საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომა | Print |
Wednesday, 22 February 2012 16:52

2georgian14ნარკოტიკული საშუალების მომხმარებლის ან გამსაღებლისათვის, ასევე ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობისათვის ჩამორთმეული ავტოსატრანსპორტო საშუალებების მართვის, სამედიცინო და პედაგოგიური საქმიანობის უფლებების აღდგენას ითვალისწინებს კანონპროექტი „საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებების შეტანის შესახებ“, რომელიც პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განიხილეს.კანონპროექტის მიხედვით საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ადგილობრივი საბჭო უფლებამოსილია, პირის ყოფაქცევის გათვალისწინებით, მიიღოს მისთვის უფლებების აღდგენის გადაწყვეტილება. კანონპროექტის განხილვაში კომიტეტის წევრებთან ერთად ნარკოლოგიის კვლევითი ცენტრის წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ. მათი განცხადებით, კანონპროექტი პრინციპის დონეზე მისაღებია, თუმცა კომისიის საკითხი უფრო დეტალურადაა განსახილველი, რაც მეორე მოსმენისთვის დაიგეგმა.

ცვლილებები შედის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“, რომლის მიხედვითაც უკანონო სალიცენზიო და უკანონო სანებართვო საქმიანობებისათვის ჯარიმების ოდენობები აღარ იქნება ფიქსირებული. კანონით დადგინდება მათი მაქსიმალური ზედა ზღვარი, ხოლო ჯარიმის კონკრეტული ოდენობა დამოკიდებული იქნება ობიექტურ კრიტერიუმებზე. დარღვევების კლასიფიკაციის მიხედვით, შემუშავდება მაკონტროლებლის სამუშაო ინსტრუქცია, რომელშიც ხსენებული კრიტერიუმები გათვალისწინებული იქნება ჯარიმის გამოანგარიშების ფორმულის ერთგვარ კრიტერიუმებად.

საექიმო საქმიანობის სახელმწიფო სერტიფიკატის გარეშე წარმოებისთვის საჯარიმო სანქცია უცვლელი იქნება.

„საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე’’ მესამე მოსმენით წარმოდგენილი კანონპროექტის მომზადების მიზანია ახალგაზრდებს მიეცეს შესაძლებლობა, უმცროსი ექიმის თანამდებობაზე მუშაობის გზით მოიპოვონ სახელმწიფო სერტიფიკატი. ეს ცვლილება განპირობებულია იმით, რომ დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) სარეზიდენტო პროგრამის გავლა ახალგაზრდებს მხოლოდ აკრედიტებულ სამედიცინო დაწესებულებებში შეუძლიათ; თუმცა, გარდამავალ ეტაპზე, ვიდრე განახლებული ჰოსპიტალური სექტორი სრული დატვირთვით ამოქმედდება და შეიქმნება სარეზიდენტო მზადების ახალი ადგილები, მიზანშეწონილია, სახელმწიფო სერტიფიკატის მოპოვება უმცროს ექიმად მუშაობი, რეზიდენტურის პროგრამის ხანგრძლივობის სტაჟის არსებობის შემთხვევაშიც გახდეს შესაძლებელი.

კომიტეტის წევრებმა მხარი დაუჭირეს წარმოდგენილი კანონპროექტების პლენარულ სხდომაზე განხილვას.