პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტში შეხვედრა-დისკუსია გაიმართა
Friday, 24 February 2012 17:42

2georgian10ფსიქიკური ჯანმრთელობის რეფორმა და ადამიანის უფლებების დაცვის პერსპექტივა – ამ თემაზე გაიმართა დისკუსია დღეს ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომიტეტში.

როგორც ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ოთარ თოიძემ განაცხადა, კომიტეტთან რამდენიმე წელია ფსიქიკური ჯანმრთელობის საბჭო მუშაობს, რომლის ძალისხმევითაც ამ სფეროში უკვე შეიქმნა საკანონმდებლო ბაზა და ამის საფუძველზე ფსიქიატრიული სისტემის ინსტიტუციური რეფორმის განხორციელება დაიწყო. „გადაიხედა სამკურნალო სახელმძღვანელოები, შესწორდა მთელი რიგი სამკურნალო სქემები, პაციენტთა ყოფა–ცხოვრებისა და მკურნალობის სტრატეგია, დაიწყო ინფრასტრუქტურის მშენებლობა. ახლა უკვე გვაქვს რამდენიმე ახლად აშენებული ფსიქიატრიული საავადმყოფო და ფსიქიატრიული განყოფილებები ზოგადი პროფილის კლინიკებში. რაც მთავარია, შეიცვალა ავადმყოფებისადმი დამოკიდებულების ფილოსოფია და ახლა უფრო მეტად მათი უფლებების დაცვაზე ვართ ორიენტირებული“, – განაცხადა ოთარ თოიძემ. მისივე თქმით, ეს ყველაფერი ავადმყოფთა სამკურნალო და სოციალური სქემების სრულყოფისა და რეაბილიტაციის პარალელურად ხდება. მან იმედი გამოთქვა, რომ მოკლე ხანში საქართველოში ადეკვატური ფსიქიატრიული სისტემა შეიქმნება.

ოთარ თოიძის განცხადებით, მკურნალობის გაუმჯობესებასთან ერთად, თუ არ განვითარდა ადამიანის ღირსებასა და უფლებებზე ორიენტირებული მიდგომები, პაციენტები სერვისის პასიური მიმღებები და საზოგადოებისგან იზოლირებული დარჩებიან. ამიტომ, მისი თქმით, ახალი ხედვის ჩამოყალიბება აუცილებელია, რომ სერვისები ხელს უწყობდეს ადამიანის გამოჯანმრთელებას და პატივს სცემდეს პიროვნების ავტონომიას და უფლებას, მონაწილეობა მიიღოს თავისი მკურნალობისა და პირადი ცხოვრების ყველა ასპექტში.

2georgian11შეხვედრაზე განსაკუთრებული აქცენტები ფსიქიკური ჯანმრთელობის რეფორმისას არსებული გამოწვევებზე და ფსიქიკური აშლილობის მქონე პირთა უფლებების დაცვაზე გაკეთდა. ასევე განიხილეს პაციენტთა უფლებების დაცვის მექანიზმები და წარმოადგინეს მათი ამოქმედების სამომავლო ხედვა.

როგორც შეხვედრის მონაწილეები მიიჩნევენ, ფსიქიკური ჯანმრთელობის რეფორმა ადამიანის უფლებების დაცვის გათვალისწინებით უნდა მოხდეს. მნიშვნელოვანი პირობაა, რომ ამ პროცესს თან ახლდეს ფსიქიკური აშლილობის მქონე პირთა ღირსებისა და უფლებების დაცვაზე ორიენტირებული მიდგომების დამკვიდრება, რაც თავის მხრივ ხელს შუწყობს ხარისხიანი ფსიქიატრიული დახმარების აღმოჩენასა და ამ ადამიანთა საზოგადოებაში რეინტეგრაციას.

შეხვედრის დასასრულს მონაწილეებმა მომავალი საქმიანობის სამოქმედო გეგმა შეიმუშავეს.

შეხვედრა–დისკუსიის ორგანიზატორები კავშირი „თანამშრომლობა თანაბარი უფლებებისათვის“, ფონდი „გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში-თბილისი“ და კავშირი „მშობელთა ხიდი“იყვნენ.

პროექტს აფინანსებს ევროკავშირი და ნიდერლანდების საგარეო საქმეთა სამინისტროს სოციალური ტრანსფორმაციის პროგრამა.

Last Updated on Thursday, 21 June 2012 17:40
 
modules