|
საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად, ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანესი საკითხების თაობაზე ყოველწლიური მოხსენებით პარლამენტის წინაშე წარსდგა.
საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, პარლამენტის წევრების და საქართველოს მოქალაქეების მისალმების შემდეგ პრეზიდენტმა ავღანეთში საქართველოს სახელით მებრძოლი ჯარისკაცები გაიხსენა და წუთიერი დუმილით პატივი მიაგო დედამიწის ერთ-ერთ ცხელ წერტილში დაღუპულ 15 გმირის ხსოვნას. „მათი სახელები ოქროს ასოებით ჩაიწერება ჩვენი ქვეყნის ისტორიის ფურცლებზე, რადგან თავიანთი თავდადებით ისინი იცავდნენ, აძლიერებდნენ ჩვენს შეიარარებულ ძალებს და საკუთარ სამშობლოს წარმატების პერსპექტივას აძლევდნენ“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა დაღუპული ჯარისკაცების გახსენებისას.
პრეზიდენტმა ვრცლად მიმოიხილა „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ განვლილი 8 წელი და ის გამოწვევები გაიხსენა, რომელიც იმ დროისთვის ჩვენი ქვეყანის წინაშე იდგა. „8 წლის წინ, როდესაც პირველად წარვსდექი ანგარიშით თქვენს წინაშე, როგორც საქართველოს პრეზიდენტი, ჩვენ სულ ახალი დაწყებული გვქონდა რევოლუცია, რომლის მიზანი იყო, რომ კლანური დიქტატურა შეგვეცვალა ნამდვილი დემოკრატიითა და თანასწორობით, რომ ტოტალური კორუფცია ჩაგვენაცვლებინა კანონის უზენაესობით, უფსკრულში გადაჩეხილი, არშემდგარი ქვეყანა დაგვებრუნებინა განვითარების გზაზე და რაც მთავარია, როგორმე გაგვეფანტა უპერსპექტივობის შავი ღრუბლები და იმედის სხივებით გაგვენათებინა მომავალი“, - აღნიშნა ქვეყნის პირველმა პირმა. მიხეილ სააკაშვილის განცხდებით, ქვეყნის ეკონომიკა სტაბილურად იკრებს ძალას და გასულ წელს იგი 7%-ით გაიზარდა. საქართველომ ასევე მიიპყრო მსოფლიო ყურადღება როგორც პლანეტის ერთ-ერთმა საუკეთესო ქვეყანამ ბიზნესის კეთების სიმარტივით და ტურისტთა რაოდენობის ზრდით. მისი ინფორმაციით, გასული ორი წლის განმავლობაში საქართველოში 100 ათასი ახალი ბიზნესი დარეგისტრირდა, ხოლო ვიზიტორების რაოდენობამ კი 3 მილიონს მიაღწია, რაც მეტ ბიზნესშესაძლებლობებს და მეტ სამუშაო ადგილის შექმნას განაპირობებს.
 
ქვეყნის პირველმა პირმა 2011 წლის პრიორიტეტებიც გაიხსენა და იმ დანაპირების შესრულებაზეც ისაუბრა, რომლებიც საპარლამენტო ტრიბუნაზე 1 წლის წინ გაახმოვანა. „შარშან მე დაგპირდით, რომ 2015 წლისათვის ჩვენი მოსახლეობის 70%-ზე მეტი იქნება გაზიფიცირებული. დღეისათვის უკვე მოსახლეობის 55%-ია გაზიფიცირებული, წელს გაზით დამატებით 80 ათასი ოჯახი ისარგებლებს, რითაც გაზიფიცირებული მოსახლეობის წილი 65%-მდე გაიზრდება. ასევე დაგპირდით, რომ 2015 წლისათვის საქართველოში აშენებული იქნება მინიმუმ 10 ახალი ჰიდრო ელექტრო სადგური ჯამში 300 მეგავატის სიმძლავრით. დღესათვის უკვე დაწყებულია 15 ჰესის მშენებლობა, ხოლო მიმდინარე 2012 წლის ბოლომდე დაგეგმილია კიდევ 10 ახალი ჰესის მშენებლობის დაწყება. შარშან ჩვენს მიერ წარმდგენილი ხედვის მიხედვით, 2015 წლისთვის საქართველოში იფუნქციონირებს 100-ზე მეტი ახალი, თანამედროვე კლინიკა. ჩვენ უკვე გავხსენით 90-მდე ახალი, თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი კლინიკა. წლის ბოლომდე დაპირებული 100-ს ნაცვლად, ფუნქციონირებას დაიწყებს ჯამში 130 ახალი სამედიცინო ცენტრი“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
 
ყოველწლიურ მოხსენებაში პრეზიდენტმა ქვეყნის განვითარების და თითოეული მოქალაქის წარმატებისთვის ხუთპუნქტიანი გეგმა წარმოადგინა და მათი განხორციელების მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი განცხადებით, პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი დასაქმების და უმუშევრობის პრობლემის მოგვარებაა. „მინდა თითოეულ ასეთ ადამიანს ამ ტრიბუნიდან მივმართო - ნუ გეშინიათ, გქონდეთ ხვალინდელი დღის იმედი. ჩვენი ქვეყანა დღეს უკვე მიდის წინ, ჩვენი ქვეყანა დღეს უკვე ვითარდება - და შორს არ არის ის დრო, როდესაც ამას საკუთარ ცხოვრებაზე იგრძნობთ. ნუ გეშინიათ და გქონდეთ ხვალინდელი დღის იმედი, რადგან მთელი მთავრობის ყოველდღიური ძალისხმევა მიმართულია იმისკენ, რომ ქვეყნის წარმატება თქვენ პირად წარმატებად ვაქციოთ. ნუ გეშიანიათ და გქონდეთ ხვალინდელი დღის იმედი, რადგან მე, როგრც საქართველოს პრეზიდენტს, კარგად მესმის თქვენი და სრული სიმწვავით ვგრძნობ თქვენს ტკივილს“, - განაცხადა ქვეყნის პრეზიდენტმა. მისი ინფორმაციით, 2015 წლისთვის საქართველოში დამსვენებელ ტურისტების რაოდენობა 2 მილიონით გაიზრდება, რაც დამატებით 30 ათასს ახალ სამუშაო ადგილს შექმნის, ეს ნიშნავს იმას, რომ 30 ათასი ოჯახი რეალურად იგრძნობს, რომ დღევანდელი საქართველოს პოპულარიზაცია, ქვეყნის ტურისტულ ცენტრად განვითარება, გზების, სასტუმროების, ახალი კურორტების შენება და ქალაქების გალამაზება, - 30 ათასი ოჯახის ხვალინდელი სამსახური, ხვალინდელი სამუშაო ადგილი და სტაბილური შემოსავალია.
 
დასაქმების პრობლემასთან საუბრისას პრეზიდენტმა ცალკე გამოყო კვალიფიცირებული და კონკურენტუნარიანი კადრის აუცილებლობის საკითხი. მისი განცხადებით, დიდი მნიშვნელობა ენიჭება კადრების პროფესიულ გადამზადებას, რომელიც უცხოელ სპეციალისტებთან მიმართებაში კონკურენტუნარიან გარემოს შექმნის. „ჩვენ ვიწყებთ პროფესიული გადამზადების სისტემის მნიშვნელოვან რეფორმას - ერთის მხრივ ვაშენებთ ახალ, გაცილებით უფრო მაღალი დონის საგანმანათლებლო ცენტრებს, ხოლო მეორეს მხრივ, 2012 წლიდან საქართველოს ყველა მოქალაქე, რომელსაც სურვილი ექნება შეისწავლოს და აითვისოს ახალი პროფესია, სახელმწიფოსაგან მიიღებს 1000 ლარიან საგანმანათლებლო ვაუჩერს, რაც მთლიანად აანაზღაურებს მისი მაღალი ხარისხის გადამზადების კურსს“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
ყოველწლიურ ანგარიშში პრეზიდენტმა განათლების განვითარების მნიშვნელობაზე და საგანმანათლებლო სისტემების მოდერნიზებაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ განათლება მთავრობის ყველაზე გადამწყვეტი და განმსაზღვრელი პრიორიტეტია. „წელს საქართველოში 23 ახალი სკოლა აშენდება, ხოლო 600-მდე სკოლა გარემონტდება. სკოლებში კიდევ დამატებით 11 ათასი ახალ კომპიუტერი შევა და ამ წლის ბოლოსთვის ყოველ 7 მოსწავლეზე 1 კომპიუტერი იქნება. 2015 წელს კი, ბავშვების 90%-ს ექნება პერსონალური კომპიუტერი. ამიტომ წელს უკვე 100 სკოლაში გავხსნით ულტრა-თანამედროვე "მომავლის კლასებს" და ამიტომ ვაგრძელებთ სკოლებში ქიმიის, ფიზიკისა და ბიოლოგიის უმაღლესი დონის ლაბორატორიების გახსნას“, - აღნიშნა ქვეყნის პირველმა პირმა.
მიხეილ სააკაშვილმა გეგმის მეორე პუნქტად სოფლის მეურნეობის განვითარება დაასახელა და ამ სფეროში დაგეგმილ ღონისძიებებზე ისაუბრა. მისი განცხადებით, ქვეყნის მასშტაბით ფერმერთა წრის გაფართოება, ერთიანი საირიგაციო სისტემის განვითარება და მექანიზაციის ცენტრების მშენებლობა იგეგმება. „1 ივნისამდე მექნიზაციის ყველა ცენტრი ჯამში აღჭურვილი იქნება 563 ერთეული ტრაქტორით, 50 ერთეული კომბაინით, 22 ერთეული სპეცტექნიკით და 1470 ერთეული გუთანითა და ტრაქტორზე მისაბმელი სხვა ტექნიკით. 6 მექანიზაციის ცენტრს ასევე მიენიჭება მოსავლიანობის ცენტრების ფუნქცია, სადაც ნებისმიერი ფერმერი შეძლებს მიიღოს მექანიზატორის კონსულტაცია და დახმარება, ამასთან ისარგებლოს სპეციალური ლაბორატორიის მომსახურებით, რომელიც დაეხმარება ნიადაგის, მცენარისა და წყლის ანალიზის გაკეთებაში“, - დასძინა მიხეილ სააკაშვილმა.
პრეზიდენტმა გეგმის მესამე ელემენტად ჯანდაცვის სისტემა გამოჰყო. მაღალტექნოლოგიური აპარატურით აღჭურვილი საავადმყოფოების და თანამედროვე კლინიკების მშენებლობა მიხეილ სააკაშვილმა ჯანდაცვის სისტემის წარმატებულ რეფორმად შეაფასა, თუმცა მათი სერვისების გამოყენებაზე თითოეული მოქალაქისთვის ხელმისაწვდომობაზეც ისაუბრა და ამ კუთხით ყურადღება ჯანდაცვის დაზღვევის მნიშვნელობაზე გაამახვილა. მისი განცხადებით, 2012 წლისთვის ქვეყანაში ყოველი მეორე მოქალაქე ანუ 2.5 მილიონი ადამიანი ისარგებლებს დაზღვევით. სახელმწიფოს მიერ დაზღვეულთა რიცხვს კი წელს 650 ათასი პენსიონერი და 300 ათასი ბავშვი დაემატება. „ჩვენ გავაკეთეთ ყველაფერი, იმისათვის, რომ დაპირებულ 100 დოლარიან საპენსიო პაკეტში შეგვეტანა ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი ჯანმრთელობის დაზღვევის სახით. შედეგად, სექტემბრიდან ყველა ასაკით პენსიონერის ჯანმრთელობა დაზღვეული იქნება. ჩვენი ამოცანაა ერთის მხრივ დაზღვეულთა რაოდენობის გაზრდა, ხოლო მეორეს მხრივ დაზღვეულთა უფლებების მაქსიმალურად დაცვა, როგორც სადაზღვევო კომპანიებთან, ასევე კლინიკებთან მიმართებაში“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. მანვე ახალი ინიციატივა წარმოადგინა, რომლის მიხედვითაც 2013 წლის 1 იანვრიდან თვითოეული ოჯახი ყოველ მესამე ახალშობილ ბავშვზე ერთჯერადი დახმარების სახით 1000 ლარს, ხოლო ყოველ მეოთხე და შემდეგი ბავშვის დაბადებაზე 2000 ლარს მიიღებს. ცალკე ახალი ინიციატივა ნარკოდამოკიდებულთა მკურნალობას და მათ რეაბილიტაციასაც შეეხო, რომლის მიხედვითაც, ნარკოდამნაშავეებზე დაკისრებული ჯარიმებიდან შემოსული თანხის ნაწილი ისევ მათ მკურნალობაზე დაიხარჯება.
საპარლამენტო ტრიბუნიდან პრეზიდენტმა ქვეყნის პოლიტიკური განვითარების შიდა და საგარეო ასპექტებზეც ისაუბრა. მისი განცხადებით, ოპოზიციასთან ერთობლივი მუშაობით მომზადდა საარჩევნო სისტემის რეფორმა და ასევე შემუშავდა პარტიათა დაფინანსების გაზრდის მექანიზმი. „მივიღეთ და უკვე ავამოქმედეთ კანონი, რომელმაც უფრო გამჭვირვალე გახადა ტელევიზიების საკუთრებს საკითხი. გავამყარეთ უმცირესობათა უფლებები - იმიტომ, რომ ჩვენი ქვეყნის ფუნდამენტია თავისუფლება და ადამიანთა შორის თანასწორობა განურჩევლად მათი რასისა, ეთნიკურობისა, რელიგიური თუ სხვა კუთვნილებისა. ჩვენ ასევე პირობა დავდეთ, რომ გავაგრძელებდით სასამართლო რეფორმას უფრო დამოუკიდებელი და სამართლიანი სასამართლო სისტემის შესაქმნელად და ამ მიზნით მოქმედებას დაიწყებდა ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი - ეს დაპირებაც შესრულებულია - საქართველო ეკუთვნის საქართველოს მოქალაქეებს და ჩვენ ყველანი ერთად ვქმნით ისეთ სასამართლო სისტემას, სადაც მოქალაქეები იღებენ მონაწილეობას მართლმსაჯულების განხორციელებაში“, - განაცხადა ქვეყნის პრეზიდენტმა.
მიხეილ სააკაშვილმა წელს დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებზეც ისაუბრა და პოლიტიკურ პარტიებს სამართლიანი თამაშის წესები შესთავაზა. „შევთანხმდეთ იმაზე, რომ როგორც სახელისუფლო ასევე ოპოზიციური პარტიები გავაკეთებთ ჩვენს მაქსიმუმს, იმისათვის, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა შეძლონ ჭეშმარიტად თავისუფალი არჩევანის გაკეთება, ყველა პარტია იმოქმედებს პარლამენტარიზმის, ცივილური პრინციპების ფარგლებში. მოდით ერთად გავაგრძელოთ საქართველოს სამაგალითო დემოკრატიად ჩამოყალიბება, და ამით ყველამ ერთად შევქმნათ უკეთესი, უფრო მიმზიდველი გარემო ინვესტიციებისა და ტურიზმის, ეკონომიკისა და ჩვენი ქვეყნისადმი სანდოობის განსავითარებლად“, - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.
ქვეყნის საგარეო პრიორიტეტებზე საუბრისას პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა ნატოში და ევროკავშირში გაწევრიანების სწრაფვას. „ჩვენ ვაგრძელებთ სვლას დასავლეთისკენ. ეს არჩევანი ჩვენი ეროვნული კონსენსუსია. ეს გზა არის ჩვენი რეალური უსაფრთხოებისა და თავისუფლებისაკენ. ჩვენ ვამყარებთ კავშირებს ევროპასთან და უკვე აქტიურ ფაზაშია შესული მოლაპარაკებები ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებაზე. ჩვენ ასევე ვაპირებთ დავიწყოთ შემდეგი ეტაპი სავიზო მოლაპარაკებებისა, რომლის საბოლოო მიზანია ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის დამყარება. ჩვენ მჭიდრო კავშირის ვკრავთ დასავლეთთან, მაგრამ ამავე დროს დაინტერესებულები ვართ რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესებაშიც. რუსეთი არის და იქნება საქართველოს მეზობელი რაც განაპირობებს ჩვენს წადილს, დავამყაროთ მასთან მშვიდობა. ოღონდ ეს შეიძლება იყოს მშვიდობა რუსეთთან, რომელიც აღაიარებს და ემორჩილება სუვერენულ სახელმწიფოთა შორის ურთიერთობის ყველა საერთაშორისოდ აღიარებულ ნორმას“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. პრეზიდენტი რუსეთთან მიმართებაში ახალ სამშვიდობო ინიციატივით და ცალმხრივად მასთან სავიზო რეჟიმის გაუქმების იდეით გამოვიდა.
ყოველწლიური გამოსვლის დასრულებისას ქვეყნის პრეზიდენტმა ქვეყნის სამართლიანი განვითარების და მოდერნიზაციის გზაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს არის გზა, რომლითაც პატარა საქართველო დიდ და ძლიერ სახელმწიფოდ იქცევა.
"ამ გზაზე ჩვენ ყველამ ერთად უნდა გავიაროთ, ეს გზა ჩვენი ერთადერთი მარშრუტია მომავლისაკენ, იგი დიდი ხანია აირჩია ქართველმა ერმა და არ არსებობს ძალა, რომელიც ამ გზიდან გადაგვახვევინებს,“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა გამოსვლის დასასრულს. |