვა სუბიექტს, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნულ–დემოკრატიულ ინსტიტუტს, რომლებიც ჩართული იყვნენ პროექტის შემუშავებაში. მან ასევე მადლობა გადაუხადა საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომლებმაც პარლამენტს პროექტის მომზადებაში დახმარება გაუწიეს. "რეგლამენტი ყველა ჩვენგანის მუშაობას ეხება და ამდენად ყველა კომიტეტი ვალდებულია პროექტი მომავალი პლენარული სხდომისათვის რაც შეიძლება დეტალურად განიხილოს", – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მომავალი პლენარული სხდომების დაზუსტებულ დღის წესრიგზე კი ბიუროს წევრები ბიუროს მორიგ სხდომაზე იმსჯელებენ.

 
modules