საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის განცხადება | Print |
Friday, 27 April 2012 18:23

2012 წლის 24 აპრილს საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, ფრაქციამ "ერთობა სამართლიანობისთვის" გამოაქვეყნა პროვოკაციული განცხადება, რომელიც მიზნად ისახავდა ჩვენს ქვეყანაში წარმოდგენილი ეთნიკური უმცირესობების მშვიდობიანი თანაცხოვრების პროცესის დაზიანებას. აღნიშნული განცხადება ემუქრება საქართველოში საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბებულ ეთნიკურ მრავალფეროვნებას და შეიცავს ეროვნებათშორისი შუღლის გაღვივების ნიშნებს.

საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტი აცხადებს, რომ ქართული სახელმწიფო კავკასიას განიხილავს, როგორც ერთიან რეგიონს და მისთვის მნიშვნელოვან ფასეულობას წარმოადგენს, როგორც ჩრდილოეთ კავკასიელი ისე სამხრეთ კავკასიელი ხალხების კულტურა, ისტორია და მშვიდობიანი ურთიერთობების ტრადიცია.

კომიტეტი თვლის, რომ საქართველოში მცხოვრები კავკასიელი ხალხების ერთმანეთთან მტრულად განწყობილ ბანაკებად ხელოვნურად დაყოფა ანტისახელმწიფოებრივი საქმიანობაა და მიზნად ისახავს საქართველოს სახელმწიფოს ავტორიტეტის შესუსტებას როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო თანამეგობრობის თვალში.

დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტი მოუწოდებს ყველა ოპოზიციურ ძალას და განსაკუთრებით იმ პოლიტიკურ პარტიებს, რომლებსაც ჰყავთ წარმომადგენლები ფრაქციაში "ერთობა სამართლიანობისთვის" გაემიჯნონ აღნიშნულ უპასუხისმგებლო განცხადებას და მკაფიოდ გამოხატონ საკუთარი პოზიცია მრავალეთნიკური ქართული საზოგადოების წინაშე.