|
საწარმო ობიექტის გაკოტრების შემდეგ მის ხელმძღვანელს საგადასახადო დეკლარაციების წარდგენის ვალდებულება ექნება. ასეთ ახალ რეგულაციას "გადახდისუუნარობის შესახებ კანონში" ცვლილებების პროექტი ითვალისწინებს, რომელიც დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განიხილეს. პროექტით, საგადასახადო ანგარიშგების ვალდებულებასთან დაკავშირებით კანონს ახალი მუხლი ემატება. რეგულაცია ისეთი ტიპის საწარმოს გაკოტრებას ეხება, რომელსაც ვალები აქვს გასასტუმრებელი. კანონპროექტით, გაკოტრებული საწარმოს ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი პირი ვალდებული იქნება გაკოტრების შესახებ განჩინების კანონიერ ძალაში შესვლიდან 15 დღის ვადაში საგადასახადო ორგანოს განვლილი საგადასახადო პერიოდების წარუდგენელი და მიმდინარე საგადასახადო პერიოდების საგადასახადო დეკლარაციები წარუდგინოს.
პროექტით, საწარმოს ხელმძღვანელს მისი თანამდებობა მხოლოდ ვალდებულებების დეკლარირების ნაწილში შეუნარჩუნდება. იმ შემთხვევაში კი, თუ საწარმოს ხელმძღვანელი საგადასახადო ანგარიშგების ვალდებულებას არ შეასრულებს, დაჯარიმდება, თუმცა დაჯარიმება მას დეკლარირების ვალდებულებისგან არ გაათავისუფლებს. კანონპროექტის თანახმად იცვლება აუქციონის დანიშვნის ვადები და უქმდება ქონების ნატურით გადაცემა.
რაც შეეხება თავად ჯარიმებს, ამ მიმართულებით ცვლილება "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" შედის და დგინდება, რომ მოვალის ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი პირის მიერ საგადასახადო ანგარიშგების ვალდებულების დარღვევა პირველ ჯერზე - 500 ლარით, ქმედების გამეორების შემდეგ კი, 1500 ლარით დაჯარიმდება.
კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა "საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის შესახებ" კანონპროექტი. მომხსენებლის განმარტებით აღნიშნული ცვლილების საჭიროება წარმოშვა იმ ხარვეზმა, რომელიც "გადახდისუუნარობის შესახებ" კანონშია და შესაბამისმა სასამართლო პრაქტიკამ აჩვენა. კანონში არსებული ხარვეზი არ აძლევს საშუალებას მოვალე საწარმოს კრედიტორის ვადამოსული მოთხოვნის დაკმაყოფილების უუნარობის შემთხვევაში სასამართლოში მიმართვისას გაიხსნას გადახდისუუნარობის საქმე და შემდგომში გაკოტრებულად გამოცხადდეს საწარმო, რადგან სასამართლო იმ პირობებში, როდესაც საწარმოს არ გააჩნია საკმარისი ქონება, რათა დაფაროს გაკოტრების ხარჯები, გადახდისუუნარობის საქმის გახსნაზე უარს აცხადებს.
უსაფრთხო საგზაო მოძრაობის ხელის შეწყობისა და "საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" ხარვეზების აღმოფხვრის მიზნით, ცვლილებები "საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" შედის. მთავრობის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო ინიციატივა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მეორე მოსმენით, მუხლობრივად განიხილეს. კანონპროექტით გათვალისწინებულია უწყვეტი ღერძულა ხაზის გადაკვეთისთვის დადგენილი ჯარიმის 50–დან 100 ლარამდე გაზრდა. 20 ლარიდან 50 ლარამდე გაიზრდება აგრეთვე ჯარიმა გზის სავალ ნაწილზე სატრანსპორტო საშუალებათა განლაგების, მოძრაობის დაწყების ან/და მანევრირების წესების დარღვევისთვის. ცვლილებების თანახმად საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის შეფარდებული ადმინისტრაციული ჯარიმის ან საურავის, ან ერთ–ერთის გადაუხდელობის შემთხვევაში სამართალდამრღვევს ჩამოერთვმევა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.
"საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილების შეტანის შესახებ" კანონპროექტის მიხედვით, ცვლილებები შედის "სამოქალაქო საპროცესო კოდექსსა" და "სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" კანონში. კანონპროექტის ავტორთა განცხადებით, მისი მიღების მიზეზი საერთო სასამართლოთა სისტემის განტვირთვა და გამარტივებული წესით დავალიანების გადახდევინების შესახებ საქმეების განხილვის უფლებამოსილების, აგრეთვე ახალი ფუნქციის – ფაქტების კონსტატაციის განხორციელების უფლების მინიჭებაა. ამგვარად, დავალიანების გადახდევინების შესახებ საქმეების განხილვის უფლება მიენიჭება აღსრულების ეროვნულ ბიუროს, ამასთანავე მოხდება სააღსრულებო პროცესის დახვეწა და იმ ცალკეული ხარვეზების აღმოფხვრა, რომლებიც "სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" კანონის იმპლემენტაციისას გამოვლინდა.
"ტექნიკური საშუალებით დაბარების შესახებ აქტის" შედგენა სასამართლო უწყების ჩაბარების ალტერნატიული და არა ძირითადი მტკიცებულება იქნება და სასამართლოს მიერ გამოიყენება მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში. აღნიშნული ცვლილება "საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში" შედის რომელიც კომიტეტის წევრებმა II მოსმენით განიხილეს. წარმოდგენილი პროექტით, მხარეებს საშუალება ეძლევათ, შეთანხმდნენ სასამართლო გზავნილისა და უწყების ჩაბარების კოდექსით დადგენილისგან განსხვავებულ წესზე და ეს წესი სამართალწარმოების პროცესში აღიარებული იქნას როგორც სასამართლო უწყების ჩაბარების ერთ–ერთი ფორმა.
კომიტეტის სხდომაზე განხილულ საკითხებთან დაკავშირებით ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელმა საკუთარი ორგანიზაციის მოსაზრებები და შენიშვნები გააცნო, რაზეც კომიტეტის წევრები სამუშაო რეჟიმში იმსჯელებენ.
კომიტეტმა მესამე მოსმენით განიხილა "საერთო სასამართლოების შესახებ" საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე"; "საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე" და "საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ" კანონპროექტები. |