პარლამენტში საქართველოს თავდაცვის რეზერვის სისტემის კონცეფციის პროექტზე იმსჯელეს
პარასკევი, 27 აპრილი 2012 21:35

0april24დღეს თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომა გაფართოებული ფორმატით გაიმართა, რომლის მუშაობაშიც მონაწილეობდა კიდევ ექვსი საპარლამეტო კომიტეტი: საგარეო ურთიერთობათა, იურიდიულ საკითხთა, ევროპასთან ინტეგრაციის, რეგიონული პოლიტიკის, თვითმმართველობის და მაღალმთიანი რეგიონების, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა, განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტი. სხდომაზე თავდაცვის რეზერვის სისტემის კონცეფციის პროექტი განიხილეს. დეპუტატებს პროექტი ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილემ, ბათუ ქუთელიამ წარუდგინა.

დოკუმენტი ქვეყნის თავდაცვის რეზერვის მიზანს და მნიშვნელობას განსაზღვრავს. იგი რეზერვის პოლიტიკის შესახებ სახელმწიფოს ხედვას აყალიბებს და თავდაცვის რეზერვის სტრუქტურის, მართვისა და ორგანიზების პრინციპებს მიმოიხილავს.

0april25აღნიშნული კონცეფციით, რეზერვი პირობითად ორ ნაწილად იყოფა: სახმელეთო ჯარების რეზერვად, რომლის მართვის სისტემაც პირდაპირ მიბმულია სახმელეთო ჯარებზე და ტერიტორიული თავდაცვის რეზერვად, რომლის საბრძოლო მომზადებას და მართვას ახორციელებს ეროვნული გვარდიის დეპარტამენტი(ტერიტორიული თავდაცვის დეპარტამენტი). სახმელეთო ჯარების რეზერვი არის როგორც სავალდებულო, ასევე - ნებაყოფლობითი, ტერიტორიული თავდაცვის რეზერვი კი აბსოლუტურად ნებაყოფლობითია. კონცეფცია მხოლოდ და მხოლოდ განსაზღვრავს ჩარჩოს იმისას, თუ როგორ ხედავს ქვეყანა მისი რეზერვის მოწყობას.

ბათუ ქუთელიას განმარტებით, რეზერვის სისტემის განვითარება ეფუძნება შემდეგ პრინციპებს: სიმარტივე და მოქნილობა, ხარისხი, ეკონომიურობა, დეცენტრალიზებული მართვა, ეფექტური კომუნიკაცია მოსახლეობასთან რეზერვისა და სამოქალაქო თავდაცვის მნიშვნელობის შესახებ და სხვა.

0april26"კონცეფციის შემუშავება განპირობებულია იმ ახალი რეალობებით ქვეყნის უსაფრთხოების გარემოში, რაც შეიქმნა 2008 წლის შემდე. უნდა აღვნიშნოთ, რომ რეზერვის კონცეფციას ასევე ძალზე დიდი მნიშვნელობა აქვს ნებისმიერი ქვეყნის თავდაცვისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. გარდა უშუალო პრაქტიკული მნიშვნლობისა, რეზერვის სისტემა ეხმარება სამოქალაქო საზოგადოებას და შეიარაღებულ ძალებს, რომ იყვნენ დაახლოებული და ასევე ეხმარება სამოქალაქო საზოგადოებას ზუსტად ჰქონდეს გაგებული ის ამოცანები და ის საფრთხეები, რაც ქვეყნის წინაშეა", – განაცხადა ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილემ.

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი(გივი) თარგამაძემ კონცეფციაზე საუბრისას აღნიშნა, რომ 2008 წლის საომარი მოქმედებების შემდეგ გამოტანილი იყო დასკვნები. "სარეზერვო სამსახურის მაშინდელი სისტემა მნიშვნელოვანწილად კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა. დაშვებული იყო შეცდომები, რომელიც გავაანალიზეთ და მათი გათვალისწინებით გაგრძელდა რეზერვის შექმნა. ეს პროცესი არ შეჩერებულა და ბევრმა ადამიანმა სარეზერვო სამსახური შეცვლილი პროგრამით გაიარა", – განაცხადა გიორგი(გივი) თარგამაძემ. მისივე თქმით, იდეალური არც ეს სისტემაა და აქედან გამიმდინარე დაიწყო მუშაობა ახალი კონცეფციის შემუშავებაზე, რომელსაც კოორდინაციას ეროვნული უშიშროების საბჭო უწევს.

0april27თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ახალ კონცეფციაზე მუშაობისას რეზერვის სისტემაში ახალი ელემენტის–ტერიტორიული თავდაცვის რეზერვის დამატების იდეა გაჩნდა. "ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ეს იქნებოდა საკმაოდ მისაღები საქართველოსთვის გამომდინარე იმ ტოტალური თავდაცვის პრინციპიდან, რომელსაც ვახორციელებთ ჩვენს ქვეყანაში",– განაცხადა გიორგი(გივი) თარგამაძემ. მანვე აღნიშნა, რომ ტერიტორიული თავდაცვის რეზერვის ელემენტის შემოღებასთან დაკავშირებით გადაწყდა საპილოტე პროგრამის განხორციელება, რომელიც მოგვიანებით ჩატარდა კიდეც. თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, ამის თაობაზე ინფორმირებული იყვნენ მეგობარი ქვეყნების სამხედრო ატაშეები და ასევე აღნიშნულის თაობაზე ორი თვით ადრე მის მიერ დაანონსებული იყო ერთ–ერთი ჟურნალისთვის მიცემულ ინტერვიუში, რათა დაინტერესებული ადამიანებისთვის მოულოდნელი არ ყოფილიყო ეს ამბავი. გიორგი(გივი) თარგამაძემ აღნიშნა, რომ მიუხედავად ამისა, "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერმა, ირაკლი ალასანიამ გააკეთა პროვოკაციული და ინსინუაციური განცხადება. "პოლიტიკურად ეს განცხადება იყო სიბეცე, ხოლო ქვეყანასთან მიმართებაში ეს იყო მავნებლობა", – განაცხადა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ. მანვე აღნიშნა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან ამ განცხადებას მოჰყვა სრულიად ადეკვატური რეაქცია, რაც ირაკლი ალასანიას სასარგებლოდ არ იყო.

გიორგი(გივი) თარგამაძემ განაცხადა, რომ ყველაფერი რაც ხდება რეზერვთან მიმართებაში არის დაგეგმილი, მიზანმიმართული და დღევანდელი სხდომა ემსახურება იმას, რომ ზუსტად განისაზღვროს, თუ როგორი იქნება მომავალში რეზერვი და რა ნაბიჯები იქნება გადადგმული ამ სისტემის საბოლოო დახვეწისათვის.

რეზერვის სისტემის კონცეფციის განხილვის პროცესში მონაწილეობდნენ როგორც საპარლამენტო უმრავლესობის, ასევე საპარლამენტო უმცირესობის წევრები. ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილემ, ბათუ ქუთელიამ დეპუტატების შეკითხვებს უპასუხა.

დეპუტატებმა დღევანდელ სხდომაზე განიხილეს ასევე ვეტერანთა სამი ორგანიზაციის მიერ შემუშავებული რეზერვის სისტემის კონცეფციის მათეული ვერსია. გიორგი(გივი) თარგამაძის შეფასებით, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს თავდაცვის რეზერვის სისტემის კონცეფციის ჩამოყალიბების პროცესში ვეტერანებიც ჩაერთვნენ.

 
modules