|
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დღეს დაბა სურამში იმყოფებოდა. დავით ბაქრაძემ სურამში მიმდინარე წყალმომარაგების სისტემის სარეაბილატაციო სამუშაოები მოინახულა. პროექტის ფარგლებში, წყლის ცენტრალური მაგისტრალის 32 კილომეტრიანი მონაკვეთი ახალი მილებით შეიცვლება. აშენდება ახალი სათავე ნაგებობა, სატუმბი სადგური, ორი 1000მ³ ტევადობის რეზერვუარი და განხორციელდება გამანაწილებელი ქსელის რეაბილიტაცია. სამუშოების დასრულება დაგეგმილია 12 თვეში. პროექტის განხორციელების შემდეგ სურამის მოსახლეობა სუფთა და ხარისხიან სასმელ წყალს 24 საათის განმავლობაში მიიღებს. აღნიშნული სარეაბილიტაციო სამუშაოები საქართველოს 17 ქალაქის წყალმომარაგების გაუმჯობესების პროექტის ფარგლებში ხორცილედება. პროექტს ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ახორციელებს. სარეაბილიტაციო სამუშოებზე 70–მდე ადგილობრივი მოსახლეა დასაქმებული.
"სურამში წყალმომარაგება ყოველთვის პრობლემა იყო და ამ პროექტის დაწყებით ეს პრობლემა მოგვარდება. ეს მნიშვნელოვანია არა მარტო სურამელებისთვის, არამედ იმ დამსვენებლებისთვისაც, რომლებიც ტრადიციულად ზაფხულობით სურამში ჩამოდიან. 24 საათიანი წყალმომარაგება და უფრო კომფორტული პირობები ნიშნავს იმას, რომ უფრო მეტ ადამიანს შეეძლება ჩამოსვლა. ეს კი თავის მხრივ, კიდევ დამატებითი შემოსავალია ადგილობრივი მოსახლეობისთვის“, – განაცახადა დავით ბაქრაძემ.
პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ საქართველოს 17 ქალაქში გამოსწორდება მდგომარეობა და მოსახლეობას ერთხელ და სამუდამოდ წყლის პრობლემა მოუგვარდება. მისივე თქმით, ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაზე 30 ათასი ადამიანია დასაქმებული და ეს პროექტები არა მარტო აუმჯობესებს ხალხის მდგომარეობას, არამედ ქმნის სამუშაო ადგილების და დასაქმების პერსპექტივასაც.
დავით ბაქრაძე დაბა სურამში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და მათი პრობლემები მოისმინა. პარლამენტის თავმჯდომარის განაცხადებით, სურამში მიმდინარე წელს ნაპირსამაგრი სამუშოები ჩატარდება, რაზეც 3 მილიონი ლარი დაიხარჯება. მისივე თქმით, მეწყერსაშიშ ადგილებში მცხოვრებლების საკითხი უახლოეს პერიოდში, მას შემდეგ გადაწყდება, რაც ჩატარებული სამუშაოების შემდეგ გეოლოგების საბოლოო დასკვნა მზად იქნება. "მეწყერი სურამის რამდენიმე უბნისთვის ტრადიციული პრობლემაა. ველოდებით გეოლოგების საბოლოო დასკვნას. თუ დასკვნა იქნება ისეთი, რომ მეწყერი გაგრძელდება და შესაბამისად ადგილზე სახლების რეაბილიტაციას აზრი არ ექნება, მაშინ ვიმსჯელებთ იმაზე, რომ მონაცვლეობის პრინციპით ამ ადამიანებს სხვაგან დავურიგოთ ნაკვეთები და დავეხმაროთ სახლების აშენებაში“, – განაცახადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
დავით ბაქრაძე ადგილობრივებს საპენსიო რეფორმაზე, სოციალური დახმარების სისტემაში შესულ სიახლეებზე, ახალ სამედიცინო ცენტრებზე, დასაქმების საკითხებზე და სოფლის მეურნეობის დახმარების მიმართულებით დაგეგმილ სიახლეებზე ესაუბრა. პარლამენტის თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა საქართველოს ყველა სკოლის რეაბილიტაციის პროგრამაზე, რომლის განხორციელებისთვის მიმდინარე წელს 45 მილიონი იხარჯება, ხოლო მომავალ წელს 100 მილიონი ლარი დაიხარჯება,
ადგილობრივებმა დავით ბაქრაძეს სურამის კინოდარბაზის აღდგენის თხოვნით მიმართეს. პარლამენტის თავმჯდომარე სურამელებს საკითხის მოგვარებაში დახმარებას დაჰპირდა.
დაბა სურამის მოსახლეობასთან შეხვედრაზე პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად შიდა ქართლში პრეზიდენტის რწმუნებული–გუბერნატორი გიორგი ტატიშვილი, ხაშურის მაჟორიტარი დეპუტატი სერგო ქიტიაშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

|