საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომა
ხუთშაბათი, 26 აპრილი 2012 18:12

0april31საქართველოს კონტროლის პალატის მომავალი წლის ბიუჯეტის საპროგნოზო ასიგნებების მაჩვენებლები 11 მლნ. ლარი იქნება, რამდენიმე ასეული ათასი ლარით ნაკლები 2012 წლის ბიუჯეტთან შედარებით. ამის შესახებ კონტროლის პალატის თავმჯდომარის მოადგილემ დევი ვეფხვაძემ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე კონტროლის პალატის 2013 წლის საბიუჯეტო განაცხადის პროექტის წარდგენისას განაცხადა. კონტროლის პალატაში მომუშავეთა რაოდენობა მომავალ წელსაც 350 იქნება, როგორც ეს წლევანდელი ბიუჯეტითაა განსაზღვრული.

სხდომაზე ასევე განიხილეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი "მაჭახელას ეროვნული პარკის შესახებ". კანონპროექტის ზოგად პრინციპებზე საუბრისას, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს აგრარულ საკითხთა და 0april32თვითმმართველობის კომისიის თავმჯდომარემ ვაჟა ბოლქვაძემ განაცხადა, რომ ეროვნული პარკის ფუნქციონირებისათვის საწყის ეტაპზე დაახლოებით 164 ათასი ლარის ოდენობის თანხაა საჭირო.

როგორც საფინანსო–საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ ზურაბ მელიქიშვილმა განაცხადა, ეროვნული პარკის შექმნის იდეა მისასალმებელია, რომელსაც კომიტეტის წევრები მხარს უჭერენ, თუმცა დასაზუსტებელია მაჭახელას ეროვნული პარკის ასამუშავებლად საჭირო თანხის მოზიდვის გზები. მისი თქმით, ეს საკითხი კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვამდე უნდა გაირკვეს. კომიტეტის წევრებმა კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვას მხარი დაუჭირეს.

პარლამენტის წევრმა ზვიად კუკავამ პირველი მოსმენით კანონპროექტი "საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის შესახებ" წარმოადგინა, რომელიც გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ კანონში, საგადასახადო და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსებში ცვლილებების შეტანას ითვალისწინებს. კანონპროექტის მიზანია გადახდისუუნარობის საქმის წარმოებისას არსებული ცალკეული ხარვეზების აღმოფხვრა.

პირველი მოსმენით განიხილეს ასევე მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი "გრანტების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე", რომლის მიზანს სსიპ–ის –საქართველოს რეფორმებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის მიერ გრანტების გაცემისა და გრანტების შესაბამის ადრესატებამდე მიღების უზრუნველყოფა წარმოადგენს.

კომიტეტის წევრებმა განხილული საკითხების პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გატანას მხარი ერთხმად დაუჭირეს.

 
modules